თანამედროვე ქართული თეატრის შემოქმედებითი პრობლემები
ლაშა ჩხარტიშვილი
 
თარიღი: 11/12/2012
კატეგორია: კრიტიკა

 

 

 

 

@ ლაშა ჩხარტიშვილი

 

 

თანამედროვე ქართული თეატრის შემოქმედებითი პრობლემები

 

 

ქართულ თეატრს შემოქმედებით, თუ სხვა სახის პრობლემებს რა გამოულევს... სანამ სახელმწიფოს თეატრთან ურთიერთობები დალაგდება და კანონი „თეატრის შესახებ“ გადაიხედება, სჯობს დაგროვილ შემოქმედებით პრობლემებზე ვისაუბროთ.

 

ამ თემაზე საუბრისას ცალსახად იმის მტკიცება, რომ თანამედროვე ქართული თეატრი მწვავე კრიზისს განიცდის, ან პირიქით მოსაზრება - თანამედროვე ქართული თეატრის უწყვეტი ევოლუციის, თუნდაც სწრაფი განვითარების თაობაზე - არაპროფესიული, უფრო მეტიც, არასერიოზულიც კი მეჩვენება. არა მგონია, სწორი პოზიცია იყოს ცალსახად იმის მტკიცება, რომ ქართული თეატრის რეპერტუარში მხოლოდ „ცუდი“ სპექტაკლები გვხდება, ისე როგორც წარმოუდგენლად მიმაჩნია ერთი კარგი, გამართული სპექტაკლის ხარჯზე - ქართული თეატრის შემოქმედებითი გამარჯვება ვიზეიმოთ და განვაცხადოთ, რომ ქართული თეატრი მოწოდების სიმაღლეზეა და შემოქმედებით მწვერვალებს იპყრობს.

 

სიმართლე გითხრათ ნაკლებად მაქვს დაგროვებული პრობლემების მყისიერად გადაჭრის მზა რეცეპტი და არც დარწმუნებით ის გზები ვიცი, რომელიც ამ პრობლემებს თავიდან აგვაცილებს, რადგან შემოქმედებითი პროცესი მიბმულია არა მხოლოდ კულტურის სახელმწიფო პოლიტიკის არ არსებობასთან, არამედ ტრადიციებთან, რომელშიც ჩაძირულია ზოგადად ქართული თეატრი ხავსმოკიდებულივით. ის, რაც ვიღაცისთვის კარგია, ან მნიშვნელოვანია მონაპოვარი, თუნდაც მაღალი ხელოვნებაა, ვიღაცისთვის „ოქროს მტვერია“ და დროს აცდენილი. თეატრის თითოეულ მკვლევარს, ექსპერტს, ისტორიკოსსა, თუ თეორეტიკოსს თავისი მკაცრად განსაზღვრულ-ჩამოყალიბებული პოზიცია გააჩნია იმის თაობაზე, თუ რა არის კარგი და რა ცუდი.

 

შემოქმედებით პრობლემებს უპირველეს ყოვლისა თავად პროცესი ავლენს, მათ წარმოშობას თავად პროცესში კი ხელს უწყობს სახელმწიფო, სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, სტრუქტურული ფაქტორები და ის სოციუმი, რომელშიც ცხოვრობს და მოღვაწეობს ხელოვანი.

 

 

 

ფაქტია, რომ ნებისმიერი პროცესი თანამედროვე ქართული თეატრში ძირითადად არათანმიმდევრულია, პრობლემების სპექტრი და სტრუქტურა ჭრელი. სიჭრელის ფონზე რთულია გამოარჩიო ყველა კომპონენტით წარმატებული პროექტი, ისე როგორც სხვადსახვა, აქამდე ქართული თეატრისთის უცხო  მიმართულებისა და სტილისტიკისაკენ სწრაფვა. ქართული თეატრი ძირითადად მაინც ტრადიციული გზით ვითარდება. იშვიათი შემთხვევების გარდა ჩვენში არც ისე პოპულარულია, ვერ დამკვიდრდა არავერბალური თეატრი, ისე როგორც დოკუმენტური თეატრი. ქართული თეატრი მხოლოდ ფორმით ცდილობს ექსპერიმენტების განხორციელებას. აზროვნებითა და მსოფლმხედველობით კი ისევ ტრადიციების  ერთგული რჩება. თანამედროვე ქართული თეატრისთვის უცხო გახდა რადიკალიზმი, ის უფრო მოკრძალებულ ტონს ირჩევს, ფრთხილობს მაყურებელთან შესახვედრად. ანგარიშს უწევს არა მხოლოდ მაყურებელს და მის მოთხოვნებს, არამედ სახელმწიფო პოლიტიკასაც.

 

იშვიათად გამოვდივართ თეატრებიდან ბედნიერები. ფაქტია, რომ ბოლო წლებში სპექტაკლებიდან უფრო იმედგაცრუებული ვბრუნდებით შინ, ვიდრე გახარებულები, აჟიტირებულები და ესთეტიკური ტკბობით დატვირთულნი. ერთადერთი, რაც არ ბადებს კამათის საფუძველს ის არის, რომ ქართული თეატრის მხატვრული დონე საგრძნობლად დაეცა. ეს ეხება თეატრის შემადგენელი „ატრიბუტიკის“ ყველა სფეროს. შემცირდა აზროვნების მასშტაბები და თეატრში მოვიდა დიპლომით პროფესიონალი თაობა, რომელიც პროფესიის ე.წ. „ანა-ბანასაც“ კი ვერ ფლობს. ეს „სუსტი წერტილი“ კი თავის გავლენას ახდენს მათ სპექტაკლებზე.

 

ქართულ თეატრში მწვავედ დგას უმაღლესი სახელოვნებო განათლების პრობლემა. ახალი საგანმანათლებლო სისტემა ვერაფრით მოერგო სპეციფიკური პროფესიის საგანმანათლებლო ბადეს. საგანმანათლებლო რეფორმის გატარების დროს ბევრი პროფესიონალი პედაგოგ-ოსტატი დარჩა სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლის გარეთ და მათი ადგილები პედაგოგთა იმ კატეგორიამ დაიკავა, რომლებსაც არც შესაბამისი გამოცდილება აქვთ და არც  რესურსი.

 

დასაფიქრებელია ისიც, რომ სტუდენტურ სპექტაკლებში თეატრს მოწყვეტილი რეჟისორ-პედაგოგები ცდილობდნენ საკუთარი რეჟისორული კონცეფციისა და ექსპერიმენტების რეალიზებასაც და ხშირ შემთხვევაში მათი დრამატურგიული ტექსტის არჩევანიც განპირობებული იყო არა სტუდენტთა ჯგუფის ხასიათიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არამედ მათი პროფესიული ინტერესებიდან. ამის გამო ჩანს რეჟისორი და არა სტუდენტი თავისი შესაძლებლობებით.

 

რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ძნელად მოიპოვება ისეთი ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც თანაბრად ფლობს სამსახიობო ოსტატობის ტექნიკას, აქვს კარგი და გამართული სამეტყველო აპარატი, ვიზუალური მხარე, პლასტიურია და შეუძლია სწორად და კარგად იმღეროს. ჩვენი თანამედროვე არტისტების დიდი უმრავლესობა თვლის, რომ მისი ვალდებულება სულაც არ არის მღეროდეს, ან ცეკვავდეს, როგორც პროფესიონალი. დიდი პრობლემაა ჩვენი მსახიობებისთვის ფიზიკურად ფორმაში ყოფნა. ხშირად ვხვდებით მსახიობებს, რომლებიც ფიზიკურად მოუმზადებლები არიან, უჭირთ ფორმის შენარჩუნება და შესაბამისად სცენაზე მოძრაობა, ზოგჯერ გადაადგილებაც კი სცენაზე, მალევე იღლებიან და სუნთქვა უჭირთ. ვფიქრობ, ეს ტენდენცია არა მხოლოდ მაყურებლის, არამედ პირველ რიგში საკუთარი პროფესიის უპატივცემულობაზე და უპასუხისმგებლობაზეც მიუთითებს. 

 

ქართული თეატრი სამომავლოდ მაინც იმ ახალგაზრდების იმედადაა დარჩენილი, რომელიც ყოველგვარი ანგარების გარეშე ცდილობს საკუთარი სათქმელის ხმამაღლა თქმას და რაღაც ახლის შემოტანის სურვილითაა შეპყრობილი. ვნახოთ სადამდე ეყოფა ენთუზიაზმი ახალ თაობას და როდის განთავისუფლდება, ან განთავისუფლდება კი საერთოდ უფროსების კონფორმიზმისაგან.