აბუ - თემო აბუთიძე
სანდრო ჯაფარიძე
 
თარიღი: 14/12/2012
კატეგორია: სტატია

 

 

@ სანდრო ჯაფარიძე

 

აბუ
 
 
ვისაც თემო აბუთიძე (აბუ) გახსოვთ, ვინც მას იცნობდით, მეგობრობდით და თუნდაც ერთხელ მიანც გისაუბრიათ მასთან, ესე იგი თქვენ გყოლიათ, - ზოგისათვის საოცარი მეგობარი, ან ოჯახის ახლობელი და ზოგისთვისაც ბავშვობის დაუვიწყარი მოგონება, როგორც კარგი დამრიგებელ-მასწავლებელ-ტრენერი და მეგობარი...
 
***
 
პატარა რომ ვიყავი, ერთხელ აბუმ მითხრა, - წამო მაგარი ვინმე უნდა გაგაცნოო.
გუდაურში მეორეზე ავედით, საბაგიროდან გადმოვედით და დავდექი ,,მაგარი ვინმეს" გასაცნობათ...
ცოტა ხანი რომ გავიდა და ,,მაგარი ვინმე" არ გამოჩნდა, შევეკითხე, თუ ვინ უნდა გამაცნო-მეთქი, აბუს კი სიცილი აუტყდა და მომაძახა, - მთა! 
 
.......................................................................... ...
 
ბევრი წელი გავიდა მას მერე, მაგრამ დღემდე თუ სადმე მთას დავინახავ, ან გუდაურში აღმოვჩნდები, ყოველთვის აბუ მახსენდება...
 
რამოდენიმე დღის წინ ჩემ ძველ ჩანაწერებში ვიქექებოდი და უცბად ძველი ბლოკნოტის დახეულ ქაღალდებზე ასეთ მოგონებას წავაწყდი...
 
 
 
აბუს სანდროსგან
 
...სწორედ ასეთ პეიზაჟს ვუყურებდი საღამომდე...
მისვლა მინდოდა მაშინ, როდესაც არავის ჰქონდა მისვლის სურვილი, 
მენატრებოდა მაშინ, როცა მონატრება ყველას ყელში ჰქონდა ამოსული,
ვფიქრობდი მაშინ, როცა მეტყოდნენ, მორჩი, გეყო, ამდენი ფიქრიო.
მე კი არც არავისი მესმოდა და ვერც ვერაფერს ვხედავდი... ამასობაში მეხუთე ბეტაკამი გამოცვალეს სტუდიაში და კვლავ მასალის შესაყრელად გაუშვეს...
  
კუს ტბაზე მაშინ ავედი როცა გზა მოყინული იყო...
  ეს დიდი ხნის წინ მოხდა.
 
კუს ტბაზე ასასვლელ ბილიკს მხოლოდ მაშინ ავუყვებოდი ხოლმე სირბილით, როცა აბუ დაგვიყვირებდა, - აბა, დავაი ყველა დროზე ზევითო...
  იგი ამას სიყვარულით ამბობდა!
  ეს დიდი ხნის წინ იყო.
ერთხელ ბავშვებს მისთვის უკითხავთ, - აბუ-მას, მთა გიყვართო?
  უპასუხა, მიყვარსო, ღიმილით...
მეორედ ბავშვებს უკითხავთ, - აბუ-მას, მთა რატომ გიყვართო?
  უპასუხა, მგელი ვარო, სიცილით...
მესამედ ბავშვებს უკითხავთ, - აბუ-მას, ტრენერი რატომ ხართ? იმიტომ რომ მთა გიყვართ, იმიტომ რომ მგელი ხართ, თუ იმიტომ რომ ბავშვები გიყვართო?
  სანამ უპასუხებდა, ჯერ ყველას თვალი შეავლო, მერე გაეღიმა და ღიმილით
  უპასუხა, - ერთიც, მეორეც და მესამეცო...
 
  ეს დიდი ხნის წინ იყო...
 
ეს მაშინ გამახსენდა, როცა ზამთარი მოვიდა. ახლა აღარც აბუ არის, აღარც ზამთარია ისეთი და აღარც ჩვენ ვართ ბავშვები...
ბილიკი მარტომ ავიარე და იმ ადგილს უვნებლად გამოვცდი, სადაც ერთხელ ფეხი დამიცდა და დავგორდი და სადაც აბუ იდგა გაშეშებული და ალბათ იმას ფიქრობდა, - ცოცხალი მაინც გადარჩეს, ეს მართლა ოსლიკაო...
  ეს დიდი ხნის წინ იყო.
ახლა, ფოტო აპარატით ვიდექი და ზემოდან ვაკვირდებოდი ამ ყველაფერს...
  სწორედ ასეთ პეიზაჟს ვუყურებდი საღამომდე,
  ეს ახლახანს იყო...
 
 
                                                          როდის დავწერე, 
                                                          წელი ზუსტად არ მახსოვს.
 
სანდრო ჯაფარიძე
 
 
 
***
ლურჯი და შავი,
ზოგან წითელი.
ქერა წვერი და წარბები მუქი,
ზის და აბოლებს -
ნისლი მინდაო -
აგოდებს იგი.
ტურბულენტობის 
კვალიც კი გაქრა ამასობაში.
 
                          აბუ
 
 
 
***
მოკლედ
სულ მოკლედ
განა არ მინდა
წერა
და წერა მწვანე ბალახი მაჩერებს
ნელა
 
 
აბუ, ირაკლი გოგაძე, თამარ მინდაძე
 
აბუ, კობა ბაქარაძე, ზვიად ხურცილავა, გოჩა თვაური, კირილ სტოგნი, თეიმურაზ ერისთავი, თამრიკო მელიქიშვილი, გიზო რუხაძე, დავით კაკაბაძე, ზურა კირცხაია
 
ქეთი და აბუ