როკვა # 1
გიორგი კეკელიძე
 
თარიღი: 15/12/2012
კატეგორია: სტატია

 

 
 
 
@ გიორგი კეკელიძე
 
 
როკვა # 1

(წასვლა)

მზე ამოვიდა. რადგან ღამე იდგა ირიბი -
მზემ დასავლეთის ღრუბლებიდან ამოაბიჯა
და ჩახუთული, უბოლოო სიზმრის გვირაბი
ამოვიფერთხეთ მოგონების სველ გვირაბიდან.
სანამ დავკლავდი სევდის მამალს, რომელიც ისევ
უფრო ძილის წინ, ძილის დროს და ნაძილევს ყივის,
მომინდა სახე დამებანა სხივებით მზისვე,
და უპეები გამეწმინდა ძველ სამარხივით.
უცნაურია - როცა თვალში ამჩნევ ნაოჭებს,
ნიშნავს - სიბერე უკვე სხეულს გასცდა ათასწლით.
ო, ტკივილებო, თუნდაც ერთხელ თუ გამაოცებთ
თუ ნადირობის ღმერთისადმი ლოცვას დამაცლით -
უნდა გავიდე - რადგან ჩემი წესია გასვლა,
თუნდაც შინ ისევ ცარიელი ხელით დავბრუნდე-
თუნდაც ვერასდროს ჩავიმუხლო მეათე მთასთან
და ფასკუნჯების ვერ ვუწიო უცხო საბუდარს,
თუნდ ოცნებებმა უცებ ჩემი ნაბიჯი იგრძნონ -
ჭაობის ზანტი ფრინველივით წამოიშალნონ
და ხელში შემრჩეს ძველი თოფი - ნაწყენი ვინძლო
და ხვლინდელი გათენების თბილი სიშავე.