კანის დღიურები. დღე მეორე - თანამედროვე პინოქიოს "რეალითი"
არტარეა
 
თარიღი: 18/05/2012
კატეგორია: სტატია

 

კრუიზებზე მდებარე აფთიაქებში, ერთი და იმავე სიმპტომით დღეში დაახლოებით 50 ადამიანი შედის - რინიტი, ანგინა,  გაშეშებული კისერი და დამსკდარი ტუჩები.

 

“ათი წელია აქ ვმუშაობ, ყოველ წელს ერთი და იგივეა, - ეს კონდიციონერების ბრალია”, - მეუბნება თეთრთმიანი სიმპატიური ქალბატონი, რომელიც მიუხედავად ჩემდამი სიმპატიისა და სოლიდარობისა, ვერ ეწინააღმდეგება კანონს და რეცეპტის გარეშე არაფრით არ მაძლევს რინიტისგან დახშული ცხვირის ძლიერ გამხსნელს.


ჩვენ ერთმანეთს ღიმილით და ნატურალური ევკალიპტის წამლით ვშორდებით. მოკლედ, ასეა ყოველ წელს, მაგრამ ყველა პოულობს  ძალას მოერიოს თავს და მუშაობა განაგრძოს. ჩემ შემთხვევაშიც ასეა. დილის 8  საათი და 30 წუთია, იტალიელი მატეო გარონეს (Matteo Garrone) “რეალობა”  (Reality) (ფაბულადან გამომდინარე სათაურად შესაძლოა “რეალითი” დავტოვოთ) გადის ლუმიერების კინოთეატრის ეკრანზე.

 

ფილმში თანამედროვე “პინოქიოს” ამბავია მოთხრობილი. თევზის გამყიდველი ლუსიანო ოჯახის წევრების და ახლობლების რჩევით რეალითი შოუში მონაწილეობის მიღებას გადაწყვეტს. ქასტინგის შედეგის მოლოდინში ის ილუზიურ და არაადეკვატურ სამყაროში ექცევა.

 

დიდი იტალიური ოჯახები; მეზობლები; უბნელები და უსახლკაროები; დამახასიათებელი ქაოსი და ვიწრო სამზარეულოში მიღებული გადაწყვეტილებები… ვარსკვლავობაზე ოცნება ლუსიანოსთვის იმდენად მძლავრია, რომ, მისი ქცევა ასოციალური ხდება: თვლის, რომ რეალითი შოუდან მას უკვე აკვირდებიან და მასაც სურს სამაგალითო იყოს: იხმობს უსახლკაროებს, გამოკვებავს; სახლიდან ნივთებს ატანს; სამსახურს მიატოვებს, - ვარსკვლავობისთვის მას ხელს უშლის თევზის მაღაზია.

 

 


ერთ მხარეს არის რეალური სამყარო, სადაც კონკრეტულია მოცემულობა: ცოლი, სამი შვილი და კომიკური პერსონაჟებით სავსე საახლობლო წრე; მეორე მახარეს კი ლუსიანოს სულერი სამყაროა - ცრუ იდეალებით შეპყრობილი და ვარსკვლავობაზე მეოცნებე.

 

ახლა, ამ წუთას “რეალითის” პრესკონცერენცია მიმდინარეობს და რეჟისორი მატეო გარონე, პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს:
მართლა ფიქრობთ, რომ ტელევიზიას შეუძლია ადამიანებს მცდარი და სულელური აზრები დაუნერგოს?

პასუხი არის - დიახ!

 

ეს თანამედროვეობის ლანდშაფტია. გომორის შემქმნელისგან ძალიან ზუსტად და ფრთხილად დანახული და თუ მაინც და მაინც მეტაფორა უნდა ვეძებოთ, იქნებ იტალიაც სწორედ ამ ეტაპს გადის ახლა, - მას წარსული აფიქრებინებს რომ ვარსკვლავობის ღირსია, მაგრამ რაღაც მაინც არ გამოდის! დაკარგულია ბალანსი რეალობასა და ოცნებას შორის.

 

 


მე თუ მკითხავთ, იტალია ძალიან ჰგავს საქართველოს, უფრო მეტიც. დღეს იტალიას და საქართველოს მგონი მხოლოდ ყავა ასხვავებს. მერწმუნეთ, ეს ფილმი, თქვენში აღძრავს ანალოგიურ განცდებს.

 

ფინალში, როდესაც ლუსიანო რეალითის სტუდიაში შეღწევას მოახერხებს, თვალწინ გვეშლება, ერთი შეხედვით, ზღაპრული სამყარო: ბოჰემურ და  გლამურულ ანტურაჟში ლამაზი სხეულის გოგო-ბიჭები აუზებში ნებივრობენ, ცეკვავენ, მოძრაობენ… ლუსიანო მათ სარკის მეორე მხრიდან თვალებში უყურებს. მას ვერავინ ხედავს. თუმცა არც მაშინ იცვლება სურათი, როდესაც ლუსიანო რეალითის სტუდიაში, უკვე ოთახში შედის და მონაწილეების გვერდით გრძელ, თეთრ შეზლონგზე მოკალათდება.

 

არ ვიცი რატომ გამახსენა ამ სცენამ ანტონიონის “Blow Up”-ის ფინალი, მაგრამ, ფაქტია, თვალწინ დიდი მწვანე ჩოგბურთის მოედანი დამიდგა, იქაც იმიტირებულია თამაში… მაშინ, უბრალოდ, არ იყო რეალითი შოუები... იმავე იტალიაში.


2008 წელს გარონეს ჟიურის გრან პრი “გომორასთვის” აქვს მიღებული. ვნახოთ რა გამოხმაურება ექნება მის წლევანდელ ნამუშევარს. წინ ბევრი ფილმია, წითელი ხალიჩა კი - ბრედ პიტის, იზაბელ იუპერის, ტიმ როტის და სხვათა მოლოდინში.

 

P.S.

ეს ფილმი, არტარეას შემქმნელებს და მომხმარებლებს ამ ვებ სივრცის შექმნის იდეას განუმტკიცებს.

 

 

ნესტან ნენე კვინიკაძე

 

კანის 65-ე კინოფესტივალი
2012