რა ხდება რუსთავის თეატრში?
ლაშა ჩხარტიშვილი
 
თარიღი: 19/12/2012
კატეგორია: კრიტიკა

 

 

 

რა ხდება რუსთავის თეატრში?

 

 

ლაშა ჩხარტიშვილი

 

ჩემი წინამდებარე ბლოგი მცდელობაა ობიექტურად დავხატო რუსთავის თეატრში შექმნილი ვითარება, რადგან არ წარმოვადგენ არც ერთ მხარეს. დაპირისპირებულთა პოზიციათა გაცნობისას კი მიმდინარე არასახარბიელო, გნებავთ არაჯანმრთელ და ამავდროულად კონტრასტულად საპირისპირო პროცესებზე შეფასებები შემდეგნაირად ჩამომიყალიბდა.

 

პრობლემები რუსთავის თეატრში დღეს არ დაწყებულა (ბოლოს და ბოლოს თეატრი შ.პ.ს.- სტატუსით არსებობდა კარგა ხანს, ახლა მეორე უკიდურესობაშია - სამართლებრივად ააიპ რუსთავის თეატრია, რომელიც ახალი კანონპროექტის მიხედვით „სახელმწიფო თეატრების შესახებ“ მის მიღმაა დარჩენილი, შესაბამისად საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებასაც სცილდება). შემოქმედებითი კრიზისი კი გაცილებით ადრე დაიწყო. მისი სერიოზული გამოცოცხლება ვერც რობერტ სტურუას, ლევან წულაძის, გიორგი თავაძის და სხვათა ერთჯერადმა დადგმებმა ვერ შეძლო. ლაშა ნოზაძის დადგმულმა სპექტაკლებმა კი (განსაკუთრებით  ლაშა ბუღაძის „ნაფტალინმა“) საბოლოოდ მოწყვიტა მაყურებელი თეატრს. არასდროს დამავიწყდება გაოცებული ავტორი, რომელსაც ვერ გაერკვია საკუთარ დაწერილს უცქერდა, თუ სრულიად სხვა ნაწარმოებს მისივე პიესის მოტივებზე. არც ის დამავიწყდება, როგორც ვუმარტავდი აღშფოთებულ მაყურებელს რომ ის, რაც ნახეს ლაშა ბუღაძეს არ დაუწერია - თქო. ბუნებრივია, მაყურებელთა სრულ უმრავლესობას პიესა წაკითხული არ ჰქონდა, ჩვენი მკითხველი რომანების კითხვით არ იწუხებს თავს და რა ღმერთი გაუწყრებოდა ბუღაძის დრამატურგია წაეკითხა. დაზარალდა დრამატურგი, თავად რეჟისორი და რაც მთავარია წააგო თეატრმაც.  

 

 

ბოლო დროს რუსთავის თეატრმა მაყურებლის, გნებავთ საზოგადოების ინტერესი სპექტაკლებით კი არა, თეატრის ირგვლივ ატეხილი ხმაურით, საკმაოდ გახანგრძლივებული და დაუსრულებელი შიდა, თუ გარე კონფლიქტებითა და ინტრიგებით მიიპყრო. ინტრიგათა ავტორები კი ამ შემთხვევაში ნაკლებ ნიჭიერი და არაპროფესიონალი რამდენიმე მსახიობია, რომელსაც ნაკლებად უნდა ადარდებდეს თეატრის მომავალი.

 

ხმაური რუსთავის თეატრის ირგვლივ მსახიობთა ნაწილის თეატრიდან განთავისუფლებამ გამოიწვია, შემდეგ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ლაშა ნოზაძის სპექტაკლებმა, ამის შემდეგ კი ახალი მმართველის, პროფესიით კალათბურთელი, გეგი ლიპარტელიანის დანიშვნამ.  ფაქტი კი გეგი ლიპარტელიანის საკითხზე სხვას მეტყველებს. მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში მუშაობის, როგორც მენეჯერს თეატრ-სტუდია „ბრავოში“. სწორედ ამ გამოცდილებამ უკარნახა მას, რომ თეატრში აუცილებელია შემოქმედი, რომელიც შემოქმედებით პროცესს გაუძღვებოდა და თავის წილ პასუხისმგებლობასაც გაინაწილებდა. ასეთად მან (ბუნებრივია ჩვენთვის ინკოგნიტო პიროვნებებთან კონსულტაციებით) წარსულში თეატრმცოდნე, შემდგომში რეჟისორი კოტე აბაშიძე შეარჩია, რომელიც დღეს ამ თეატრში მმართველის მოადგილეა შემოქმედებით საკითხებში. წინასწარი პროგნოზების გაკეთება როგორ დაძლევს კოტე აბაშიძე შექმნილ პრობლემებს რთულია, უფრო მეტიც წარმოუდგენელიც კია, იმ შემთხვევაშიც კი, ეს თანამდებობა მასზე ავტორიტეტულ და გამოცდილ რეჟისორსაც რომ ჩაებარებინა. ჯერ მხოლოდ მისი გეგმების შესახებ შეგვიძლია ვისაუბროთ, რომელიც მან პრესას გასულ კვირას გააცნო: თეატრში მიიწვია ორი რეჟისორი: გამოცდილი გიორგი შალუტაშვილი და ახალბედა გიორგი ქანთარია. ორივე რეჟისორს აღნიშნული თეატრის დასთან შემოქმედებითი ურთიერთობის გამოცდილება აქვს, ისე როგორც თავად „სამხატვრო ხელმძღვანელს“, რომელმაც რუსთავის თეატრისთვის სპეციალური ჯგუფიც კი გამოუშვა „თეატრალურიდან“. კოტე აბაშიძეს და რაღა დასამალია გეგი ლიპარტელიანსაც, რთული მემკვიდრეობა დახვდათ: - თეატრიდან განთავისუფლებული რამდენიმე რუსთაველი მსახიობი, რომლებიც მშობლიურ თეატრში დაბრუნებისთვის იბრძვის. როგორც აგვიხსნეს, მათი განთავისუფლება იურიდიულად კანონის სრული დაცვით მოხდა, თუმცა თეატრის წინამორბედი ხელმძღვანელი მათ უსამართლოდ მოექცა და მათი განთავისუფლება ვერავითარ მორალურ და ზნეობრივ კანონებს ვერ აკმაყოფილებს. არადა, მეორეს მხრივ, ნებისმიერი თეატრის დასი მუდმივ განახლებას, ახალგაზრდა პროფესიონალებით შევსება-გადახალისებას საჭიროებს. ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, უფროსი თაობის თეატრიდან წასვლა ტრაგედია არ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენს რეალობაში გაუსაძლისია ორასი თუ სამასლარიანი სამსახურის დაკარგვაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ სანუკვარი პროფესიიდან შემოქმედის ჩამოშორებაზე. ამ პრობლემის მოსაგვარებლად გეგი ლიპარტელიანს და კოტე აბაშიძეს სამი გეგმა აქვთ:

 

1.      კონკრეტულ პროექტებზე თეატრიდან განთავისუფლებული მსახიობების მოწვევის, რაც ნაკლებ იმედის მომცემია. არავინ იცის დასჭირდება თუ არა იმ რეჟისორებს მათი მოწვევა თეატრში, რომლებიც 2013 წელს იქ სპექტაკლებს დადგამენ. სამწუხაროდ, მსახიობის პროფესია რეჟისორზეა დამოკიდებული...

2.      თეატრიდან განთავისუფლებული მსახიობების დასაბრუნებლად რუსთავის მერია ჰუმანურობას გამოიჩენს და თეატრს ბიუჯეტში სახელფასო ფონდს გაუზრდის, რისი იმედიც სავსებით ობიექტურად,  პირადად მე არ მაქვს. ნეტა ვცდებოდე!

3.      რუსთავის თეატრის არსებული სახელფასო ფონდის რესურსის გამოყენება, რაც წარმოუდგენელია. არტისტები მსგავსი ჰუმანურობით არ გამოირჩევიან და მათიც სამართლიანად მესმის. ისედაც სასაცილო ხელფასის განახევრება ნებისმიერი მოკვდავისთვის რთულია.

 

შესაბამისად, „გაგდებული“ არტისტები ბედის ანაბარა არიან დარჩენილები, რომელთა პრობლემის გადაჭრა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

 

 

არსებული პრობლემის მიუხედავად, თეატრის ახალი ხელმძღვანელობა სამომავლო გეგმებს აწყობს: რუსთავის თეატრი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი ერთობლივად მიზნობრივ სამსახიობო მოსამზადებელ ჯგუფს ხსნის; მომავალი წლიდან თეატრში გაიხსნება მცირე სცენა, სადაც ექსპერიმენტული და საბავშვო წარმოდგენები გაიმართება; ასევე თეატრი აწესებს მისი დამაარსებლის გიგა ლორთქიფანიძის სტიპენდიას, რომელიც „თეატრალურის“ სარეჟისორო სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტს გადაეცემა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს თეატრში და მოამზადებს სპექტაკლს, პარალელურად გაეცნობა იმ წარმოებას, რასაც სპექტაკლის მომზადება ჰქვია.

 

ახალი ხელმძღვანელობის გეგმები მართლაც საინტერესოდ გამოიყურება, მაგრამ საკითხავია დასცალდებათ კი ამ გუნდს დასახული მიზნის მიღწევა? რადგან მეორე მხარეს სამართლიანობის აღდგენის სურვილით შეპყრობილი არტისტები დგანან. ამდენ დაპირისპირებას კი რუსთავის თეატრი ვეღარ გადაიტანს. პრობლემის გადაჭრა მხოლოდ მის დამფუძნებელს-რუსთავის მუნიციპალიტეტს ძალუძს, რომელიც ვშიშობ „არტისტების შტორმს“ ვერ გაუძლებს და გამოსავალს იპოვის.