კორპორატიული პლატონი
პაატა შამუგია
 
თარიღი: 20/12/2012
კატეგორია: სტატია

ილუსტრაცია: დებორა ბატერფილდი

 

 

„კორპორატიული პლატონი“ დეტექტიური პოემაა. უფრო მართალი რომ ვიყო, ეს არის დეტექტიური ესე პოემის შესახებ, რომელიც ვერაფრით დავწერე. როგორც იცით, წაუკითხავ წიგნებს და დაუწერელ ტექსტებს შურისძიება შეუძლიათ, ამიტომაც, მე როგორც მშიშარა ადამიანმა, ვერ მივატოვე შუა გზაში ეს პოემა და მასზე დავწერე ეს ნახევრადირონიული ტექსტი, რომლის ჟანრის გარკვევა თქვენთვის მომინდვია.

 

პაატა შამუგია

 

 

 

კორპორატიული პლატონი

 

(დეტექტიური პოემა სამი გვამით, ორი ავტორით და პირქუში გამომძიებლით)

 

[ნაწყვეტები პოემიდან]

 

მე თანახმა ვარ, ბალახებმა გამოთქვან ჩემი სხეული ქარში

გამოთქვან მწვანედ, ან ყავისფრად,

წელიწადის დროთა შესაბამისად

ამოთქვან ლექსივით, ეპოსივით,

პეპელასავით მსუბუქმა ალიტერაციებმა

იფარფატონ შედედებული სინტაქსის თავზე.

 

***

მე ურწმუნო ვარ,

თუმცა სხვა დადებითი თვისებებიც მაქვს,

მაგალითად, ვფლობ სამ ენას

და მუცლურ ცეკვას ვასრულებ ორსული ქალების პატივსაცემად, –

ამბობს რიტა და პირჯვარს იწერს.

 

და აქვე, ავტორს, წესით,  დრო უნდა ეხელთებინა

და აეხსნა, რომ

ეს ლექსი ჩაფიქრებული იყო, როგორც მხილება,

მაგრამ ვინაიდან ყველა ლექსი ისედაც მხილებაა,

მისი მხილებად ჩაფიქრება გადაიდო

და ამ ეტაპზე ეს არის ლექსი რიტას შესახებ,

რომელიც არის ჩემი მეზობელი,

ავტორი, თავის მხრივ, რიტას შეყვარებულია,

თუმცა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ ენიჭება,

რადგან რიტაც და ჩვენც ვეძებთ სიტუაციების ჯამს,

შესაკრებთა ყულფს,

რომელიც ტრაგედიის ვიწრო კისერზე უნდა დაიფსკვნას.

 

ცხადია, რიტას ესმოდა, რომ

პირველად იყო ჯამი

მერე იყო შესაკრები,

რომელთა გადანაცვლებით,

ცნობილი მოსაზრების კვალდაკვალ,

არ იცვლება ის, რაც  იყო პირველად – ანუ ჯამი.

 

ხოლო როდესაც არ იცვლება ის, რაც პირველად იყო –

ანუ ჯამი, ვიღებთ შესაკრებთა დაწურულ მნიშვნელობას,

რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება შევაფასოთ

როგორც ობიექტური ჭეშმარიტება.

 

რიტას, რასაკვირველია, კარგად მოეხსენება

ბანალური აკრიბია,

რომ ვინც ეძებს ობიექტურ ჭეშმარიტებას,

ხელში შერჩება სუბიექტური სისულელე.

ვინც მწვერვალის მოხელთებას ცდილობს,

უმალ უფსკრულს მოინადირებს,

ჯამი შედეგია და არა მიზეზი,

და მიუხედავად ამ ცოდნისა,

მისი ცნობისმოყვარეობა

ბინარულ ოპოზიციათა მიჯნაზეა გადებული,

და ისრუტავს ყველა სახის ინფორმაციას,

რომლებიც მის გარშემო დაფარფატებენ

და უცდიან საკუთარ დროს – ექსკლუზიურს და მოხელთებულს.

დრო კი, რომელიც, ჩინელ ბრძენთა აზრით, დასაზღვრულია,

რიტას თავზესაყრელად ჰქონდა

და უნდა გამოვტყდეთ, არც ავტორი უჩიოდა მის სიმცირეს,

ვინაიდან ჟურნალ „ლიბერალიდან“ უკვე წამოსული იყო

და სხვა სამსახურიც არა ჩანდა.

ასე რომ, საკმარისია, საკმარისზე მეტიცაა

დრო.

 

საკმარისი დრო ჰქონდათ ხეებს,

ყოფილიყვნენ უფრო მწვანეები,

სოლიდურები,

ყოფილიყვნენ უფრო მაღლები

და მათ თავზე ეფრინათ ჩიტებს.

 

ჩიტებსაც ჰქონდათ საკმარისი დრო,

ეფრინათ უფრო მაღალ ხეებზე,

უფრო მწვანეებზე,

სოლიდურებზე.

 

ჩვენ ყველას გვქონდა საკმარისი დრო,

მაგრამ არ გვქონდა საკმარისი შესაფერისი,

როგორც იტყვიან, მომენტები,

როდესაც კმაყოფილება და ადამიანი

ერთმანეთს კვეთენ.

 

***

 

და მღერის რიტა სიცოცხლისა და სიყვარულის სიმღერას:

მე  თვალებს ვრგავ ფანჯრის რაფაზე

წყალს ვუსხამ და ველი, კვირტები

როდის გამოვლენ სამალავიდან

და იზრდება ჩემი გუგები

და ფართოვდება ხან შიშისგან, ხანაც პირიქით,

უსაფრთხოდ ყოფნის შიშისაგან,

 

და როდესაც მოვა ჟამი,

მე ათასი თვალი მექნება

ნაყოფიერი ათასი თვალი

მსხმოიარე ათასი თვალი

და ვიქნები ათჯერ არგუსი

და 500–ჯერ დაგინახავ

როცა გაივლი ჩემი სახლის წინ.

 

***

როგორც კი დაასრულა მონოლოგი

სიცოცხლისა და სიყვარულის შესახებ,

რიტა ტყეში შევიდა, რომელიც ამ შემთხვევაში, მართლაც ტყე იყო

და არა სიმბოლო ან მეტაფორა,

თუმცა კი ჯობდა მეტაფორა ყოფილიყო,

რადგან ავიცილებდით იმ საზიზღარ სუნს,

რომელიც მასში განფენილიყო

(როგორც ცნობილია, მეტაფორები არ ყარან,

ისევე, როგორც ხელნაწერები არ იწვიან,

ხოლო წმინდანებს ჩრდილი არა აქვთ)

და ეს სუნი კი გვამს ასდიოდა,

რომელსაც რიტა გამოედო,

გვერდზე იდო დამსხვრეული საათი,

საათი კი, ტყისგან განსხვავებით,

ნამდვილად მეტაფორა იყო

და საგანთა წარმავალობის სიმბოლოდქცეულს,

ისრები უმწეოდ გადმოეკარკლა.

ჰო, რა ტრაგიკულია! – წაიჩურჩულა რიტამ

ევრიპიდეს პერსონაჟივით, –

ხომ შეიძლება, რომ

საგნებმაც დახვეწონ რეპრეზენტაციის ფორმები

და უფრო მოქნილი სახით წარმოგვიდგნენ?

რა გახდა ერთი წესიერი ტრაგედია,

ერთი–ორი სოლიდური მკვდრით და ამაღლებული სასპენსით?

 

***

ნოყიერი ნეშომპალა, – გაიფიქრა რიტამ,

თუმცა სკოლაში განსაკუთრებით ბოტანიკა ეზიზღებოდა

და ამაზე მოგვიანებით ლექსიც კი დაწერა (პრაქტიკულად, მთელი ეპოსი):

 

გვქონდა ნიჭი ცოტანიკა,

არ გვიყვარდა ბოტანიკა,

ჩვენი მასწი ხშირად გვცემდა

იმის დედაც მოვტყან იქა

ქვე რად გვინდა ბოტანიკა,

ლობიო გვაქვს ქოთანიკა

ქვე გვყავს კაე ოჯახი და

შვილუკა და ბოსტანი, ქა.

 

აი ასე იმართლებდა თავს,

თუმცა კი გულის სიღრმეში ჰუმანური იყო

და სახარებაც წაეკითხა.

 

და რიტა ამხედრდა თავის სათამაშო ცხენზე,

რომელიც არაა ამ პოემის პერსონაჟი

და ავტორის დაუდევრობის გამო („ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის“),

შემოიპარა ჰანს მაგნუს ენცესბერგერის გამოუქვეყნებელი პოემიდან

და ძუნძულით გავიდა ტყიდან,

რათა ემცნო ადამიანებისთვის

საზარელი მკვდრის შესახებ.

 

***

 

ქალაქისკენ მიმავალმა ნახა ტუალეტი,

ერთს  ქოლგა ეხატა, მეორეს ჩიბუხი,

გააბოლა და შევიდა ქოლგიანში.

მას წაკითხული ჰქონდა ვასილე ერნუს

„დაბადებულნი საბჭოთა კავშირში“

და ამიტომაც გაახსენდა ტუალეტების კლასიფიკაცია,

რომელიც, ცოტა არ იყოს, დაუსრულებელი ეჩვენა,

ამიტომაც თავისიც მიამატა.

 

მაშა–როგორც იტყვიან–სადამე:

 

ტუალეტი ყველაზე მშობლიური ადგილია

ტუალეტი შეიძლება იყოს დიდი ან პატარა

მაგრამ ტუალეტი უნდა იყოს ტუალეტი

იმის მიხედვით, თუ როგორი ტუალეტი აქვს,

მე ვხვდები ვის რა აწუხებს, რა შიშები და სიხარულები ბზარავს მის სიცარიელეს

ვისაც ვრცელი ტუალეტი აქვს, მას გონება ხშირად ეფანტება

და ზოგჯერ ახლობლების სახელსაც ვერ იხსენებს

საერთო ტუალეტის მქონე ადამიანებს

აწუხებთ დევნის შიში, პარანოია

და ისინი ძალიან მალე გაგიჟდებიან

თუ ეს უკვე არ მოახერხეს

ვიწრო ტუალეტის მქონე ადამიანები კარგ ლექსებს წერენ,

არიან ადამიანები, რომელთაც ტუალეტი საერთოდ არ აქვთ

და მოთხოვნილებებს სადარბაზოებში იკმაყოფილებენ,

გიორგი კეკელიძეს ტუალეტში საკუთარი წარბშეკრული ფოტო უკიდია

(რაც გამორიცხავს შემსვლელის ონანიზმის მცირედ სურვილსაც)

თუმცა, მაგალითად, ლაო ძის დროს მგონი საერთოდ არ იყო ტუალეტი

და შესაბამისად,

მასზე მსჯელობა არ იქნება, როგორც ახლა იტყვიან, რელევანტური

შეიძლება ამ მიზეზითაც: ლაო–ძის თანაქალაქელმა იუველირებმა

სულ ახლახანს გააკეთეს ოქროს ტუალეტი,

მთლიანად ოქროში ჩასმული უნიტაზი,

თითქოსდა, წარსულის კომპენსაციისთვის,

მოგეხსენებათ, წარსულს შურისძიება შეუძლია.

 

***

ამ პოემის ავტორი, მიუხედავად იმისა, რომ იდიოტია

(ვიცნობ და სიტყვაზე მენდეთ)

სხვანაირ ლექსებსაც წერს – გარითმულსაც, გაურითმავსაც

და რაც უნდა გასაკვირი იყოს, თაყვანისმცემლებიც ჰყავს,

მაგრამ ხალხს უყვარს ამბავი

და დაე, ესეც იყოს ამბავი,

ხოლო ლექსები მოიცდიან.