კანის დღიურები. დღე მესამე - რუმინულ მონასტერში მომხდარი ნამდვილი ამბავი
არტარეა
 
თარიღი: 19/05/2012
კატეგორია: სტატია

 

 

არა, ამ ფილმში არ არის ლესბოსელების სექსი!

 

ნორმალური ადამიანები ასეთ ფილმებს ძილის წინ არ უნდა უყურებდნენ! ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ კინოკრიტიკოსის პროფესია ნორმალურების ხვედრი არ არის!

 

ზოგჯერ მგონია, რომ ეს ბრწყინვალე კინოფესტივალი თავადაც პროვოცირებს, - მძლავრი კონდინციონერებით, გულის გასაჩერებლად მაგარი ყავით და უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებით! :)
მოკლედ, კანის კინოფესტივალი პროფესიონალების ფესტივალია და ემოციებს აქ მხოლოდ ჰედლაინებისთვის იყენებენ.

ასე და ამგვარად, ძილის წინ ვნახეთ რუმინელი რეჟისორის ქრისტიან მუნგის “გორაკებს მიღმა” (Christian Mungiu, Beyond the Hills).

 

 

 

 

24 წლის ალინა გერმანიიდან რუმინეთში ბრუნდება, რომ დაიბრუნოსერთადერთი სიყვარული - ვოიშიტა, მისივე ტოლი და ასევე გოგონა, რომელიც ამასობაში მონასტერში დაცხოვრებულა და იპოვა ერთადერთი სიყვარული - ღმერთი.

არა, ამ ფილმში არ არის ლესბოსელების სექსი! ფილმი სიყვარულზე და თავისუფლების სურვილზე გვიყვება.

 

2005 წელს რუმინეთში, ტანაკუს მონასტერში, მონაზონთან მეგობარი გოგონა ჩავიდა, რომელიც რამდენიმე კვირაში იქვე გარდაიცვალა.ამბავი ჯერ რუმინულ პრესას მოედო, შემდეგ კი საერთაშორისო გამოხმაურება მოყვა. ბოლოს გაირკვა, რომ გოგონა გარდაიცვალა იმ რიტუალის შედეგად, რომელიც ადამიანისგან ეშმაკის განდევნას გულისხმობს.როგორც ამობობენ, ეს მეთოდი დღემდე ძალაშია გარკვეულ ორთოდოქსულ მონასტრებში.

 

ამ ისტორიაზე ბუხარესტის ბიუროს ბიბისის ჟურნალისტმა ტატიანა ნიკულესკუ ბრანმა დოკუმენტური რომანი დაწერა, მუნგიმ კი ფილმი გადაიღო.

 

საყვარელი ადამიანის დასაბრუნებლად ალინა, მონასტერში დაცხოვრდება (სხვა დასარჩენი ადგილი მას არც გააჩნია), სადაც მისთვის უჩვეულო გარემო, მონაზონის ტანსაცმელში ჩაცმული ყოფილი მიჯნური და რიტუალების სერია, მისი პროტესტის შედეგი აღმოჩნდება. ალინა მონასტრიდან არ მიდის, რადგან ვოიშიტას დატოვება არ უნდა. ვოიშოტა მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ღმერთი იპოვნა და წასვლა არ უნდა. მამაო და დედები თავისმხრივ დახმარებას სთავაზობენ ალინას, რაც ლოცვას და სიმშვიდეში ყოფნას გულისხმობს, მაგრამ ალინას გრძნობებისთვის ეს სამყარო ნაკლებად დამაჯერებელი და სუსტია. საბოლოოდ, ეშმაკის განდევნის რიტუალს მიმართავენ, რაც ფატალური შედეგით დასრულდება.

 

ფილმზე მუშაობას სანამ დაიწყებდა, რუმინელმა რეჟისორმა ყურადღებით წაიკითხა ორთოდოქსული ეკლესიის მიერ შედგენილი ცოდვების კრებული. ძალიან ბევრი აღმოჩნდა - 464. მაგრამ როგორც მუნგი ამბობს, არსებობს ცოდვა, რომელიც ამ ჩამონათვალში არ ყოფილა და რომელიც თავისი მნიშვნელობით უმთავრესია, სწორედ ამაზე ყვება ფილმი - ინდიფერენტულობის ცოდვა.

 

 

ალბათ, ძალიან დარწმუნებული უნდა იყო საკუთარ თავში და ძალებში, რომ ერთ ფილმში, რომელიც 2 საათსა და 30 წუთს გრძელდება, თავი მოუყარო ყველაზე საფრთხილო თემებს და ასე თამამად გაშალო თანამედროვე რუმინეთში.

 

ფილმისთვის სპეციალურად აშენდა მონასტერი, მინუს 15 გრადუსში მსახიობები დრამას თამაშობდნენ. სწორედ მათი დამსახურებით ხდება ამბავი აბსოლუტურად დამაჯერებელი. კოსმინა სტრატანმა (Cosmina Stratan) და ქრისტინა ფლუტურმა (Christina Flutur) შეყვარებული გოგონების როლები შესანიშნავად მოირგეს.

 

ფილმში კიდევ ერთი მთავარი პერსონაჟია - მღვდელი, ვალერი ანდრიუტა (Valeriu Andriuta), რომელსაც ჩემთვის და თქვენთვის მოულოდნელად, 1993 წელს თბილისში აქვს დამთავრებული სამსახიობო ფაკულტეტი.

 

პროვოკაციული ფაბულა და სკანდალური პრეისტორია, რეჟისორს მშვიდად და სადად მოაქვს მაყურებლამდე.
ფილმი არ ტოვებს კითხვებს. აქ ყველაფერი გასაგებია.მაგრამ შესაძლოა მხოლოდ ჩემთვის. აუდიტორიის უმრავლესობას ფილმი არ მოეწონა. არ ჯერათ, რომ ასე ხდება?

 

მაშინ, ნახეთ და თავად დარწმუნდით: როგორც ფილმის რეჟისორი ირწმუნება, ინტერნეტში დღესაც დევს სასტიკი რიტუალის აღმწერი კადრები.

 

მაგრამ მე არ ვიცი რომელი საკვანძო სიტყვით უნდა ეძებოთ ასეთი ვიდეოები. რეჟისორს კი ის უნდა, რომ როდესაც გუგლის საძიებელში “სიყვარულს” ჩაწერთ “გორაკებს მიღმა” იპოვნოთ.

 

 

 

ნესტან ნენე კვინიკაძე


კანის 65-ე კინოფესტივალი
2012