სექსი და სიყვარული გურიაში (ციკლიდან ,,გურული დღიურები’’)
გიორგი კეკელიძე
 
თარიღი: 21/12/2012
კატეგორია: სტატია

 

 

 

@ გიორგი კეკელიძე

 

 

სექსი და სიყვარული გურიაში

(ციკლიდან ,,გურული დღიურები’’)

 

 

დეკემბრის თხუთმეaტია. დილა ეთქმის. თოვს.

 

არ ვიცი, რატომ - ალბათ ჩემი ღრმა და არმოსატანი კომპლექსების ბრალია - სულ მიკვირდა (აქ შეიძლება ეწეროს - არ მიყვარდა) ადამიანების, ვინც დილით ჩაის და კარაქიან პურს მიირთმევდა. სად შემიძლია მე ეგეთი სიმშვიდე, რაც ამ პროცესს ახლავს - მიუწვდომელი საქმეა. ალბათ ახლაც უსაუზმოდ უნდა გადავატარო. არასამუშაო დღეა, ვითარცა უხმობენ - უიქენდი. უიქენდი და ვაი ქენდი შენ - ბებიაჩემი ჩასახლდა ჩემში და მალევე ამოსახლდა - წერა უნდა დავიწყო.

 

სექსი გურიაში იწოდება როგორც აჯიბაკური. ნამეტანი დახლართული სიტყვა მოჩანს. საეჭვოდ. სიყვარული - სიყვარულია. შეიძლება ერქვას - გამოპენტერებაც, მაგრამ ეს სიტყვა თავისთავად სხვა რამეს ნიშნავს. აქ არ გეტყვით.  გურულ ლექსიკონში ჩაიხედეთ.

 

სექსს კიდევ ჰქვია - მაი. ეს სიტყვა შეიძლება, გავიაზროთ როგორც მაია, ანუ ილუზია ვედურ ენაზე. თუმცა თქვენ შემედავებით და მეტყვით, რომ ქართულად მაი სხვა არაფერია, თუ არა - მაგი, ეგ და სხვანი. მედავეთ.

 

ოცთხმოცდაათიანებში, გურიაში (და ალბათ სხვაგანაც) თუ ცოლი ან ქმარი გარდაიცვლებოდა და მეორე მათგანი ცოცხალი იყო, საფლავის ქვაზე აუცილებლად დაატანინებდა საკუთარ სურათს (,,ხარჯი ნაქნარიას'' პრინციპით). და აწერია დაბადების თარიღი და ტირე. ძალიან უცნაური სანახავია. ერთ სოფელში ასეც მოხდა;გათხოვდა ახალგაზრდა ქვრივი. საფლავზე დარჩა სურათი, არავის მოუშლია. გურული სიყვარული უცნაურია.

 

არყის გამოხდა ღელის პირას, ღრუბლიან საღამოს - ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური აქტი - წითელი მიწა, ორე, ნახერვადგამჭვივრივალე ოცლიტრიანი და ტალახი. თუ რამე უნდა გაგახსენდეს საჯარო თავყრილობათაგან გურიაში, ეს არის და კიდევ სიმინდის ან თხილის დარჩევა შემოდგომის ღამეებში - ნადი და ხმამაღალი საუბარი. მაგრამ არის მესამეც - ის რაც, ოთხმოცდაათიანების და უშუქობის მადლია - აკუმულატორი, ციცქნა ტელევიზორი და სერიალი. აი, სექსი და სიყვარული იქ იხსნებოდა. განსაკუთრებით მოეროტიკულო სცენებისას.  ქალების მოულოდნელი შორისდებული ქმრების ოდნავ შეჭმუხნულ შუბლს და ირიბ მზერას გულისხმობდა. ქმრები ამ მხრივ უფრო თავისუფლები იყვნენ - ,,იფ,იფ რა ქალია მონიკა’’. ,,არ გეღირსოს უკეთესი’’ - იყო ყველაზე თამამი პასუხი. მაგრამ უფრო საინტერესო მათი სახეები იყო, ვინც თითქოს არაფერს გამოხატავდა. მიშტერებული მზერით, ოდნაც წყლიანი თვალებით, კუთხეში, ჯორკოზე მჯდარი უყურებდა შორეული ბრაზილიის თუ ვენესულის ყოფას -  როგორც ლამა გასცქერის სივრცეს, სადღაც შორს, ყველაფრის მიღმა. მერე წავიდოდნენ, ლამფას აანთებდნენ სახლში. მერე ლოგინში შეწვებოდნენ. ალბათ ცოტა ხანს იქაც ღია ჰქონდათ თვალები - ოდნავ წყლიანი. არის ამაში მსოფლიო სევდის ნაწილაკები - ყოველგვარი ირონიის გარეშე. იმაზე მეტი, ვიდრე ლექსებშია, ახლა რომ ვწერთ.

 

დაჟინებით ვერავინ იტყვის, სექსი გურიაში დიდად უყვართო, თუმცა ვერც ვერავინ უარყოფს. თითქოს ტაბუირებული საქმეა, მაგრამ ირიბად ყოველთვის საუბრობენ. აი, გინება კი პირდაპირია, მაგრამ არა მგონია მაინცდამაინც ამ ამბავს გულისხმობდეს პირდაპირ. ჰოდა, საუბრობენ ირიბად, მოქცეულად. უფრო წარსულ დროში. მაგალითად, ჩემ ერთ დიდ ბაბუას ოთხი ცოლი ჰყავდა და ერთი იმიტომ გაუშვა, რომ თურმე სტუმრებს დროზე თეფშები ვერ მოუტანა. ბებიაჩემი ამბობდა, უჟმური კაძახი იყო ჩემი მამამთილიო, სიყვარული მაგან არ იცოდა და აფერიო. მეორე დიდ ბაბუას მგონი სულაც რვა ქალი შეურთავს და იმით იყო ცნობილი, რომ ვიღაც რუს გოგონას დაეძგერა, პირდაპირ, სახალხოდ და ძალადობით - როგორც დღეს ცნობილი პორნოინდუსტრიის ჟანრი ღაღადებს - Public Disgrace. ოღონდ ნატანებურად.

 

ეჰ, ამ თემაზე საუბარს მე ვერ მოვრჩები, თუ დანარჩენი სხვა დღეს არ მოგითხრეთ. არადა ისეთი დღეა, რომანის წერას დაიწყებდა ადამიანი.  მაგრამ რაღა დღე -  დაღამდა უკვე. ამიტომ ჯობს გადავდოთ - ვთქვი მე და გადავდე.