ბრიუსელი - ფერების ქალაქი
გაგა ლომიძე
 
თარიღი: 21/12/2012
კატეგორია: სტატია

 

ბრიუსელი - ფერების ქალაქი

 

ტექსტი: გაგა ლომიძე

 

ფოტო: ალფრედო მანინო, საბა ქავთარაძე

 

ბრიუსელი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მულტიკულტურული ქალაქია მსოფლიოში. თუმცა არა მარტო მულტიკულტურული, მრავალწახნაგოვანიც. ესეც, ალბათ, იმიტომ, რომ ყველა კულტურის წარმომადგენლები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, თავიანთ აგურს დებენ ამ ქალაქის მშენებლობის საქმეში. ბრიუსელში, ისევე როგორც ბევრ დიდ ქალაქში, ცოტ-ცოტას ყველაფერს იპოვი - ცოტა პარიზსაც, ცოტა - ლონდონსაც, ცოტაც - ამსტერდამს და სულ ცოტა - ნიუ იორკს, რომელს დამსგავსებასაც თითქოს დაჟინებით ცდილობს ეს ქალაქი. მაგრამ ბუნებრივიცაა, დიდ ქალაქებში, რასაც, ზოგადად, city-ს უწოდებენ, ყველასთვის მოიძებნება კუთხე - ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვის, მზის ქვეშ აქ ადგილი ყველასთვის არის. მთავარია მოინდომო, თორემ ის თვითონვე დაგეხმარება საკუთარი თავის პოვნაში. თუკი პარიზში, მონმარტრში გნებავთ მოხვედრა, შეგძლიათ Mont des Arts-ის უბანს ეწვიოთ. ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ადგილი სკეიტერების მოედანია ურსულას სახელობის პარკში და ზე-კრეატიული მაღაზიები თუ ურბანული სივრცეებისთვის დამახასიათებელი კედლის მხატვრობა, რომელიც უხვადაა ბრიუსელში - ჩვეულებრივი მიწისქვეშა გადასასვლელებიდან, ჩვეულებრივი სახლების და მეტროს კედლების ჩათვლით. ხვდები, რომ აქ ხელოვნება სუნთქავს და ცოცხლობს. აბა სხვაგვარად როგორ გაჩნდებოდა ამდენი და ასეთი მოთხოვნილება, რომ დღევანდელი დღე თუ მოცემული წამი და ემოცია მოეხელთებინათ და კედელზე გამოესახათ თუ ნებისმიერი სხვა სახით გამოეხატათ.

 



 

 

საქმიანი ადამიანებისთვის და პოლიტიკოსებისთვის თუ გართობის მოყვარულებისთვის აქ ნიუ იორკის იმიტაციაა. ამსტერდამი წითელი ჩირაღდნების ქუჩების მოყვარულებისთვისაა - თავისი სევდიანი მეძავებით - როგორც მარკესი იტყოდა. ერთი სიტყვით, აქ გლობალური ოაზისია ყველასთვის.

 

ბრიუსელი ევროპარლამენტის ქალაქიცაა, სადაც მსოფლიოს წამყვანი (და არამხოლოდ) პოლიტიკოსები იკრიბებიან და გლობალიზებულ სამყაროში მსოფლიოს რუკაზე გამოსახული, მცირედ დამასშტაბებული ტერიტორიების თუ საზღვრების ბედს წყვეტენ. არა, უფრო მეტად ამ საკითხებზე ბჭობენ. ესეც ერთგვარი მარკეტინგია, თავისი სტრატეგია-ტექონოლოგიებით. ლოგოც ყველაზე ჰუმანური აქვთ - 12 ვარსკვლავი, რომელიც წრეს ქმნის და ამით თითქოს მთავარ ცნებად აქცევენ ადამიანს, როგორც ასეთს და არა მის ეროვნულ, სოციალურ თუ სხვაგვარ კუთვნილება-წარმომავლობას. და შეგვახსენებენ, რომ მთავარი ადამიანია, თავისი მიდრეკილებებით, სწრაფვებით, სისუსტეებით თუ ძლიერი თვისებებით. ადამიანი, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ისუნთქოს აქ, ევროპის გულისგულში, ევროპარლამენტის და ნატოს ჰიპერპოლიტიკურ სივრცეში. სხვაგან სად, თუ არა აქ, მიაგებენ პატივს საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს რობერტ შუმანს, რომელმაც თავისი მოღვაწეობით უდიდესი წვლილი შეიტანა ევროპის გაერთიანების საქმეში. და თითქოს აღსრულდა ძველი აღთქმის სიტყვები “და, აჰა, ადამი გახდა, როგორც ერთი ჩვენგანი”. ამიტომაც აქ არავისთვისაა უჩვეულო, რომ მამაკაცის ყველაზე გავრცელებული სახელი მუჰამედია - არა მხოლოდ იმიტომ, რომ აქ ბევრი არაბული თუ სხვა მუსულმანური წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს, არამედ იმიტომაც, რომ, უბრალოდ, ეს სახელი აქ ევროპული წარმოშობის ბრიუსელელებსაც მოწონთ. მერე რა, რომ დღეს გამუდმებით ცდილობენ მუსულმანებისგან მტრის ხატის შექმნას. ბრიუსელში მთავარი ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებებია - როგორც ამ სახელით ცნობილ კონვენციაშია.

 

 

ამიტომაც არის, რომ დღეს ყოველგვარი ნაციონალური დაპისირპირება აქ სრულიად გაუგებრად ეჩვენებათ, თავს უხერხულადაც კი გრძნობ, თუკი რომელიმე კონკრეტულ ეროვნებაზე (და არა ადამიანზე) რაიმეს დამცინავად იტყვი, საკუთარი ეროვნული უპირატესობის წარმოჩენის ქვეტექსტში. მაგრამ მეორე მხრივ, ბრიუსელში, ამ გლობალისტურ და ანთროპოცენტრისტულ გარემოში, მუდმივად იგრძნობა ჰოლანდიელების მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, კონკურენტული გარემო. ისიც მახსოვს, ერთმა ბელგიელმა ქალმა ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნა ფრანგულ და ფლამანდურ ენაზე მეტყველი ბელგიელები და უპირატესობა ამ უკანასკნელთ მიანიჭა.

 

 

ბრიუსელი ჟაკ ბრელის მშობლიური ქალაქიცაა და მაგრიტისაც, რომელიც მოდერნისტულ სამყაროში ადამიანის ბედზე დაფიქრდა და რომლის მუზეუმიც, კონინგსპლეინზეა, მისი სიურრეალისტური ზღაპრული “სინათლის იმპერიიდან” გადმოსული ღრუბლებით და “გოლკონდას” შლაპიანი მამაკაცების იმიჯებით ინსპირირებული სარკეებიანი ვიტრინებით..

 

 

ბრიუსელში ყველა, სულ ცოტა, სამ ენაზე მეტყველებს, რითაც, ალბათ, კომუნიკაციის აუცილებლობასთან ერთად, ერთმანეთის მიმართ პატივისცემასაც გამოხატავენ. ამ ბრიუსელურ “ბაბილონში” დაუკითხავად არავინ არღვევს ერთმანეთის პირადულ ტერიტორიას, ვინაიდან ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები უზენაესია. გახსოვთ ფილმი “ესპანური სასტუმრო”? როდესაც მთავარი გმირი საცხოვრებელს ეძებს და ინტერნაციონალურ სახლში მოხვდება, სადაც თითოეული ადამიანი “ჯანსაღი მიკროკლიმატის შექმნაზე” ზრუნავს. ჩვენც ასეთ გარემოში აღმოვჩნდით, როდესაც ჩვენი იტალიელი მეგობრის მეგობრის სახლში მოვხვდით, სადაც ინგლისელიც ცხოვრობდა, ბელგიელიც, ბერძენიც, ფრანგიც და ჰოლანდიელიც. და ენებში კოდირებული მენტალური სხვაობების შესახებ თეორია ჩემს თვალწინ დაიმსხვრა. იქნებ ეს მხოლოდ ზედაპირული და უეცარი ეფექტი იყო, მაგრამ მაინც...

 

არის ერთი ბაღი ბრიუსელში - მონ-დეზ-არის (Mont des Artes) ბაღი. აქ თითქმის მთელი ქალაქი ხელისგულზე ჩანს და საღამოობით, ულტრათანამედროვე და შუასაუკუნეების არქიტექტურის ფონზე, დეკორატიულად შეკრეჭილი ბუჩქები სხვადასხვაფრად ნათდება - თითქოს საგნები ჩრდილებს კარგავენ, როგორც ოსკარ უაილდის ზღაპარში “მებადური და მისი სული”. უფრო სწორად, ფერადი ლანდი მრავალფეროვან, ერთდროულად რამდენიმე ლანდად იქცევა. ხეების ტანი კი მოძრავი ფერადი ფოთლების პროექციით ნათდება..

 

 

ბრიუსელი გადაკვეთების და შეხვედრების ქალაქია. შეხვედრების და გადაკვეთების იმიტომ, რომ ორად-ორი ბელგიელია, რომელთაც ვიცნობ და ერთ-ერთს - ინგრიდ დეხრავეს, სრულიად შემთხვევით შევხვდით ბრიუსელში, შტატივებით და კამერებით შეიარაღებულები. ამიტომაც არასოდეს გაცვდება გამონათქვამი - რომ სამყარო პატარაა.

 

ბრიუსელი განშორებების ქალაქიცაა - რკინიგზის სადგურზე, სადაც ბრიუსელიდან მომავალი მატარებელი ლუქსემბურგში ჩადის, მატარებლის ვაგონები ერთმანეთს შორდება - ერთი ლუქსემბურგის სხვადასხვა მხარეში მიდის, მეორე - ბრიუსელში ბრუნდება. მაგრამ აქ არასოდეს შორდება ერთმანეთს ერთი ცნება და მისი განსაზღვრება - რომ “ადამიანი თავისუფალია”, ამ სიტყვათშეთანხმების არადოსტოევსკისებური, არაკლინიკური გაგებით.

 

 

/