როკვა # 2
გიორგი კეკელიძე
 
თარიღი: 21/12/2012
კატეგორია: სტატია

 

 

@ გიორგი კეკელიძე

 

როკვა # 2

(ღალატი)

კუს.

როცა დავბრუნდი, დღეს დამფრთხალი ეცვა ხალათი -
უსულო ნისლი, ჭიქა წვიმა და დიდი ოდა.
და პირში მედგა მოტკბო გემო უცხო ღალატის,
და სხვისი სუნი ალაგ-ალაგ ისევ მეწვოდა,
და შემოვედი, დავიფერთხე უცნობი მიწა
და იმ ოთახში, ვუმზადებდით რომელსაც შვილებს
კვლავაც ისეთი ულმობელი სიჩუმე იწვა -
ყური მეტკინა სიჩუმისგან და დავიყვირე.
და კი არ ჩადგეს, ეკრანზე რომ გაყინო ქარი
და მხოლოდ შენთვის სხვა ამინდი გამოიგონო -
ასე დავითქვი ცრუ სიმშვიდე და შევიყვარე,
თუმცა ვიცოდი, საზარელი მელოდა ბოლო.
აჰა, აღსრულა. ახლა აქ ვარ და აღარ ვიძვრი.
ძილი მაკლია. და საძილედ მოვიცლი ბარემ -
ვთქვი. და ქუთუთო მოვიხადე - შიშველ სიზმრებზე
თხელი და ცივი ნოემბერი გადავიფარე.