ბრიუსელის კედლის მხატვრობის კვალდაკვალ
გაგა ლომიძე
 
თარიღი: 21/12/2012
კატეგორია: სტატია

 

ბრიუსელის კედლის მხატვრობის კვალდაკვალ

 

ტექსტი: გაგა ლომიძე

ფოტო: ალფრედო მანინო

 

 

კატა ბილი (არტისტი: სტეფან ქოლმენი და სთივენ დესბერგი)

 

ქვაფენილზე მორბენალი ყვითელ და შავზოლიანი კატა, როგორც პერსონაჟი, პირველად 1981 წელს კომიქსების ჟურნალში გამოჩნდა. კომიქსი მოგვითხრობს კატაზე, რომლისთვისაც ქუჩის ცხოვრება იოლი როდია, მაგრამ ბილის მტრებთან ერთად, ბევრი მეგობარიც ჰყავს.

 

 

 

ბრიუსალი (არტისტი: ფრანკ პე)

 

ბრიუსალი და მისი მეგობარი გოგონა ბრიუსელის ქუჩებში დასეირნობენ. დღეს ამ მონუმენტურ კედლის მხატვრობის ნიმუშზე გოგონაა გამოსახული, მაგრამ 1991 წელს, როდესაც ეს ნამუშევარი გაკეთდა, ბრიუსალის თანამგზავრში ძნელი ამოსაცნობი იყო სქესი. მით უმეტეს, ამ ეჭვს ამძაფრებდა ისიც, რომ ეს ნახატი ბრიუსელის გეი-კლუბების უბანშია. 1999 წელს ეს ნამუშევარი ხელახლა დაამუშავეს და შავთმიან ფიგურას უფრო ქალური იერი მიანიჭეს და საყურესთან ერთად, ოდნავ დიდი მკერდიც მიუხატეს.

 

 


ანგელოზი (არტისტი: ბერნარ ისლერი)

 

ანგელოზი ყოფიერების საკითხებზეა ჩაფიქრებული - ნუთუ ღმერთი მოკვდა? ღმერთი პასუხობს, რომ ნიცშე მოკვდა. ამ ნამუშევრის ქვემოთ სწორედ ამ შინაარსის ორენოვანი - ფრანგულ-ინგლისური ტექსტია. ანგელოზი უკვდავია. იქნებ უკვდავება მობეზრდა ანგელოზს და ამიტომაცაა დამწუხრებული.

 

 

 

XIII (არტისტი: უილიამ ვენსი და ჟან ვან ჰამი)

 

ეს ნამუშევარი ბელგიურ კომიქსს ეფუძნება, რომელიც ამნეზიით შეპყრობილი გმირის შესახებ მოგვითხრობს. ეს მარტოსული ადამიანი ცდილობს გაიხსენოს, რა მოხდა წარსულში და დეტალურად აღიდგინოს ძველი კადრები.

 

 

ჩემპიონების საფეხბურთო კლუბი (არტისტი: ჰეკ ლემანსი)

 

ფლამანდიელებს ყველაზე მეტად მოყვარულებისგან შემდგარი საფეხბურთო გუნდი უყვართ. უყვართ იმიტომ, რომ მათი თამაშისას იცინიან და ხალისდებიან. FC De Kampioenen არა რეალური საფეხბურთო კლუბი, არამედ პოპულარული სატელევიზიო სერიალის სახელწოდებაა, რომელიც 1990 წლიდან 2011 წლამდე გადიოდა. ეს ნამუშევარიც სწორედ ამ სერიალით და მისი პერსონაჟებითაა შთაგონებული.

 


 

 

მორიელი (არტისტი: მარინი და სთივენ დესბერგი)
 

უშიშარი მეომარი, რომელიც მედგრად უხვდება მტერს, ერთი შეხედვით, ზოროს მოგვაგონებს. მაგრამ მისი სახელი კატალანოა. კომიქსების ამ გმირს მეტსახელი “მორიელი” მარჯვენა მხარზე გამოსახული სვირინგის გამო შეარქვეს. მისი დაუძინებელი მტერია კარდინალი ტრებალდი.

 

 

 

ვიქტორ სეკვილი (არტისტი: ფრანსის კარენი)
 

პირველი მსოფლიო ომის დროს, მისი უდიდებულესობის სამსახურში მყოფი ჯაშუში, სახელად სეკვილი, ბელგიელი არტისტის, ფრანსის კარენის მიერაა შექმნილი. მისი პერსონაჟი, ევროპაში მოგზაურობისას, ბრიუსელშიც აღმოჩნდება და აქ დიდი თავგადასავლები გადახდება.