კანის დღიურები. დღე მეოთხე - ნიკ ქეივის სცენარი და დელფინების მწვრთნელი
არტარეა
 
თარიღი: 20/05/2012
კატეგორია: სტატია

 

მეგონა, ამ ორ ფილმზე არ დავწერდი, რადგან არ მომეწონა… მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ორივეს მაყურებლის დიდი მოწონება ხვდა წილად და თანაც ჟურნალი “სქრინის” კრიტიკოსების შეფასება, ყველაზე მეტი “ვარსკვლავიც”, მათი იყო, თავს ვალდებულად ვთვლი გაგიზიაროთ…


მოგეხსენებათ, ჩემი აზრი აქ არაფერს წყვეტს  კანის კინოფესტივალზე ყოველ წელს იჩაგრებიან ჩემი ფავორიტები: 2010-ში შეუმჩნევლად დატოვა ჟიურიმ მაიკ ლის “მომდევნო წელიწადი”; 2011-ში კი აკი კაურისმიაკის “ჰავრი” არ შეიმჩნია. ამიტომაც ვშიშობ, ჟაკ ოდიარის “Rust and Bone” და ჯონ ჰილკოტის “Lawless”, რომელსაც პირადად როგორც “განუკითხაობას” ისე ვთარგმნიდი, საპატიო ჯილდოებით გაისტუმრებს წლევანდელი ჟიური. თუმცა პროგნოზირება რთულია, არსებობს მხოლოდ გამოცდილება.

 

 

 

2012 წლის გაზაფხულზე, ჯონ ჰილკოტი განგსტერულ საგას გვიყვება. ფილმი ისე დასრულდა, ბოლომდე გამყვა განცდა, თითქოს ეს ამბავიც ნანახი მაქვს, ეს გმირებიც მეცნობიან და საერთოდ, ეს ხომ უკვე ბევრჯერ იყო. თუმცა არც ასე ბანალურად არის საქმე. ცნობილი, ძმები ბონდურანების გახმაურებული ამბების კოლაჟი, რომელიც მატ ბონდურანის მიერ წიგნადაც არის ქცეული, ნიკ ქეივმა კინოსცენარად შეკრა, (ნიკ ქეივი 2006 წელს ჟურნალმა ვაიარითიმ 10 ამომავალ სცენარისტებს შორის დაასახელა). უშეცდომო კამერამ და კასტინგის დირექტორის ზუსტმა ხედვამ კი 1931 წლის ვირჯინია გააცოცხლა, როდესაც ამერიკაში განგსტერული პერიოდის ხანას და ტოტალურ განუკითხაობას ჯგუფებად ეწირებოდნენ ადამიანები.

 

 

 


სამი სიმპატიური ძმის თავგადასავალი, აქ რომ არ გიამბოთ, თავადაც მიხვდებით რას გულისხმობს: ბევრი სისხლი, სასტიკი დაუნდობლობა, ფული, ძალაუფლება, იარაღი, წამება და ქალები… შესაძლოა ჩაფიქრებული სულაც არ იყო, მაგრამ ამ ფილმის მთავარი ინგრედიენტები სწორედ რომ ეს ქალები არიან: ჯესიკა ქასტაინი (გეხსომებათ “სიცოცხლის ხიდან”) და შესანიშნავი მია ვასიკოვა, რომლებიც 30 იანი წლების შესაბამისად ჩაცმულები, თხელი კონფიგურაციის სხეულებით, ისე მოძრაობენ, ცეკვავენ და ტირიან, რომ ფიქრობ, - ფილმი ამად ღირდა!
მოკლედ, ვისაც ეს ჟანრი გხიბლავთ, სიამოვნებას აშკარად მიიღებთ.

 

 

 


ყოფილი მოკრივე ალი და მისი 5 წლის შვილი საფრანგეთის სამხრეთში მამიდასთნ დაცხოვრდებიან. ღამის კლუბში დაცვის სამსახურში მისული ალი, ჩხუბის დაშლის შემდეგ გოგონას გაიცნობს- სტეფანი დელფინების მწვრთნელია. აქ იწყება ეს ამბავი, რომელიც უცნაურად ვითარდება.

 

 

 

 

ტრაგიკული შემთხვევის შედეგად სავარძელს მიჯაჭვული სტეფანისთვის ცხოვრება მთავრდება, მაგრამ მალევე იცვლება ყველაფერი.  რადგან არსებობენ ადამიანები, ვისაც თანაგრძნობა და სიყვარული შეუძლიათ, - ეს ფილმის არსია. მაგრამ ჩემთვის ბუნდოვანი და კითხვებით სავსეა სათქმელიც და ფაბულაც, მამა შვილის დაკარგული ხაზი და უტრირებული პასაჟები…
მაგრამ ფილმს დიდი რევერანსები ხვდა წილად. ალბათ იმისთვის, რომ  ყველაზე მთავარ სლოგანს აცხადებს - შეცვლა შესაძლებელია!

 

 

 

 

ჟაკ ოდეარის ეს ფილმი თუ ოდესმე მოხვდება თბილისურ კინოდარბაზებში, კარგი იქნება  ხელმძღვანელობა, ერთ მარტივ ჭეშმარიტებას თუ გაითვალისწინებს და ეტლსმიჯაჭვული ადამიანებისთვის შესაბამის შესასვლელს გააკეთებს, რადგან მათ ამ ფილმის ნახვა აუცილებლად მოუნდებათ.

 

 


ნესტან ნენე კვინიკაძე

 

კანის 65-ე კინოფესტივალი

2012