Bish Bosch
გიორგი წითური
 
თარიღი: 26/12/2012
კატეგორია: რეცენზია

 

 

 

@ გიორგი წითური

 

 

Bish Bosch

 

საშიში, დამთრგუნველი, დეკადენტური - ამ სიტყვების შემდეგ ცოტა რთულია ვინმეს მოუყვე, რომ ალბომი რომლის შესახებაც ახლა ვისაუბრებთ, მოსალოდნელად გასაოცარია და რომ მისი მოსმენა ალბათ აუცილებელიც კი არის. სკოტ უოლკერის ახალი ჩანაწერი და ტრილოგიის ბოლო თავი სულ რამდენიმე დღეა რაც გამოვიდა და მუსიკის მოყვარულთა იმედები კვლავ გაამართლა. Bish Bosch-ს უოლკერის მოყვარულები დიდი იმედებით ელოდნენ, რადგანაც ისეთი მუსიკოსისგან როგორიც სკოტია, უმეტეს წილად ახალ აღმოჩენებს და მაქსიმუმ წლის ალბომს ელი.  

 

წლები უოლკერისთვის არასდროს გამხდარა პრობლემა, ყოველ შემთხვევაში მის დისკოგრაფიას თუ თვალს გადავავლებთ უმალვე მივხდებით - Bish Bosch-ს სულ რაღაც 6 წელი თუ ველოდით , რაც სავარაუდოთ სკოტისთვის 6 თვეს თუ უდრის. მაშინ 2006 წელს გამოსული ჩანაწერი The Drift  უდავოდ გამორჩეული ალბომი იყო არა იმიტომ, რომ ის პროფესინალურად შესრულებული ან თუნდაც მელოდიურად გამართული გახლდათ, არა, პირველ რიგში იგი ისეთ ჩანაწერს წარმოადგენდა, რომლის მაგვარი აქამდე არაფერი მოგვესმინა. Bish Bosch-სგან ზუსტად იგივეს ველოდით და შეიძლება ითქვას იგივეც მოხდა. სკოტის ახალი ცხრა სიმღერა შესაძლოა The Drift-ს გაგონებდეთ, თუმცა სულ სხვა მასალისგან არის შექმნილი - უოლკერი ალბომზე დაახლოებით სამ წელს მუშაობდა, ხოლო ამ სამი წლის მანძილზე მასში არა ერთი გარდატეხა მოხდა, რისი საშუალებითაც მუსიკოსმა ისეთი ალბომი ჩაწერა როგორიც Bish Bosch-ია.

 

უოლკერის გვიანდელ შემოქმედებას ყოველთვის ახასიათებდა თეტრალურობა, მისი ჩანაწერები ძველ ბერძნულ თეატრს ჰგავდა, სადაც დადგმული ტრაგედიებით საზოგადოება ერთგვარ ექსტაზში ვარდებოდა. Bish Bosch-ის შემთხვევაში საქმე ზუსტად ამგადვარ სეპქტაკლთან გვაქვს, რომელიც შესაძლოა ასე ერთი შეხედვით ძალიანაც მძიმე იყოს, თუმცა მის გარეშე რომ უბრალოდ აღარ შეგიძლია, ესეც რეალობის ნაწილია. პირველივე მოსმენიდან უოლკერი გაგდებს სამყაროში, რომელშიც ნათელი არსად ჩანს, თუმცა ეს სიბნელეც ისე მისტიკურად და ერთი მხრივ მიმზიდველად გამოიყურება, რომ იძულებული ხარ მას გაჰყვე. შავ ფერსაც თავისი მუხტი აქვს, ხოლო ყოველ მორიგ კომპოზიციაში სკოტის მიერ ამ შავ ფერზე დახატულ ნახატებს თავისი სულიერება.

 

რთულია Bish Bosch-ზე ისაუბრო და პარალელი სხვადასხვა ხელოვნების დარგთან არ გაავლო, იქნება ეს ლიტერატურა თუ მხატვრობა. Bish Bosch-ზე  როგორც მორიგ რიგით ჩანაწერზე ლაპარაკი უაზრობაა, ეს ერთგვარი დიდი ტილოა, რომელზეც მუსიკოსი ნოტების საშუალებით თავის მორიგ სიზმრებს ხატავს. მაგრამ ყველაზე გულწრფელი ალბომი მაშინ ხდება, როდესაც  უოლკერის სიზმრები რეალობის ასლი ხდება, ხოლო შენ მსმენელი ხვდები, რომ ეს ზუსტად ის რეალობაა, რომელიც ამდენი საუკუნეა შენს გვერდით ტრიალებს.

 

სკოტი ამჟამად 69 წლის არის და თავის თავს ზოგადად პესიმისტს უწოდებს, ალბათ მის ასაკში უფრო ნათლად ჩანს ის ყველაფერი რაც ჩვენმა სამყარომ თუნდაც ბოლო 50 წელში განვლო. ამრიგად მისი შემოქმედება ერთგვარი სარკეც არის იმის, თუ რელალუად რა გადახდა იმ მიწას, საზოგადოებას ოდნავი ტვინის დატანებით, სამოთხედ რომ შეეძლო ექცია. ამ სამოთხის  უოლკერს აღარ სჯერა, რის გამოც მასთან პრეტენზია მსმენელს ნაკლებად თუ უნდა ჰქონდეს.

 

ჩანაწერის მოსმენისას სულ არ არის აუცილებელი ინგლისური ვიცოდეთ - მუსიკოსის გამორჩეული და ძალიან დასამახსოვრებელი ხმა ყოველ სიტყვას ისეთი ძალის მქონეს ხდის, რომ მისი მარტივად შეგრძნება ყველანაირი ენის გარეშეც შეიძლება. რა თქმა უნდა, Bish Bosch-ი ის ჩანაწერი არ არის, რომელსაც უბრალოდ ჩავრთავთ (თუმცა სიმართლისთვის უნდა ითქვას, ნაკლებად თუ წარმომიდგენია ჩანაწერი რომელიც უბრალოდ არ უნდა ჩართო) - იგი ერთგვარი სრულყოფილი ეგზისტენცია, თავისებური დამახასიათებელი გემოთი. ხოლო რაც შეეხება იმ გასაღებებს, რომლითაც შესაძლებელია უოლკერის სამყარო გავხსნათ, იგი თვითოეულ კომპოზიციაშია ჩაკერილი, როგორც ერთგვარი კრეკი თამაშის ჩასაწერად, ოღონდ ამჟამად არა კომპიუტერში, არამედ პირდაპირ გულში.

 

უოლკერმა თავის კარიერაში მართლაც მრავალი ტრანსფორმაცია განიცადა, თუმცა ძალიან მეეჭვება, რომ Bish Bosch მისი პირადი სულიერი მდგომარეობის ამსახველი მასლა იყოს, იგი  ამ შემთხვევაში უფრო წიგნის  ავტორია, რომელიც ცდილობს ასახოს დღევანდელობა. მართალია შავი ფერის მრავალსახეობის გარდა, შესაძლოა დღვანდელ სამყაროში ცისარტყელაც დაინახო, თუმცა სკოტს ამის მცდელობაც არ აქვს - უოლკერი ზუსტად ის მწერალია, ვინც მხოლოდ თავისი შექმნილი ფონიდან იყურება და თეატრალური ხელოვნების საშუალებით ცდილობს რეალობა, თუნდაც საშინელი რეალობა დაგვანახოს.

 

რატომ უნდა გაგვიჩნდეს სურვილი ამ რეალობის მოანწილენი გავხდეთ - პირველ რიგში ალბომი თავიდან ბოლომდე გვიპყრობს და მისი სიმძიმის მიუხედავად არანაირ სუიციდალურ იდეებს არ გვიტოვებს. ეს იგივეა როგორც ბოსხის ნახატებს საათობით უყურო, მაგრამ არანაირად არ გახდე თუნდაც მანიკალური დეპრესიით შეპყრობილი. სჯერა თუ არა უოლკერს სინათლის? ალბომის მოსმენისას გარდაუვალია სინათლის შეგრძნებაც არ დაგეუფლოთ, ოღონდ თუ მაგლითად სხვა არტისთებთან ეს კომპოზიციების მოსმენის პერიოდში ხერხდება, უოლკერთან ეს ზუსტადაც იმ შავი ფონის მორიგი ეტაპია, როცა ალბომი უკვე მოსმენილია ხოლო გონება რაღაც ერთგვარი ნათების ძიებას იწყებს. აი ზუსტად ეს ნათებაა არის Bish Bosch-ში მთავარი, რომელიც მაშინ იბადება როცა ალბომი ჩართული აღარ გაქვს, ხოლო გარედან ისევ ათასი ხმაური გიშლის ხელს.

 

ბედნიერებამდე საშიში Bish Bosch ტრილოგიის დასასრულია, ტრილოგიის რომელიც აგერ უკვე 17 წელია რაც გრძელდება, თუმცა ამის მიუხედავად იგი როგორც ცალკეუელი მოლეკული ისე უნდა იქნას აღქმული.

 

ჩანაწერი მრავალ თემას მოიცავს, რომელშიც ერთ-ერთი ძირითადი გასული საუკუნის დიქტატორებია, მაგალითისთვის ალბომის ბოლო კომპოზიცია The Day The "Conducator" Died (An Xmas Song) ჩაუშესკოს დახვრეტას ეძღვნება. ვითომდა „საახალწლო“ კომპოზიცია ისე გადადის კონკრეტულ თემაზე, რომ იფიქრებთ უოლკერი რაღაც ამოუცნობ თამაშს გვახვევს თავს, რომლის თამაშიც სულ უფრო მოულოდნელ სიურპრიზებს გვთავაზობს. ჩანაწერში არსებული სისასტიკე აქ ერთგვარი ფორმაა მასალის ზუსტი მოწოდების, ხერხი, რომელსაც რეჟისორი ირჩვეს რათა ჩვენზე ზეგავლენა უფრო გაამძაფროს.

 

საბედნიეროდ Bish Bosch-ი რაც არ უნდა მეოცე საუკუნის ისტორიულ პროცესებს დაუკავშიროთ, მაინც ვერ გავცდებით იმ აზრს, რომ იგი უფრო კოსმოსური ჩანახატია, დახატული ვარდისფერი ციდან,  საიდანაც სამყაროს ფერები სულ უფრო მუქად და მუქად ჩანს. შეიძლება ამიტომ არ ჰგავს უოლკერი არავის, ის სხვა სამყაროს შვილია, დღევანდელობის თავისებური ჟაკ ბრელი, ამოუცნობი, სასტიკი და რა თქმა უნდა, მისტიკური.