თანამედროვე ქართული თეატრის შემოქმედებითი პრობლემები - წერილი II
ლაშა ჩხარტიშვილი
 
თარიღი: 27/12/2012
კატეგორია: კრიტიკა

 

 

 

თანამედროვე ქართული თეატრის შემოქმედებითი პრობლემები

 

წერილი II

 

ლაშა ჩხარტიშვილი

 

 

თანამედროვე ქართული თეატრის ზოგად შემოქმედებით პრობლემებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ქვეყნის ორ წამყვანს თეატრზე საუბარს. ფაქტია, რომ ამინდს ქართულ თეატრში მაინც რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრები ქმნიდნენ და ასეა დღესაც, ამიტომაც გამოვყოფ მათ, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ სხვა თეატრებში საინტერესო თეატრალური პროექტები არ ხორციელდება, ვიდრე დასახელებულ ტრადიციულ და ავტორიტეტულ თეატრებში, რომელთა რეპერტუარში არაერთი მდარე ხარისხის (რეჟისურის, თუნდაც სამსახიობო ანსამბლის თავლსაზრისით) სპექტაკლები გვხვდება.  სხვა თეატრებში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესები კი მაინც დიდი მდინარის შენაკადებს წარმოადგენენ, რომელთა შორის ზოგი ძლიერია და მნიშვნელოვანი, ზოგიც სუსტი და უმნიშვნელო, მაგრამ მაინც შენაკადი. ხშირ შემთხვევაში, დედაქალაქიდან მოშორებით რეგიონში უფრო აქვს ადგილი ცოცხალ ექსპერიმენტებს, ვიდრე დედაქალაქის თეატრებში. თვალშისაცემია ის გარემოებაც, რომ ხშირად მხატვრული ხარისხის თვალსაზრისით რეგიონში დადგმული სპექტაკლები დედაქალაქის თეატრებისას არ ჩამოუვარდება, უფრო მეტიც სჯობს კიდეც. თუმცა ამაზე ხმამაღლა პრესაში არავინ საუბრობს, არადა კულუარებში ჩემი კოლეგებიც მიუთითებენ ხოლმე ამ შესამჩნევ ტენდენციაზე. მაგალითისთის გამოდგება თუნდაც ბათუმის დრამატული თეატრის წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე.

 

 

შემოქმედებითი კრიზისი უდგას თვით რუსთაველის თეატრსაც, რომელიც აქამდე ინერციით, თუ დიდი შრომის ფასად მხატვრულ ხარისხს ინარჩუნებდა და კრიზისის დასაწყისი სულაც არ უკავშირდება რობერტ სტურუას თეატრიდან გათავისუფლებას. კრიზისის პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო თავად სტურუას სპექტაკლებით. სწორედ ამ მიზნით გენიალური რეჟისორი დასის ახალგაზრდა თაობის მსახიობების შევსებით შეეცადა ამ კრიზისიდან თავის დაღწევას. სტურუამ სავსებით ლოგიკურად მიზნად დაისახა რუსთაველის თეატრის გაახალგაზრდავება, ახალი ესთეტიკის და მსოფლმხედველობის დამკვიდრება ახალგაზრდა თაობასთან ერთად, თუმცა ზაზა პაპუაშვილის, ლევან ბერიკაშვილის, ნინო კასრაძის, მარინა კახიანის, ნანუკა ხუსკივაძის და კიდევ რამდენიმე გამორჩეულ მსახიობთა თაობა ახალგაზრდებმა ღირსეულად ვერ ჩაანაცვლეს და შესაბამისად,  ჯერ-ჯერობით, ვერც მათი ადგილი დაიკავეს (თუ არ ჩავთვლით ია სუხიტაშვილს, მსახიობს, რომელმაც ახალგაზრდა თაობიდან ყველაზე მეტად გაამართლა). რუსთაველის თეატრში ექსპერიმენტული სცენაც მუდამ ღია იყო (და არის ახლაც) ახალგაზრდა რეჟისორებისათვის, განსხვავებით მთავარი სცენისაგან. ბოლო წლებში რუსთაველის თეატრის ეს სივრცე (ისე როგორც მცირე სცენა საკმაოდ დატვირთული იყო პრემიერებით). სამწუხაროდ, ექსპერიმენტულ სცენაზე განხორციელებული წარმატებული პროექტები არ მახსენდება, რომელიც გარკვეულ მოვლენად, ტენდენციის, თუნდაც პროცესის გამოვლინებად იქნებოდა  აღქმული მაყურებლის, ან სათეატრო კრიტიკის მიერ. ამ რამდენიმე ათეული სპექტაკლის მთავარი „ნაკლი“ წარმატებისთვის დამახასიათებელი კომპონენტების სიმწირე და ერთობლიობის არ არსებობაა. რუსთაველის თეატრში საშუალო თაობის რეჟისორთა განხორციელებული სპექტაკლები კი მაინც ცალკეულ, ერთჯერად პროექტებად მოიაზრება და შესაბამისად ვერ ახერხებენ თეატრის წინაშე მდგარი შემოქმედებითი პრობლემების გადაჭრას. რუსთაველის თეატრს კრიზისიდან თავის დასაღწევად საკმაო დრო და რობერტ სტურუას სათეატრო ესთეტიკის გავლენებიდან თავის დაღწევა დასჭირდება. შემოქმედებითად ჭრელია მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარიც. შემოქმედებითი პრობლემები ამ თეატრის წინაშეც დგას, მიუხედავად იმისა, რომ რიცხობრივად აქ უფრო მეტი სპექტაკლი იდგმება და თეატრი ინტენსიური შემოქმედებითი ცხოვრებით სულდგმულობს. მრავალფეროვანი რეპერტუარიდან მხოლოდ 2-3 სპექტაკლის გამოყოფა შეიძლება, რომელიც გამოირჩევა მოვლენურობით (ისტორიულ-მხატვრული). მათგან პირველ ყოვლისა ლევან წულაძის სპექტაკლებს „ჟოლო“ და „როგორც გენებოთ“ გამოვარჩევდი.

 

 

საინტერესო პროცესები ხდება მუსიკისა და დრამის თეატრში. ერთ დროს მასიური და მუშათა კლასის თეატრი დღეს ერთგავრ ბრენდადაც იქცა, რომელსაც დავით დოიაშვილი ქმნის. დასი მთლიანად გაახალგაზრდავდა და არატრადიციულ თეატრალურ სივრცეში (მათ სცენა არ აქვთ) მნიშვნელოვანი ექსპერიმენტები ხორციელდება. ამ თეატრის შექსპირული ინტერპრეტაციების ცდები „მაკბეტი“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (რეჟისორი დავით დოიაშვილი), „რომეო და ჯულიეტა“ (რეჟისორი დავით მღებრიშვილი) და თანამედროვე დრამატურგია „ფსიქოზი 4:48“ (რეჟისორი მაკა ნაცვლიშვილი) იმის იმედს იძლევა, რომ პროცესები ამ სივრცეშიც მიმდინარეობს, რომელიც შედეგს მომავალში აუცილებლად გამოიღებს. ამ თეატრის ახალგაზრდა მსახიობები გამოირჩევიან კარგი ფიზიკური მომზადებითა და პლასტიკით, რაც მათი სპექტაკლების წარმატებასაც განაპირობებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთში.

 

 

რაც შეეხება კინომსახიობთა თეატრს, აქ ახალ თეატრალურ სეზონს კვლავაც თეატრის დამაარსებლის მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლით „ბაკულას ღორებით“ ხსნიან. ტრადიციების მკაცრად დაცვის არჩევანმა საგრძნობლად დააშორა თეატრი დროს. ერთადერთი „გარღვევა“ თეატრის უახლოეს წარსულში მიხეილ  მარმარინოსის „R+J ბედისწერად აბნეული მესამე განზომილება...“ აღმოჩნდა, რომელიც საინტერესო პერსპექტივებს შლის სპექტაკლში მონაწილე მსახიობთათვის და საინტერესო ასოციაციებს აღძრავს მაყურებლისათვის, მაგრამ რამდენად მისაღებია ის, თავად თუმანიშვილის იდეების მიმდევრებისათვის ძნელი სათქმელია. იმედის მომცემია ამ თეატრის მცირე სცენაზე წარმოებული ექსპერიმენტები (ნინო ჩაკვეტაძის სპექტაკლი „სუფთა სახლი“ გამოირჩევა არა მხოლოდ სამსახიობო ანსამბლით, არამედ ახალგაზრდა რეჟისორის პროფესიული უნარებით).

 

 

თანამედროვე ქართული თეატრი გარდამავალ ფაზაშია. ის ერთდრულად ცდილობს  შეინარჩუნოს ტრადიცია (რადგან ეამაყება წარსულის) და მორიდებით ილტვის თანამედროვე ფორმებისა და ექსპერიმენტებისაკენ. ამ ფონზე ძალზედ მნიშვნელოვანი ლაბორატორია ჩამოყალიბდა სამეფო უბნის თეატრში, სადაც ახალგაზრდების ჯგუფს აქვთ მკვეთრად ჩამოყალიბებული სათქმელი, რომლის გამოსახატვის ფორმის ძიების პროცესში არიან მუდამ. სწორედ ამ თეატრში ხორციელდება პიესების პირველი სცენური ინტერპრეტაციები თანამედროვე ევროპული და ეროვნული, ასევე კლასიკური  დრამატურგიდან. ეს პროცესი ლაშა ბუღაძის „ნუგზარი და მეფისტოფელის“ დადგმით დაიწყო და გრძელდება დღემდე. ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებული ახალგაზრდა რეჟისორი დათა თავაძე, დრამატურგი დავით გაბუნია და მათი მსახიობები (თანამოაზრე სხვა ახალგაზრდა რეჟისორებთან ერთად) დღეს იმ ბირთვს წარმოადგენს, რომელსაც თეატრალური საზოგადოება იმედის თვალით შეჰყურებს. ამ რესურსის გამოყენებაზე უარს არ ამბობს თვით რუსთაველის, მარჯანიშვილის, კინომსახიობთა, მუსიკისა და დრამის თეატრებიც.

 

თანამედროვე ქართული თეატრი ამ ბოლო დროს კიდევ უფრო ებღაუჭება ძველს, უფროსი თაობის გარკვეულ მოღვაწეებს უჭირთ თავისუფალი, არატრადიციული სივრცის გარღვევა და ჩაკეტილები არიან ერთ, ვიწრო ბუდეში. ბევრ მათგანს არც სურს „თბილი კერის“ მიტოვება. თანამედროვე ქართული თეატრის რეპერტუარში გვხვდება ერთი და იგივე პიესა მრავალგზის გადაღეჭილი, აპრობირებული და ამოწურულიც კი. ხშირია შემთხვევა, როცა რეჟისორები სხვადასხვა თეატრში მის მიერ უკვე მრავალჯერ დადგმული პიესას ახორციელებენ. ამ ტენდენციამ უკვე საშიში სახეც მიიღო, რომელიც პირდაპირ კავშირშია რეჟისორთა „ხალტურასთან“, რაც ხელს უშლის განსაკუთრებით რეგიონალურ თეატრებში შემოქმედებით პროცესს, ავიწროებს არა მხოლოდ რეჟისორის აზროვნების და ფანტაზიის არეალს, არამედ მსახიობთა შემოქმედებით განვითარებსა და ზრდას.