მუტანტური ქრონიკები #1 - შოთა გაგარინი
ერეკლე დეისაძე
 
თარიღი: 28/12/2012
კატეგორია: სტატია

 

@ ერეკლე დეისაძე

 

 

მუტანტური ქრონიკები #1 - შოთა გაგარინი

 

 

საქართველოში მკვდარ არტისტებზე უფრო მეტს წერენ ვიდრე ცოცხლებზე. დღევანდელი დაკონსერვებული კულტურული გარემოც ნაწილობრივ ამის შედეგია. მე არ მაქვს ილუზია, რომ ამ ციკლით, რომელიც ჩემი მეგობრების შესახებ იქნება, რაიმე დიდ შედეგს მივიღებ, მაგრამ სხვა თუ არაფერი, ამით ერთმანეთს უკეთეს წინასაახალწლო განწყობას შევუქმნით. ამ ციკლის გაკეთება, მას შემდეგ გადავწვიტე, რაც ჩვენმა მეგობარმა დათო აბრამიშვილმა, თავისი ფოტოების ძალიან საინტერესო სერია გამომიგზავნა. ამ სერიაში ის ადამიანები არიან, რომლებზედაც აქ და შემდეგ ბლოგებშიც ვისაუბრებ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფოტოები, დროის სვლასთან ერთად მეტ მნიშვნელობას შეიძენს, პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვუყვარვართ, მეორე მხრივ კი ჩვენთვის.

 

კარგი იქნება თუ უფროსი კოლეგებიც დაიწყებენ ერთმანეთზე წერას. სულ ერთია ცუდად თუ კარგად, მთავარია წერონ და ხმამაღლა თქვან ერთმანეთზე ის, რასაც სინამდვილეში ფიქრობენ და ხანდახან სიმთვრალეში ჩვენთან წამოსცდებათ ხოლმე, ჭორიკანა გოგონებივით.

 

გოგონები შემთხვევით არ მიხსენებია, თუ პოეტი საკუთარ თავში ქალურ საწყისებს ვერ პოულობს, ის ცუდი პოეტია.

 

 

 

ეს ადამიანი (მარცხნივ) შოთა გაგარინია, ის პირველად წლების წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გავიცანი, გადაცემა ,,კედელში’’ სადაც ჩემს ამჟამინდელ მეგობრებთან ერთად ალტერნატიულ პოეზიაზე საუბრობდა. ერთი შეხედვით ქარიზმატული ტიპი ჩანდა. საუბარს არავის აცდიდა, მახსოვს ასეთი ჭკვიანური ფრაზაც კი გააჟღერა ,,როცა მთვარეზე მიგითითებენ, თითს კიარა მთვარეს უნდა შეხედოო’’ მაშინ გავიფიქრე, რომ განათლებული ბიჭია. (ბებიაჩემიც დამეთანხმა) დღევანდელი უმრავლესობის მსგავსად, მოქნილი ციტატები ჩემზეც ჯადოსავით მოქმედებს. ამიტომ ზემოთხსენებულმა მეტაფორამ გოგონასავით ამაფორიაქა. მეორედ შოთა (ჯვარი გწერიათ) რეალტივის ეთერში ვნახე, ზაზა ბურჭულაძესთან ერთად. მაშინ უკვე ვიცნობდი. ორივენი რომელიღაცა უინტერესო მწერლის სკანდალურ წიგნზე, ძალიან საინტერესოდ და არასკანდალურად საუბრობდნენ. სიუჟეტი მოკლე იყო, მაგრამ შოთას ქარიზმა აქაც ადვილადშესამჩნევი აღმოჩნდა. რაღაც მომენტში ვიგრძენი რომ როდესაც ამ ადამიანს ვხედავდი, ჩემში პოეტესა ცოცხლდებოდა.

 

გამოგიტყდებით და ორი წლის წინ ფსევდონიმად ეკა ბურდული ავიღე, რათა მის მიმართ ჩემი ლტოლვები სტრიქონების ქარ-ცეცხლით შემენიღბა და ისე გადმომეცა. შედეგმა გაამართლა. მოსახდენი არ მოხდა, მაგრამ ლექსები გაზეთ ,,ქრონიკის’’ ფურცლებზე მოხვდა, სადაც ჩემ მიერ გამოგონილ ეკა ბურდულს, ვიღაც მოკრიტიკოსო სუბიექტი მიწასთან ასწორებდა და გარყვნილი ფანტაზიების გამო საჯაროდ დაწვას უპირებდა.

 

ამაზე მე და შოთამ ბევრი ვიცინეთ...

 

შოთა გაგარინი ორიათასიანელთა თაობის პოეტებიდან ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, იყო მომენტი როდესაც ,,ვარდისფერი ავტობუსის’’ საღამოებზე, პოეზიის მოყვარული ნაშები მის სანახავად დადიოდნენ, არ ვიცი რისი იმედი ჰქონდათ, შოთა მსგავს საკითხებში ზედმეტად ძუნწია. ეს მისი ერთგვარი პოზაა, ის რამდენადაც მიუწვდომელია, იმდენად სასურველია. მე კარგად მესმის იმ გულგატეხილი გოგონების, რომლებსაც შოთამ იმედი გაუცრუა, აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და თითოეულ მათგანს, ჩემი მგობრის სახელით მოვუხდი ბოდიშს, მათ შორის იმ ფრანგ ნაშასაც, რომელმაც შოთა ოთახში მარტო გაიხმო, ხოლო შოთამ საათნახევრის განმავლობაში სარკოზიზე და საფრანგეთის პოლიტიკურ კურსზე ესაუბრა.

 

ზემოთმოყვანილ ფოტოზე, ძალიან კარგად ჩანს შოთას ხასიათი და დამოკიდებულება საპირისპირო სქესის მიმართ, (ისევ ჯვარი გწერიათ და) ამის გამო სულ ცოტა ხნის წინ, ქართველი ფემინისტებიც გადაიმტერა (ამასაც მოხერხება უნდა) მიზეზი შოთას საავტორო გადაცემის ,,ლიტერატურული უწონადობის’’ პრომო იყო, სადაც შოთამ პირდაპირ რომ ვთქვათ - ქალი ჩამოახრჩო... გამოგიტყდებით და პრომომ მთელი არსებით შემძრა, ქალურმა საწყისებმა აქაც გაიღვიძეს ჩემში. მიუხედავად ამისა, შოთას გაკრიტიკება მაინც ვერ შევძელი, რადგან ეს სხვა თუ არაფერი ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა. რადგან ქალურ საწყისებზე წინ ყოველთვის ხელოვნებას ვაყენებ და ალბათ ამის პირდაპირი შედეგიც გახლავთ ის, რომ შოთა გაგარინი ჩემი ახლო მეგობარია.