B74 Selected Goods
გაგა ლომიძე
 
თარიღი: 28/12/2012
კატეგორია: სტატია

 

B74 Selected Goods

Berliner Strasse 74

Frankfurt am Main

 

http://www.b-74.com/

 

ტექსტი: გაგა ლომიძე

ფოტო: საბა ქავთარაძე

 

 

 

ვინთიჯ ტანსაცმლის და აქსესუარების მაღაზია B74, ერთსა და იმავე დროს, ისტორიაცაა, სტილიც და ფასეულობაც. ფრანკფურტში, ბერლინერშტრასეზე რომ გაიაროთ, იქნებ ვერც შენიშნოთ გარედან, მაგრამ საკმარისია შეიხედოთ მის ეზოში, რომ თქვენს თვალს მიიპყრობს გამორჩეული მაღაზია. თან ეზოში შესვლისთანავე დაინახავთ ძველ სპორტულ BMW-ს, უნიკალურს, საკოლექციოს, რომელიც აქ, ამ ეზოში მხოლოდ დეკორაციის ფუნქციას ასრულებს. თვითონ მაღაზიაშიც, მის ინტერიერს, გემოვნებიანი და, სავარაუდოდ, გამოცდილი კოლექციონერი მფლობელის ინიციატივით, ასევე ვინთიჯ ავტომობილი - წითელი სპორტული ოპელი ამშვენებს.

 

 

უცებ შეიძლება გეგონოთ, რომ 1950-იანებში აღმოჩნდით. ხანაც შეიძლება გაიფიქროთ, რომ ვესტერნების ხანის ამერიკაში მოხვდით და საიდანღაც სიგარის სუნიც აღწევს თქვენამდე, კვამლსაც ცხადად ხედავთ.. მაღაზიის კედლები, ჭერი და იატაკი თითქოს საგანგებოდაა შელახული - რომ ვინთიჯ განწყობა და შთაბეჭდილება კიდევ უფრო გაამძაფროს. აქ თითოეულ დეტალში იგრძნობა დახვეწილი გემოვნება და ხარისხი. ინტერიერის დეკორად სამუშაო მაგიდებს თუ მერხებსაც შენიშნავთ და ანტიკვარულ საკერავ მანქანებსაც. ექსპონატებად, მხოლოდ დეკორაციის მიზნით, აქ გამოფენილ ძალიან ლამაზ სამხედრო ტიპის ჩექმებსაც შეხვდებით, თანაც ნამდვილი ტყავისას, რომელთაც უხდება კიდეც, შელახული რომაა. (წარმოვიდგინე, რა მდგომარეობაში იქნება ჩვენი ჯარის სამხედრო ტანსაცმელი თუნდაც 5 წლის შემდეგ). როდესაც მაღაზიის მენეჯერს, დარიოშ საიდ-ჰაშემის ვკითხე, ეს ფეხსაცმელებიც იყიდებოდა თუ არა, მიპასუხა, რომ ისინი მისი კოლექციიდან იყო - სხვადასხვა დროს აუქციონებზე ნაყიდი მეორე მსოფლიო ომის თუ სხვა სამხედრო ღონისძიებების მონაწილე სამხედროების ფეხსაცმელები, - და ჯერჯერობით არ აპირებდა გაყიდვას.

 

 

მაგრამ B74-ში ყველაფერი მხოლოდ დეკორაცია როდი იყო. აქ ისეთი გამორჩეული ბრენდების ხელნაკეთი ტანსაცმელი თუ აქსესუარები იყიდება, როგორებიცაა Aero Leather, Schiesser Revival laundering, Atelier LaDurance, Nigel Cabourn, Filson თუ სხვა.

 

თუკი რაიმე მოგეწონებათ, სასურველი სამოსი შეგიძლიათ მაღაზიაშივე ჩამონტაჟებულ ლიფტში (დიახ, ლიფტში!) გაისინჯოთ - B74-ის ლიფტს, თავისი ფუნქციის პარალელურად, გასახდელის დანიშნულებაც აქვს. ესეც მაღაზიის მენეჯერმა მითხრა, თორემ არაფრით დავიჯერებდი.. :)

 

 

ჩემი ყურადღება, ასევე, მიიპყრო ხელნაკეთმა მოხატულმა ქამრებმა, რომელთა დიზაინერებიც - ურსულა კლაინი და მიჰაელ ჰერცოგი ავსტრიიდან საგანგებოდ იყვნენ ჩამოსული. დიზაინერი ცოლ-ქმარი მეორე მსოფლიო ომის დროის ჯარისკაცების ტყავის ქამრებს ყიდულობენ, ამუშავებენ და ორნამენტებს უკეთებენ ან სხვადასხვა ფიგურით ამკობენ - ხელით ახატავენ.

 

 

ამ ავსტრიულ ბრენდს - Dukes-ს ტყავზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ისინი ქამრების გარდა, ამზადებენ ქისებს, საფულეებს, ჩანთებს, სამკაულებსაც კი და, ასევე, ორნამენტებით ამკობენ ტყავის ქურთუკებს თუ ლაბადებს. და ეს ყველაფერი ვინთიჯ ნაწარმია, რომელსაც თუნდაც მცირე დეტალების დამატებით და შემკობით ახალ სიცოცხლეს უბრუნებენ. მათი დამოკიდებულება, ხელოვნებასთან და გემოვნება-ხარისხთან ერთად, ეკოლოგიურიცაა, რადგან ისინი პოტენციური ნარჩენების განახლებაზე ფიქრობენ, რითაც, იმავდროულად, ბუნებაზეც ზრუნავენ. ამ გაგებით, ისინი მომავლის დიზაინერები არიან, რომლებიც უნებურად პატივს მიაგებენ თავიანთ წინაპარ ხელოვან-დიზაინერებს და მუდმივი მოძრაობის თუ განახლების კონცეფციას სინამდვილეში, ცხოვრებაში ატარებენ.