ფრანკფურტი დიზაინის მოყვარულებისთვის
გაგა ლომიძე
 
თარიღი: 28/12/2012
კატეგორია: სტატია

 

ფრანკფურტი დიზაინის მოყვარულებისთვის

Design Shopping

 

ტექსტი: გაგა ლომიძე

ფოტო: ალფრედო მანინო, საბა ქავთარაძე

 

ფრანკფურტის ყველაზე კრეატიული, ბრიუკენშტრასეს უბანი ადგილობრივი ინოვაციური დიზაინერების და არტისტების მექაა. აქ ყველაზე კრეატიული მაღაზიები დილის 11 საათიდან შუაღამემდე მუშაობს და შეგიძლიათ ფორმების და დიზაინის, ფერების და განათებების ზღაპრულ სამყაროში იმოგზაუროთ.

 

 

designe, kleine!

Wallstrasse 26

http://designe-kleine.de

 

მაღაზიის კონცეფცია მისსავე სათაურშია გაცხადებული, რაც იმას გულისხმობს, რომ თითოეულ ნიჭიერ ადამიანს საკუთარი უნარის და იდეების რეალიზაციის საშუალება ეძლევა. 2006 წლიდან გამოცდილი და მოყვარული დიზაინერები ამ მაღაზიაში განთავსებულ პატარა ყუთებში გამოფენენ თავიანთ ნამუშევრებს. აქ შევხდებით როგორც ხელნაკეთ ორიგინალურ საჩუქრებს, სამკაულებს, აქსესუარებს და სუვენირებს, ისე გამორჩეულ, სახალისო ნივთებს, როგორსაც ვერცერთ სხვა მაღაზიაში ვერ ნახავთ.

 

 

Brandbook

Gutzkowstrasse 25

http://brandbook.de; http://nuuna.com

 

Brandbook მაღალი ხარისხის საკანცელარიო საქონლის დამზადებაზეა ორიენტირებული. აქ მომხმარებელს შეუძლია ათასგვარი, ყველაზე გემოვნებიანი ბლოკნოტი იპოვოს - თითოეულ ფურცელზე ღრუბლის გამოსახულებით თუ ძველი მაგნიტოფონების კასეტის ფორმის ბლოკნოტები, რომლებსაც სანიშნები კასეტის ლენტის ფორმის აქვს; იდეების ჩასანიშნი, ორმხრივი, შავ-თეთრ ფანქრიანი ბლოკნოტები თუ ფობიების პატარა ლექსიკონები.. კომპანია ინდივიდუალურ შეკვეთებსაც იღებს ექსკლუზიურ ბლოკნოტებზე თუ წიგნებზე. მათი კლიენტებია ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა Adidas, Google თუ BMW.

 

 

COLEKT

Brueckenstrasse 21

http://colekt.me

 

კონცეპტუალური მაღაზია და სალონ COLEKT-ში შეგიძლიათ უნიკალური ვინთიჯ ავეჯი დაათვალიეროთ. COLEKT-ის ინტერიერი ძალიან თანამედროვეა. ეს მაღაზია ყველასთვისაა - ბავშვებისთვისაც, მამაკაცების და ქალებისთვისაც.

 

COLEKT-ის 21-ე საუკუნის სალონი ღიაა ყოველგვარი ღონისძიებებისთვის - ღვინის დეგუსტაცია იქნება, ვორქშოპები, ლექციები, ახალი წიგნების კითხვა, თეატრალური წარმოდგენები თუ სხვა.

 

COLEKT, ასევე, გრაფიკოსი დიზაინერის, სტეფანი კეიდელისა და არქიტექტორ პეტრა ვაგნერის სტუდიაცაა, სადაც ისინი ხორცს ასხამენ თავიანთ ინოვაციურ იდეებს და სამყაროს უფრო მეტად ალამაზებენ და განსაკუთრებულს ხდიან.

 

 

 

von Zubinski

Morfelder Landstrasse 121 b

http://vonzubinski.de

 

von Zubinski დიზაინერების სტუდიაა, რომელიც 2001 წელს კირსტენ ფაბინსკიმ და ცუნი ფელენერმა დააარსეს. ისინი, ძირითადად, ბეჭდვის დიზაინის სფეროში მოღვაწეობენ და ჟურნალებს, წიგნებს და ილუსტრაციებს ამზადებენ. დიზაინერები, ასევე, სატელევიზიო შოუებსაც აფორმებენ და თავიანთ სფეროში მსოფლიოს არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელები არიან.

 

 

 

Gardeners

Gutzkowstrasse 7 HH

http://gardeners.de

 

მრავალი ჯილდოს მფლობელი სტუდია Gardeners გრაფიკული დიზაინის სტუდიაა, რომელიც 2000 წელს ნიკოლა ამონმა და ინეს ბლუმემ დააარსეს. ამ სტუდიის დიზაინერების ინოვაციური ნამუშევრების არეალი მოიცავს ჟურნალ-გაზეთების, შესაფუთების თუ სავაჭრო ფორუმების დიზაინს. ამ სფეროში მათთვის მნიშვნელოვანია დეტალები, რომელთა ხაზგასმაც მთლიანად ცვლის ნამუშევრების/პროდუქციის კონცეფციას. ამ სტუდიის კლიენტებს შორისაა ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა Daimler Chrysler, Deutsche Bank, Lufthansa და სხვა. ამ სტუდიის დიზაინერები უკანასკნელი წლების მანძილზე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ბუკლეტების თუ კატალოგების დიზაინზეც ზრუნავენ.

 

 

Pixelgarten

Elbestrasse 10 HH

http://pixelgarten.de

 

Pixelgarten-ის საშუალებით გრაფიკული დიზაინი პერფორმანსად იქცევა. მათ მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები კომპიუტერის ეკრანიდან რეალურ ნივთებად იქცევა. Pixelgarten-ი მომხმარებელს სთავაზობს კრეატიულ, პოეტურ და ძალიან სადა, მარტივ პროდუქციას - ნივთებს თუ წიგნებს და ჟურნალებს, რომლებსაც შეუძლია, მისი მფლობელი კარგ განწყობაზე დააყენოს.

 

 

leonid matthias

Zeilgalerie, Laden 60/61

http://leonidmatthias.com

 

leonid matthias არის ტანსაცმლის ფრანკურტული ბრენდი, რომელსაც საფუძველი ორმა მეგობარმა - ლეონიდმა და მათიასმა ჩაუყარა 2008 წელს. ისინი ქმნიან ტანსაცმელს და ორიგინალურ აქსესუარებს ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც. მათთვის მთავარია თითოეული მომხმარებლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა, რაც მაშინვე თვალშისაცემია მათი ავანგარდული, ელეგანტური კოლექციის ხილვისას, რაც მეინსთრიმისგან განზე დგას.