ბავშვი
ლეო ნაფტა
 
თარიღი: 31/12/2012
კატეგორია: სტატია

 

@ ლეო ნაფტა

 

 

ბავშვი

 

***

 

დაანონსებული მიწისძვრების და აპოკალიფსების მშვიდად და წყნარად (შეიძლება ითქვას არაფხიზლად) გადაგორების შემდეგ როცა პირველად გამოვფხიზლდი და ორგანიზმი ჯერ კიდევ ძალიან დაღლილი იყო, ვერც ორდღიანმა გადაბმულმა ძილმა უშველა და ვერც მინერალურმა წყლებმა - ფანჯრები გავაღე და ყინვამ სახე ამიწვა - ვიფიქრე, ამ ოთახს დედაჩემი უჩემოდ გაანიავებს როცა სახლიდან გავალ-მეთქი.

 

ზამთარში სახლიდან გასვლა სიკვდილია ჩემთვის. არა, უფრო უარესი, ბევრად უარესი. მკვდარს ფეხებზე გკიდია ალბათ ყველაფერი და არ გაწუხებს ბევრი ტანსაცმელი, გაყინული ქუჩები, უგემოვნოდ ჩაფუთნული ადამიანები, მათი აწითლებული და გაჭირვებული სახეები, დახორკლილი ხელები და გაყინული ლოყები. ისედაც ყველა ქუჩა ბოღმის და ზიზღის ფერისაა ამ ქვეყანაში და ამ დროს მით უმეტეს - საერთოდ კატასტროფული სურათია.  მაწუხებს აბსოლუტურად ყველაფერი, არ არსებობს ადგილი სადაც ზამთარში კარგად ვიგრძნობ თავს. კი, ზუსტად ვიცი, რომ სიცივე სიკვდილზე უარესია. ბევრი ტანსაცმელი კი - საკუთარი სხეულის გაუპატიურება. თოვლი თბილისში - დედაბუნების პირდაპირი შეურაცხყოფა.

 

სიცივეზე მეტად ალბათ მარტო ტელეფონის ზარი მეზიზღება.

 

***

 

ქუჩები რაღაც სხვანაირად მოურთავთ.

 

არადა, არც მახსოვდა რომ ახალი წელი მოდიოდა.

 

წინა ახალი წლები უფრო სხვანაირი იყო: ბევრი ბრჭყვიალა და გაპრიალებული შენობა, დიდი ნაძვის ხე სადღაც იქ, ოქროსფერი წმინდა გიორგი რომ ამახინჯებს ქალაქს, ქუჩებში რაღაც დეკორატიული, ვერცხლისფერი შუქები, ნაძვის ხის იმიტაციას რომ ქმნიან და რაც მთავარია - შოუები, წინასაახალწლო სურვილები, გადაპრანჭული და ,,გაშპაკლული” ტელეწამყვანები, ინტერნეტის დაობებული ბინადრები, ახალ წელსაც რომ პოლიტიკაზე დებატობენ, კონცერტებზე ჩამოყვანილი ვიღაც კუანა მუსიკოსები საპენსიო ასაკს დიდი ხნის წინ რომ გადააბიჯეს და საქართველო ჯერ კიდევ რუსეთი ჰგონიათ და ა.შ. და ა.შ. მოკლედ, ყველაფერი ისე იყო, როგორაც მთლიანად ქვეყანა ცხოვრობდა - ბრჭყვიალა ფერებში და მდიდრულ სამოსში გადაღებილი ღატაკებივით.

 

 

არ ვიცი რა იქნება და როგორ იქნება მომავალში და საერთოდაც, მომავალს დიდი ხანია უკვე აღარ ვიმჩნევ, მაგრამ იმდენად შევეჩვიე კომედიას, რომ არ გამიკვირდება მალე სულაც პატრიარქი გახდეს თოვლის ბაბუა და ახალ წელს საკმეველის სუნად აქოთებული კანფეტები დაგვირიგოს, ან საერთოდ ბუხრიდან დაეშვას გიტარით ხელში და სიდ ვიშეზის რომელიმე ტრეკი დაამღეროს (ის ხომ ქართველების გულში მეფეც არის, პრეზიდენტიც, პრემიერიც, პანკიც და კანონიერი ქურდიც), მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ კაი ხანი გარშემო სიჩუმე იქნება.

 

საშინელი სიჩუმე და გაურკვევლობა.

 

***

 

იმ დღეს, წვალებით რომ ავდექი ფეხზე და ფანჯარა დავხურე, შემდეგ ცხელ შხაპში ლამის ინფარქტი გადავიტანე და საზამთროდ შევიფუთნე, სანამ გარეთ გავიდოდი სადარბაზოში რაღაც ხმა მომესმა. უჩვეულოდ სასიამოვნო ხმა.

 

თავიდან ვიფიქრე ცოცხის ხმაა-მეთქი, ძალიან მიყვარს დილის სიჩუმეში მეეზოვეების ცოცხის ხმა, ძალიან კარგად ეხება გულს და სხეულს - რაღაცნაირი მუსიკასავითაა. თან სევდიანი და თან იმედიანი. გასუფთავებს და მარტოობას ყველაზე მძაფრად გრძნობ, უფრო სწორად - მარტოობის ხიბლს და სილამაზეს.

 

მაგრამ არ იყო ეს ცოცხის ხმა.

არც მუსიკას ჰგავდა.

უბრალოდ ისე შორიდან მოდიოდა ვერ მივხვდი საერთოდ რეალურად იყო თუ არა და ის-ის იყო ვიფიქრე უკვე ,,გლუკები” დამეწყო და მალე ზეცა ზღვად მომეჩვენება-მეთქი (რაც არაერთხელ მომხდარა) გავჩერდი და მივაყურადე - ხმები აშკარად ზედა სართულიდან მოდიოდა.  

 

ავედი და უფრო მძაფრად მივაყურადე.

 

ამ დროს რომელიღაც სახედასიებული მეზობელი შემეფეთა, ხელში მანქანის გასაღებით, მობილური ტელეფონით და საქმიანი სიფათით.

 

- გაუმარჯოს, დამდეგ შობა-ახალ წლეს გილოცავ

- ვა, გამარჯობა, მეც გილოცავ

- რავა ხარ, რას შვები (ვითომ ძალიან აინტერესებს ,,რავა” ვარ და რას ვშვები)

- რა ვიცი, ვარ რა, თავად (მეც სულ ფეხებზე მეკიდა მისი ასავალ-დასავალი)?

- მეც ძველებურად

- აჰ, კაი

 

წავიდა და ისევ მარტო დავრჩი. ერთი კი გამომხედა საეჭვოდ, ზედა სართულზე რამ ამოიყვანა, აქ რას აკეთებსო და კიბეებზე საქმიანი ნაბიჯით ჩაიარა.

 

ხმებს ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი.

მუსიკა იყო.

ნამდვილად მუსიკა იყო.

კარებს მივაყურადე და მეზობელი ბავშვის ძალიან სასიამოვნო ხმამ (რომელიც გიტარაზე ნაზად და უახმაუროდ უკრავდა და თითქოს ინსტრუმენტი თოვლის ხრაშუნის ხმებს გამოსცემდა) ისე ამაკრა კარებს, რომ არ ვიცი კიდევ რამდენი ხანს ვიდგებოდი ასე, რომ არა ამ წყეული ტელეფონის ზარი და გამოფხიზლება:

 

- სად ხარ შეჩემა, კიდე სახლში ხარ ბლიად?!

- ხო, გამოვედი, გამოვედი

- დროზე რა, გიჟია ეს

 

კიბეები ჩავიარე და გაყინულ ქუჩებში ადამიანებს შევხედე. რატომღაც ყველა ძალიან კეთილი და ლამაზი მომეჩვენა. ქუჩებიც წყნარი და სასიამოვნოდ თბილი, ტაქსის მძღოლიც კი, რომელიც ტარიფების შემცირების თუ რაღაც ასეთი სისულელის თაობაზე მიბურღავდა ტვინს -  საერთოდ არაგამაღიზიანებელი იყო. აღარც წინა ერთი კვირის უძილო და ნათვრალევი ღამეები მახსოვდა და აღარც სხეული მტკიოდა.

 

ბავშვი ისევ გიტარაზე უკრავდა და დილით, სიჩუმეში, მაშინ როცა მის მშობლებს ალბათ ეძინათ, ღიღინებდა: ,,ჩვენთვის გზები გაიმეტეს, შემიყვარე, შემიყვარე”

 

მარტო ეს სიტყვები დამახსოვრდა. არადა რაღაც ძალიან ლამაზი იყო.

ალბათ თვითონ დაწერა. ეს მუსიკა არაფერ სხვას არ გავდა.

 

ზოგჯერ რა სასიამოვნოა კარგად ყოფნა.