ზამთრის ფრაგმენტები
ალექს ჩიღვინაძე
 
თარიღი: 06/01/2015
კატეგორია: სტატია

 

@ ალექს ჩიღვინაძე

 

ზამთრის ფრაგმენტები


1

1875 წლის შობა დილას მარკ ტვენის სამი წლის გოგონამ, სუზიმ, თვალები გაახილა, გაიზმორა - თითქოს პატარა ხელებით მთელი ოთახის ჰაერის ჩახუტებას ცდილობსო, შემდეგ რაღაც გაახსენდა და სასწრაფოდ ბალიშის ქვეშ შეძვრა, სადაც ჯადოსნური წერილი დახვდა. თავიდან არ იცოდა, რომ წერილი ჯადოსნური იყო, თუმცა პატარა გული რაღაც მსგავსს უგრძნობდა.

წმ. ნიკოლოზის სასახლე.
მთვარე.
შობის დილა.

ჩემო ძვირფასო სუზი კლემენს,

მივიღე და წავიკითხე დედათქვენის და თქვენი ძიძების ხელით დაწერილი ყველა წერილი, რაც შენ და შენმა პატარა დამ გამომიგზავნეთ. მე ასევე ვკითხულობ იმ წერილებსაც, რასაც თქვენ პატარა ადამიანები თქვენი ხელით წერთ - თუმცა არ იყენებთ იმ სიმბოლოებს ზრდასრული ადამიანების ანბანში რომ გვხვდებიან, თქვენ იმ სიმბოლოებს იყენებთ, რასაც ჩვეულებრივ დედამიწაზე და მოციმციმე ვარსკვლავებზე მცხოვრები ბავშვები იყენებენ. და ვინაიდან მთვარეზე ჩემი მთავარი საზრუნავი ბავშვები არიან, მე მარტივად ვიგებ და უპრობლებოდ        ვკითხულობ შენი და შენი პატარა დის ხელით გამოყვანილ ფანტასტიკურ ნიშნებს, მაგრამ ხშირად მიჭირს იმ წერილების გაგება, რომელსაც თქვენ დედასა და ძიძას კარნახობთ, რადგან მე უცხოელი ვარ და ინგლისურად კარგად ვერ ვკითხულობ. თქვენ დაინახავთ, რომ მე არ ვცდები იმ საჩუქრებში, რასაც თქვენ წერილებში მიკვეთავთ - ღამით დავეშვი თქვენ საკვამურ მილში, თქვენ გეძინათ, - გაკოცეთ ორივეს იმიტომ, რომ გასაოცარი ბავშვები ხართ, კარგად აღზრდილი, მშვენიერი მანერებით და ყველაზე დამჯერი პატარა ადამიანები, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. მაგრამ იმ წერილებში, რომელსაც თქვენ უფროსებს კარნახობთ, ზოგიერთი სიტყვის მნიშვნელობაში დარწმუნებული არ ვარ, ხოლო რამდენიმე თქვენს დაკვეთას ვერ ავასრულებ იმიტომ, რომ მარაგი გაგვითავდა. მაგალითად, ბოლო სამზარეულო ავეჯი თოჯინებისთვის ერთ ძალიან ღარიბ გოგონას შეხვდა დიდი დათვის თანავარსკვლავედის ცივი ქვეყნიდან. დედაშენს შეუძლია განახოს ის ვარსკვლავი და შენ შეგიძლია თქვა: "პატარა თოვლის ფიფქო" (ასე ჰქვია იმ გოგონას) "მე მიხარია, რომ შენ შეგხვდა ის ავეჯი იმიტომ, რომ შენ უფრო გჭირდება, ვიდრე მე". შენ შეგიძლია შენი ხელით წერილიც მისწერო და პატარა თოვლის ფიფქიც აუცილებლად გიპასუხებს. თუ მხოლოდ დაელაპარაკები, ის გაიგებს შენს სიტყვებს. მაგრამ თუ მაინც წერილის მიწერას გადაწყვეტ, წერილი ძალიან მსუბუქი უნდა იყოს, რადგან დისტანცია გრძელია და ბარგი კი მძიმე.

დედისთვის ნაკარნახებ წერილში იყო სიტყვები, რომლებიც, არ ვიცი, სწორად გავიგე თუ არა - "თოჯინის ტანსაცმლით სავსე სკივრი". ასეა? ამის დასაზუსტებლად დილით 9 საათზე დავრეკავ კარზე. მაგრამ არავინ არ უნდა მნახოს და არავის უნდა გავცე ხმა შენს გარდა. როცა ზარი დარეკავს, ჯორჯმა თვალებახვეულმა უნდა გააღოს კარი. შემდეგ სასტუმრო ოთახის გავლით დაბრუნდეს. უნდა გააფრთხილო, რომ თითის წვერებზე იაროს და არ ილაპარაკოს. ის მოგიტანს სალაპარაკო მილს და შენ უნდა მითხრა: „კეთილი იყოს შენი მობრძანება სანტავ!“ მერე გკითხავ, მართლაც მთხოვე თუ არა სკივრი. რა ფერის უნდა იყოს და რითი გინდა რომ ავავსო. შემდეგ როცა მე გეტყვი: “ნახვამდის, ჩემო პატარა სუზი კლემენს, ბედნიერ შობას დაესწარი”, შენ მიპასუხე “ნახვამდის, მოხუცო სანტა, მეც გილოცავ შობას და პატარა ფიფქიას უთხარი, რომ ყოველთვის როცა ცაზე ღრუბლები არ იქნება, მე შევხედავ მის ვარსკვლავს და ვიტყვი, რომ მე ვიცნობ ვიღაცას იქ და ძალიან მომწონს.” ამის შემდეგ მე გავფრინდები მთვარეზე და შენს სკივრს გავაკეთებ.

შენი საყვარელი სანტა,
რომელსაც ხანდახან ხალხი მოიხსენიებს,
როგორც ადამიანს მთვარიდან.


2

ერთი ასეთი საიტია - ატვირთავ შენი და შენი პარტნიორის ფოტოს და პროგრამა თქვენი ნაკვთების სინთეზით შექმნის თქვენი მომავალი შვილის ფოტო-რობოტს. ასეთი ციფრული შვილის ფოტო გამომიგზავნეს რამდენიმე თვის წინ. რატომღაც თავიდან არ ამომდის და სულ მახსენდება ხოლმე. აუხსნელ კავშირს ვგრძნობ ამ არარეალურ, ციფრულ არსებასთან. ხანდახან მასზე ისტორიებს ვიგონებ. როგორი იქნება, რა ეყვარება, რაზე იოცნებებს... ერთ-ერთი ვერსიით:

გოგონა გატაცებულია მეკობრეთა ისტორიებით. სახიფათო დეფილე - ძველი გემის ჭრიალა გემბანზე. ცალ-თვალა ბოცმანი ჭრელი  თუთიყურშით, დაფლეთილი თეთრი პერანგი, გარუჯული, დაკუნთული სხეულები, დაშნები და დამბაჩები, ზარბაზანზე წამოსკუპებული უასაკო ქალი, რომელიც მელნისფერ ღამეში ცეკვავს გველით, თითქოს სხეულში სხვა არსება ჰყავს, რომლის მოძრაობებსაც იმეორებს და ამას ზედმეტად მომხიბლავად აკეთებს, გარშემო ირევიან ნაიარევი სახეები, ტატუირებები - როგორც სიკვდილის კორპორაციის ლოგოები, ნაწნავები, დენთისა და ნესტის სუნი... გოგონა გაკვეთილებს აცდენს და ძვრება სკოლის სხვენზე, რომელსაც სწორედ ასეთ გემად  წარმოუდგენია.

როცა ჭერს მივშტერებივარ. მისი ცხოვრების სხვადასხვა სცენარს წარმოვიდგენ ხოლმე. თავგადასავალი ეს უბრალოდ ორი წერტილია, რომლის შემდეგაც იწყება ჩამონათვალი, თანმიმდევრობის გარეშე.


3

ამინდი შემოწმებულია. ისეთია, როგორიც მხოლოდ ძველ და შავ-თეთრ ფილმებში, რომლის მთავარი გმირიც, მამაკაცური დეტექტივი, ოთკუთხედი ყბითა და გამჭოლი მზერით იწევს ლაბადის საყელოს და გადაკვეთს სველ ქუჩას, ბარისკენ, სადაც გარიყული ადამიანები ქმნიან ხმაურს.

სამყაროს დელიკატური სასწაულები, მაშინ როცა საკუთარ სილამაზეს ჰყიდი შვილის სხეულის გავლით და მყიდველი აღმოჩნდება ისეთი მყრალი, რომ სიახლოვე ერთადერთი დასასრულია, ხოლო ცაში აფეთქებების ხმა ისმის.

მაწანწალა ბავშვების ცეკვა - მათი გაყინული კიდურები ნაჯახებივით ფატრავენ ჰაერს. საეჭვო დაწესებულებებში მბჭუტავი სინათლე,   სილამაზის სალონებში გოგოები ერთმანეთს ვარცხნიან თმას.

გაწელილ სინათლეებში რბილად ხტუნავენ თოვლის ფიფქები. გალოთებული ერთ დროს ლეგენდალური გმირები ძლივს მიათრევენ სხეულებს, რომ ბნელ კუთხეებში მიიყუჟონ.

ღამის ხმაურში იკვეთება ის, ვინც მიზნად ამოგვიღია. პასუხისმგებლობა, სიხარული, ისტერიკული დღესასწაული - როცა ყველა ადგილი უცხოა შენთვის.

როცა ბოთლების ფონზე დგას აქლემი და თავაზიანი ღიმილით გვესაურება. ამ ისტორიებს ანაცვლებს ზეზეურად ჩაძინებული კლიენტი, ვისთანაც არაფერი შეცვლილა სიზმარში. საახაწლო ფოირვეკების ფონზე, მის სიზმარში ისევ ძველი წელია.