კანის დღიურები. დღე მეხუთე - მოდა და გლამური. ჩიჩოლინა ჟან პოლ გოტიეს მეხსიერებაში…
არტარეა
 
თარიღი: 21/05/2012
კატეგორია: სტატია


 

 

ჟან პოლ გოტიეს ეკითხებიან: მოდა და გლამური, კანის კინოფესტივალის შემადგენელი ნაწილია. წითელ ხალიჩაზე თუ გახსენდებათ ვინმეს ჩაცმულობა, რამაც შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?

 

“ჩიჩოლინა არ იყო, შიშველი, ვუალში რომ მოვიდა სადღაც ოცი წლის წინ?, - კითხვით პასუხობს გოტიე, - სხვა არავინ, საკუთარი თავის გარდა, ორჯერ გამოვცხადდი შორტებში და შიგნით არც ერთხელ არ შემიშვეს”.

 

მოდა და გლამური, მართლაც უმთავრესია კანის ფესტივალზე. თვეებით ადრე ვარსკვლავები და ამომავალი ვარსკვლავები კონსულტაციებს გადიან, დიზაინერებს ხვდებიან და რამდენიმე იმიჯს ამზადებენ. ზოგის შემთხვევაში წარმატებულია ხოლმე მცდელობა, ზოგჯერ კი სასტიკი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ ვარსკვლავებსაც და დიზაინერებსაც.

 

 

 

 

როგორც კი გაცხადდა, ფრანგული და მსოფლიო მოდის ყველაზე დიდი ავანტიურისტი 2012 წლის კინოფესტივალის ჟიურის წევრი იქნებოდა, იქვე ისიც ითქვა, რომ ეს ერთგვარი მითითებაც იქნებოდა დრესკოდზე… რაიმე საინტერესო!!!

 

ეს ის ადამიანია, “მეხუთე ელემენტის”და მადონას ლეგენდარული კოსტიუმები რომ შექმნა; ალმოდოვარის სამ კინოფილმზე იმუშავა და მეთევზეების უნიფორმას დღემდე ყველაზე ძვირად ყიდის გლამურულ ბუტიკებში.

 

რამდენად წარმატებული იყო წლევანდელი წითელი ხალიჩის დეფილე, ამას ჩვენ დაჯილდოვების ცერემონიალის დღეს კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით. დღემდე არსებული მონაცემებით  კი მხოლოდ ორი ქალბატონის იმიჯს გამოვყოფდი. ჯესიკა სტაინი ალექსანდრ მაქუინის თეთრ კაბაში და ასევე ზღაპრული ოქროსფერი კაბით.

 

რაც შეეხება, ევა ჰერციგოვას, სიმართლე ვთქვა, აქამდე მისი არსებობა არც გამხსენებია. 

 

ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე მან დოლჩე & გაბანას კაბა მოიხდინა და აშკარად დაჩრდილა სხვები. თუმცა წინ დაჯილდოვების ცერემონიალია, ის კოსტიუმები, რომელსაც ინტელექტუალური ბურჟუაზია 27 მაისისთვის მოირგებს, ჯერ “მარტინესის”, “მაჯესტიკის” და სხვა ძვირფასი სასტუმროების გარდერობში დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ კრონშტეინებზე კიდია.

 

 

 

ზოგადად კანის შოპინგს რაც შეეხება, მისი გლამურული იმიჯი ნუ გაფიქრებინებთ, რომ აქ რაღაც განსაკუთრებული ხდება. თავისი სტატუსის შესაფერი ადგილი, ცხადია, იმ გიგანტ ბრენდებს უჭირავთ, როგორებიცაა შანელი, ლუი ვიტონი და კარტიე…

 

 

 

 

სხვა შემთხვევაში, იცოდეთ, რომ აქ ყველაფერი რუსი მომხმარებლისთვის არის განსაზღვრული. მოგეხსენებათ, მათი გემოვნების დასაკმაყოფილებლად ცალკე ხაზები მუშაობს. ამიტომაც, არ გაგიკვირდეთ, დოზას გადაჭარბებული მაქმანები; ბზინვარება და სიჭრელე, - ამ სანაპირო ზოლის ყველაზე საპატიო სტუმრებისთვის, რუსებისთვის, არის განკუთვნილი, ისე როგორც სპეციალური სარკინიგზო მიმართულება - მოსკოვი-ნიცა. ასეთი მატარებელი, გუშინ, საკუთარი თვალით ვნახე, კანიდან 30 წუთის სავალზე, - ნიცაში. რკინიგზის სადგურში გრძელი მატარებელი მგზავრებს ელოდა. შოპინგით დაღლილი რუსები, თავიანთ ოთახებში ბინავდებოდნენ. მე ჩემს მატარებელს ველოდი და სიბრაზისგან ვივსებოდი… მერე გავიფიქრე, რომ ეს მატარებელი წიფის გვირაბში შევა, იმ ქალბატონებს კი არაფრის არ შეეშინდებათ.

 

 

 

 

მოკლედ, რატომ დავასრულე ასე სევდიანად არ ვიცი… ალბათ იმის ბრალია,  რომ რამდენიმე ძალიან საინტერესო კინოფილმი ვნახე. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და მომდევნო ბლოგში გაგიზიარებთ.

 

 

ნესტან ნენე კვინიკაძე

 

 

კანის 65-ე კინოფესტივალი

2012