ქუთაისი ქართული თეატრების კვირეულს მასპინძლობს
ლაშა ჩხარტიშვილი
 
თარიღი: 09/01/2013
კატეგორია: სტატია

 

 

 

 

ქუთაისი ქართული თეატრების კვირეულს მასპინძლობს

 

 

@ ლაშა ჩხარტიშვილი

 

ქუთაისი რომ მდიდარი თეატრალური ტრადიციების ქალაქია ამაზე არავინ დავობს, „თეატრალური ქუთაისი“ (საზოგადოებით და ტრადიციებით) ჯანსაღი ამბიციით ყოველთვის ცდილობდა ტოლი არ დაედო დედაქალაქის წამყვანი თეატრებისთვის და ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეატრალური კერა ყოფილიყო საქართველოში. ქუთაისს მრავალჯერ ღირსეულად (მე თუ მკითხავთ გადამეტებული პრანჭიაობითაც) უმასპინძლია ქართული თეატრებისთვის (წარმოდგენების შემდეგ ისეთ ბანკეტს, მგონი, კახეთშიც ვერ მართავენ, როგორსაც ქუთაისში).

 

„საქართველოს თეატრალური საზოგადოების“, ადრე „თეატრის მოღვაწეთა კავშირის“ მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ღონისძიება „ქართული თეატრის დღე“, რომელიც 14 იანვარს ყოველწლიურად იმართება ყველაზე მეტჯერ სწორედ ქუთაისში არის აღნიშნული. ქუთაისელებისათვის მნიშვნელობა არ აქვს რომელი მთავრობა იქნება ქალაქის სათავეში, ყველას ერთიანად უყვარს თეატრი და კარგად აქვთ გაცნობიერებული მისი მნიშვნელობა. ქუთაისის მერიამ ფუფუნებაში მყოფი (რაც თეატრალური პროექტების განხორციელებაში გამოიხატება) ადგილობრივი მაყურებელი არც წელს დატოვა გულდაწყვეტილი. მართალია, ქართული თეატრის დღე წელს ქუთაისის ნაცვლად რუსთაველის თეატრში აღინიშნება, მაგრამ ქალაქის მერიის კულტურის სამსახურმა  იმერელ მაყურებელს ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო. ერთი კვირის განმავლობაში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი დედაქალაქის თეატრებს უმასპინძლებს.

 

 

ინიციატივის ავტორი ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნატალია პატარიძეა, რომელმაც რეჟისორ დიმა ხვთისიაშვილთან ერთად თეატრალური კვირეულის პროგრამა შეადგინა. მთავარი აქცენტი ქართული თეატრის დღისთვის ქართულ დრამატურგიაზე გაკეთდა, შესაბამისად კვირეულისთვის შეირჩა ის სპექტაკლები, რომლებიც ქართულ კლასიკურ და თანამედროვე დრამატურგიაზე დაყრდნობით არის შექმნილი. სავსებით ლოგიკურია, რომ კვირეულის გახსნის პატივი მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლს, გურამ ბათიაშვილის „კოტე მარჯანიშვილს“ ერგო წილად (რეჟისორები ლევან წულაძე და დიმიტრი ხვთისიაშვილი).

 

ცნობილია, რომ კოტე მარჯანიშვილს რუსთაველის თეატრიდან წასვლის შემდეგ მაშინდელმა მთავრობამ არ მისცა უფლება თბილისში ახალი თეატრის გახსნის, ამიტომ შეიქმნა „ქუთაის-ბათუმის მეორე სახელმწიფო აკადემიური დრამა“. თეატრი კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით ორი სეზონის განმავლობაში მოღვაწეობდა ქუთაისში. სპექტაკლში სწორედ ეს ისტორიაა მოთხრობილი, რომელშიც გაცოცხლებულია გასული საუკუნის 20-იანი წლების მიწურულის და 30-იანი წლების დასაწყისის ქუთაისი თავისი იუმორით სავსე საზოგადოებით, კოლორიტით და რესტორნებით და მასთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიებით.

 

 

თეატრალური კვირეულის ფარგლებში ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის ფოიეში გაიხსნა ქართული თეატრისადმი მიძღვნილი გამოფენა. კვირეულის საზეიმო გახსნაში მონაწილეობა მიიღეს რეჟისორებმა ლევან წულაძემ, დიმიტრი ხვთისიაშვილმა, დრამატურგმა გურამ ბათიაშვილმა და ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა თემურ ცამცამიშვილმა.

 

 

კვირეულის ფარგლებში ქუთაისელი მაყურებელი თანამედროვე ქართული თეატრის რეპერტუარიდან ნახავს სოხუმის თეატრის სპექტალს „გუშინდელნი“ (რეჟისორი გოჩა კაპანაძე), მესხიშვილის თეატრი წარმოადგენს ევა ხუტუნაშვილის და ნინო სადღობელაშვილის „უსასრულობის ათვლა დაიწყო“ (რეჟისორი გიორგი სიხარულიძე), მუსიკისა და დრამის თეატრი გიორგი ერისთავის „გაყრის“ რუსა მორჩილაძისა და დავით დოიაშვილისეულ ინტერპრეტაციას აჩვენებს. კვირეულის ფარგლებში ლაშა ბუღაძის ორ სხვადასხვა პიესის სცენურ ინტერპრეტაციას იხილავს მაყურებელი. მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი დრამატურგის კრებულ „25 პპ“-იდან (25 პატარა პიესა) შვიდ პიესას ზურაბ გეწაძის რეჟისურით წარადგენს, ხოლო მის ირონიულ-გროტესკულ პიესას „პანთეონი“ დიმა ხვთისიაშვილის რეჟისურით ახმეტელის თეატრი უჩვენებს.

 

თეატრალური კვირეული რუსთაველის თეატრის სპექტაკლით ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“ (რეჟისორი რობერტ სტურუა) დაიხურება.