ხალხის ხელოვნება
ხათუნა ხაბულიანი
 
თარიღი: 10/01/2013
კატეგორია: რეცენზია

 

                                        ილუსტრაცია: კომარი&მელამიდი. ყველაზე სასურველი სურათი ამერიკაში.

 

@ ხათუნა ხაბულიანი

 

 

ხალხის ხელოვნება

 

 

სანაპიროსა  და რუსთაველის გამზირის მხატვრობას აქვს თავისი სახასიათო ნიშნები. იშვიათად შეიძლება რამე უცნაურად განსხვავებულიც აღმოაჩინოთ, მაგრამ ზოგადი შეხედულებით ძირითადად ეს არის ის, რასაც ბანალურად და მარტივად კიტჩს უწოდებენ და რომლის „კიტჩურობის “ ხარისხი წარმოუდგენელი სიმრავლით შეიძლება განვითარდეს. ეს შეხედულებაც, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად სტერეოტიპულია. სერიოზულად მიფიქრია იმაზე, თუ რატომ ინტერესდებიან ამ პროდუქციით მისი მომხმარებლები და რამდენჯერმე წარუმატებლად ვეცადე წარმომედგინა რას გრძნობენ ეს ადამიანები ამ სურათების ცქერისას. ალბათ ამ განცდას  ბოლომდე ვერასდროს გავიგებ, ისე კი ნამდვილად საინტერესო იქნებოდა მათი თვალით დამენახა ის, რასაც ისინი „სურათებს“ უწოდებენ და რომლებიც ალბათ ხელოვნებას ვერასდროს დაინახავენ იმაში, რასაც მე და ჩემი კოლეგები ვიკვლევთ როგორც ხელოვნებას. არ მომწონს და უკმარისობის გრძნობას მიტოვებს ის ფაქტიც, რომ გამიჭირდება ვიპოვო მისასვლელი გზა ამ მხატვრებთან, რომლებსაც ჰყავთ თავისი აუდიტორია და ამ აუდიტორიას რაღაც სახის სიხარულს ანიჭებენ. კლემენტ გრინბერგი, მოდერნისტული მხატვრობის თეორეტიკოსი და აბსტრაქტული  ექსპრესიონიზმის მკვლევარი თვლიდა, რომ აბსტრაქციის აღქმას  ხელს უშლიდა „ცოდნებით“ გადატვირთული ცნობიერება და ამისთვის საგანგებოდ შემუშავებული მექანიზმიც ჰქონდა; როგორც მისი თანამედროვე მხატვრები ჰყვებოდნენ, ძალიან უცნაურად იქცეოდა მათ სტუდიებში: ჯერ შესაბამის განათებას ითხოვდა, სურათს თავიდან საერთოდ არ უყურებდა, მასთან ზურგით იდგა  თვალდახუჭული და ბოლოს სწრაფად ტრიალდებოდა ტილოსკენ და ახელდა თვალებს. მისი აზრით ეს ეხმარებოდა უშუალოდ აღექვა სურათი და მთელი მისი ღირებულება დაენახა. ეს ერთგვარი კომიკური რიტუალი ნაკლებად გამოსადეგი პრაქტიკა იქნება tabula rasa -ს მდგომარეობის მისაღწევად და უშუალო კონტაქტის დასამყარებლად სანაპიროს მხატვრობასთან, თუმცა არცთუ რთული დასანახია, რომ ეს მოვლენა შეიძლება კვლევის საგანი გახდეს არა მხატვრობის შესაწავლისა და ანალიზის მეთოდოლოგიებით, არამედ უფრო ანთროპოლოგიური კონტექსტიდან.

 

რამდენად შესაძლებელია განვსაზღვროთ ის ხელოვნება, რომელიც უმრავლესობას მოსწონს? ანუ, როგორ გამოიყურება უშუალო აღქმით დანახული „კარგი სურათი“ კულტურული გამოცდილებისა და სპეციფიური ცოდნის ტვირთისგან თავისუფალი ადამიანების ცნობიერებაში? როგორ აღიქვამს მხატვრობას ის ადამიანი, ვინც უბრალოდ არაფერი იცის ხელოვნების შესახებ? რა თქმა უნდა, საქმე გვაქვს ვიზუალურ აღქმასთან დაკავშირებულ ზოგად სტერეოტიპებთანაც. ალექსანდრე როდჩენკო თავის ჩანაწერებში ამ თემაზე მსჯელობისას აღწერს ადამიანისთვის სახასიათო შეზღუდულობებს, როცა ჩვენ მარტივად ვხედავთ ჩვენს ირგვლივ არსებულ სამყაროს გამომდინარე ჩვენი ფიზიკური სიმაღლიდან, რომ ადამიანთა სიმაღლეებით განისაზღვრება ის ჰორიზონტი, რომელსაც მათი თვალები ხედავენ და არასდროს ვფიქრდებით იმაზე, რომ სხვა ადამიანი, რომელიც ჩვენზე დაბალი ან მაღალია, ოდნავ განსხვავებულ არეალს მოიცავს თავისი მზერით. ამის გარდა, სურათებზე ხშირად გვხვდება ერთმანეთის მსგავსი კომპოზიციური სქემები: ფიგურას მარჯვენა მხარეს ხატავენ, ხოლო ტყეს, ან გაურკვეველი მიმართულების ბილიკს – მარცხნივ და ა.შ...

 

ამ თემებთან დაკავშირებით არსებობს ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც სოც არტის სახელთან გაიგივებულმა მხატვრებმა ვიტალი კომარმა და ალექსანდრე მელამიდმა წამოიწყეს 1995 წელს. ამ მხატვრებმა ემიგრაციაში მოახერხეს შთამბეჭდავი კარიერის შექმნა ნიუ–იორკის არტ სცენაზე ჯერ კიდევ ცივი ომის პირობებში. ისინი სოციალისტური რეალიზმის ფერწერული მანერით გამოხატავდნენ საბჭოთა მითოლოგიის პათოსსა და ფსევდო ჰეროიკას, ბერძნული მითოლოგიის ღვთაებასთან ერთად გამოსახავდნენ სტალინს. ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კრიტიკოსთა ნაწილი კომარი&მელამიდის შემოქმედებას დასასრულს უწინასწარმეტყველებდა, რადგან მათი მთავარი თემა აქტუალური აღარ იყო. თუმცა, ეს პროგნოზები არ გამართლდა და მათ მართლაც საინტერესო კონცეპტუალური პროექტი განახორციელეს, რომელიც ხელოვნების ბაზრის კვლევას უკავშირდებოდა და ბევრ ქვეყანას მოიცავდა, პირველ რიგში კი ამერიკას. კვლევა განხორციელდა The Nation Magazine–ის მხარდაჭერით და მიზანი იყო ეპოვათ ჭეშმარიტად „ხალხის ხელოვნება.“ გამოკითხვებით შეაგროვეს მონაცემები მისაღები ესთეტიკური ღირებულებების შესახებ და შედეგების საფუძველზე შექმნეს „ყველაზე სასურველი“ და „ყველაზე არასასურველი“ სურათების ციფრული ვერსიები. ანუ, მხატვრებმა მართლაც წარმოადგინეს ის, რაც მოსწონთ ადამიანებს, რომლებმაც „ბევრი არაფერი იციან ხელოვნების შესახებ, მაგრამ იციან რა მოსწონთ.“ თითქმის ყველა ქვეყნის „სასურველი“ სურათი ჰგავდა ერთმანეთს,– ეს იყო პეიზაჟი, რომლის ფონზეც უნდა ყოფილიყო ვინმე ცნობადი სახე, სავარუდოდ პოლიტიკოსი და ამერიკულ ვერსიაში მას ჯორჯ ვაშინგტონი წარმოადგენდა. აქ იყო ერთგვარი ორაზროვანი ირონიაც „ყველაზე სასურველის“ (most wanted) ამერიკულ მნიშვნელობასთანაც, რომელსაც ძებნილი კრიმინალების მიმართ იყენებენ ხოლმე. თუმცა, ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ „ყველაზე არასასურველი სურათები,“ სადაც პროექტის ავტორთა აზრით უკვე ჩანდა ნაციონალური განმასხვავებელი იმ დეტალებში, რომელთა ნახვაც არ უნდოდათ სურათში. „ყველაზე სასურველ სურათში“ კი ფერების მხრივ დომინანტური იყო ლურჯი ფერი, რომელის ინტენსივობა სხვადასხვა ვერსიებში მცირედ იცვლებოდა (უფრო მძაფრი იყო ფრანგულ ვერსიაში, ვიდრე ამერიკულში და ა.შ.). ეს სურათი ასევე ითვალისწინებდა გარეული ცხოველის ფიგურის არსებობას (ამერიკულ ვერსიაში არის ირემი) და კიდევ ადამიანთა ჯგუფსაც. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ამ სასურველი სურათების ვერსიებს საფუძვლად მეცხრამეტე საუკუნისთვის სახასიათო პეიზაჟი უდევს, რომლის სხვადასხვანაირად „შელამაზებული“ ვარიაციები გამოიყენება კალენდრებში, რომლებიც მთელს მსოფლიოშია გავრცელებული და სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობასაც შესაბამისად უქმნის საწყის წარმოდგენებს ზოგადად „სურათზე.“ კომარმა და მელამიდმა ერთ სურათში გააერთიანეს ის ელემენტები, რასაც სურათებზე წარმოიდგენდნენ ხელოვნებისგან შორს მყოფი ადამიანები, –  ეს იყო პეიზაჟი, გარეული ცხოველის გამოსახულება, ცნობილი ადამიანის პორტრეტი, ადამიანთა თავყრილობა, თუმცა მათთვის ამ შემადგენლების გაერთიანება წარმოუდგენელი იქნებოდა. შედეგად მიღებული კომპოზიცია აღმოჩნდა ისეთი, რომლის ქონის სურვილიც ნაკლებად თუ ექნებოდა ვინმეს. ეს სურათი ღირებული იყო მხოლოდ როგორც კომარისა და მელამიდის პოსტმოდერნისტული პროექტის ნაწილი თავისი იკონურობითა და იუმორის გრძნობით. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ გამოკითხვებით მიღებულ მონაცემებზე აგებული სურათი არ არის ის, რაც შეიძლება სურდეთ მასებს. როგორიც არ უნდა იყოს, სურათში ყველას რაღაც ირაციონალური იზიდავს, რასაც სავარაუდოდ ფლობენ ჩვენი სანაპიროს სურათებიც, რომლებიც ცნობიერების უცნობსა და  სიღრმისეულ მოტივებს, ესთეტიკურ მოთხოვნილებებსა თუ გაუცნობიერებელ სურვილებს უკავშირდებიან.