საახალწლო ID
ნინო დარასელი
 
თარიღი: 14/01/2013
კატეგორია: სტატია

                                                     გურამ წიბახაშვილის ფოტოები @ თამუნა ქარუმიძის გამოუქვეყნებელი წიგნიდან

 
 
@ ნინო დარასელი
 
 
წინასაახალწლოდ არტერიისათვის ID-ის ვწერდი. დიდი საზეიმო ვერაფერი მოვიფიქრე და იდეაში ყველაზე უფრო "სასაჩკაო" ვარიანტზე შევჩერდი. რამდენიმე ჩემთვის საყვარელ ადამიანს სულ 3 კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: 1. ახალი წელი, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა 2. საოცნებო ახალი წელი 3. მე და თოვლის ბაბუა.
 
გადავწყვიტე ამ კითხვებისათვის მეც გამეცა პასუხი, ჰოდა...
 
ჰოდა გამახსენდა, რომ იმ წელს ვერცხლისფერი ასაწყობი ნაძვის ხე ავტოფარეხიდან ამოვიტანეთ. ყველა ტოტი ადგილზე იყო, ავაწყვეთ და რაც წინა წლიდან დაულეწავი შემოგვრჩა იმ სათამაშოებით მოვრთეთ. ტრადიციული გოზინაყიც კარადის თავზე მეგულებოდა, თუმცა არ ვსინჯავდი, გოზინაყის ჭამა და ახალი წლის დადგომა ჩემთვის ერთი და იგივე იყო, ამიტომაც არ ვჩქარობდი. თანაც ახალ წელზე უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა ყურადღების გადატანის საშუალებას მაძლევდა. რუსთაველზე ისროდნენ, ჩემი სახლიდან სადღაც 1 კილომეტრში.
 
ისროდნენ და ეს მე ძალიან მახარებდა...
 
იმ დროინდელ ხელისუფლებას, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებსა და ოპოზიციას შორის, რომელსაც ძირითადად საქართველოს უახლესი ისტორიიდან თქვენთვის ძალიან ნაცნობი პერსონაჟები შეადგენდნენ, შეიაღარაღებული დაპირისპირება  დაიწყო. არანაირი შიში არ მქონდა, პირიქით.
 
გამეხარდა და გადავწყვიტე სხვებისთვისაც გამეზიარებინა. ინსტიტუტში გავიქეცი, ქოშინით ავქანდი მეორე სართულზე, სადაც ჩემი "ზვიადისტი" მეგობარი მეგულებოდა. შევქანდი და დათო როგორც კი დავინახე პირდაპირ ვახალე: ეგეც შენ, ცისფერ გალერეასთან უკვე ისვრიან და იშშშ ეხლა ეტირება შენს პრეზიდენტს ყოფა-თქო. შესაბამისი ჟესტიც გავაკეთე მომავალი გამარჯვების აღსანიშნავად და დემონტრატიულად აღტყინებულმა დავტოვე აუდიტორია. ალბათ რა გაოცებული და დამწუხრებული დავტოვე ჩემი მეგობარი. სხვებიც მეგულებოდა, კიდევ ბევრთან მინდოდა დარეკვა, მაგრამ მაშინ ქალაქის ტელეფონები არ მუშაობდა, ასე რომ ცოტა ხანს კიდევ მომიწევდა დაცდა, თანაც ჯერ არაფერი დასრულებულიყო. არადა რამდენი იყო ზვიადისტობის გამო რომ დავკარგეთ და რა სიამოვნებით დავურეკავდი და ნიშნისმოგებით ვამცნობდი მათი პრეზიდენტის დასასრულის დასაწყისს. რამ გააგიჟათ არ მესმოდა.
 
ვგრძნობდი, მალე რაღაც გადაწყდებოდა. ძალიან მინდოდა, რომ გადაეგდოთ ზვიადი. მთელი მისი ამალა რომ მიეყოლებონათ და მომხრეებიც ზემოდან.
 
რატომ მძულდა ასე? აბა "წითელი ინტელიგენცია" რომ ეძახა ასეთ გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებს? აბა ბრონირებული მერსედესით რომ დადიოდა? აბა სოფლელები რომ მოიყვანა? აბა... მოკლედ ყველაფრის გამო მეზიზღებოდა, იმ მიზეზების გარდა, რასაც რომ გავიზარდე განსაკუთრებით გავაპროტესტებდი და მის მთავარ ნაკლებად ვთვლი. იმდენად ბევრია აქ ვერ ჩამოვთვლი. ჯერ მარტო მისი ქსენოფობიური გამონათქვამები ეყოფა სულ ცოტა სამ პრეზიდენტს, თუმცა მაშინ ეგ სულაც არ მადარდებდა. ექს-პრეზიდენტის "საქართველო ქართველებისათვის" და ყველას აგენტებად მონათვლა, ჩემი დარდის საგანი ნამდვილად არ იყო.
 
არ იყო მოდაში ზვიადი, ვერ  და არ მოინადირა ჩვენი სვეტსკი გული და ამიტომაც არ მიყვარდა. ისე არ მომწონდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემთვის დღემდე აბსოლუტურად უცნობ ვალერიან ადვაძეს მივეცი ხმა. არადა პირველად მაშინ მივიღე არჩევნებში მონაწილოება. მართლა არ ვიცი ვინ იყო, საიდან მოვიდა, ან მერე სად წავიდა ბატონი ვალერიანი. ფაქტია, ეგ და ლაშა ბუღაძის საყვარელი გუმბარიძე საკმაოდ უამბიციო ხალხი აღმოჩნდნენ, აბა მას მერე აღარ გამოჩენილან, ნუთუ არაფერი ჰქონდათ სათქმელი, დასაბრუნებელი მაინც?
 
ხო მოკლედ 31-ში საღამოს ოჯახი სამზარეულოში შევიკრიბეთ და ბნელში შევხვდით ახალ წელს. მეკვლედ ჩვენი საყვარელი მეზობელი სულიკო ბებია შემოვიდა. ზუსტად 12 საათზე ავტომატების ჯერის მთელმა რიგმა გააყრუა სმენა, თუმცა არაფერი განსაკუთრებული, თითო იარაღი ხომ თითქმის ყველა სახლში ინახებოდა. 12-ის მერე ეტყობა შეზარხოშებულზე, გვარდიელებმა, მხედრიონელებმა და მათმა სხვა ძმებმა  განსაკუთრებული სიმძაფრით დაიწყეს შეტევა პარლამენტის შენობაზე. ტრანსირებული ტყვიების ფეიერვერკი ანათებდა სანაპიროს. შემტევთა რიგებში იყვნენ საზოგადოება "თბილისელის" წევრებიც, გაერთიანება "თეთრი არწივი", საზოგადოება "პატრიოტი"(ვაკელების გაერთიანება, რომელიც რესტორან მწვანე ველთან იკრიბებოდა ხოლმე)... საზოგადო მოღვაწეები...
 
რა თქმა უნდა, არაფრის შემშინებია, უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვიყავი იმიტომ, რომ დედაჩემი სალომესთან არ მიშვებდა, არადა იქვე ჩემს სახლთან ახლოს, ფიქრის გორაზე. იქ ბავშვები იყვნენ შეკრებილები ახალი წლის აღსანიშნავად. ყველა გაუშვეს და მე რა დავაშავე?
 
რუსთაველზე ისროდნენ, პარლამენტის ეგრეთწოდებულ ბუნკერში ჩაკეტილ ადამიანებს სიკვდილის ეშინოდათ, ტელევიზორში პრეზიდენტის მომხრეები მოწოდებებით გამოდიოდნენ, გურამ პეტრიაშვილი მოლანდებით ემუქრებოდა რეზო ამაშუკელს, თუ ჯანსუღ ჩარკვიანს აღარ მახსოვს, ტელეფონი არ მუშაობდა, დენი არ იყო, მამაჩემის მეგობარი დაჭრეს... მაგრამ მერე რა. ახალი წელი იყო და გასართობად მინდოდა წასვლა. მწყინდა, რომ ასეთ გამოპრანჭულს და სახელდახელოდ მომზადებულს არ მიშვებდნენ იქვე ფიქრის გორაზე. აუ, არადა რა კარგი იქნებოდა სალომესთან, თან დვიჟოკი ჰქონდა მგონი.
 
ინფორმაციას რუსთაველიდან ხან ტელევიზორიდან ვიგებდით, რომელსაც ჯერ კიდევ პრეზიდენტის მომხრეები აკონტროლებდნენ, ხან კი რადიოდან. ჰო საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, განსაკუთრებით რომ გამწვავდა სიტუაცია, თავის მომხრეებს დანებებისაკენ მოუწოდა. ჩვენო, ვარდები ვესროლოთო. ეს, რა თქმა უნდა, სისუსტედ ჩაეთვალა ზვიად გამსახურდიას. ჩვენები ესროდნენ, იმან კიდევ ყვავილებიო, რა უსუსურობა იყო, ღმერთო ჩემო.
 
6 იანვრის დილას, საათის რადიოში მე და ჩემმა ორმა მეგობარმა გია ჭანტურიასგან გავიგეთ, რომ ზვიად გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა პარლამენტი დატოვეს, გაიქცნენ. ზუსტად არ მახსოვს ტექსტი, მაგრამ ის სიხარული და ემოცია კი არასდროს დამავიწყდება. მიხაროდა, გვიხაროდა, რომ გავაძევეთ, ვინ მოვიდოდა, რა მოხდებოდა, რა მინდოდა, რას ველოდი, მაგაზე მაშინ არ მიფიქრია.
 
მმართველობაში სამხედრო საბჭო მოვიდა.
 
პარლამენტთან კარვები გაიშალა.
 
შუქი ისევ არ იყო, არც გათბობა.
 
საღამოს ვერაზე ეკლესიაში წავედით. ლურჯი მონასტერი იყო მაშინ მოდაში. ხო ეგ და ვერის სასაფლაოს ეკლესია. იქაც ულოცავდნენ  ერთმანეთს გამარჯვებას და რა თქმა უნდა, შობას. წრეზე ლიტანიაზე დავდიოდით. ჩვენ, თავსაფრიანები და გამარჯვებული ავტომატიანები.
 
მხოლოდ მიხაროდა და არაფერზე  ვფიქრობდი.
 
დავფიქრდი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ზვიადის გარდაცვალების ამბავი გავრცელდა, აღარ მახსოვს, მგონი დიდად არ შემცოდებია.15 წლის შემდეგაც რაღაც სირცხვილისმაგვარი შემომეპარა, როდესაც ჩემთან სახლში "ზვიადისტი" ნათესავი გადმოვიდა საცხოვრებლად და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბოლო დღეებს მიყვებოდა (ჩემი ნათესავი ზვიადს ბოლოს გროზნოშიც თან ახლდა), დავფიქრდი მაშინაც, როდესაც ლამარამ, ჩემი სახლიდან  მუზეუმს, ზვიადის პირველი, დამოუკიდებელი საქართველოს პასპორტი გადასცა და დავფიქრდი 21 წლის შემდეგ, როდესაც ყველაზე სამახსოვრო ახალი წლის გახსენება მოვინდომე.
 
ტუსია ბერიძემ ჩემთან გადაცემის ჩაწერისას გაიხსენა, პარლამენტის შენობის უკან ვცხოვრობდით, პატარა ვიყავი  და 31-ში ბაბუამ მანქანაში ჩაგვსვა მთელი ოჯახი და ასე ჩაწოლილები გავედით სამშვიდობოსო. გამახსენდა რამდენმა ადამაინმა გააღწია მაშინ ასე სამშვიდობოს, რამდენს დაეწვა სახლი. რამდენი დახვრიტეს. სამწუხაროა, რომ მხოლოდ 21  წლის შემდეგ დავფიქრდი და შემრცხვა. შემრცხვა და მეტი ვერაფერი. უბრალოდ აღმოვაჩინე, რომ ერთ შობა-ახალ წელს ზიზღით სავსე, უპასუხისმგებლო და ჩვეულებრივი კრიმინალივით ვხვდებოდი. ბევრი შეხვდა კიდევ ჩემნაირად. კი მრცხვენია, მაგრამ მარტო ჩემი ბრალი არ არის. ჩვენ ყველანი კრიმინალური ბავშვობიდან მოვდივართ.
 
p.s. ეს რომ დავწერე დასაკორექტირებლად ჩემს მეგობარს გავუგზავნე, თან აზრიც ვკითხე. ცოტა ხანში მომწერა: წავიკითხე, ღირს გამოქვეყნება, უბრალოდ ვერ გავიგე მონანიებაა, თუ უბრალოდ გახსენებაო.
 
რადგან ვერ გაიგო, ესე იგი, მონანიება კიდევ წინა მაქვს.