- კინო შემოდის საქართველოში - თავი I
სანდრო ჯაფარიძე
 
თარიღი: 15/01/2013
კატეგორია: სტატია

 

 - კინო შემოდის საქართველოში -
 
თავი I
 
ვასილ ამაშუკელი
 
 
@ სანდრო ჯაფარიძე
 
 
თუ როგორ გაჩნდა ქვეყანაზე კინო ამაზე ორიოდ სიტყვით წინა სტატიებში მოვყევი. ახლა კი რაღა სულ ევროპას და ამერიკას ჩამოვეკიდოთ კისერზე, როცა ჩვენ თვითონ დიდი კინემატოგრაფისტები გვყავდნენ... მოკლედ ეს ამბავი ასე დაიწყო...
 
1896 წლის ნოემბერი იყო როცა ძველ და ყველასთვის კარგად ნაცნობ გაზეთ "ცნობის ფურცელის" გვერდზე განცხადება გამოჩნდა, - ,,დღეს 16 ნოემბერს აჩვენებენ განთქმულს მთელს ევროპაში კინემატოგრაფს, - ცხოველი ფოტოგრაფიული სურათები ლუმიერისა. დასაწყისი 8 საათზედ. ადგილების ფასი ძლიერ დაკლებულია!"
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
სამწუხაროდ უცნობია თუ ვისი ინიციატივით მოხდა ეს, მაგრამ მთავარია რომ მოხდა, რამაც გამოიწვია საქართველოში ბევრი კომერსანტის ჩამოსვლა. ჩვენებები ეწყობოდა ცირკში და სათავადაზნაურო თეატრში. ეს ამბავი ქართველ მაყურებელს ისე ახარებდა, რომ მარტო ცირკი და სათავადაზნაურო თეატრით შორს ვერ წავიდოდნენ და 1904 წელს თბილისში გაიხსნა ბევრი პატარა კინოთეატრი, - "ურანი", "მულენ-ელექტრიკი", "ილუზიონი" (ახლანდელ რუსთაველზე) და სხვანი. ამ კინოთეატრებში აჩვენებდნენ უცხოურს და უმეტესად ფრანგულ ფილმებს. კინოთეატრები იყო როგორც დახურული, ასევე ღიაც (open air) ანუ. სწორედ ეს open air კინო აშენდა 1905 წელს მუშტაიდში, რომელსაც საზაფხულო ილუზიონი დაერქვა.
 
უცხოეთიდან ჩამოტანილი ფილმების გარდა, კინოთეატრებში უშვებდნენ ასევე საქართველოშივე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებსაც, რომლებიც ჟანრებათაც კი შეიძლება დაიყოს, - adventure - ,,მეფისნაცვლის ცხოვრება,, ; exotic - ,,ქეიფი ორთაჭალის ბაღში,, ; action - ,,კინტოების მუშტიკრივი,, - ასევე უჩვენებდნენ ბუნების თვალწარმტაც პეიზაჟებს, სხვადასხვა ცერემონიალებს, ზღაპრებს ფერიებზე, ფანტასტიკურ მოგზაურობებს, სასაცილო და დრამატულ მოვლენებს და ასევე ეთმობოდა მცირეოდენი დრო სპორტულ სიახლეებსაც. კინოინდუსტრია ბიბინებდა, მაგრამ აქ არსებობდა ერთი პატარა რაღაც, ეს ყველაფერი ხომ უხმოდ იყო ნაჩვენები და ამიტომაც კინოს ხმის მღაღადებლად იქვე ისხდნენ პიანისტები და გამოსახულების მიხედვით უკრავდნენ. მათ ტაპიორები ერქვათ. ამ ფილმებს ასევე უკეთდებოდა ტიტრებიც, რასაც თავისი დატვირთვაც ჰქონდა. მაგალითად სულ თავიდან წერდნენ მხოლოდ ფილმის სათაურს, შემდეგ კომპანიის სახელს, ლოგოს, დიალოგებს და ბოლოს დაიწყეს გადამღები ჯგუფისა და მსახიობების სახელების ჩამოწერა. ამ ყველაფერს კი უჩვენებდნენ ერთი მშვენიერი პროექტორიდან, რომელსაც ხელით ატრიალებდნენ. (იმაზე მერე, ცალკე დავწერ ამ ხელით ტრიალის დროს რამდენი ვაი უშველებელი ყოფილა :)) )
 
გადიოდა დრო და ამ საქმით უამრავი ადამიანი ინტერესდებოდა და შენდებოდა ახალი და ახალი კინოთეატრები, მაგალითად 1907 წელს ,,სინემა დისკი,, და ,,აპოლო,, რომელიც ახლა ესე უბედურად დგას აღმაშენებლის ლამაზ გამზირზე.
 
 
ამ პერიოდისთვის უამრავი ადამიანი ენთუზიასტი არსებობდა, რომლებმაც თავიანთი მოკრძალებული, დამოუკიდებელი და დაუღალავი შრომით უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული კინოს აღმოცენებაში. ასეთი იყო ვასილ ამაშუკელი.
 
 
იგი 1886 წელს ქუთაისში დაიბადა. ხატვის სიყვარულის გამო სწავლობდა სამხატვრო სკოლაში. 1900 წელს სწავლის გაგრძელების მიზნით წავიდა მოსკოვში, სადაც ის კინემატოგრაფიით დაინტერესდა და ერთ-ერთი კინოთეატრის მექანიკოსის შეგირდად დადგა. საპროექციოდან ფილმის გაშვების მთელი სისტემა რომ ისწავლა, ახლა უფრო მეტის სურვილი გაუჩნდა და მივიდა ფრანგული კომპანია ,,გომონის,, ფილიალში, რომელიც იმ დროს მოსკოვში არსებობდა და იქ ისწავლა გადაღების ოსტატობაც. 1908 წლიდან ვასილ ამაშუკელმა დაიწყო პატარ-პატარა სიუჟეტების გადაღება. პირველი იყო ,,ხალხის სეირნობა ზღვის სანაპიროზე,, რომლის სანახავად უამრავი ადამიანი მივიდა, რადგან ყველას სურდა თავისი თავი, ან ახლობელი ენახა. ამის შემდეგ კი მიაყოლა და მიაყოლა, მაგალითად ,,მუშაობა ნავთის ჭაბურღილებთან (120მ),, ; ,,შეჯიბრება ცურვაში (200მ - თითქმის 10 წუთი),, ; ,,ბაქოს ბაზრის ტიპები (70მ),, ; ,,ექსკურსია ბაგრატის ტაძრის ნანგრევებთან,,. აქედან რომ ვიმსჯელოდ ქართულის კინოს ათვლის წერტილად სწორედ 1908 წელი ითვლება. სიუჟეტების გადაღებასთან ერთად ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა ხანძრისას დამწვარ კინოთეატრ რადიუმის აღდგენაში. ეს იყო კინოთეატრი, რომლის კინოდარბაზი 450 კაცამდე იტევდა და ამ დარბაზში არა ერთი ტაპიორი, არამედ მთელი ორკესტრი უკეთებდა აკომპანიმენტს. გარდა ამ სიკეთისა, მოხდა კიდევ ერთი რამ, რაც ჩემი აზრით ამ კაცმა დიდი გმირობა ჩაიდინა. 1912 წელს მოეწყო აკაკი წერეთლის 12 დღიანი მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში, ვასილ ამაშუკელმა კი მოახერხა ამ მოგზაურობის ორგანიზატორებთან დაკავშირება, ჩაეწერა როგორც ჯგუფის წევრი, წაჰყვა მათ და ეს ყველაფერი გადაიღო. ამბობენ, რომ მას იმდენი ფირი ჰქონდა წაღებული, რომ ეგონა ცოტა მაინც დარჩებოდაო, მაგრამ მისი თქმით, იქ იმდენი საინტერესო რამ ხდებოდა, რომ ფირი კი არ დარჩა, დააკლდა და ახალი პარტია გამოაგზავნინა ქუთაისიდან.
 
საბოლოო ჯამში მან 1600-ზე მეტრი ფირი დახარჯა. თბილისში რომ ჩამოვიდა, მასალა ლაბორატორიაში გასამჟღავნებლად მომავალ ცნობილ და დიდ ოპერატორს ალექსანდრე დიღმელოვს დაუტოვა. ფირის გამჟღავნების შემდეგ ვასილ ამაშუკელმა მასალა თვითონვე დაამონტაჟა და შექმნა 1200 მეტრიანი პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, - ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე 1912 წელს - ანუ შემოკლებით ,,აკაკის მოგზაურობა,, რომლის პრემიერა შედგა კინოთეატრ რადიუმში და ჩვენებას თვით აკაკიც ესწრებოდა. ეს იყო გენიალური ფილმი, რომლის გენიალურობის მტკიცებულება არის ის, რომ ეს ფილმი არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში და ბოლოს ჩინეთშიც კი უჩვენეს.
 

 

1912 წლის 17 ივლისს აკაკის გასაცილებლად რაჭველთა მიერ გამართული ნადიმი თბილისში, ვერაზე ედემის ბაღში

1912 წლის 21 ივლისი, ქუთაისი, დილის 7 საათი, აკაკი სასტუმრო გრანდოტელის წინ. აკაკი რაჭისკენ მიემგზავრება

1912 წლის 23 ივლისი, შეხვედრა აკაკისთან ერისთავიანთ სასახლის აივანზე, სოფ. წესი
 

1912 წლის 24 ივლისი, სოფ. ნიკორწმინდა, დავით კანდელაკის სახლში ანგელოზებად ჩაცმული ქალიშვილები ნანას უმღერიან მგოსანს

1912 წლის 30 ივლისი აკაკი სოფ. ხვანჭკარაში დიმიტრი ყიფიანის მარანში

 

სოსიკო მერკვილაძე აკაკისთან ერთად დ. ლაილაშში, 1912 წლის 31 ივლისს

 
დროთა განმავლობაში სამწუხაროდ ეს ფირები უგზო უკვლოდ გაუჩინარდა და დიდი ხნის მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა. ფილმის პატარა ნაწილი საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში ინახებოდა, დანარჩენ ნაწილს კი კინომცოდნე კარლო გოგოძემ დამოუკიდებლად მიაკვლია და თავისივე ინიციატივით 1954 წელს ფილმის ეს ნაწილები აღადგენინა. დღეს ეს ფილმი არასრულია, მაგრამ საბედნიეროდ კვლავ არსებობს, 1200 მეტრიდან სულ რაღაც 550 მეტრია დარჩენილი. გამოჩენილი ფრანგი კინოისტორიკოსი ჟორჟ სადული წერდა, რომ რამდენადაც ვიცი 1912 წლამდე არც ერთ ქვეყანაში არც ერთი ცნობილი მოღვაწისთვის არ მიუძღვნიათ სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი და თან ასეთი დიდი მეტრაჟითო...