დოის ეიფორია „(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარში“
ლაშა ჩხარტიშვილი
 
თარიღი: 16/01/2013
კატეგორია: კრიტიკა

 

 

 

დოის ეიფორია „(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარში“

 

 

@ ლაშა ჩხარტიშვილი

 

 

იმედია ფამილარობაში არ ჩამეთვლება ჩემი პოსტის სათაური და არც ჩემი შთაბეჭდილება-შეფასებებიც მუსიკისა და დრამის თეატრის ახალ სპექტაკლზე შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, რომელიც ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა დადგა. ზედაპირულობა ჩემს მოსაზრებებში კი განპირობებულია თავად სპექტაკლით, რომელშიც იმდენად უხვად გვხვდება რეჟისორულ-აქტიორული ფანტაზიის შედეგი, რომ ერთი ნახვით მისი ღრმა ანალიზი წარმოუდგენელი და შეუძლებელია, თანაც ვითვალისწინებ რა, ჩვენს რეალურ ყოფასა და ეპოქას, შესაბამისად მკითხველის ფართო სპექტრსა და დროს, თავს ავარიდებ სპექტაკლის ტრადიციულ რეცენზირებას, მგონი არც ამ სპექტაკლს მოუხდება ზემოთ ნახსენები სტილი, რადგან სპექტაკლი ერთი შეხედვით შექსპირული ინტერპრეტაციების სტანდარტულობას სცილდება და მთლიანად ემიჯნება შექსპირის სიყვარულით გამთბარი კომედიის თეატრალური ინტერპრეტაციის ისტორიასა და ტრადიციას, როგორც გამომსახველობითი საშუალებებითა და ხერხებით, ისე კომედიური ტექსტის გააზრებით და ახლებური კონტექსტით. ბუნებრივია, ნებისმიერი განსხვავებული მიდგომა კლასიკური ტექსტისადმი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ალბათ გაჩნდება მოსაზრება (რაც არ ახალია, ძველია) - თუ კონტექსტს ცვლიდა და სხვა პრობლემაზე სურდა რეჟისორს სპექტაკლის დადგმა, რაღა შექსპირის ტექსტი გამოიყენა ამისთვისო (მით უმეტეს, როცა მეორე მოქმედებაში იცვლება პიესის ჟანრი, განწყობა, დამოკიდებულება პერსონაჟთა შორის), მაგრამ რეჟისორი სპექტაკლით ცალსახად გვპასუხობს, რომ ის ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ ორიგინალურ ლიტერატურულ პირველწყაროს. ვერ შეედავები, რადგან შექსპირის ტექსტი ყოველგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ყოველ შემთხვევაში, დოიმ ის შრეები აღმოაჩინა პიესაში და წინა პლანზე წამოსწია სპექტაკლში, რაც აქამდე სხვებს არ შეუმჩნევიათ. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ამ თეატრში ერთ კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი: თუ სამეფო უბნის თეატრი თანამედროვე უცხოურ დრამატურგიაზეა ორიენტირებული და ამ მხრივ მნიშვნელოვანი შემოქმედებითი პროცესები მიმდინარეობს, მუსიკისა და დრამის თეატრში კლასიკურ დრამატურგიაზე დაყრდნობით ახორციელებს თეატრალურ ექსპერიმენტებს (შექსპირის  „მაკბეტი“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „რომეო და ჯულიეტა“, სოფოკლეს „ანტიგონე“). ძიებები შექსპირის თეატრალურ სამყაროში კი უნებურად ავითარებს და წინ სწევს თეატრალურ პროცესს, გამოცდილებას სძენს რეჟისორს და ზრდის მსახიობს.

 

 

„მუსკომედიის“ ახალი სპექტაკლი ამის ნათელი მაგალითია. რეჟისორი ახალი სპექტაკლით გაცილებით დახვეწილი და ჩამოყალიბებული სათქმელით (უფრო სწორად სატკივარით) წარსდგა  მაყურებლის წინაშე, დაგვანახა შექსპირის კომედიის აქამდე შეუმჩნეველი შრეები და სპექტაკლში ვიხილეთ გაზრდილი ახალგაზრდა პროფესიონალები. „(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი“ კიდევ ერთი ფაქტორის გამო შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი თანამედროვე ქართულ თეატრში. ის საუკეთესო მაგალითია მულტიმედიური ხერხების ორიგინალურად „ათვისებისა“. დღეს ეს ხერხი არავის უკვრის, საუკუნის წინ პისკატორის, ქართულ თეატრში კი მარჯანიშვილის მიერ „მიგნებული“ ხერხი, საკმაოდ პოპულარული (სამწუხაროდ მოდურიც, ისე როგორც კვამლი) გახდა ქართულ თეატრში, თუმცა დოიაშვილის სპექტაკლებში კინო-ტელე ხერხს (მგრძნობიარე და ქმედით ეკრანს) ყოველთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. როგორც ჭოლა არ ასრულებს თოჯინისა და ცოცხალი მსახიობის სცენაზე ურთიერთქმედების ძიების პროცესს, ისე დოიც აგრძელებს მულტიმედიური გამომსახველობითი საშუალებებში „აღმოჩენებს“. მის ბოლო ნამუშევარში კი ამ ძიებებმა გარკვეულ სიმაღლეს მიაღწია, როგორც კონცეფტუალური, ისე ტექნიკური თვალსაზრისით.  სტუდია „ზებრას“ ვიდეოპროექცია, სტუდია „ოპიოს“ ანიმაციური ვიდეო, ია ნადირაშვილის განათების მხატვრობა რეჟისორის მიერვე გადაწყვეტილი სცენოგრაფიული სივრცე სრულ ჰარმონიულობაშია ერთმანეთთან. ეს ვიდეოინჟინერის მამუკა გაბინაშვილის დამსახურებაცაა.

 

 

დოიაშვილის ახალ სპექტაკლში მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობთა დიდი ნაწილი ახალ ამპლუაში წარსდგენ მაყურებელთა წინაშე, რომელიც ნამდვილი სიურპრიზი იყო თეატრალური მაყურებლისთვის. წლების წინ დავით დოიაშვილის დაწყებულმა ექსპერიმენტებმა ახალგაზრდა მსახიობებთან უკვე სასურველი შედეგი გამოიღო, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ სპექტაკლში მიღწეულია ანსაბლურობა. 

 

კახა კინწურაშვილს (თეზევსი, ობერონი), ბუბა გოგორიშვილს (იპოლიტა, ტიტანია), ანა წერეთელს (ჰერმია), ლევან კახელს (ლისანდრე), გიგი ქარსელაძეს (დემეტრიუსი) ბევრი უმუშავიათ საკუთარი გმირების დახატვისთვის, რამაც სასურველი შედეგი გამოიღო კიდეც, მაგრამ სპექტაკლში გამორჩეული აქტიორული ნამუშევარი ამჯერად ანკა ალექსიშვილს, არჩილ სოლორაშვილს და დავით ბეშიტაშვილს ეკუთვნით. მაყურებელი მათ ყოველთვის თვლიდა ნიჭიერ და გამორჩეულ მსახიობებად, მაგრამ აქ განსაკუთრებულად გამოჩნდა მათი შემოქმედებითი პოტენციალი და დადასტურდა ფანტაზიისა და პროფესიონალიზმის მასშტაბი, თუ არ ვცდები, ასეთი სრულყოფილი მხატვრული სახეები მათ აქამდე არ შეუქმნიათ, სადაც ერთდროულად გამოჩნდებოდა პროფესიული კომპონენტების ჰარმონიულობა და ერთიანობა. ვიცით ანკა ალექსიშვილის შესაძლებლობები პლასტიკაში (კოტე ფურცელაძის „კარმენით“), მაგრამ ახალ სპექტაკლში გამოჩნდა ალექსიშვილის მოაზროვნეობაც, ისე როგორც არჩილ სოლორაშვილის შემთხვევაში-ერთ როლში მრავალპლაიანობა. მისი პაკი აქამდე შექმნილი პაკებისაგან რადიკალურად განსხვავდება, მას ვეჭვობ სქესიც არ აქვს, სამაგიეროდ იუმორის გრძნობა და ცბიერისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევები უხვად აქვს. დავით ბეშიტაშვილი გამომსახველობითი ხერხების გამოყენებისას არასდროს ახდენს მის საგანგებო პრეზენტირებას და არ მიმიართავს მის მასშტაბში ტირაჟირებას. ამ შეზღუდულ გამომსახველობით საშუალებებშიც კი სპექტაკლში იხატება მამის-ეგეოსის ტრაგიკული ბუნება. აქამდე გმირის ასეთი გადაწყვეტა (განდეგილი და განსხვავებული საზოგადოების სხვა წევრებისაგან) არც ერთ მსახიობს (ბუნებრივია რეჟისორთან ერთად) არ შემოუთავაზებია.

 

 

სპექტაკლის მხიარული ნაწილის მნიშვნელოვანი შემოქმედნი მახიობები ტატო ჩახუნაშვილი (კომშა), ბადრი ბეგალიშვილი (კოჭა), ალეკო ბეგალიშვილი (სტვირა), ნატა ბერეჟიანი (კოხტაპრუწა), გიორგი ტორიაშვილი (კნაჭა), გიორგი ბახუტაშვილი (დრუნჩა) არიან. მსახიობთა ეს გუნდი კარგად ხატავს თეატრის კულისებს, მის მნიშვნელობას, აუცილებლობას და იმ ყოფას, რომელშიც შექსპირის პერსონაჟები ცხოვრობენ, მათ შორის ჩვენც.

 

საკმაოდ ექსტრავაგანდულად გამოიყურება ანანო მოსიძის კოსტიუმები, რომელიც სამი ფერის-თეთრის, შავისა და რუხი ყავისფერის გრადაციას წარმოადგენს. სტილიზებული, ასიმეტრიულად აჭრილი, ავანგარდული მანერით შექმნილი კოსტიუმები კიდევ უფრო გლობალურს ხდის მოქმედების დროს და პერსონაჟთა ხასიათს. მოქმედ პირთა დიდი ნაწილი მაინც ერთფეროვან მასად აღიქმება, მიუხედავად განსახვავებული ფორმისა. კონსტანტინე ფურცელაძის ქორეოგრაფიული პარტიტურა კი დახვეწილ სანახაობასთან ერთად პარალელურ არავერბაურ სიუჟეტს ქმნის.

 

 

დოის ახალ სპექტაკლში დარღვეულია დროის კანონზომიერება, რითაც მან პრობლემის მარადიულობას გაუსვა ხაზი. სპექტაკლში გამოიკვეთა პერსონაჟთა აფორიაქებული ბუნება, გრძნობების ერთმანეთში აღრევა, რაც აჩენს ასოციაციას ჩვენს თანამედროვეობაში  განვითარებული მოვლენების შედეგად ჩამოყალიბებულ გაურკვევლობაზე. ერთი შეხედვით „ლაით“ კომედიას რეჟისორმა ტრაგიკული მოტივი გამოუძებნა, რაც ეგეოსის დავით ბეშიტაშვილის პერსონაჟით გამოიკვეთა. ეგეოსი ერთადერთია, რომელიც კანონის ერთგული რჩება და მისი ტრაგიკულობაც სწორედ ამ ერთგულებაშია.  

 

სპექტაკლი შექსპირის ყველაზე პოპულარული, 66-ე სონეტის - „ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა...“ ერთ-ერთი ტაეპით იწყება. ასეთი დასაწყისი კომედიისთვის უჩვეულოდ მომეჩვენა, მაგრამ როცა სპექტაკლის მეორე მოქმედების მეორე ნაწილის მსვლელობას ვადევნებდი თვალს, სასოწარკვეთილი და გაურკვევლობაში მყოფი გმირების შემყურე, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. მით უმეტეს, როცა რეზიუმეს სახით კანონის მონა (ყველაზე კარგი გაგებით) ეგეოსი -დავით ბეშიტაშვილი, ათენის კანონებით ხელში, საფინალო მონოლოგს - 66-ე სონეტს ბოლომდე კითხულობს. ვფიქრობ, ეს პასაჟი რეჟისორის ერთ-ერთი საუკეთესო მიგნებაა სპექტაკლში, რომელიც ნათელს ჰფენს სპექტაკლის პათოსს და მის ეიფორიული ბუნების მოტივაციას. ჩვენ კი, კვლავაც ეიფორიულ სოციუმში ვარსებობთ და როდის დავშოშმინდებით, მგონი, თვით პაკმაც არ უწყისს.