ყველას ეცოდება ნაპოლეონი
ალექს ჩიღვინაძე
 
თარიღი: 17/01/2013
კატეგორია: თარგმანი

 

 

 

@ ალექს ჩიღვინაძე

 

 

ყველას ეცოდება ნაპოლეონი

 

 

უკიდეგანო კოსმოსში დაფრინავს ასტეროდი, სახელად - მიროსლავ ჰოლუბი. ამ სახელის პატრონი თუ პირიქით ადამიანი, ვისაც ეს სახელი დაეპატრონა, გახლდათ ჩეხი პოეტი და მეცნიერი - იმუნოლოგი. თხუმეტიოე წლის წინ გარდაიცვალა. არავინ იცის იმუნოლოგი უკეთესი იყო ის თუ პოეტი.  ფაქტი ერთია, რომ მეცნიერება და პოეზია ერთი მონეტის ორი მხარე იყო ყოველთვის. და თუ ასე არა, მაშინ მონეტა იყო ყალბი.

 

 

 

ნაპოლეონი

 

ბავშვებო, როდის დაიბადა

ნაპოლეონ ბონაპარტი,

კითხულობს მასწავლებელი.

 

ათასი წლის წინ, ამბობენ ბავშვები.

ასი წლის წინ, ამბობენ ბავშვები.

შარშან, ამბობენ ბავშვები.

არავინ იცის.

 

ბავშვებო, რა გააკეთა

ნაპოლეონ ბონაპარტმა,

კითხულობს მასწავლებელი.

 

ომი მოიგო, ამბობენ ბავშვები.

ომი წააგო, ამბობენ ბავშვები.

არავინ იცის.

 

ჩვენს ყასაბს ძაღლი ჰყავდა

და ნაპოლეონი ერქვა,

ამბობს ფრანტისეკი.

ყასაბი ცემდა მას

და ძაღლი შიმშილისგან მოკვდა

ერთი წლის წინ.

 

და ყველა ბავშვს

ეცოდება ნაპოლეონი.

 

 

 

ოდა სიხარულს

 

მხოლოდ მაშინ გიყვარს

როცა გიყვარს ამაოდ.

 

სცადე კიდევ ერთი რადიო ზონდი

როცა ათმა მარცხი განიცადა,

აიყვანე ორასი კურდღელი

ასის სიკვდილის შემდეგ -

მხოლოდ ეს არის მეცნიერება.

 

გაინტერესებს საიდუმლო?

მას მხოლოდ ერთი სახელი აქვს:

კვლავ.

 

ქოფაკს თავისი ანარეკლით

აქვს სავსე ყბები

მე შენ მიყვარხარ

როცა მთვარესაც ლურსმანივით აჭედებენ.

 

როგორც კარიატიდებს

ჩვენს მაღლა აღმართულ მკლავებში

გრანიტის ტვირთი გვიპყრია

 

და დამარცხებულები

ყოველთვის გავიმარჯვებთ.

 

 

 

ფრთები

 

ვეშაპის

მიკროსკოპული ანატომირება -

გარანტიას

აძლევს

ადამიანს.

 

უილიამ კარლოს უილიამსი

 

 

ჩვენ გვაქვს

სამყაროს რუკა

მიკრობებისთვის

და გვაქვს მიკრობის რუკა

სამყაროსთვის.

 

ჩვენ გვაქვს

ჭადრაკის გროსმაისტერი

აწყობილი ელექტროდებით.

 

მაგრამ უწინარეს ყოვლისა,

ჩვენ გვაქვს უნარი

დავახარისხოთ მუხუდო.

წყლიანი ფინჯნით ხელში

რამდენიმე საათში

მოვძებნოთ

სწორი ხრახნი

სავარძლის ქვეშ.

 

ეს გვაფრთიანებს.

 

 

 

სიცარიელეში ნახტომის ანატომია

 

 

A. ზევით მიმავალი

ლიფტის გამოყენება

ნებადართულია, თუ

 

B. ქვევით მიმავალი

ლიფტის გამოყენება

არ არის ნებადართული, თუ

 

C.ზევით მიმავალი

ლიფტის გამოყენება არის

 

D. ქვევით მიმავალი

ლიფტის გამოყენება არის

 

E. გამოყენება მაღლა

მიმავალი ლიფტისა

 

F. გამოყენება დაბლა

მიმავალი ლიფტისა

 

G. ლიფტის გამოყენება

 

H. არის არ არის

 

I. გამოყენება

 

J. გ-

 

 

 

 

სამყაროს დასასრული

 

ჩიტი თავისი გალობის დასასრულს რომ მიუახლოვდა

ხე ბრჭყალებს შორის შემოეშალა

 

ცაზე ღრუბლების ორომტრიალი

სიბნელე მოჟონავდა

პეიზაჟის ჩაძირული ხომალდის ნაპრალებიდან.

 

მხოლოდ ტელეგრაფი გადმოსცემდა

ისევ შეტყობინებას:

 

დ-ა-ბ-რ-უ-ნ-დ-ი. ს-ა-ხ-ლ-შ-ი.

ბ-ი-ჭ-ი. შ-ე-გ-ე-ძ-ი-ნ-ა-.