მუტანტური ქრონიკები # 2 - ზურა ჯიშკარიანი
ერეკლე დეისაძე
 
თარიღი: 18/01/2013
კატეგორია: სტატია

 

 

@ ერეკლე დეისაძე

 

 

მუტანტური ქრონიკები # 2  - ზურა ჯიშკარიანი

 

 

 

ბავშვობაში კოსმოსში გაფრენაზე ოცნებობდა, მაგრამ კოსმონავტის ნაცვლად ჯანქი გახდა. დიდი შანსია, რომ ბაღში კიმონოთი დადიოდა, რომელიც ბაღის მენიუთი იყო დასვრილი. ზურა ჯიშკარიანი (იგივე ზომბი) პირველად გადაცემა ,,კედელში'' გავიცანი. მისი პოეზია კი literatura.ge-ზე. როგორც სელინჯერი წერს, ტექსტი ისეთი უნდა იყოს, რომ ჩაათავებ, სურვილი გაგიჩნდეს მისი დამწერი შენი გადაბმული ძმაკაცი იყოს და როცა მოგინდება დაურეკავ, თუნდაც შუა ღამით და შენს გემოზე დაებაზრები. მეც მსგავსი სურვილი გამიჩნდა, როცა მისი ლექსები წავიკითხე. მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდი და არ ვიცნობდი. რა დასამალია და რაღაც პერიოდი ვბაძავდი კიდეც. საუბრის მანერით, ვარცხნილობით და რაღა თქმა უნდა, ლექსებით, რომლებიც მთლად კარგი არ იყო, მაგრამ რამდენიმე იმდროინდელმა მეგობარმა დაიჯერა, რომ პოეტი ვარ. მერე მის პირველ მუსიკალურ პროექტს ,,ევა''-ს მოვუსმინე და მივხვდი, რომ როგორც არტისტი იმდენად მიყვარდა, რომ ეს სიყვარული სიძულვილშიც გადამდიოდა ხოლმე.

 

,,თბილისში რომ ჩამოვედი, ერთმანეთს ბროსეს ბაღში შევხვდით.'' (აქ მახვილგონიერ მკითხველს წესით უნდა გაეღიმოს, რადგან ,,ერთმანეთს ბროსეს ბაღში შევხვდით'' საეჭვოდ რომანტიულად ჟღერს).

 

ხელში სათამაშო პისტოლეტი ეჭირა და ძალიან თავაზიანი ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ამ თავაზიანობით რაღაც მხრივ ბარიერს გიქმნიდა, რომ თავი უხერხულად გეგრძნო და კონტაქტში ბოლომდე არ შესულიყავი, მაგრამ ეს არ იყო უკანასკნელი შეხვედრა. როცა დავმეგობრდით თავიდან უფრო რთული ასატანი ჩანდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს აუტანლობა უფრო მიმზიდველი გახდა.

 

მისი ახლანდელი მუსიკალური პროექტი kung fu junkie ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბენდია. ზურა წითელ ლიფში, ბოროტი ცდუნება უფროა, ვიდრე პერფორმანსი. ყოველი მათი კონცერტი შთამბეჭდავი და სასიამოვნოა. მნიშვნელობა არა აქვს საუნდს და აპარატურის ხარისხს, kung fu junkie ნებისმიერ სივრცეში ახერხებს საკუთარი თავის შენარჩუნებას.

 

მინდა მათი ერთ-ერთი ლაივი გავიხსენო ბათუმში. სადაც ორდღიანი ფესტივალის ფარგლებში kung fu junkie-ც მონაწილეობდა, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა გაუმართავმა ტექნიკამ გრინჩი (ჯგუფის ერთ-ერთი წევრი) წყობიდან გამოიყვანა.

 

მე ვნახე როგორ ესროლა მან მიკროფონი საუნდ-ინჟინერს, რომელიც მთვრალი იყო და ,,საუნდჩეკზე'' ეძინა. მიკროფონის სროლას მსმენელთა ოვაციები მოჰყვა. საუნდიჟინერის მხრიდან კი ,,აბაროტის'' აღების სურვილი. სცენაზე ჩოჩქოლი დაიწყო... სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი შეგროვდა. საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. როგორღაც სცენიდან სანაპიროზე აღმოვჩდით, დაახლოებით ოცდაათამდე ვიყავით, მეგობრებმა დალევა გადავწყვიტეთ. იმ პერიოდში ჩემი ავადსახსენებელი ,,საიდუმლო სირობის'' გამო მალვაში ვიმყოფებოდი და აგრესიული ფუნდამენტალისტების სასიკვდილო მუქარებს, ბათუმში ვემალებოდი. მახსოვს, წყლის საყიდლად მე და ზომბი და ვიღაც უცნობი გოგონა ბულვარში გამოვედით. უკან რომ ვბრუნდებოდით, ოდნავშებინდებულ ჩხიში მოვხვდით, ამ დროს უკნიდან ვიღაცამ ხელი დამარტყა, მივიხედე და მეორეც მომხვდა. მეორე დარტყმა უფრო სასიამოვნო აღმოჩდა, ვიდრე პირველი. ჩხუბში ზომბიც ჩაერთო და ამ ტიპს სახეში მთელი ძალით დაარტყა. ისინი ორნი იყვნენ, მაგრამ ფიზიკურად ჩვენზე ბევრად დიდები და დაკუნთულები. მე დავინახე ერთი დარტყმით წაქცეული ზომბი. ცხვირიდან ორივეს სისხლი მოგვდიოდა. ჩვენი თანმხლები გოგონა შოკისგან გაურკვეველ ფრაზებს ისროდა. ისინი კი აღარსად ჩანდნენ.

 

ზომბი ამბობდა, მგონი ცხვირი მაქვს გატეხილიო. როგორც დეტექტიურ ფილმებშია ხოლმე, მეგობრები შემთხვევის ადგილზე დაგვიანებული პოლიციელებივით მოვიდნენ. ერთ-ერთი იქაური მეგობარი გვეუბნება,   -  - თუ პოლიციის ჩარევა არ გინდათ, წამომყევით ჩემს მეგობარ ექიმთან მივიდეთო.

 

ექიმის აუცილებლობა იმის დასადგენად გვჭირდებოდა, ჰქონდა თუ არა ზომბს ცხვირი გატეხილი. რა თქმა უნდა, მეგობრის წინადადებას გაუპროტესტებლად დავთანხმდით და ჩვენ აღმოვჩნდით კაფეში, სადაც ,,ექიმი'' ოფიციანტად მუშაობდა. სიტუაცია ცოტა გვეუცნაურა, მაგრამ არაფერი შევიმჩნიეთ. როცა დაგვინახა, ყინულით სავსე პარკები გამოიტანა და დეტალებით დაინტერესდა, ჩვენი წარმოდგენით მას რაიმე დანადგარი უნდა ჰქონოდა, რისი მეშვეობითაც ზომბის ცხვირის ამბავს გავარკვევდით. მაგრამ მსგავსი არაფერი გვინახავს. საბოლოოდ კი გაირკვა, რომ ის ექიმი გოგონა ფსიქოლოგი იყო.

 

ამ ამბავს მე და ზომბი ხშირად ვიხსენებთ. ის ამბობს, რომ ცხოვრებაში ორჯერ იჩხუბა და ორივეჯერ ჩემთან ერთად. მეორე შემთხვევას აქ არ დავწერ, რადგან თუ ვინმეს დააინტერესებს პირადად მოვუყვები.

 

 

ეს ზურა ჯიშკარიანია, რომელიც, თავისუფლად დასაშვებია, ნებისმიერ თქვენგანს საკუთარ ოთახში, უკეთეს შემთხვევაში კი სადარბაზოში დახვდეს. და არა მარტო ამ ვიზუალით, როგორსაც მოცემულ სურათზე ხედავთ. სტუმრობის მიზეზი მარტივია, თქვენ არასოდეს არაფერი დაგიშავებიათ და სწორედ ეს არის თითოეული თქვენგანის დანაშაული, რაზეც აუცილებლად მოგიწევთ ჩემთან და ზომბისთან პასუხი აგოთ.