„სამოთხე: სიყვარული“
ლელა ჩილინგარიშვილი
 
თარიღი: 22/01/2013
კატეგორია: რეცენზია


„სამოთხე: სიყვარული“

 

ულრიხ ზაიდლის ფილმი

 

 

“Mungo, do you need money? No, not money, love!“

 

>P a r a d i s e: L o v e<

 

გუშინ კონტრასტების დღე იყო. ჯერ ჩემმა თანამშრომელმა, რომელსაც ტიპიური ჰომოფობიური აზრები აქვს და თან მიშელ ფუკოზე სადოქტორო დაიცვა – მირჩია ფილმი, მსუქან ევროპელ სექსტურისტ ქალებზე, რომლებიც კენიაში ეძებენ თავიანთ სიყვარულს, სექსუალური ფანტაზიების რეალიზებას და რადგან ფუკოზე ვლაპარაკობდით, თავიანთი ძალაუფლების დემონსტრირებას – სექსუალური აქტის ყიდვის და განხორციელების პროცესში.

 

ამის ფონზე, კონტრასტი არა, მაგრამ განსხვავებული კიდევ ისაა, რომ მე მომინდა დავწერო სტატია, რომელიც ქართული საზოგადოების კრიტიკას არ შეიცავს, უფრო დასავლეთ ევროპული საზოგადოების. დღევანდელი თემა ულრიხ ზაიდლის (Ulrich Seidl)  ფილმს „სამოთხე: სიყვარულს“ ეხება, რომელიც 2012 წელს კანის კინოფესტივალზე იყო წარდგენილი და რომელიც განსაკუთრებით გერმანიისთვის და ავსტრიისთვის ბევრ საფუძვლიანად განსახილველ საკითხს ფილმის პულსირებულ ადგილებად აქცევს.

 

დავიწყოთ იქედან, რომ ფილმი ზაიდლის ტრილოგიის პირველი ნაწილია. ტრილოგია ერთი ოჯახის სამ ქალზე, კონკრეტულად კი მათ ისტორიებზეა, რომლებიც ამ ქალებს შვებულების დროს გადახდათ. გუშინდელი ფილმი „სამოთხე: სიყვარული“ ამ ტრილოგიის პირველი ნაწილია. თუმცა მაყურებელი დასაწყისშივე ეცნობა სამივე ფილმის გმირ ქალს, სექსტურისტ დედას (ტერეზას), მის კათოლიკე მისიონერ დას (ანა–მარიას) და 13 წლის ზედმეტწონიან თინეიჯერ ქალიშვილს (მელანის). ტრილოგიის დანარჩენი ორი ნაწილი, რომელშიც ანა–მარია – „სამოთხე: რწმენაზე“ და მელანი – „სამოთხე: იმედზე“ ოცნებობენ, ჯერჯერობით კინოში არ გასულა. თუმცა პირველი ნაწილიდან „სამოთხე: სიყვარულიდან“ უკვე იწყება ძაფი, რომელიც ამ ტრილოგიის მთავარ ნასკვს კრავს და ხსნის, ხსნის და კრავს...

 

 

ცენტრალური თემა ტრილოგიის პირველი ნაწილისთვის არის ევროპელი ქალი, რომელიც უბედურია, მიუხედავად მისი რაციონალურად და გაწონასწორებულად დაგეგმარებული ბინის, შვებულების, სამსახურის და სოციალურად სამოქმედო არეალისა. მას აკლია სიყვარული, კონკრეტულად შეგრძნება იმისა, რომ ის არის სასურველი ქალი და ემოციური არსება. მიუხედავად მისი ასაკის, ნაოჭების, წონის და (თუ ჩვენ მის აღწერაში ულრიხ ზაიდლივით უტიფრები ვიქნებით) ჩამოწელილი მკერდის და მუცლის, ტერეზას აუცილებლად უნდა, რომ მამაკაცმა მას თვალებში ჩახედოს და არა სხეულზე. მას უნდა რომ ნაზად და სიყვარულით ეფერებოდნენ და კოცნიდნენ. მისი სურვილი კი აუსრულებელ პრეტენზიად რჩება იმ სამყაროში, სადაც მამაკაცებსაც თავიანთი და თანაც საზოგადოებისგან კარგად მიღებული და აპრობირებული პრეტენზიები აქვთ: მამრებისთვის, ხშირად მისივე ასაკის მიუხედავად, სასურველი და სექსუალურია ახალგაზრდა ქალი, და სულ უკეთესი იქნება თუ მისი ზომები 90/60/90-ია. თუმცა გერმანიაზე და ავსტრიაზე ამ ნორმებს ბოლომდე ვერაფრით ვერ გამოვიყენებთ იმიტომ, რომ ევროპელ კაცს პირველ რიგში აინტერესებს რას და როგორ ფიქრობს და აკეთებს მისთვის სასურველი ქალი. და ეს ქალი, რომელიც „სწორად“  ფიქრობს და იქცევა, მაინც უბედურია. რა გააკეთოს ამ დროს ევროპელმა ქალმა, რომელიც ფინანსურად და რაციონალურად მამაკაცის გვერდით ამაყად დგას და იმასაც აღარ იმჩნევს, რომ იგნორირებულია მისი ნაზი, ქალური საწყისი და რომ ის უზომოდ უბედურია საწოლში, სქესების თანასწორობის ძლივს მოპოვებული ჰარმონიის მიუხედავად. ჩემი გერმანელი ნაცნობ–მეგობრებიდან ყველა სხვა და სხვა გზას მიმართავს ამ კრიზისიდან გამოსვლისთვის. ამ ფილმის გმირი ტერეზა კი კენიაში მიდის.

 

კენია

 

კენია ზაიდლის ფილმში გაშეშებული ნაპირია, სადაც კენიელები და მათი ნავები ასევე გაშეშებულები ელოდებიან თეთრკანიან ევროპელს, რომელიც გაბედავს და გადალახავს მათ შორის გაბმულ ზღვარს.

 

 

ამ მეტაფორულ და რეალურად არსებულ საზღვარს თეთრებსა და შავკანიანებს შორის კენიაში შავკანიანი პოლიციელი იცავს. ის მთელი ფილმის განმავლობაში დღე და ღამე დადის, რომ თეთრკანიანებს შავკანიანებმა არ დაუფრთხონ მშვიდი და გადახდილი ძილი მზის ქვეშ. ხოლო ვინც ამ ზღვარს გადალახავს, მას უთვალავი მომაბეზრებელი გამყიდველი ელოდება ფერადი მძივებით, ბეჭდებით,გამოთლილი ხის ფიგურებით და დამშეული თვალებით.

 

 

ამ ნაპირზე გაიცნობს ტერეზა სხვა ავსტრიელ ქალებს, რომლებიც ასევე ზურმოხტოვან პლაჟზე ეძებენ სექსს და სიყვარულს. ეძებენ რაღაც პირველყოფილს და ველურს, რაც მათ, ნორმირებული და მარტოსული ცხოვრებისგან დაღლილებს და “სასურველი ქალის“ ასაკიდან გამოსულებს ძალიან ენატრებათ. სექსტურისტი ქალები ეძებენ და პოულობენ კიდეც, სხვადასხვა ფასიან, სხვადასხვა სიდიდის, სილამაზის და ხარისხის პროდუქტს –ახალგაზრდა, ვნებიან კენიელ პარტნიორებს.  

 

დღეს კონტრასტების დღეა-თქო და ფილმმაც კონტრასტული კადრებით მიმიზიდა. ქალი და კაცი, თეთრკანიანი და შავკანიანი, მდიდარი და ღარიბი, მოხუცი და ახალგაზრდა, მყიდველი და გამყიდველი. თუმცა ორივე პრობლემა, არაპოლიტკორექტულად რომ ვთქვა, თეთრიც და შავიც პარალელურად ცუდად მიმდინარეობს.

 

კენიელები, იმისთვის რომ გამოკვებონ თავიანთი ოჯახები, მუშაობენ როგორც დროებითი სექსუალური პარტნიორები, ჰყიდიან თავიანთ სხეულს ევროპელი ქალებზე, რომლებიც თავის მხრივ მათ დისკრიმინირებას ყოველ ნაბიჯზე ცდილობენ.

 

კიდევ, საყურადღებო ისაა, რომ ამ  ფილმში სხვა ბევრ თემასთან ერთად ზაიდლი ეხება ქალურ ძალადობას, რომელიც არყევს ძალადობის და სპეციალურად სექსუალური ძალადობის მხოლოდ მამაკაცებზე მიწერის ტრადიციას. ამ ფილმში ვხედავთ რომ იმედგაცრუებული და დაუკმაყოფლებელი ქალი მამაკაცზე არანაკლებ სასტიკი და პერვერსულია.

 

მიუხედავად იმისა, რომ ფილმში სიუჟეტი, ფაქტობრივად, არ ვითარდება, ხდება ერთი და იგივე ვითარების, დიდი სასოწარკვეთილების სხვადასხვა ინეტენსივობით გამოსახვა. ანუ ერთი და იგივე სიტყვებით და ისტორიებით შემოდიან კენიელი საყვარლები ტერეზას სექსუალურ თავგადასვალში.

 

 

ყველა კენიელი Beachboy იყენებს მოკლე და კონკრეტულ წინადადებებს ამ ბანალური ისტორიების დაწყებისთვის. „კეთილი იყოს შენი ჩამოსვლა კენიაში“, „მე შენ მომეწონე“, „მე მინდა გაჩვენო შენ ჩემი გრძნობები“. და ერთი–ორი განცხრომის მერე უეცრად უბედურება ხდება მათ თავს „ჩემს ძმას (ან დას, ან დედას ან მამას და ან ყველას ერთად) სჭირდება ფული იმიტომ, რომ ავარიაში მოხვდა და საავადმყოფოშია.“ გაზეპირებული სასიყვარულო დიალოგები ძალიან სასაცილოა, თუმცა ამ ქალების პრობლემა იმენდად რთულია, რომ ისინი ჯერ დასცინიან კენიელების სიყვარულის ახსნას და მერე თითქოს უჯერებენ მათ. მეტი დამაჯერებლობისთვის ტერეზა და მისი მეგობრები კენიელ ალფონსებს სასიყვარულო სიტყვებს გერმანულად ამეორებინებიენ. მერე, როცა ფულის ძალა მათ კენიელების სექსუალურ ობიექტად აქცევთ, ქალები ბედნიერდებიან და ერთად მიდიან ბუნებაში, სადაც ნიანგების ჭამის პროცესს აღტაცებით უყურებენ. როგორც დასაწყისში ვთქვი, ფუკოსი არ იყოს, ძალაუფლების სიამოვნება სექსუალური სიამოვნების რელევანტურია, თუ საერთოდ მისი საფუძველი არა.

 

თუმცა ტერეზა და მისი დაქალები ამ ძალმომრეობით არ დაბადებულან. ეს ქალები ბევრი იმედგაცრუების მერე მაინც ეძებენ სიყვარულს და სექსს, თუმცა კენიაში ის არ არის. კენიაში უკიდურესად ლამაზი ბუნება და სიღარიბეა. პალმების ჩრდილში და ტამ-ტამებების რითმებში იზრდებიან ადგილობრივი ალფონსები, რომლებიც ფულის გამო მათზე ბევრად უფროს, არცთუ ისე მიმზიდველ ქალებთან წვებიან. კენიელებს აქვთ ველური და პირველყოფილი სილაღე, ლამაზი და ვნებისაღმძვრელი სხეულები, მაგრამ არა აქვთ გრძნობები ამ ქალებისთვის. და თუ მათ გრძობები არა აქვთ, სიყვარულ გამოცლილი სექსის დამკვეთი ევროპელი ქალი, თუნდაც კულტურული ევროპულ ტრადიციებზე გაზრდილი და ცივილიზებული – საშინლად რასისტული და პერვერსული ხდება.

 

როგორც დასაწყისში ვთქვი, ფილმი ეხება თემებს, რომლებიც განხილვის და ანალიზის საგანია იმ ევროპელებისთვის, რომლებსაც არა მარტო პირველი და მესამე ქვეყნების კოლონიალური დაქვემდებარება აინტერესებთ, არამედ ისიც თუ რატომ არ ბედნიერდებიან ქალები მხოლოდ თანაბარუფლებიან სოციალურ, პროფესიულ და პირად გარემოში. რატომ ეძებენ ისინი პირველყოფილებას და სიველურეს იმ სამყაროში, რომელსაც ამავდროულად არ ენდობიან? რატომ ეძებენ ისინი სიყვარულს იქ, სადაც ისინი საგნებს და კაცებს დეზინფიცირებას უკეთებენ? რატომ ითხოვენ ისინი “ველური შავკანიანისგან“ ნაზ და სიყვარულით სავსე “ევროპულ“ მოფერებას, როცა ისინი თავიანთ „ძვირფასებთან“ მოწყენილობისგან კვდებიან?

 

შეიძლება ამ ფილმში ნაჩვენები კონტრასტების მაგია გაუწონასწორებლობის მიმზიდველობაა ან რამე უფრო მაგარი, რაც ასეთი სოციალკრიტიკული ფილმის მერე მაინც ჩვენთან რჩება, როგორც ერთგვარი ესთეტიკა, რომელიც ბევრ საფიქრალს გვიტოვებს.

 

“Say you don't need no diamond rings
And I'll be satisfied
Tell me that you want the kind of things
That money just can't buy
I don't care too much for money
Money can't buy me love” : The Beatles

 

ლელა ჩილინგარიშვილი