- კინო შემოდის საქართველოში - თავი II
სანდრო ჯაფარიძე
 
თარიღი: 24/01/2013
კატეგორია: სტატია

 

 

@ სანდრო ჯაფარიძე
 
 
- კინო შემოდის საქართველოში -
 
 
თავი II
 
 
ალექსანდრე დიღმელოვი და სიმონ ესაძე 
 
 
როგორც უკვე ვთქვი 1900 წლიდან საქართველოში არსებობდა ბევრი ენთუზიასტი ადამიანი, რომლებიც ბევრს მუშაობდნენ კინოს დასაფუძნებლად. სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო ალექსანდრე დიღმელოვი (ნამდვილი გვარი იყო დიღმელაშვილი). ის ფოტოგრაფ დავით დიღმელოვის შვილი იყო და ამიტომაც ბავშვობიდან ინტერესდებოდა ამ ხელოვნებით.
 
1900 წელს დავით დიღმელოვმა მოსკოვიდან ჩამოიტანა ლატერნა მაგიკა, რომელიც მამა-შვილმა ცოტა ხანშივე გააუმჯობესა. მათ გააკეთეს აპარატის ერთი ასლი, დიაპოზიტივები სხვადასხვა ფრად შეღებეს და ორი ფარნიდან მართავდნენ ჩვენებას. ერთი გამოსახულება უძრავი იყო, მეორეზე კი დიაპოზიტივების მსუბუქი მოძრაობით ქმნიდნენ გამოსახულების სასურველ ეფექტს.
 
დიღმელოვებმა ასევე შეადგინეს თავიანთი პროგრამა, სადაც ჩართეს ცნობილი ილუსტრაციები და მათ შორის მიხაი ზიჩის სურათები "ვეფხისტყაოსნიდან". ამ პერიოდისთვის საქართველოში საფრანგეთიდან ჩამოვიდა ვიღაც ტიპი, რომელმაც ჩამოიტანა ლუმიერების სინემატოგრაფი და ეგონა, რომ გააკვირვებდა ქართველ ხალხს, მაგრამ რომ დაინახა, ქართველ ხალხს ეს უკვე დიდი ხნის ნანახი ჰქონდა, გადაწყვიტა უკან წაბრძანებულიყო, მაგრამ ამ ადამიანის ჩამოსვლამ თავისი სინემატოგრაფით გაახარა მამა-შვილი დიღმელოვები, რადგან მათ ჭკვიანურად გათვალეს და სინემატოგრაფი ძალიან იაფად იყიდეს მისგან. ამის შემდეგ დიღმელოვების პროგრამა საკმაოდ გაიზარდა და ისინი სამ განყოფილებიან პროგრამას სთავაზობდნენ მაყურებლებს. ეს ხალხს ძალიან მოსწონდა, რაც სულ უფრო და უფრო მეტის  გაკეთების სტიმულს აძლევდა მამა-შვილ დიღმელოვებს, რომლებიც ამ წარმატებით ტკბებოდნენ და თითქმის მთელი საქართველოს მაშტაბით აწყობდნენ ტურებს და წარუდგენდნენ ხალხს სანახაობას. გარდა ამისა ალექსანდრე დიღმელოვი მუშაობდა კინომექანიკოსად სოფიო ივანიცკაიას კინოთეატრ ილუზიონში. 
 
1906 წელს იგი გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, საიდანაც დაბრუნების შემდეგ მას გაუღვივდა ინტერესი კინოქრონიკისადმი და გადაწყვიტა თავად გადაეღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ეს იდეა მიაწოდა ივანიცკაიას, რომელიც დაეხმარა და მოსკოვიდან სპეციალურად მისთვის გამოიწერა კინო აპარატურა. დიღმელოვმა მოიწყო პატარა სტუდია თავისი ფირის გასამჟღავნებელი ლაბორატორიით და შეუდგა მუშაობას. პირველი ნამუშევარი იყო "თბილისის იპოდრომი", რომელიც ერთგვარი რეპორტაჟი იყო, შემდეგ კი მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "პირველი ავიატორები", "ხატობა მცხეთაში", "ლადო მესხიშვილის იუბილე", "კათალიკოსის მირონცხება"... ამის შემდეგ ალექსანდრემ უკვე სახელმწიფოსგან მიიღო დახმარება და ის ფილმებს მთელ ამიერკავკასიაში იღებდა.
 
 
1914 წ. ალექსანდრე დიღმელოვი              
სამხედრო სამსახურში.
 
1918 წ. ოპერატორი - ა. დიღმელოვი, ლაბორანტი - ფ. გეგელი.
 
1919 წ. საქართველოში პირველი კინოატელიე ”ფილმა”.
 
1924 წ. “სამი სიცოცხლე”. მარტვილის ჩანჩქერთან.
 
1924 წ. ”ტარიელ მკლავაძე”. ავჭალის სადგური. სამუშაო მომენტი.
 
1926 წ. ”გაფლანგვა”. პირველი კომბინირებული გადაღება. ი. პერესტიანი, ა. დიღმელოვი.
 
1926 წ. გოსკინპრომის ოპერატორები.
 
1927 წ. ”ჯანყი გურიაში”. სამუშაო მომენტი.
 
სოფიო ივანიცკაია იმდენად მოიხიბლა დიღმელოვის ნამუშევრებით, რომ კინოთეატრში ყოველი ოფიციალური სეანსის დაწყების წინ მის მოკლემეტრაჟიან ფილმებს უშვებდა. ალექსანდრე დიღმელოვის ნამუშევრებმა მალევე მიაღწია ევროპამდე და რაც ყველაზე აღსანიშნავია, მისი ფილმების ფრაგმენტები იბეჭდებოდა ფრანგულ ჟურნალ "პატე"-ს კინოქრონიკათა სერიაში. ალექსანდრე დიღმელოვი მომავალში გახდა დიდი ქართველი ოპერატორი, რომელსაც ეკუთვნის მთელი საქართველოსთვის ცნობილი და საყვარელი ფილმების მთელი რიგი: "მაგდანას ლურჯა", "ქეთო და კოტე", "გიორგი სააკაძე", "არსენა", "ქაჯეთი", "ჯანყი გურიაში"... და ასე შემდეგ!
  
 
***
 
 
1913 წელს რუსეთში რომანოვების დინასტიის მეფობის სამასი წლისთავის აღსანიშნავად დაიგეგმა სხვადასხვა სახის სადღესასწაულო ღონისძიება, ასევე გადაწყვიტეს გადაეღოთ სრულმეტრაჟიანი ფილმი "კავკასიის დაპყრობა", რომლის სცენარის დაწერა და კონსულტანტობა შეუკვეთეს კავკასიის სამხედრო-ისტორიული მუზეუმის თანამშრომელ სიმონ ესაძეს.
 
ფილმის გადასაღებად ჯგუფი რუსეთიდან ჩამოვიდა, სიმონ ესაძე დაინიშნა ამ ჯგუფის ხელმძღვანელად და ამასთანავე მან მიიღო ნებართვა, რომ პროექტისათვის გამოეყენებინა სამხედრო-ისტორიული მუზეუმის საექსპონატო მასალები. ასევე მან მიიღო მსხვილი დახმარება მოსამზადებელი პერიოდისათვის, რომ შემოეარა ყველა ის ადგილი (ლოცატიონ) სადაც შემდგომ გადაიღებდა.
 
"კავკასიის დაპყრობა" იყო მხატვრულ დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ასახული იყო ერეკლე მეორის მეფობის პერიოდი XIX საუკუნის სამოციან წლებამდე. ის ფილმში აღწერდა რუსეთის არმიის ძლევამოსილ ომებს თურქებისა და ირანელების და ასევე შამილის მიერ აჯანყებული მთიელი კავკასიელების წინააღმდეგ. ფილმმა როგორც სამეფო ოჯახის სიმპათია, ასევე დიდი წარმატება მოიპოვა და მას წლების მანძილზე აჩვენებდნენ საზღვარგარეთ, მაგრამ სამწუხაროდ როგორც იმ დროს გადაღებულმა ბევრმა ფილმმა, ასევე ამ ფილმმაც ვერ მოაღწია დღევანდელ ეპოქამდე.
 
ფილმის ასეთი წარმატების გამო 1914 წელს, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაეცა დედამიწას, სიმონ ერისთავმა კინემატოგრაფიული საზოგადოება მინერვადან მიიღო შემოთავაზება, რომ გადაეღო ომის ამსახველი ქრონიკალური ეპიზოდები ავსტრიისა და გერმანიის ტერიტორიებზე.
 
1916 წელს სიმონ ესაძის ჯგუფმა გადაიღო დოკუმენტური ფილმები, - "ერზერუმის დაცემა", "ტრაპეზუნდის აღება". მას ასევე დიდი სურვილი ჰქონდა გადაეღო ფილმი შამილის თანამებრძოლ ჰაჯი მურატზე. ბევრი იმუშავა, მოაგროვა უამრავი მასალა, წერდა სცენარს, მაგრამ კინემატოგრაფიული ხორცშესხმა ამ ფილმის ვერ მოხდა.
 
სიმონ ესაძე თავადაც მონაწილეობდა ერთ ფილმში, რომელიც ვასილ ამაშუკელს ეკუთვნოდა. ფილმს ერქვა "ღუბინის პოლკის აღლუმი კაპიტან სიმონი ესაძის მეთაურობით". იმ პერიოდში თითქოს კარგად დაიწყო ამ ორი ადამიანის შეხვედრა, ვასილ ამაშუკელს მომავალი თანამშრომლობის სურვილიც კი გააჩნდა, მაგრამ ამგვარი გაერთიანება არ შედგა.