მაასტრიხტი, World Press Photo 2012-ის გამოფენა, Centre Céramique
გაგა ლომიძე
 
თარიღი: 28/01/2013
კატეგორია: სტატია

 

 

მაასტრიხტი, World Press Photo 2012-ის გამოფენა, Centre Céramique

 

 

ტექსტი: გაგა ლომიძე, ფოტო: ალფრედო მანინო

 

 

რამდენად მძიმე შეიძლება იყოს დედამიწის რომელიმე წერტილში მცხოვრები ადამიანის ხვედრი... რამდენად რთულ პირობებში შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ტოტალიტარული ან მასთან მიახლოებული სისტემის ფარგლებში ცხოვრობს... პირველად ზუსტად ეს აზრი გამიჩნდა, როდესაც მაასტრიხტში, Centre Céramique-ში World Press Photo 2012-ის საუკეთესო ფოტოების მცირე გამოფენას ვათვალიერებდი. წლის საუკეთესო ფოტოჟურნალისტური ნამუშევრების გამოფენას ამჯერად მაასტრიხტი მასპინძლობდა, სადაც თავმოყრილი იყო ფოტოები - ჰაიტის მიწისძვრის ამსახველი სურათებით დაწყებული, უკრაინაში მსხვერპლის დაკითხვისას გამოყენებული მეთოდების ამსახველი ნამუშევრებით დამთავრებული. ძალიან შთამბეჭდავია, უფრო - შემძვრელია ამ ფოტოების თვალიერება, როცა ხედავ რა ხდება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, კონკრეტულ დროს.. და ასეთ შემთხვევაში ერთადერთი შვება - ისევ თავდაცვის ინსტინტქიდან გამომდინარე, იმის შეგრძნებაა, რომ შენ ეს ყველაფერი თავს არ გადაგხდენია...

 

რა საინტერესოა, რას გრძნობენ ფოტოჟურნალისტები მაშინ, როდესაც საშინელებას უყურებენ და იციან, რომ კამერა არ უნდა გამორთონ, მშვიდად უნდა იდგნენ და გადაიღონ ის, რამაც მათზე გამორჩეული შთაბეჭდილება მოახდინა ან, სულაც, გააოგნა...

 

ჩემში განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია ესპანელი ფოტოგრაფის, სამუელ არანდას ფოტონამუშევარმა, რომელზეც ასახულია, თუ როგორ აძინებს ფატიმა ალ-ქაუსი თავის შვილ ზაიედს. ზაიედმა იემენის ქალაქ სანაას ქუჩებში გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობისას, ყუმბარის აფეთქების დროს, ზიანი მიიღო. აქ იემენელი დიქტატორის, პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის 33-წლიანი მმართველობის რეჟიმს ებრძოდნენ. ამბობენ, როდესაც ათასობით დემონსტრანტი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობას მიუახლოვდა, მთავრობამ იარაღი ისროლა. ზოგმა უკან დაიხია, ზოგი ისევ აგრძელებდა წინსვლას და საკუთარ სხეულზე გამოცდიდა ცხელი ტყვიის სიმხურვალეს. ამბობენ, იემენის გამოსვლების დროს, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაზიანდა. ზაიედიც ერთ-ერთი მსხვერპლი აღმოჩნდა, რომელიც ორი დღე კომაში იყო.. და სწორედ ეს სცენა ასახა ესპანელმა ფოტოჟურნალისტმა და ამით თითქოს თანამედროვეობის “პიეტა” შექმნა. ოღონდ ამ შემთხვევაში ის, რაც გამოსახულებაზე ვხედავთ, ნამდვილია - კონკრეტულ ადგილას და დროის კონკრეტულ მონაკვეთში მოხდა.

 

ასეთი ფოტოების ნახვის შემდეგ, დასამშვიდებლად ისღა დაგვრჩენია, გაგვეხარდეს, რომ ჩვენთან იგივე არ ხდება...

 

  • სამუელ არანდა. ფატიმა ალ-ქაუსი აძინებს თავის შვილს

 

  • თომაშ ლაზარი. ნიუ იორკში, ჰარლემში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილე, რომელსაც პოლიცია აპატიმრებს

 

ნიუ-იორკში, “დაიკავე უოლ სთრითის” აქციის ფარგლებში მოეწყო საპროტესტო დემონსტრაცია, სადაც გამომსვლელები აპროტესტებდნენ ნიუ-იორკის პოლიციის პრაქტიკას - სხვადასხვა დროს ისინი აჩერებენ       ჩვეულებრივ მოქალაქეებს და მათ გარკვეულ კითხვებს უსვამენ. პოლიციის და მერიის წარმომადგენლების თქმით, ამგვარი ზომების წყალობით, დანაშაულებების რიცხვი ნიუ-იორკში საგრძნობლად შემცირდა. აქციის მონაწილეთა აზრით კი, პოლიციის ამგვარი ქმედება რიგითი ადამიანების უფლებებს არღვევს და, ძირითადად, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის და ფერადკანიანების ჩაგვრას ემსახურება.

 

  •  
  • იასუოში ჩიბა. ჰიგაშიმაცუშიმაში მომხარი მიწისძვრის შემდეგ, ჩიეკო მაცუკავას ნანგრევებიდან გამოაქვს განძი - თავისი შვილის სკოლის დამთავრების მოწმობა.

 

  •  
  • ლერკე პოზელტი. ირანული წარმოშობის მსახიობი მელიკა მეჰრაბა დანიაში გაიზარდა, რომელიც მშობლიურ ქვეყანაში 2011 წელს დაბრუნდა, ბოროტმოქმედის როლის განსასახიერებლად. მთავრობამ დაამტკიცა სცენარი 27 წლის ქალის შესახებ, რომელსაც მამაკაცი შეუყვარდება და ვერასდროს უტყდება სიყვარულში და არც არასდროს ეხება.

 

  •  

 

  • ალეხანდრო კირჩუკი. 89 წლის მარკოსი თავის 65 წლის ცოლს, მონიკას, ბუენოს აირესში, თავიანთი სახლის მისაღებ ოთახში უძღვება. მარკოსი ასე უვლის თავის ცოლს 2007 წლიდან - მას შემდეგ, რაც მას ალცჰაიმერის დაავადება აღმოაჩნდა.