მუტანტური ქრონიკები # 3 - პაატა შამუგია
ერეკლე დეისაძე
 
თარიღი: 29/01/2013
კატეგორია: სტატია

 

მუტანტური ქრონიკები # 3  - პაატა შამუგია

 

 

 

პაატა შამუგია კარგი პოეტია. იმიტომ, რომ კარგად იტყუება. კარგ პოეზიას საქართველოში კარგი ალა-ფურშეტიც მოჰყვება ხოლმე, მაგრამ მე არც ერთ მის საღამოზე არ მიჭამია. ეს ორი დიდი წინააღმდეგობა ხშირად მაფიქრებს ხოლმე. მაგრამ სადაც წინააღმდეგობა, პაატა შამუგიაც იქ არის.

 

ერთ ადრინდელ ლექსში წერდა, „პოეტს ჭირდება კომპიუტერიო“, მაგრამ დღეს პაატას მანქანა ჰყავს. საქართველოში მანქანიანი პოეტები თითზე ჩამოსათვლელია. ამაშიც გამოიხატება მისი „უპირატესობა“.

 

მისი ლექსები ერთგვარი რეცეპტებია მასთან სამეგობროდ. რაზეც მშობლები საყვედურობდნენ, ყველაფერი შეისმინა: სამსახური დაიწყო, (თან რამდენიმე ერთად), მანქანა იყიდა, მალე ცოლსაც მოიყვანს და ოჯახს შექმნის. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კარგია, რადგან კარგი ოჯახი კარგ პოეზიას ჰგავს და ასეთ დროს ალაფურშეტის აუცილებლობაც „სახეზეა“.

 

მე და პაატას ძალიან ბევრი ერთობლივი საღამო გაგვიკეთებია. მას ძალიან კარგი უნარი აქვს, პუბლიკა მისთვის სასურველ ტალღაზე მოაქციოს. ამიტომ, როდესაც მასთან ერთად ვარ, საღამოს ჩავარდნა გამორიცხულია. ის კარგად თამაშობს. მისი წაკითხვის მანერა განკვეთილი მღვდლის წირვას ჰგავს. თუ პოეტურ საღამოებზე სიარული გეზარებათ, ეს ძალიან კარგია. ჩათვალეთ, რომ თქვენ უფრო ახლოს ხართ პოეზიასთან, ვიდრე ისინი, ვინც მსგავსი საღამოებით ცხოვრობენ. მით უმეტეს, ბოლო დროის ლიტერატურულ შეხვედრებზე ალა ფურშეტის ნაკლებობა შეინიშნება, რაც ადრე მსმენელთა მოზიდვის საუკეთესო საშუალება იყო. მაგრამ პოეტებმა და მწერლებმა თითქოს პირი შეკრეს, რომ მსმენელები მშრალზე დატოვონ. ახლა მსმენელთა ჯერია, მათ უნდა დაიკიდონ პრეზენტაციები, სანამ ავტორები ალა ფურშეტის აუცილებლობას არ გაიაზრებენ. ეს პრეტენზია საკუთარი თავის მიმართაც მაქვს, ჩემი და პაატას ყველა საღამომ ალა ფურშეტის გარეშე ჩაიარა. რის გამოც საკუთარი თავიც მძულს და პაატაც. ეს ბოროტებაა.

 

პაატა შამუგია ჩემს ცხოვრებაში „რუსთავი 2“-დან შემოიჭრა. ის გადაცემა „კედელშიც“ იყო, მაგრამ, რატომღაც, იქ ნაკლებად დამამახსოვრდა. „რუსთავი 2“-მა კი ზარ-ზეიმით მამცნო „ანტიტყაოსნის“ ამბავი. მახსოვს პირველი კოცნა, პირველი სექსი, პირველი ჩხუბი. პირველი შური კი იმ დროს ვიგრძენი, როცა ვიღაც ტიპმა ის გააკეთა, რისი გაკეთებაც ჩაფიქრებული მქონდა (ცხადია, ეპატაჟს ვგულისხმობ). მაშინ ჩემი სკანდალური დებიუტი ჩანაფიქრის დონეზე იყო და მხოლოდ უბანში მიცნობდნენ, როგორც მწერალს. გავღიზიანდი და ეს ბუნებრივიცაა.

 

გაბრაზებამ მალევე გადამიარა, იმიტომ, რომ პაატა გავიცანი და მისმა ლექსებმა მასწავლეს, რომ ყველა პოეტი გოიმი არაა და არ შეიძლება პოეზია „იუთუბის“ გამო შეიძულო. მე კი დღემდე მგონია, რომ პოეზიამ დიდი ხანია, სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა და მისი წიგნად გამოცემა სისულელეა. მაგრამ პაატა შამუგიამ შარშან ამაშიც დამაეჭვა, რადგან მისი წიგნი „დაუჯდომელი“ წლის საუკეთესო კრებული გახდა და პრემია „საბა“ აიღო. პრემია „საბა“ კი ნიშნავს 4 000 ლარს, და დაბოღმილ კოლეგებს. ანუ „საბა“ ფინანსურადაც გაძლიერებს და მორალურადაც. სხვათა შორის, მისი ზემოთხსენებული „დაუჯდომელი“, წინა კრებულებისგან განსხვავებით, ყველაზე ახლოს არის ავტორთან.

 

სხვათა შორის, ჩემი გამოქვეყნებული ტექსტების უმეტესობა გრამატიკულ აკრედიტაციას პაატა შამუგიასთან გადის, რადგან ის პროფესიით ფილოლოგია, მე კი გრამატიკა დღემდე არ ვიცი, რის გამოც ხშირად ვწუხვარ ხოლმე. 

 

პაატას დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ, მაგრამ ერთ ურყევ ჭეშმარიტებას მაინც შევახსენებ, რომ ნამდვილი პოეტები ადრე კვდებიან. საინტერესოა, ის როგორ სიკვდილს შემოგვთავაზებს. 

 

@ ერეკლე დეისაძე