კანის დღიურები. დღე მეექვსე - ჰანეკეს მოხუცების LOVESTORY და დანიელი ბიჭების დრამა
არტარეა
 
თარიღი: 22/05/2012
კატეგორია: სტატია

 

 

ერთი კინოკრიტიკოსი ამბობს ეს 21-ე საუკუნის ფილმიაო, მეორე ამტკიცებს, რომ ამ ვეტერანმა მსახიობებმა ძვირფასი ფრესკები გააცხოცლესო… პრელუდიაო… ამას ოქროს პალმას თუ არ მისცემენ ჟიური შერცხვებაო და ასე შემდეგ…

 


მოკლედ, კინოპროგრამაში წარმოდგენილი გარუჯული ზურგების, ლამაზი მკერდის თუ თვალწარმტაცი მამაკაცების დეფილეს შემდეგ, მიხაელ ჰანეკემ ის თემა შემოგვთავაზა, რომელსაც ყველაზე იშვიათად ეხება კინოც და ლიტერატურაც. მოხუცი ცოლ-ქმრის სიყვარულის ამბავს, რეჟისორი ჩვეული ოსტატობით მიმზიდველად ყვება.

 

მუსიკის ყოფილი მასწავლებლები, 80 წლის ჟორჟი და ანა, მარტო ცხოვრობენ. ასევე მუსიკოსი, ქალიშვილი ევა, ოჯახისგან ცალკე ცხოვრობს. ერთ დღესაც, ანას შეტევა ემართება, რაც მოხუცს ლოგინს მიაჯაჭვავს.

 


“სიყვარული”, - ასე ქვია ფილმს. ფინალით იწყება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ვერ წინასწარმეტყველებ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და ცხადია, ამას არც მე დავწერ, რადგან იმედს ვიტოვებ, რომ ამ ფილმს აუცილებლად წარმოგვიდგენენ ქართული კინოთეატრები და თქვენ საშუალება მოგეცემათ თავად იხილოთ დრამა, სადაც ჟან-ლუი ტრენტინიანი, ემანუელ რივა და იზაბელ იუპერი შესანიშნავ ტრიადას წარმოადგენენ.

 

ჰანეკეს შემოქმედებით ბიოგრაფიაში იმდენი პრიზია, ჩამოთვლა არ ღირს. ფაქტია, ლიდერი ფილმი უკვე გამოიკვეთა. მის გვერდით, მხოლოდ რუმინული დრამა, “ბორცვებს მიღმა”, დგას (ჯერ-ჯერობით).

 

 

 


1999 წლის ზამთრის იმ ბნელ ღამეს, რეჟისორმა ტომას ვინტერბერგმა, სახლში არ შემოუშვა ცნობილი დანიელი ბავშვთა ფსიქოლოგი, რომელიც მას დოკუმენტაციით ხელში ესტუმრა  და არეული მეხსიერების შესახებ დაიწყო საუბარი, თან დააყოლა “ფიქრი ვირუსია”. ვინტერბერგმა სტუმარი არ შემოუშვა და როგორც თავად ამბობს, დასაძინებლად წავიდა.

 

ათი წლის შემდეგ რეჟისორს ფსიქოლოგი დასჭირდა, სწორედ მას დაურეკა, დოკუმენტაციას გაეცნო და შოკში ჩავარდა. მივხვდი, რომ აქ იყო ის ისტორია, რომელიც უნდა მომეყოლაო. ნადირობა თანამედროვეობაში.

 

 

მარტივი ჭეშმარიტება, ანუ ის, თუ როგორ შეუძლია უმეცარ ტყუილს ადამიანის ცხოვრება დაანგრიოს, ვიტენბერგმა ბრწყინვალე კინოსცენარით თანამედროვე დანიაზე გადაჭიმა.

 

 

 

 

ცოლს გაშორებული 40 წლის ლუკასი, რომლის როლსაც დანიელი სუპერსტარი მედს მიკელსენი ასრულებს, ახალ სამსახურში, მეგობარ გოგონას იპოვნის, პარალელურად თინეიჯერ შვილთან აგვარებს ურთიერთობას, ყავს ბევრი მეგობარი… ერთი შეხედვით განქორწინების შემდგომი, ახალი ეტაპი, იმედისმომცემად გამოიყურება, მაგრამ, ცხადია, კარგ ფილმებში ასე არ ხდება!

 

 

ბავშვის უმეცარი ტყუილი, რომელსაც უმალ ერთბაშად ყველა დაიჯერებს, ლუკას მთელ ცხოვრებას დაუნგრევს. პირშეკრული საზოგადოება დაუნდობელი და სასტიკი აღმოჩნდება.

 

“ნადირობა” ვინტერბერგის და მთავარი როლის შემსრულებლის მიკელსენის ერთობლივი წარმატებაა. მსახიობი, რომლის მუშაობითაც რეჟისორი აღფრთოვანებას არ მალავს არც ერთ ინტერვიუში.

 

 

 

 

 

ვნახოთ, აღფრთოვანდება თუ არა ჟიური ამ საინტერესო კინოფილმით.

 

პირადად, ამ ბლოგში მოყვანილი ორივე ნამუშევრით მოხიბლული ვარ, რადგან ეს ერთი შეხედვით “ბანალური სლოგანები”, რეჟისორებმა ასე დახვეწილად მოიტანეს მაყურებლამდე. კინოც ეს არ არის? როცა ყოველდღიურობას განსხვავებული პრიზმით უჩვენებ.

 

 

 

ნესტან ნენე კვინიკაძე

 

 

კანის 65-ე კინოფესტივალი

2012