კუს. სიყვარულის თოკი სტამბოლიდან
გიორგი კეკელიძე
 
თარიღი: 18/02/2013
კატეგორია: სტატია

 

 

კუს. სიყვარულის თოკი სტამბოლიდან

 


ვზივარ. მოწმეა მოგზაურთა შემწე ალაჰი,
რომ ისევ ვზივარ, უმიზეზო მაწუხებს სიცხე,
თოვლი ნათხოვარ კაბასავით აცვია ქალაქს,
ქარი უწეწავს და ქალაქი ხანდახან ირცხვენს.
სადამდე წვდება სიყვარული დაწნული თოკი,
უფრთხის თუ არა მთებს და ხევებს, ზღვათა მანძილებს -
გწერ, გეკითხები, მოგზაურთა მოშურნე დრო კი,
ამაოდ ცდილობს სხვა ძაფები ქსოვოს საძილედ.
უფრთხის თუ არა სხვისი მზერის უეცარ დანას,
სხვისი სიტყვების სამართებელს, თოკი რომელიც,
მე წამოვიღე, მზე ამოდის კვლავ საიდანაც,
მზე საგულეში ვეღარასდროს დაუდგომელი.
თოვს, სიყვარულის თოკზეც დადო, ცივა და მალე,
დაღლილი ფიქრი უცაბედად უჩქარებს ნაბიჯს
და გწერ, ნეტავი თოკის შენი, მეორე ბოლო,
ისევ გიჭირავს თუ ქუჩაში ბოძს გამოაბი.

 

გიორგი კეკელიძე