ჰოლოგრამა: ტყუილი რომელშიც უნდა ვიცხოვროთ
შოთას სხვენი
 
თარიღი: 23/05/2012
კატეგორია: სტატია

 

@ შოთა გაგარინი

 

 

ადამიანს ორი თვალი ყოველთვის ეცოტავებოდა. ამ დანაკლისის განცდა ის იშვიათი ემოციური კონსენსუნსია, რომელსაც რელიგიური და მეცნიერული ქურუმები აღწევენ. ცალსახაა, ჩვენ გვინდა გრძნობის ორგანო (რა მნიშვნელობა აქვს ბიოლოგიური თუ ტექნოლოგიური), პირობითად, მესამე თვალი, რომელიც ხილული სამყაროს მიღმა, ან ხილული სამყაროს უსიერ სიღრმეს გვაჭვრეტინებდა.

 

სწორედ ცნობისმოყვარეობა, „არა სიცოცხლის, არა სიკვდილის, არამედ რაღაც სხვის“ შეცნობის სურვილია კაცობრიობის ათვლის წერტილი და მისი განვითარების უდავო ლეიტმოტივი როგორც ბუდას, მოსეს თუ პავლე მოციქულის, ასევე დარვინის თუ კოპერნიკის ფანებისთვის. მოკლედ, თამამი დაშვებების თუკი არ შეგვეშინდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცივილიზაციების პროგრესის კატალიზატორი – არა უფრო ჰუმანური, „კაცთმოყვარე“, სოლიდარული ან ბარაქიანი გარემოს შექმნისკენ სწრაფვა, არამედ „მესამე თვალის“ მოფშვნეტის უნაყოფო მცდელობებია.

 

დიდი ხანია რაც ამ პლანეტას ვამძიმებთ და, რა თქმა უნდა, ამ ხნის მანძილზე ბევრი უზომოდ მიმზიდველი და ჩემთვის მისაბაძი შარლატანი მოიგონებდა მესამე თვალის ერთგვარ სუროგატს, ათასგვარ კვაზირელიგიურ თუ მეცნიერულ პრაქტიკას, რომელიც ნამვილს მონაგონად, მონაგონს კი სინამდვილედ მოგვაჩვენებს. პირველისთვის გაიხსენეთ პეიოტლის „პახმელიაზე“ მყოფი დონ ხუანის ლექციები, ან უფრო ახალი, დოგმატურად დახვეწილი მოძღვრებები, რომელთა შამანებიც ციურ ვალჰალაში მიწის ნაკვეთების გაყიდვას ფხიზელ კლიენტზეც ახერხებენ. მოდი, ეს ხალხი დასაწყისისთვის ამ ბლოგიდან გავაძევოთ. ახლა მე ბარიკადის (თუ მედლის?) მეორე მხარე მაინტერესებს – მესამე თვალი მეცნიერულ კონტექსტში, ანუ ტექნოლოგიებით გენერირებული მიღმიერი სამყარო.

 

საინტერესოა, რომ ტექნოლოგიურ, კონტექსტშიც – ისევე, როგორც რელიგიურში – მედიუმი, რომელმაც მიღმიერი სამყარო ხილულ სამყაროს დაუკავშირა – ხელოვნება იყო. არტისტი იყო შუამავალი ღმერთებსა და ადამიანებს შორის, პრომეთე, რომელმაც ოლიმპოელებს ცეცხლი, ანუ ახალი სამყაროს შექმნის ნოუჰაუ მოპარა. ახალი სამყარო, რომელსაც ტექნოლოგია გვთავაზობს კი, პირველ რიგში, ჰოლოგრაფიული მონსტრებით დასახლებული ვირტუალური ჯუნგლებია. 

 

ვირტუალური სამყარო პირველ ჰოლოგრამასთან ერთად დაიბადა, მასთან ერთად იზრდება და მასთან ერთად გვშთანთქავს საბოლოოდ, როცა ვირტუალურსა და რეალურს შორის ზღვარი ისე წაიშლება, რომ ბაუნტის დებილური რეკლამა – სად მთავრდება სინამდვილე და იწყება ოცნება – დელფის ორაკულის წინასწარმეტყველებასავით იჟღერებს.

 

 

ჭეშმარიტად გეტყვით მე თქვენ – ჰოლოგრამა არის ვირტუალური სამყაროს მექანიკური საცოლე!  (ზუსტად „მექანიკური საცოლე“ ჰქვია მედიათეორეტიკოსი მარშალ მაკლუენის პიონერულ ნაშრომს, რომელმაც პოპულარული კულტურა აკადემიურ ველზე გამოაჭენა. ნაშრომის სახელი კი, თავის მხრივ, ინსპირირებულია მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი არტისტის – მარსელ დუშანის ნაწარმოებით „La mariée mise à nu par ses célibataires, même“. ხედავთ? – ისევ მეცნიერების და ხელოვნების განუყოფელი ტანდემი).

 

ჰოლოგრაფიის აკვანი პირველად მეთექვსმეტე საუკუნეში დაირწა, როცა „კამერა ობსკურა“ (ბნელი ოთახი) მოიგონეს, რათა მხატვრებს საქმე გაიოლებოდათ მოდელისგან არეკლილი სინათლის სიბრტყეზე დატყვევებით. ამავე საუკუნის ნეაპოლიტანიზმის წიაღშივე დაიწყო პირველი ექსპერიმენტები ოპტიკური ილუზიების შესაქმნელად, თავიდან პრივილეგირებული კლასის გასართობად, მოგვიანებით კი უკვე პლებსის გასაბაიბურებლად. მშვენიერი მაგალითია „ჯონ პეპერის მოჩვენება“ – ოპტიკური ილუზიის ტექნიკა, რომელმაც მეთვრამეტე საუკუნის პოპკულტურაში – თეატრებში და ილუზიონისტების შოუებში ფურორი მოახდინა. შემდგომში ჰოლოგრამის ექსპანსია შეჩერდა – ამისთვის ვის ეცალა, ისეთი ომები დაიწყო, ვირტუალურ კი არა, რეალურ სამყაროს შეგაძულებდა, კომუნიზმის აჩრდილის ფონზე პეპერის მოჩვენება რა მოსატანია, სისხლიანი მერის აჩრდილიც ფუმფულა ზაზუნად ჩანდა. ადამიანები რეალობის საზღვრებს ამოწმებდნენ. მათ სამყაროს ბოლომდე დაფარვა-ამოწურვა უნდოდათ და არა ახალი სამყაროებით მისი გამდიდრება-გაფართოება. მეტროპოლისების წამყვანი მეცნიერები რეალობას აფანტასტიკურებდნენ და არა პირიქით. აეროპლანები დაფრინავდნენ, რელსებზე ცეცხლისმფრქვეველი გველები დადიოდნენ, სიმბოლისტების მიერ ფაქიზად ნაფერები მთვარე კი ფალოსის ფორმის რაკეტებით გააბახეს, ამაზე მეტი ფანტასტიკა რა გინდა? აქ შუქჩრდილით გააკვირვებ ვინმეს?

 

 

ცივი ომის დასრულების შემდეგ მეცნიერება უფრო ინტროვერტული გახდა. მისთვის ვირტუალურ სამყაროსთან ერთად გაჩენილი შესაძლებლობების ათვისება უფრო დიდი პერსპექტივის შემცველია, ვიდრე მაგალითად პლანეტა მარსის კოლონიზაცია. რას არ ეძებენ ვირტუალურ „შავ წყლებში“, ელდორადოსაც კი, რომელსაც ადამიანის უკვდავყოფა შეუძლია. მაგალითად, პოპულარული გამომგონებელი, მეცნიერი და სინგულარობის თეორიის მამამთავარი რეი კურცვილი დარწმუნებულია, რომ რამდენიმე ათეულ წელიწადში შესაძლებელი იქნება საკუთარი ტვინის დასკანირება, ანუ ცნობიერების კომპიუტერში სრულყოფილი დუბლირება: მე ვფიქრობ, მაშასადამე მე ვარსებობ. მოქმედების მცირე ვადის მქონე სხეული კვდება, გონება კი უსასრულოდ არსებობს. განა ეს უკვდავება არ არის? იქნებ მეორე დიდი მიგრაცია არა სხვა პლანეტაზე, არამედ რეალურიდან მატრიცულ სამყაროში მოხდება? სამყაროში რომლის შემოქმედი შენვე ხარ...

 

თუმცა, სანამ მთები მუჰამედთან მივსულვართ, მუჰამედი თვითონ მოდის მთასთან –სანამ რეალურ სამყაროდან ვირტუალურში შევსულვართ, ვირტუალური სამყარო თვითონ აღებს ჩვენი რეალობის კარს. დღეისთვის პოპკულტურაში ჰოლოგრამის (ანუ რეალობაში ვირტუალური სამყაროს ელჩის) ნამდვილი რენესანსია.

 

სულ რამდენიმე ათეული დღის წინ ვიხილეთ ჰოლოგრამის მიერ სიკვდილის ძლევაი საკვირველი. კაპიტალიზმის უზენაესმა ღმერთმა, შეუცნობელი გზებით ზე- და ქვესკნელის (ჰო, ანდერგრაუნდისაც კი!) მომწესრიგებელმა, მან, ვისაც ემონება ყოველი ძლიერი ამა ქვეყნისა, დიდმა კეთილისმყოფელმა და მრისხანე სასჯელის მომგვრელმა მათთვის, ვინც გაბედავს უზენაეს ნებას წინ აღუდგეს, ჰო, თვით მან, ბაზრის უჩინარმა ხელმა მიღმიერი (წაიკითხეთ ვირტუალური) სამყაროდან აჩრდილი გამოიხმო მონასი თვისი – თუფაქ შაკურის. ამიერიდან ვეღარავინ იმღერებს გედის სიმღერას.

 

 

 

 

შეიძლება კურცვილის წინასწარმეტყველება არც ახდეს ან ძალიან დიდი დრო გავიდეს მანამ შევძლებთ, რომ შევაბიჯოთ ტექნოლოგიურ მიღმიერში, ანუ მატრიცაში, მაგრამ უკვე ხელშესახებია დრო, როცა ტექნოლოგიური მიღმიერი გადმოვა ჩვენთან – გარდაცვლილი მუსიკოსები, პოლიტიკური მოღვაწენი, პოეტები, კინოვარსვლავები და სხვა შოუმენები, რომელთა გამჭვირვალე ჰოლოგრამული სხეულებიც ჩვენს შორის იტრიალებენ.

 

ბაზრის ლოგიკა ადამიანს, როგორც კულტურული სივრცის დემიურგს და შემოქმედს თანდათან განდევნის სცენიდან. მის ადგილს იკავებენ ბრენდები, რომლის კონსტრუირებაზე არა თავად ის ადამიანი, არამედ მარკეტინგული სააგენტოები ზრუნავს. ეს მხოლოდ შოუ-ბიზნესს როდი ეხება. ბაზარი ფარავს კულტურული აქტივობის ნებისმიერ იპოსტასს. მახსენდება საქართველოში სტუმრად მყოფი დანიელ მენაკერის, ნიუ-იორკერის ლიტერატურული რუბრიკის რედაქტორის სიტყვები. მითხრა, – შეხედე 10-15 წლის წინანდელ ბესტსელერთა სიებს. ტოპ-ათეულში აუცილებლად იპოვი თანამედროვეობის ნამდვილ მწერლებს – აპდაიკს, როტს – და შეხედე დღევანდელ ბესტსელერთა სიას: იაფფასიანი ნაგავი ძვირფასი ეკრანიზაციებისთვის. აბა, „ბინდის საგა“ ლიტერატურაა? ეს იცი რატომ ხდება? იმიტომ რომ ვინ დაბეჭდონ და რა დაბეჭდონ არა ლიტერატურის მოყვარული გამომცემლები, არამედ მოგების მოყვარული მარკეტოლოგები წყვეტენ.

 

 

აგრეთვე ნიშანდობლივია, რომ მემარჯვენე განწყობის ადამიანები ღიად საუბრობენ კულტურის სამინისტროს არსებობის „უაზრობაზე“, როცა არსებობს ბაზარი.

 

თუმცა ეს სხვა თემაა, რომელსაც მე აუცილებლად დაუბრუნდები. ამჯერად, ყოველგვარი შეფასებების და განსჯის გარეშე, ვთქვათ, რომ როცა კულტურულ, გინდაც მხატვრულ ღირებულებას განაპირობებს ბაზარი – ანუ შემოქმედის, როგორც პროდუქტის ბრენდინგი და სარფიანად გაყიდვა – მაშინ სათუო ხდება თავად შემოქმედის ადამიანად ყოფნის აუცილებლობა.

 

კულტურის ბრწყინვალე კრიტიკოსი ანატოლი ულიანოვი ამბობს: „კულტურას, რომელიც მეურნეობად არის ქცეული, არ სჭირდება ავტორი. რატომ გავბეროთ სილიკონით მომდევნო პროვინციელი გოგონა, ან რატომ ვაიძულოთ გეებს დაიპყრონ სკოლის მოსწავლე გოგონათა გულები სიმღერებით ნაზ ჰეტეროსექსუალურ სიყვარულზე, თუკი ხელოვნური რეალობა შეგვიძლია ჩავანაცვლოთ სრულყოფილი ოცნებებით? ოცნებებს არ სჭირდებათ გასამრჯელო, ისინი არ ბერდებიან, არ იღლებიან, არ არიან პრეტენზიულები. ოცნება – იდეალური ვარსკვლავია“. 

 

 

 

რა თქმა უნდა უახლესი ტექნოლოგიების მიჯნაზე მყოფმა იაპონელებმა „მკვდარი ავტორის“ იდეას პირველებმა შეასხეს ხორცი. ასე დაიბადა ჰაცუნე მიკუ, 16 წლის იაპონელი პოპსტარი, ჰოლოგრამული მომღერალი, რომლის ნაცვლად მარკეტინგული კომპანია ფიქრობს. მისი სახელი ნიშნავს „პირველ ხმას მომავლიდან“ და მისი კონცერტი გადაჭედილი დარბაზის სინონიმია, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთები 70 დოლარზე მეტი ღირს. აი, მომავლის ვარსკვლავი:

 

 

 

მოხიბლული დავრჩი ზურა ჯიშკარიანის ვლოგით ჩვენს საიტზე, სადაც იგი ადამიანების ვირტუალურ სამყაროში მიგრირების პერსპექტივაზე საუბრობს. შევავსებ ცარიელ ადგილს ზურას მიერ აღწერილ რეალობასა და ჩვენს რეალობას შორის და ვიტყვი: სანამ ვიპოვნიდეთ ადამიანის ადგილს ვირტუალურ სამყაროში, უპრიანია ვიპოვოთ ვირტუალური სამყაროს წარმომადგენლების ადგილი ჩვენს – ადამიანებს შორის. ფიქცია რეალობის განუყოფელი ნაწილი იყო, თუმცა თუ ადრე იგი არსებობდა როგორც ლაკანისეული „დიდი სხვა“, დღეს ჩვენ გამოგონილის მკაფიოდ დანახვა შეგვიძლია აგრერიგ ნანატრი მესამე, ტექნოლოგიური თვალით. სწორედ ის, თუ როგორ მოხდება ვირტუალური სამყაროს „მექანიკური ცოლების“ ინტეგრაცია ჩვენს რეალობაში, განაპირობებს იმას, თუ როგორ მიგვიღებს ჩვენ ვირტუალური „ტერა ინკოგნიტა“. იქნება იქ დემოკრატიული სივრცე, სადაც ცალკეული ადამიანი მთავარი მოქმედი პირია, თუ იქნება ბრენდების და კორპორაციების მიერ დომინირებული სამყარო, სადაც არა კეთილი ნების ელჩი, არამედ ბოროტი ნების მძევალი უფრო ხარ.

 

ჰოლოგრამები ვირტუალური სამყაროდან გამოგზავნილი ემისარების პირველი ნაბიჯებია ჩვენს სამყაროში. ისინი გვეუბნებიან – ჩვენ მოვედით და მალე სხვებიც მოვლენ. ელოდეთ ვირტუალურ მსახიობებს, მდივნებს, შორეულ მივლინებაში გაგზავნილ ჰოლოგრამებს უზომოდ დაკავებული მინისტრებისა, ან პირიქით. მივლინებაში წასული კანონმდიებლების მიერ ოფისში დატოვებულ, შრომისმოყვარე ოპტიკურ ილუზიას. 

 

დასასრულს, გიჩვენებთ პატარა ეპიზოდს დოკუმენტური ფილმიდან –„გარყვნილის მეგზური კინოში“: ეს ნაწყვეტი იმითაა განსაკუთრებული, რომ უმნიშვნელოვანესი თანამედროვე ფილოსოფოსი და აგრეთვე პოპკულტურის მკვლევარი სლავოი ჟიჟეკი მხატვრულ ფილმ „მატრიცას“ შესახებ საუბრისას საინტერესო აზრს ავითარებს. იგი მოგვითხრობს რეალობისა და ფიქციის ურთიერთდამოკიდებულებაზე, უფრო სწორად – მათ ურთიერთგანმაპირობებლობაზე. მორფეუსის მიერ ნეოსთვის შეთავაზებულ ორ, სიმართლის და ტყუილის აბზე იგი შემდეგ კომენტარს აკეთებს: „არჩევანი ლურჯ და წითელ აბს შორის, სინამდვილეში არ გახლავთ არჩევანი ილუზიასა და რეალობას შორის. რა თქმა უნდა, მატრიცა ფიქციის მწარმოებელი მანქანაა, მაგრამ ეს ფიქციები ჩვენი რეალობის ქვაკუთხედია, – ამბობს გარყვნილი ფილოსოფოსი. – თუკი ჩვენს რეალობას დავცლით სიმბოლური ფიქციისგან, რომელიც რეალობას არეგულირებს, მაშინ თავად რეალობა გამოგვეცლება ხელიდან.

 

მე მესამე აბს ვირჩევ. და რა არის მესამე აბი? რა თქმა უნდა, არა რაღაც ტრანსცენდენტული აბი, რომელიც გვთავაზობს ყალბ fast-food რელიგიურ გამოცდილებას. ვსაუბრობ სხვა აბზე – აბზე, რომელიც საშუალებას მომცემს აღვიქვა არა რეალობა ილუზიის მიღმა, არამედ რეალობა თვით ილუზიაში“.