მუტანტური ქრონიკები # 4 - ზაზა კოშკაძე
ერეკლე დეისაძე
 
თარიღი: 22/02/2013
კატეგორია: სტატია

 

მუტანტური ქრონიკები # 4 - ზაზა კოშკაძე

 

 

ერთხელ კოშკასგან ასი ლარი ვისესხე, როცა ვუბრუნებდი არ გამომართვა და მე მივხვდი, რომ სიკეთე ყველაზე კარგი თვისებაა ადამიანში. მე ვისურვებ, მიბაძოთ მის მაგალითს და თქვენ აუცილებლად შეძლებთ ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დაიმკვიდროთ საპატიო ადგილი.

 

როცა ის გავიცანი, წერა ახალი დაწყებული მქონდა. მან ჩემი ტექსტები წაიკითხა და მითხრა, რომ მაქვს პოტენციალი საქართველოში ყველაზე მაგარი მწერალი გავხდე. კარგია, რომ დავუჯერე.

 

ერთხელ დედაჩემი კოშკასთან მივიდა და დაახლოებით მსგავსი რამ უთხრა: ,,შვილო, შენი ყველაზე მეტად ჯერა, ამიტომ იქნებ თხოვო, რომ შეეშვას იმ საზიზღრობების წერას'' (გაითვალისწინეთ, რომ ამ ყველაფერს კოშკას ეუბნება), კოშკა არ დაიბნა და უთხრა: ,,არ ინერვიულოთ, ქალბატონო, ასაკი აქვს ასეთი და მალე გადაუვლისო''.

 

როცა კოშკა ლექსებს კითხულობს, ეცადეთ, თქვენს გვერდით მყოფი გოგონა მხედველობის არედან არ გაგექცეთ. მე ვნახე მის პოეზიის საღამოზე გოგონა, რომელიც ტუალეტში გავიდა. შეყვარებული კი კოშკას ლექსების პირისპირ დატოვა. მე მივხვდი, რომ ისინი ერთმანეთს მალე დაშორდებოდნენ და გულში სასიამოვნო სითბო ჩამეღვარა.

 

იურა მეჩითოვი ჩემი და კოშკას საერთო მეგობარია, ჩვენ არაერთხელ მოგვიყოლია ანეკდოტები სხვადასხვა კუთხის ადამიანებზე, მეტიც, ერთხელ ჩვენ რუსეთიც ვადღეგრძელეთ, თუ არ ვცდები ეს იყო 2008 წლის შემდეგ.

 

ერთხელ მე და კოშკა ავლაბრის მეტროს წინ ვიდექით, საუბარში გართულებს ვიღაც კაცი მოგვიახლოვდა და არყისთვის ფული გვთხოვა. კოშკამ უთხრა, თამაზას შვილი ვარო, იმ კაცმა ბოდიში მოიხადა და ჯიბიდან ამოღებული ხურდები გამოგვიწოდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გამოვართვით, უბრალოდ, კიდევ ერთხელ დავფიქრდით თამაზაზე, კოშკას მამაზე.

 

როკ კლუბში კოშკას პოეზიის საღამო ჰქონდა. ლექსებში ხშირად ნახსენებმა გენიტალიებმა ერთ-ერთი მსმენელი გააღიზიანა, რომელმაც კოშკას დარბაზის გასაგონად მიმართა, შენ ამ ყველაფერს ლექსებში იმიტომ წერ, რომ სინამდვილეში არ გაბიაო, კოშკამ ლექსის კითხვა შეწყვიტა და ჩაიხადა... დარბაზი კმაყოფილი დარჩა.

 

როცა კოშკა მოკვდება, მას, რა თქმა უნდა, მთაწმინდაზე არ დამარხავენ, რადგან იქ უკვე პაატა შამუგია იქნება დაკრძალული.

 

კოშკას ადრე ქართველი ბუკოვსკი შევარქვი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ კოშკა ბუკოვსკიზე უმცროსია.

 

კოშკა პროფესიით დირიჟორია, მაგრამ სადირიჟორო ჯოხის ნაცვლად ხელში სხვა რამე უჭირავს, იმიტომ, რომ დირიჟორობა ადვილია, პოეზია კი – ორჯერ უფრო ადვილი.

 

ერთხელ კოშკა მამამისთან ერთად ვიღაცებმა გაიტაცეს, ეს იყო 90-იან წლებში, როდესაც მე „ტომ სოიერის თავგადასავალს“ ვკითხულობდი.

 

მე მშურს, რომ კოშკას რამდენიმე ლექსი ჩემი დაწერილი არ არის. თუმცა ერთხელ იყო შემთხვევა, როცა ისეთ წრეში მოვხვდი, სადაც მისი ლექსების ავტორობა დავიბრალე, მახსოვს ყველა გოგო კმაყოფილი იყო და ერთ-ერთმა გენიოსიც კი მიწოდა. რა თქმა უნდა, მე ეს კომპლიმენტი მარტივად შევიფერე.

 

როდესაც კოშკას ლექსებს ვკითხულობ, მე მაეჭვებს ფემინისტების უმოქმედობა.

 

ერთხელ მე და კოშკამ დეფის ლექსები წავიკითხეთ და ძალიან ბევრი ვიცინეთ, თუმცა რაღა ერთხელ, ეს რამდენჯერმე იყო.

 

თუკი კოშკას ლექსებს ოდესმე  სასკოლო პროგრამაში შეიტანენ, მე ვიქნები ძალიან ბედნიერი. ხოლო ბავშვები ორმაგად ბედნიერები იქნებიან.

 

კოშკამ ჩემზე კარგად იცის, რომ დიდი მწერლები ადრე კვდებიან, თუ მას ამის სურვილი აქვს, ეს ჩემ გარეშე უნდა მოახერხოს.

 

ამ ფოტოზე ალექსი ჩიღვინაძე და კოშკა მანქანის უკანა სავარძელზე სხედან, მე არ ვიცი, ვინ არის ის მესამე, რადგან სახე არ უჩანს.

 

 

@ ერეკლე დეისაძე