თიხის ფული და გამქრალი ქალაქები
ხათუნა ხაბულიანი
 
თარიღი: 23/06/2014
კატეგორია: სტატია

 

                                                                      თიხის ფული და გამქრალი ქალაქები

 

ცნობილ აუქციონებზე ასტრონომიულ ფასებად გაყიდული ხელოვნების ნიმუშები ხშირად იწვევს გაოგნებას იმ კულტურებში, სადაც ამგვარი აუქციონები არ ტარდება. თუმცა უფრო მძაფრია კომენტარები თანამედროვე კაპიტალიზმის კრიტიკოსების მხრიდან იმავე ქვეყნებში, სადაც არტ ბაზარი ფუნქციონირებს. ხელოვნების კრიტიკოსთა ნაწილი კი ამ თემას კიდევ უფრო დრამატულად აღიქვამს, რადგან ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ სხვაობა ხელოვნების სულიერ ღირებულებასა და მის კომერციულ ღირებულებას შორის  რადიკალურად გაზრდილია: „აღარ გვაქვს არტისტული მიმდინარეობები, არამედ ისინი ახლა ბაზრის მიმდინარეობებმა ჩაანაცვლა“ (We don't have art movements any more. We have market movements. Walter Robinson) და „ფული აღარ უჭერს მხარს ხელოვნებას და აღარ ემსახურება მას, არამედ პირიქით ხდება – ხელოვნება ემსახურება და მხარს უჭერს ფულს“ (Money no longer serves and supports art, art serves and supports money. Donald Kuspit).  ხელოვნების ნიმუშის გარკვეულ თანხად „შეფასების“ თემა ყოველთვის  ლოგიკური მსჯელობის მიღმაა, როცა მისი მხატვრული ღირებულების განსაზღვრა უკვე გარკვეულ დონემდე განვითარებულ აკადემიურ დისციპლინას, ანალიტიკურსა და კვლევით მეთოდოლოგიებს ეყრდნობა. არანაკლებ საინტერესოა ამ თემის – ფულისა და ხელოვნების კავშირის არტისტული ფორმებით კვლევა, რომლის ერთ–ერთი საინტერესო მაგალითი თბილისში ბაია გალერეამ აჩვენა 2011 წელს, –  ლია ბაგრატიონის ინსტალაცია სათაურით „ფულის ილუზია,“  სადაც ფულისა და ხელოვნების ურთიერთობის უცნაური ვერსია იყო წარმოდგენილი. აქ ფული აღარ იყო თავისი კლასიკური განსაზღვრების ილუსტრაცია, სადაც ის თავისთავად არ არის რაიმე ღირებულების მატარებელი, არამედ მისი ღირებულება იმით განისაზღვრება თუ რისი ყიდვის უნარი აქვს. ამ შემთხვევაში ფულის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ნიშნები, ასოცირებული არქაული პერიოდიდან დღემდე გამოყენებულ ნიმუშებთან მხოლოდ მხატვრულ–ვიზუალური ღირებულებისა იყო და თიხისა და მეტალების კომბინაციებით ქმნიდა ინსტალაციის სპეციფიურ სივრცეს. ხელოვანმა აქ თიხას დაუკავშირა ამ მასალასთან იმდენად დაშორებული თემა, როგორიც ფულის ნიშნების დიზაინია და კონტრასტის ფაქტორი კიდევ უფრო გააძლიერა  განსხვავებული ზომისა და ფორმის მყიფე, მსხვრევადი თიხის ფირფიტებზე  ოქროს, პლატინის, სპილენძის მცირე ზომის ნიშნულების დამატებით. ეს ობიექტები ქვიშით სავსე ყუთებში იყო ჩადგმული.  ლია ბაგრატიონის მხატვრულ სისტემაში მასალის შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოკვეთილია, სადაც ფორმა არასდროს შთანთქავს და არ კარგავს  იმ მასალის ენერგეტიკულ ღირებულებას, რისგანაც მზადდება. ილუზორულობა აქ როგორც თავად ფულს ეხება, ისე მის ისტორიასაც, დაწყებული მარტივი ფორმის მონეტებიდან შტრიხკოდებამდე და რაც მთავრია თავად ღირებულების განსაზღვრის პირობითობას, განსაკუთრებით ხელოვნების სფეროში, სადაც ხელოვნების ნიმუშის ხარისხის განსაზღვრა უფრო ირაციონალურსა და არავერბალურ ძაბვას ეყრდნობა და რთულია მისი ფულადი ეკვივალენტის რაციონალური განსაზღვრა.  

მასალა ასევე განმსაზღვრელია ლია ბაგრატიონის მეორე ინსტალაციაში –  „გამქრალი ქალაქები,“  რომელიც ასევე თიხისგან დამზადებული კონსტრუქციებისგან შედგება. აქ არქიტექტურული კარკასების ნაშთების იმიტაციებით არის აგებული ისტორიასთან შეხების ასევე ეფემერული და უხილავი განცდა: როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ცივილიზაციის ისტორია ფაქტების, თარიღებისა და პერიოდიზაციის  გარეშე? რამდენადაც ხილული, დადასტურებული და არქივში აღნუსხული ფაქტების ძალას წინ ვერავინ აღუდგება, იმდენად მიმზიდველია არტისტული ხედვისთვის  ამ ფაქტების „სიმყარეში“ დაეჭვება, მუდმივი წარმავალობის პოეტურ იდეად გავრცობა, მხატვრულ სახედ ქცევა. „გამქრალი ქალაქები“ მინიმალისტური ფორმებით ისტორიის, ძალაუფლების თამაშების, ფატალური გადაწყვეტილებებისა და მათ ანონიმურ მსხვერპლთა ზოგად ამბავს ჰყვებიან, –  ეს არის  მცირე ზომისა და ამავე დროს ძალიან ექსპრესიული ფორმებით აგებული დრამა.

 

ლია ბაგრატიონის არტი კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორის გამოა საინტერესო, – ეს არის მისი დამოკიდებულება ვიზუალური ინფორმაციისადმი, როცა ვიზუალური ნიშნის მიღმა ყოველთვის გაცნობიერებულად იგულისხმება ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მის ნამუშევრებში  „განსხვავებულ ინფორმაციასთან“ მუშაობა ვლინდება ექსპერიმენტებში ფაქტურული მედიუმებით: ქალაქები, ფული, იარაღი,  საკულტო ქანდაკებები და ა.შ. მათთან შეუსაბამო მასალისგან – თიხისგან მზადდება და ამ ცნებებთან მიმართებაში კონტრასტულ თვისებებს იძენს: ცივილიზაციის მანძილზე მუდმივად აქტუალური მოცემულობები და მათი სხვადასხვა  ეპოქისთვის სახასიათო ინტერპრეტაციები, არქეტიპები და მათი ვიზუალიზაცია ხაზგასმულად დროებითი, წარმავალი და პირობითია. მრავალფეროვან ინფორმაციასთან მუშაობა დღემდე რთული რჩება იმ საზოგადოებისათვის, რომელიც თაობების მანძილზე მხოლოდ იდეოლოგიურ მოდელს იყო მიჩვეული და ერთი უტოპიური  პოზიციიდან განსაზღვრულ მოცემულობაში ცხოვრობდა, – საქართველო პოსტ საბჭოთა ქვეყანაა და ტრანსფორმაციის რთულ პროცესებს გადის, საზოგადოებისთვის კი ყველაზე რთული მომენტი ამ სიტუაციაში ინფორმაციის დამთრგუნველ ნაკადთან გამკლავებაა. ზოგადად სასურველი იქნებოდა ამ მიმართულებით ხელოვნების წარმომადგენლეთა მუშაობა უფრო აქტიური იყოს და ძირითადად არ შემოიფარგლებოდეს რეპლიკებით საერთაშორისო არტ სცენის მეინსტრიმულ ტენდენციებზე.

 

@ ხათუნა ხაბულიანი