მუტანტური ქრონიკები # 5 - ალექსი ჩიღვინაძე
ერეკლე დეისაძე
 
თარიღი: 12/03/2013
კატეგორია: სტატია

 

მუტანტური ქრონიკები # 5  - ალექსი ჩიღვინაძე

 

 

 

ამ ფოტოს თავისუფლად შეგვიძლია ,,ორი ანგელოზი'' ვუწოდოთ, განსხვავება იმაშია, რომ ერთი ფრთებგაშლილია, მეორე კი ფრთების გაშლას ახლა იწყებს.

 

ალექსას ლექსები არაერთხელ გამხდარა ჩემი შთაგონების წყარო, მაგრამ ეს ხმამაღლა არასოდეს მითქვამს. ის კარგი პოეტია. მისთვის დამახასიათებელია სამი რამ:

 

1. სახურავზე დალევა

2. ღვინო და ჯაზი

3. ზურაბ ქარუმიძე

 

ასევე ძალიან უყვარს რომელიმე ,,ზავიდენიის'' ამოჩემება. ხშირად ეჭვიც მიჩნდება, რომ ამ ,,ზავიდენიების'' ამოჩემების მიზეზი, საიდუმლო ფინანსური ინტერესებია. ის ძალიან თავაზიანია და ამით ადვილად იგებს ოფიციანტების გულს, მაგალითად ერთ-ერთ დაწესებულებაში ღვინოს ალექსას ნახევარ ფასში აძლევენ. მას კრავივით თბილი და კეთილი თვალები აქვს. ამავდროულად ძალიან სიმპათიურია და ადვილად შეუძლია ნებისმიერი ადამიანი კეთილად განაწყოს მის მიმართ.

 

დღევანდელი კულტურული სივრცე და მათი წარმომადგენლები ძალიან ჰგვანან იმ ძაღლებს, ბუნკერის წინ რომ ყნოსავენ ერთმანეთს, ასეთ ფონზე რთულია სუფთა დარჩე და ვინმე არ გადაიმტერო, მაგრამ ალექსა რატომღაც ყველას უყვარს, როგორც იტყვიან ხოლმე მას შეუძლია წყლიდან მშრალი ამოვიდეს, გახსოვთ ალბათ რამდენიმე წლის წინ დიად შოთა გაგარინთან და ირაკლი კაკაბაძესთან ერთად ალექსამ ჯორჯ ბუშის გამზირი რომ გადაკეტა, ბუშის ბანერი კი პულივიზატორებით შეღებეს, ეს შესანიშნავი სამეული გამზირის სახელის გადარქმევას მოითხოვდნენ, სანაცვლოდ კი ამერიკელი პოეტის უოლტ უიტმენს სახელს გვთავაზობდნენ. ჩემთვის ბუში და უიტმენი ორივენი ამერიკელები არიან, ამიტომ ამ პერფორმანსის ნაკლი ის იყო, რომ მათ შეეძლოთ უიტმენის ნაცვლად გამზირზე ჩემი სახელის დარქმევა შემოეთავაზებინათ. მაგრამ როცა ამხელა რისკზე მიდიხარ, ყველაფრის ერთობლივად განსაზღვრა რთულია.

 

ისე თუ დააკვირდებით რა კარგად გაიჟღერებდა, დოიჯაშვილისეული ხრინწიანი ვოკალით შესრულებული ცნობილი სიმღერის ქავერი,

 

,,უოლტ უიტმენის გამზირი, პოლიციელთა ზღვა.''

 

ალექსას ერთი ძალიან კარგი თვისება აქვს. ის თითქმის ყოველთვის თანახმაა, როდესაც დალევას სთავაზობ. მისი რჩევით რამდენიმე წიგნი წავიკითხე და ყველაზე ნათლად ზურაბ ქარუმიძე დამამახსოვრდა, ოღონდ ეს ის შემთხვევა იყო, როცა წიგნზე მეტად ავტორი და მისი მრჩეველი გამახსოვრდება.

 

ალექსა ჩიღვინაძე პირველ რიგში პოეტია, მაგრამ ახლახანს გამომცემლობა ,,სიესტამ'' მისი პიესების კრებული გამოსცა, ,,ქალაქის მერის ცოლის საყვარელი'' ასე ქვია წიგნს, რომელშიც ავტორის პიესებია შესული, სათაურიდან გამომდინარე, ახლო წარსულში მომხდარი მცირე პოლიტიკური სკანდალი გაგვახსენდება, მაგრამ პიესა ალექსამ ბევრად უფრო ადრე დაწერა ვიდრე ეს სკანდალი მოხდებოდა. ფაქტობრივად ის არა მარტო დრამატურგი, წინასწარმეტყველიც არის.

 

ერთხელ ალექსამ ბათუმში ყოფნის დროს ბუკოვსკის ლექსების წიგნი მაჩუქა, რომელშიც მის მიერ თარგმნილი ლექსებიც იყო შესული. როცა წიგნი წავიკითხე, მივხვდი, რომ ის მთარგმნელიც არის.

 

გიყვარდეთ და აფასებდეთ, პოეტს, აქტივისტს, დრამატურგს, წინასწარმეტყველს, მთარგმნელს, სანიმუშო მუტანტს და  ჩემს უსაყვარლეს მეგობარს - ალექსი ჩიღვინაძეს.

 

სხვათა შორის, როდესაც ეს ფოტოები დათო აბრამიშვილმა გამომიგზავნა, ჩემი დიდი ხნის ეჭვი ქვემოთ მოყვანილმა ფოტომ ბოლომდე გაამართლა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ალექსა ჩიღვინაძე ერთადერთი ქართველი პოეტია, რომელსაც წყალზე გავლა თავისუფლად შეუძლია ჟან ჟენეს წიგნით ხელში.

 

@ ერეკლე დეისაძე