Game over ანუ დენდიანობა უშუქობის ჟამს
გიორგი კეკელიძე
 
თარიღი: 19/06/2014
კატეგორია: სტატია


 

 

გიორგი კეკელიძე

 

Game over ანუ დენდიანობა უშუქობის ჟამს

 

გადმოყვანილი დენი გამაძლიერებელით. მეზობლის სახლში ოდნავ მბჟუტავი ნათურა ინთებოდა, მწიფე კარალიოკს უფრო ჰგავდა, ვიდრე საკუთარ თავს. იქ გადასვლა მთელი რიტუალი იყო. გზა - ვირტუალური გეგმების მოსაფიქრებლად. მერე რიგი და დაჯდომა.

გამოგიტყდებით, ტექსტით თერაპიას ძნელად ვახერხებ. ერთადერთი, რაც მშველის ხოლმე, ერთი შეხედვით გაცვეთილი ფრაზაა - ,,არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ'' და არა იმიტომ, რომ ძველი სიბრძნეა, გალების და ა.შ. - არამედ ერთხელ, ,,კონტრას’’ ერთ-ერთი ტურისას ,,მომკლეს’’ და დარწმუნებული ვარ იმ ჩემმა ბავშვობის მეგობარმა ეს ფრაზა ისე მითხრა, გაგონილიც არ ჰქონდა. და მას მერე სულ მაძლიერებს.

გურიაში თამაშობათაგან, კომპიუტერის შემოსვლამდე ცხადია ომობანა და სახლობანა უპირატესეობდა. ომობანა იმართებოდა უკან, ჩაის მიტოვებულ პლანტაციებში – აფხაზეთის ამბების დრო იყო, ჩვენც ძირითადად  ეს თემა აღგვაგზნებდა. დაჭრილი არა, მაგრამ ტრიფოლიანტას ეკლებისგან დაკაწრული კი ვბურნდებოდით. სხვა ბრძოლები იყო, იქ მართლა ვმარცხდებოდით და ვიმარჯვებით – ვიდრე მერე, პიჯაკები რომ ჩავიცვით და ჰალსტუხები მოვიზომეთ.

– აქანე ხომ არ ავაშენოთ სახლი? – თავი ტომ სოიერი მგონია, ჩემს მეგობარს ვეკითხები
– რაით? – მეკითხება.

დიდი მინდორია, პატარა ღელე ჩამოდის. ჩემი ნალია დავშალოთ და იმ ფიცრებით – ჩემი აზრია. დაშლისას შეგვიპყრეს და მაგრად მიმბეგვეს, პირველად მაშინ მომინდა ჯერ თავის მოკვლა და მერე უფროსებზე შურისძიება. თუმცა ეს დამცირებაც გადავიტანე. სხვა თამაშები არსებობდა და იმიტომ.

– აქ ხომ არ ავაშენო სახლი? – ახლაც ვითხულობ ხოლმე. რითი – ახლაც მპასუხობენ. მაგრამ ახლა ჩემი ნალია მაქვს და იმას დავშლი. ჰო, წავუფილოსოფოსე, თქვენ ნუ შეშინდებით.

,,შიში ვერ იხსნის სიკვდილსა’’. მით უფრო კონტრაში, ტანკებში და მარიოში.

დენდიანობა გურიაში ახლა ჩაცხრა. ქაუნთერები და ფეხბურთებია, როგორც სხვაგან. სხედან ბავშვები ინტერნეტ–კაფეებში და იშვითად სახლში (თუ კომპიუტერი აქვთ) და ამბობენ – ,,უჰ, მომკლეს’’

ნუ გეშინიათ ბავშვებო, ისეთი დღეა, რომანის წერას დაიწყებდა ადამიანი.  მაგრამ რაღა დღე - დაღამდა უკვე. ამიტომ ჯობს გადავდოთ - ვთქვი მე და გადავდე.