შესაძლებელი დეტერიტორიალიზაცია
ხათუნა ხაბულიანი
 
თარიღი: 02/04/2013
კატეგორია: სტატია

 

 

შესაძლებელი დეტერიტორიალიზაცია

 

სკანდინავიელი ხელოვანების გამოფენაზე „საოცრებათა შორის“ ჩემთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო დენის რომანოვსკისა და ელინ ვიქსტრომის „შეუძლებელი მუზეუმი“, ანუ იმ სახელოვნებო პროექტების კოლექცია, რომელთა განხორციელებაც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. აქ იყო შეუმდგარი პროექტების ისტორიების მთელი არქივი, მათ შორის რამდენიმე ქართველ არტისტებსაც ეკუთვნოდათ. მე თვითონ 2005 წელს ვიყავი კურატორი გამოფენისა – „წარუმატებელი პროექტები,“ რომელიც იგივე თემას ეხებოდა და მაშინაც რამდენიმე მხატვარმა თავიანთი განუხორციელებელი იდეები წარმოადგინა გალერეაში „დიდი,“ რომელიც თავის მხრივ ასევე წარუმატებელ პროექტად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მისი როგორც „ალტერნატიული“ გალერეის მოღვაწეობა ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. თუმცა, საქართველოში არავის უკვირს ენთუზიაზმით დაწყებული ინიციატივები, რომლებიც საბოლოოდ ერთჯერადი აღმოჩნდება ხოლმე, ან ძალიან მალე უკვალოდ ქრება.

 

 

მოკლედ, ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ მიუხედავად კულტურული კონტექსტებისა და ტერიტორიული სხვაობისა, ხშირად ვხვდებით საერთო პრობლემებს, რომელთაგან ზოგიერთი მათგანი, როგორც ობიექტური სიმპტომი შეიძლება უფრო ღრმა კვლევის საგნად იქცეს. რაც შეეხება იმას, თუ რა გამოცდილებები შეიძლება გავცვალოთ ან გავუზიაროთ ერთმანეთს, ესა თუ ის გამოფენა რომ არ დარჩეს მხოლოდ ფორმალურ დაფიქსირებად განსხვავებულ გეოგრაფიულ ლოკაციებში, ამ თემაზე  გამოფენის ორგანიზატორები ჯოზეფინა პოში და ლესლი ჯონსონი კარგა ხნის წინ დაფიქრდნენ და 2011 წელს მოსამზადებელი კვლევისთვის თბილისში ჩამოვიდნენ. ისინი შეხვდნენ ქართული არტ სივრცის წარმომადგენლებს, – რამდენიმე მათგანს უკვე იცნობდნენ; აინტერესებდათ ადგილობრივი არტ პროცესები და ისიც უნდა გაერკვიათ, თუ რა შეიძლებოდა თვითონ შეეთავაზებინათ ქართული აუდიტორიისათვის. საბოლოოდ ნამდვილად კარგი პროდუქცია მივიღეთ და დამთვალიერებლისთვისაც საინტერესო გამოფენა. კომუნიკაციისა და ინტერაქციის თემები, რაც თვითონ უშუალოდ პროექტის ინსპირაციის წინაპირობა იყო, პარალელურად სხვადასხვა მხატვრული ვერსიებითაც იყო განვითარებული გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში. ევა კოჰის „მიდგომა“ –  ეს არის ვიდეო ნამუშევარი ინტერპრეტაციების მრავალფეროვნების  შესახებ, უფრო ზუსტად კი ეხება ხმასა და ჟესტს. მაყურებელი ისმენს  „სამოთხის“ სტრიქონებს დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიიდან“ ერთდროულად  ყურით და თვალით: ისმის წაკითხული ტექსტი  ადამიანთა ჯგუფის პერფორმანსის ფონზე, –  რომელიც იგივე ტექსტს გამოსახავს ამჯერად ჟესტების ანბანით. როგორც თვითონ არტისტი ამბობს ინტერვიუში, მას აინტერესებს და მნიშვნელოვნად მიაჩნია როგორ ესმით ადამიანებს ერთმანეთის, როგორ იგებენ ისინი სხვადასხვა ფორმებით გამოხატულ ერთსა და იმავე ინფორმაციას. 

 

 

ჟესტების ენის ენერგიული ქორეოგრაფია გამძაფრებულად აჩვენებს კონტაქტის მოთხოვნილების გარდუვალობას და ადამიანთათვის მის სასიცოცხლო მნიშვნელობას, –  ვიდეო გადამდებად ემოციური და ექსპრესიულია. ემოციური მუხტი ზოგადად არ აკლია გამოფენას, განსაკუთრებით კი  ძლიერია საშა ჰიუბერის ვიდეო პერფორმანსში „Haiti Cherie” – (ძვირფასო ჰაიტი). ვიდეოს შექმნის ისტორიას ავტორი ასე ჰყვება: „ ჰაიტის მიწისძვრის შემდეგ ჰაიტის დროშის ფერებიან კოსტიუმში გამოწყობილმა გავაკეთე „თოვლის ანგელოზები“ გაყინულ და თოვლით დაფარულ ბალტიის ზღვაზე, როგორც სიმბოლო გლოვის, დაკარგული სიცოცხლის, ჩემი სოლიდარობისა და იმედის.“ პროექცია აჩვენებს არტისტის სხეულით დატოვებული ანაბეჭდებს თოვლზე, რიტმულად გამეორებულსა და უსასრულოდ გაგრძელებულს, – ადამიანური  თანაგრძნობის ძალიან გულახდილი და მგრძნობიარე რიტუალით. ეს აქცია–პერფორმანსი ერთგვარი არტისტული პასუხია კითხვაზე თუ როგორი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ადამიანს სტიქიურ კატასტროფაზე, რა შეიძლება მან გააკეთოს პირობებში, როცა რეალური დახმარება და ან სხვისი გადარჩენა არ შეუძლია. ამის გარდა, ამ შემთხვევაში კიდევ აქტიურდება ხელოვნების როგორც კომუნიკაციის ფორმის თემა, თუ როგორ შეიძლება ის განვითარდეს როგორც დამოუკიდებელი, მხოლოდ მხატვრული ღირებულების მატარებელი ვიზუალური სახეებით მეტყველი ენა, რომელსაც დამატებითი განმარტება აღარ დასჭირდება. კომუნიკაციის თემას სხვადასხვა ფორმით ამ გამოფენის თითქმის ყველა მონაწილე ეხება. ჯოზეფინა პოშმა თავისი სილიკონის სკულპტურები ღია ინტერაქციაში დატოვა ვიზიტორებთან, რომელთაც  შეეძლოთ შეხებოდნენ მათ, „ეთამაშათ“ ამ სხეულებით, შეეცვალათ მათი მდგომარეობები. ზოგადად თანამედროვე ხელოვნებისთვის ჩვეულ დღის წესრიგშია აშკარად გამოხატული სურვილი ყოველდღიურ ცხოვრებასთან განუყოფლად იარსებონ მხატვრულმა ფორმებმა, საბოლოოდ გადაილახოს მუზეუმთან ასოცირებული აკრძალვა –  „არ შეეხოთ!“ და ხელოვნება ცხოვრების ორგანულ ნაწილად იქცეს, სადაც არტისტული ინტერპრეტაცია უპრობლემოდ იქნება ჩართული.

 

 

ეს საკითხი ბოლო წლების ქართული კულტურული პროცესების აქტუალურ თემებშიც შედის, სადაც პოსტ ტოტალიტარული კულტურის რთული ვნებათაღელვა ვითარდება, კერძოდ საუბარია სკულპტურისა და ზოგადად ხელოვნების აღქმაზე, რომელიც ჯერ კიდევ არსებული საბჭოთა ინერციის წყალობით დისტანციურია და აქტუალურ ხელოვნებასთან „შეხვედრა“ ადვილად ვერ ხდება (პათოსის მომცველი ოფოციალური საბჭოთა ხელოვნება იდეოლოგიური იყო და  და პროპაგანდას ემსახურებოდა, შესაბამისად აუდიტორიასთან მიმართებაში მას დომინანტური პოზიცია ჰქონდა). თუმცა, ადგილობრივი ახალგაზრდა თაობა უკვე განსხვავებულად უყურებს ხელოვნებას და მის თანამედროვე პრობლემებს, –  სავარაუდოდ საინტერესო ცვლილებებსაც უნდა ველოდოთ. მასალის, ფორმისა და მნიშვნელობების ურთიერთობების ორიგინალურ ვერსიას ლესლი ჯონსონი მცირე ზომის სკულპტურებით აგებული ინსტალაციებით ავითარებს. ავტორი ამ სქემას ახალ თამაშს უწოდებს, რომელმაც სხვადასხვა მოცემულობები შეიძლება აჩვენოს, – იქნება ეს სპონტანური და დაგეგმილი ქმედებები, თუ განსხვავებული კონტექსტები და შესაბამისად შეცვლილი შინაარსები, – თუნდაც ის რეალობა, რომ თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში განვითარებული სკანდინავიური ხელოვნების ინტერვენცია იმდენად განსხვავებული იქნება ნებისმიერი სხვა ქალაქის შემთხვევისაგან, რამდენადაც ყველა სხვა შესაძლო ქალაქი არ ჰგავს ერთმანეთს. თანამედროვე ხელოვნების გამოფენები უმეტესად რიზომატულ განვითარებას აჩვენებენ, მოიცავენ ყველა შესაძლო ტენდენციასა და ხილულს ხდიან სტრუქტურების ბუნებას. „საოცრებათა შორის“ კომუნიკაციათა და განხვავებული მედიუმების (სკულპტურა, ვიდეო, ინსტალაცია) გადაკვეთით შეეხო რამდენიმე მნიშვნელოვან თემას: რა არის თვითონ ხელოვნება, რას შეიძლება ის გამოხატავდეს და როგორი ფორმებით, ზოგადად რა ადგილი უკავია მას დღევანდელი ადამიანის ცხოვრებაში. ხელოვნებამ ასევე შეიძლება შემოგვთავაზოს  ახალი განსაზღვრებები და ახალი ტიპის ურთიერთობები ჩვენს ირგვლივ არსებულ გარემოსთან მიმართებაში, რომელშიც ვცხოვრობთ, თუნდაც ცხოველთა სამყაროსთან დაკავშირებით, როგორც ეს ბრინდის სნებიორნსდოტირისა და მარკ უილსონის „აღთქმული მიწა: გაურკვევლობის ეკოლოგიები“ აჩვენებს.

 

 

ეს ინსტალაცია მუყაოსგან გამოჭრილი ცხოველების სილუეტებისა და საკმაოდ ეფექტური გრაფიკული სერიისგან შედგება, სადაც კვლავ ცხოველთა სილუეტებია  გამოსახული ერთმანეთზე დადებული რამდენიმე კადრის იმიტაციით. ინსტალაცია პირობითად უშვებს მრავლობითი მოცემულობების ველს, რომლის ტრანსფორმაციებსაც გარემოს შემოჭრა თუ მასთან ურთიერთობა იწვევს, რომელიც მუდმივად იყოფა და დამატებით განზომილებებს ქმნის; ამ ტერიტორიაზე სრულიად კონკრეტულ  ცხოველთა „ნაივური“ სილუეტები აბსტრაგირებულ გამოსახულებებამდე მიდის. სკანდინავიური პროექტი თბილისის საგამოფენო სივრცეში განხორციელებული დეტერიტორიალიზაციის ილუსტრაციაა, რომელიც რეაქციების სავარაუდო მოდელებსაც მოიცავს, სადაც ყოველგვარი საზღვარი გამქრალია: თქვენ შეგიძლიათ თანაგრძნობა გამოხატოთ სხვა კონტინენტზე მომხდარი ტრაგედიის მიმართ, ჟესტით მოისმინოთ ლექსი, განუხორციელებელი გამოფენის იდეის პრეზენტაცია მოაწყოთ, ახალგაზრდებმა ირონიული რეპლიკა მიიღონ ანდერს სმებიეს გიგანტური ხელთათმანის სახით იმ პროგნოზის გათვალისწინებით, რომელიც შესასვლელშივეა ციტირებული აუგუსტ სტრინდბერგის პიესიდან:  „რასაც ადამიანები წარმატებას უწოდებენ,ის მხოლოდ მორიგი მარცხისთვის მზადებაა.“

 

ხათუნა ხაბულიანი

 

 

ფოტოები: გვანცა ნიკოლაძე

 

http://www.betweenmiracles.org/index.php?page=1