,,წინსაფრის ჯიბეში, ასანთის ღერებით...’’
ერეკლე დეისაძე
 
თარიღი: 25/05/2012
კატეგორია: სტატია

 

 


სარა ქირში ქუთაისში აღმოვაჩინე, გერმანულ ბიბლიოთეკაში. თეთრყდიანი გამოცემა იყო, გარეკანს ავტორის ფოტო ამშვენებდა. სათაური კი ასე ჟღერდა (Bodenlos: Gedichte). წიგნს არ მატანდნენ, უნდა გაწევრიანდე, ისე არ შეიძლებაო. ბოლოს შევთანხმდით, რომ პირადობას დავუტოვებდი და გამომატანეს.

ჩემი მოკლე ჭკუით ნებისმიერ ტექსტს, შესაფერისი დროის და ადგილის შერჩევა უნდა. არსებობს ტექსტები, რომელიც ყველაზე კარგად მეტროში იკითხება. არსებობს ისეთი ტექსტებიც, რომლებსაც მხოლოდ ძილის წინ უნდა გადახედო, რათა უფრო მალე დაიღალო და კარგად დაგეძინოს. რაღა თქმა უნდა, არსებობს ისეთებიც, რომლებსაც ვერც დრო და ვერც ადგილი ვერ უშველის. ამ ლექსების წაკითხვა კი შემდეგ გარემოში წარმომიდგენია: დილით როცა გაიღვიძებთ, ჩახუთული ოთახი გაანიავეთ, მაცივრიდან ცივი რძე გამოიღეთ, სავარძელში მოკალათდით და ერთდროულად იფიქრეთ გაფენილ სარეცხსა და დაკარგულ სიყვარულზე.

პ.ს. დიდი მადლობა ლანას, ვინც ამ ლექსების თარგმნაში დამეხმარა.

 

ზღვა

 

მე ვარ დედა,
სანაოსნოდ წასულ შვილებს
ველოდები ზღვის სანაპიროზე.

წინსაფრის ჯიბეში,
ასანთის ღერებით...

 

წლის დასასრული

ფიონი ტბას ატრიალებს
და შავ-თეთრი ალპების წინ
ჯადოსნურ სარკეს დგამს
რათა დაგინახო შენ
მუხლებამდე ზღვაში,
ასე დაშორებული და ამოჭრილი.

წელიწადი

ჩვენ ვსწავლობთ ფრენას
და ქარი რომელიც
იოლად გვპოულობს,
მიგვაქროლებს ყვავილებისა და კაშხლების თავზე.

 

votivblatt

მას, ქრისტოფერს ზალცბურგიდან,
გადაჰყავს წითელი კატები
სტიქსზე.

 

ტყის მარტოობა

შებინდებისას ჩემი ბულბული
არის შავი.
ქარი წვება არნიმის საფლავზე.

             

როიალი

ლამაზი ხმა უკვე
კიბის საფეხურებზე მოფრინავს
და მიირხევა
ჩემს მხრებს შორის.

              


 მწვანე, მწვანე ივნისი

ველური მხედრები დაბლობზე
და უშავესი ღრუბლის მთები.
ქუხს..
გრგვინავს..
- რატომ არ ხარ ჩემთან?
ეუბნება დიდი ჭექა-ქუხილი პატარას.

 

მიმართვა

მე ვარ ქარი,
ობობის ნაბიჯებით ქსელს ვაბამ
შენს ლამაზ წითელ პირზე.

               

მე თავისუფლად ველური

გუშინ ჩემი ხელის ირგვლივ

გაჩერდა მდინარე,

მისი სარკე მაჩვენებს
მკვდარ დას,
ტბის სანაპიროს გვირგვინში.

 

ჯადოსნური შუქი

მკვრივ და მგრგვინავ
ჰაერზე ამხედრდა ჩვენი შევარდენი.
ერთგული მეგობრის თვალის
ანარეკლი ელავს
მარცვლისოდენა მიწაზე.

 

გახსოვდეს

ბალახმა ასწია თითები,
ჩვენ არ ველოდებოდით მას.
და აი, იჯდა ის ღამ-ღამობით
ჩვენს მაგიდასთან.
გულის ჯიბეში თეთრი შაშვით.

 

ელვა

კარები ღია დავტოვე,
მყინვარმა შიგნით შემოიხედა.
რადიოდან შლაგერები
გადაჩრდილვამდე ღრიალებდნენ.

 

ადრიანი ზამთარი

ჩემი პირი – ასკილის ნაყოფი თოვლში,
პალტოში ჩაჩრილი კატის კნუტი
და თევზივით პრიალა ფეხი,
რომელსაც სადღაც სხვაგან უნდა...

 

აგვისტო

მე ვატარებ
ცხვრის მატყლივით თბილ ნატვრას,
თოვლი მოაქვს ზღვიდან ქარს.