ფურცელი „დივანი“ - დანაა
გეგა აბულაძე
 
თარიღი: 10/04/2013
კატეგორია: სტატია

 

@ გეგა აბულაძე

 

 

ფურცელი „დივანი“ - დანაა


სულ მინდოდა კინგის, მურაკამის, უაილდის, ბუკოვსკის, ფამუქის, პალანიკის და სხვა ცნობილი ავტორების გვერდით ერთი ჩემი ფურცელიც ყოფილიყო გაკრული „დივანი“-ს ტუალეტში და მის კითხვაში გართულ ბიჭებს ჯერ კედლებზე მიეფსათ, მერე კი შარვლის ღილების შეკვრაც დავიწყებოდათ. გოგოებს საცვლები მაინც დასველებოდათ სხვა თუ არაფერი და ტუალეტიდან გამოსულებს ჩემთან ჟიმაობაზე ეოცნებათ. ისიც ვიცოდი, რომ მას ადრე თუ გვიან ვინმე მოიპარავდა (ასეთი „ქურდი“ ბევრი მინახავს „დივანში“ და ყოველთვის მშურდა მათი) ან ტუალეტის ქაღალდის უქონლობის გამო რომელიმე მთვრალი „ქლაბერი“ ან „როკერი“ ტრაკში ამოისვამდა და მოურიდებლად ჩარეცხავდა ჩემს ფურცელს თბილისის „ანდერგრაუნდ“ კანალიზაციაში, მერე კი ფურცელი მტკვარში აღმოჩნდებოდა და რა გასაკვირია, რომ სხვა განზომილებაში ფიქრებში გართულ ბარათაშვილსაც მოეკრა თვალი.

  
მოკლედ დივანი ის საგანია, რომელიც აუცილებლად კარგი უნდა იყოს და მეტ-ნაკლებად ამაზე ყველა თანხმდება. მეტიც, ზოგისთვის დივანი ცხოვრების ორ წელსაც უდრის. ჩაკ პალანიკი, მებრძოლთა კლუბში წერს: „იყიდე დივანი და ორი წლით მთლიანად დაკმაყოფილებული ხარ, რა მნიშვნელობა აქვს, თუ რამე ისე არ მიდის, როგორც შენ გინდა. ყოველ შემთხვევაში დივნის საკითხი გადაჭრილია“. არ ვიცი, პირადად მე არასდროს მქონია საოცნებო დივანი, რომელზე ჯდომისასაც თავს მეფედ თუ არა  არარაობად მაინც არ ვიგრძნობდი. ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე რა იქნებოდა კარგი დივანი რომ მქონოდა, მაგრამ ალბათ ამას მხოლოდ მაშინ გავიგებ როცა კარგი დივნის საყიდელ ფულს დავაგროვებ და გემოვნებაც არ მიღალატებს.

 

ჰარუკი მურაკამისთვის კი დივანი გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ დივანი  -„შეიძლება ეს ცრურწმენაა, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ იმის მიხედვით, თუ როგორ ირჩევს ადამიანი დივანს, შეგვიძლია ვიმსჯელოთ მის ხასიათზე. დივანი ცალკე სამყაროა თავისი უცვლელი კანონებით. თუმცა ეს მხოლოდ იმას ესმის, ვინც კარგ დივანზე გაიზარდა; დაახლოებით ისე, როგორც კარგ მუსიკაზე ან კარგ ლიტერატურაზე იზრდებიან“.


მე კი ვიტყოდი, რომ ის ვინც ცუდ დივანზე არასდროს მჯდარა ვერასდროს გაიგებს კარგი დივნის ფასს და მისთვის დივანი მხოლოდ და მხოლოდ ტრაკის  კომფორტულად დასადები საშუალება იქნება. 

 

„ყოველ ახალ სახლში გადასვლისას პირველ რიგში თვალებით დივანს ვეძებდი ხოლმე. თუ დივანი მომეწონებოდა მერე დანარჩენ ავეჯს და ოთახებს ვათვალიერებდი. აი სადაც დივანი საერთოდ არ იყო, უძრავი ქონების აგენტს არც კი ვემშვიდობებოდი და უკან მოუხედავად გამოვრბოდი უდივნო სახლიდან“ - ეს კი ჩემი აზრია ზოგადად დივნის შესახებ.


მოკლედ მის გარეშე ცხოვრება კოშმარია. მე ამ საშინელებით უკვე ორი წელია ვიტანჯები და უდივნო სახლში ვცხოვრობ, სამაგიეროდ მაქვს სპარსული ტახტი და მჯერა, რომ ოდესმე მეც მექნება ჩემი დივანი, რომლითაც ჩემს ხასიათზე იმსჯელებენ თუნდაც ეს უბრალოდ ცრურწმენა იყოს.



„დივანში“ მხოლოდ ერთხელ ვნახე თანამედროვე ქართველი ავტორის ციტატა, მაგრამ მალევე ჩამოხსნეს ტუალეტის კედლიდან, რადგან როგორც „დივანი“-ს ივენთმენეჯერი ამბობს (რასაც ამბობს ეს მისი აზრი არ არის, ზემდგომებმა უთხრეს) „ან გარდაცვლილი ავტორი უნდა იყო, ან ცოცხალი კლასიკოსი ტუალეტის კედელზე რომ მოხვდე“-ო. ის ქართველი ავტორი კი ჯერ ცოცხალია და არც...

 

არადა რა კარგი რეკლამაა ახალგაზრდა ავტორებისთვის ტუალეტებში გაკრული მათი ციტატები, მაგრამ სამწუხაროდ „დივანი“-ს მენეჯმენტს სხვა გათვლები აქვს და ყველა იმ სიკეთესთან ერთად რასაც აკეთებენ თუ ჩემს რჩევას გაითვალისწინებენ და ტუალეტებში თანამედროვე ქართველ ავტორებსაც გამოუნახავენ ადგილს ძალიან კარგი იქნება.

 

ახლა კი მოკლედ იმაზე თუ როგორ აღმოჩნდა ჩემი ფურცელი დივანში.

 

გადავწყვიტე მეც Banks-ივით მემოქმედა და სადაც არ „მიშვებდნენ“ თვითონ „შევპარულიყავი“. ეს სიამოვნება კი „დივანში“ ნაყიდ ლუდის და რამდენიმე ფურცლის ამოპრინტერების ფასად დამიჯდა - სულ ექვსი ლარი და სამოცი თეთრი, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით როცა კმაყოფილი უყურებ ტუალეტში გაკრულ შენს ფურცელს და ისიც იცი, რომ შენს გარდა სხვაც ბევრი წაიკითხავს იმისდა მიხედვით, თუ რამდენ ხანს ვერ შეამჩნევს „დივანი“-ს მენეჯერი და რამდენი კათხა ლუდი დაილევა ამ დღეების განმავლობაში.

 


ბოლოს კი რამოდენიმე რჩეული ციტატა დივნის შესახებ:


   
„მარტოხელა კაცი - ესაა ადამიანი, რომელსაც აქვს მაგიდაც და დივანიც, მაგრამ დივნის ისტორია გაცილებით მდიდარია“. 
ჰენრიკ იაგოძინსკი

 

„ალბათ, გულმა მიგრძნო, რაღაც მოხდებოდა, ამიტომაც წინა საღამოს ავდექი და, ვიდრე ისინი მოვიდნოდნენ, სახლი წინასწარ დავათვალიერე. ხომ შესაძლებებლი იყო ქალებს (რომელთაგან ორს სრულებით არ ვიცნობდი) რამე ისეთი ეპოვათ, ყველას უხერხულ მდგომარეობაში რომ ჩაგვაყენებდა. მაგალითად, დივნის პატარა ბალიშების უკან ჩამალული ჯოანას ვარდისფერი ტრუსი („ვნებები ძალზე ხშირად დივანზე გვიპყრობს, მაიკლ, შეგიმჩნევია?“ – მკითხა ერთხელ ჯოანამ)“. სტეფენ კინგი, „ძვლები აბგაში“

 

„კარგი დივანი კარგ დივანს ბადებს, ცუდი დივანი კი სხვას არაფერს, გარდა კიდევ ერთი ცუდი დივნის. სამწუხაროა, მაგრამ ასეა. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ზეკომფორტულ ავტომობილებს მართავენ, მაგრამ სახლში მეორე- და მესამეხარისხოვან დივნებზე ისვენებენ. დიდად არ მინდება ვენდო ასეთ ადამიანებს“.


„კარგი დივანი რომ იყიდო, საჭიროა გქონდეს საკუთარი შეხედულებები სამყაროზე, საკუთარი გამოცდილებები. ფულიც საჭიროა. თუმცა მარტო ფულით აქ ვერაფერს გახდები. ზუსტი წარმოდგენის გარეშე, თუ რას წარმოადგენს შენთვის დივანი, იდეალური ვარიანტის არჩევა მეტად გაგიჭირდება“.                                                                                                                                                                                                                     

ჰარუკი მურაკამი, „დივნის შესახებ“