ანტიწინასწარმეტყველი
ზურა ჯიშკარიანი
 
თარიღი: 18/04/2013
კატეგორია: თარგმანი

 

სიორანს ერთი დაახლოებით ესეთი ფრაზა აქვს ----> ჩვენ რომ დაბადებისას გვქონოდა საკუთარი თავისა და იმ ადგილის სადაც ვართ ისეთი გაცნობიერება როგორც გვაქვს უფრო ზრდასრულ ასაკში, მაშინ 5 წლის ასაკში თვითმკვლელობა ჩვეულებრივი მოვლენა ან უფრო მეტიც, ღირსების საკითხი იქნებოდა.
სამწუხაროდ ბავშვობაში ნასწავლი ფრანგული არ მახსოვს, რომ ორიგინალში წავიკითხო, ქართულად გრამატიკულად სწორად წერაც კარგად არ ვიცი და ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ თარგმანი კაია და მიუხედავად იმისა, რომ ეს რუმინელ-ფრანგი ეგზისტენციალისტი ხშირად 2 ჯერ 2 ოთხია-ს იმეორებს - მაინც დარწმუნებული ვარ ასე კარგად ამ განტოლებას სხვა ცოტა ამბობს. და ისედაც, არავის არ აწყენს შეხსენება თუ რამხელა სტრესების, მითებისა და ტყუილების ხარჯზე გვიწევს აზრის მიცემა იმისთვის, რისი აზრიც თუ კარგად დაუკვირდები ნულის ტოლია. 

 

რამდენიმე თავის დაურედაქტირებელი თარგმანი, შეგძლიათ იკითხოთ ნებისმიერი თანმიმდევრობით.

 


 

ფანატიზმის გენეალოგია

 

თავისთავად ყველა იდეა ნეიტრალურია ან უნდა იყოს ასეთი, მაგრამ ადამიანი მასში სულს შთაბერავს, გადააქვს მასზე საკუთარი ვნებები და საკუთარი სიგიჟე; დაბნელებული, რწმენად გადაკეთებული იდეა შედის დროის სხეულში, იღებს მოვლენის სახეს და ასე ხდება ლოგიკის გარდასახვა ეპილეფსიად... ასე იბადებიან იდეოლოგიები, დოქტრინები და სისხლიანი ფარსები.

 

ინსტინქტური კერპთაყვანისმცემლობისკენ მიდრეკილები, ჩვენ უდავო ღირებულებებად ვაქცევთ საკუთარ ოცნებებსა და ინტერესებს. ისტორია სხვა არაფერია თუ არა ცრუაბსოლუტების მსვლელობა,  რაღაც მიზეზებით აშენებული ტაძრების რიგი, სულის დეგრადაცია წარმოუდგენელის [შეუძლებელის] წინაშე. მაშინაც კი როცა ადამიანი შორდება რწმენას, ის მის მიერ დამონებულია; თავიდან ის ხარჯავს ძალებს იმსითვის, რომ შექმნას ღმერთების ანალოგი, შემდეგ მათ ეთაყვანება და ასე მისი გამოგონილის, მითოლოგიურის წყურვილი იმარჯვებს ცხადზე და იმარჯვებს შიშზე, რომ არ აღმოჩნდე ის ვისაც დასცინიან.  ეს სურვილი: ეთაყვანებოდე რამეს - - ბრალეულია ყველა კრიმინალში. როდესაც ადამიანს უსაფუძვლოდ უყვარს ესა თუ ის ღმერთი, ის აიძულებს სხვებსაც უყვარდეთ ის და მზადაა გაანადგუროს ისინი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში. არ არსებობს ისეთი იდეოლოგიური სიმტკიცე, ისეთი აგრესია ან ისეთი პროზელიტიზმი, რომელშიც ვერ აღმოვაჩენდით ფანატური ენთუზიაზმის ცოცხალ მხარდაჭერას. საკმარისია ადამიანმა დაკარგოს შესაძლებლობა იყოს მიუკერძოებელი, რომ ის ეგრევე იქცევა პოტენციურ მკვლელად; საკმარისია მან საკუთარი იდეა ღმერთად გადააქციოს და შედეგები უკვე წარმოუდგენელია. თუ ვინმეს კლავენ ყოველთვის ღმერთების ან მათი სუროგატების სახელით: უწესრიგობა, სიშმაგე, რომელსაც ბადებს გონების ქალღმერთი და რომლის სტიმულირება ხდება ნაციონალური, კლასობრივი თუ რასობრივი იდეებით, მხოლოდ ინკვიზიციისა თუ რეფორმაციის მძვინვარებას თუ შეედრება. რელიგიური თავაწყვეტილობის ეპოქები ცნობილია სისხლიანი გმირობებით – ტერეზა დე ხესუსი შემთხვევით არ იყო კოცონზე დაწვების თანამედროვე და ლუთერი შემთხვევით არ ცხოვრობდა გლეხთა მასობრივი ხოცვის დროს.

 

მისტიური ეპილეფსიების დროს მსხვერპლთა გოდება მუდამ ერწყმოდა ექსტაზურ კვნესას.. სახრჩობელები, ციხეები და კატორღული შრომა ყოველთვის მხოლოდ რწმენის ჩრდილქვეშ ყვავილობენ. თვით სატანაც კი მხოლოდ მკრთალი ანარეკლია თუ მის გვერდით საკუთარი ჭეშმარიტების მფლობელს დააყენებთ. ჩვენ უსამართლოები ვართ ყველა ამ ნერონებისა და ტიბერიუსების მიმართ, მაგათ არ გამოუგინიათ სიტყვა “ერეტიკოსი”, ისინი მხოლოდ და მხოლოდ გადაგვარებული მეოცნებეები იყვნენ, რომლებიც მასობრივი მკვლელობებით ერთობოდნენ.

 

ნამდვილი დამნაშავეები ისინი არიან, ვინც თესავს ორთოდოქსიას რელიგიურ თუ პოლიტიკურ სფეროში, ისინი, ვისაც გაჰყავს საზღვარი ჭეშმარიტსა და ერეტიულს შორის.

 

როგორც კი ჩვენ უარვყოფთ იდეის შეცვლის შესაძლებლობას, იწყება სისხლისღვრა... საკუთარ სიმართლეში მყარად დარწმუნებულ ადამიანს ხელი ხანჯლისკენ გაურბის; მისი ანთებული თვალები მკვლელობას გვაუწყებენ. არასოდეს არავისთვის არ იყო საშიში მოყოყმანე, ჰამლეტიზმით დაავადებული სული: ბოროტი საწყისი იმალება ნების დაძაბულობაში,  კვიეტიზმის შეუძლებლობაში, განდიდების პრომეთესეულ მანიაში, რომელიც ანათებს იდეალებით, სავსეა მტკიცებულებებით, რომელიც იწყებს რა ეჭვისა და სიზარმაცის, მასზე გაცილებით კეთილშობილური ნაკლების, გათელვას  – ადგება დაღუპვის გზას, შედის ისტორიაში, ბანალურობისა და აპოკალიფსის ამ უხამს ნაზავში.. აქ მეფობენ თავდაჯერებულობა და სიმტკიცე; დაანგრიეთ ისინი, უფრო სწორედ გაანადგურეთ მათი შედეგები და თქვენ აღადგენთ სამოთხეს. ვინაიდან სხვა რა არის ცოდვით დაცემა თუ არა ჭეშმარიტების გაცხოველებული ძიება და რწმენა რომ შენ მას აუცილებალდ მოიპოვებ, რა არის ცოდვით დაცემა თუ არა ლტოლვა დოგმებისკენ და დოგმების ტრიუმფი? შედეგად იბადება ფანატიზმი – სასიკვდილო ცოდვა, რომელიც ადამიანს აქტიურობის სურვილს უჩენს, აყალიბებს მას წინასწარმეტყველად, უბიძგებს ტერორისკენ – ლირიული კეთრი, რომლითაც ის აავადებს სულებს, იმორჩილებს მათ, ტეხავს და აქცევს ცეცხლად.. ფანატიზმს მხოლოდ სკეპტიკოსები გაურბიან [ან იდიოტები და ესთეტები], რამდენადაც ისინი არაფერს გვთავაზობენ იმიტომ რომ, არიან-რა კაცობრიობის ჭეშმარიტი კეთილშობილება, ისინი ანგრევენ მიკერძოებულ მოსაზრებებს და აანალიზებენ მის ფსიქოზებს. მე გაცილებით უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს ძველბერძენ პირონთან ვიდრე მოციქულ პავლესთან, იმიტომ რომ ენამოსწრებული ხუმრობების სიბრძნე ჩემთვის გაცილებით სასიამოვნოა ვიდრე პავლეს დაუოკებელი სიწმინდე. ცეცხლოვან სულში ყოველთვის იმალება ნიღაბაფარებული ველური ცხოველი; და არანაირი დაცვა არ არსებობს წინასწარმეტყველის ბრჭყალებისგან.. ვინც არ უნდა ქადაგებდეს თქვენს თვალწინ, ზეცის სახელით, დედამიწის სამოთხის სახელით თუ რამე სხვა მიზეზით, გაერიდეთ მას.: თქვენი მარტოობის სატირი, ის არ გაპატიებთ თქვენ თუ თქვენ იცხოვრებთ მისი ჭეშმარიტებებისა და მისი ექსტაზების ფარგლებს გარეთ;

 

მას სურს გაგინაწილოთ საკუთარი ისტერია – მისი ერთადერთი ქონება – თავს მოგახვიოთ ის და გაგასაზიზღროთ ამით.

 

არსება, რომელსაც არ გააჩნია რამის ღრმა რწმენა და რომელიც არ ცდილობს ის სხვებს გადასცეს, უცნაურად გამოიყურება ამ მიწაზე, სადაც გადარჩენით აკვიატება სიცოცხლეს აუტანელს ხდის.

 

მიმოიხედეთ: ყველგან წინასწარმეტყველი ლიფსიტები დაფუსფუსებენ; ყველა დაწესებულება რაღაც მისიას ასრულებს; მერიებში საკუთარი აბსოლუტებია, ტაძრის მაგვარი სისტემით დალაგებული;

 

სახელმწიფო დეპარტამენტები მთელი მათი წესდებებით – მეტაფიზიკა მაიმუნთათვის..

 

ყველა იხვეწება, სინატიფეს იძენს საყოველთაო ცხოვრების გამოსწორების გზათა ძიებაში. ამით არიან დაკავებულები უკიდურესად ღატაკებიც, უკიდურესად ავადმყოფი ადამიანებიც. მსოფლიოს ტროტუარები სავსეა რეფორმატორებით, და ამ რეფორმატორებით გატენილია საავადმყოფოები. სურვილი რო გახდე მოვლენათა პირველმიზეზი ყველა ადამიანზე ცოფივით მოქმედებს, როგორც ცნობიერად საკუთარ თავზე აღებული წყევლა. საზოგადოება – მხსნელებით დასახლებული ნამდვილი ჯოჯოხეთია! აი რატო ეძებდა დიოგენე თავისი სანთლით ინდიფერენტულ ადამიანს...

 

საკმარისია გავიგონო, თუ როგორ საუბრობს ვინმე გულწრფელად საკუთარ იდეალზე, მომავალზე, ფილოსოფიაზე, საკმარისია ყურს მოხვდეს სიტყვა “ჩვენ”, წარმოთქმული დაუეჭვებელი თვითდარწმუნებით, ან გავიგო როგორ საუბრობს ვინმე “სხვებზე” და საკუთარ თავს მათი მოსაზრებების რუპორად ასაღებს – რომ მე იმწამსვე მასში ჩემს მტერს ვხედავ. მე ვხედავ შეუმდგარ ტირანს, მოყვარულ, არაპროფესიონალ ჯალათს, რომელიც ისეთივე სიძულვილის ღირსია როგორც ყველა სხვა, მაღალი დონის ტირანები და ჯალათები.

 

საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი რწმენა ამტკიცებს, ამყარებს ტერორის გარკვეულ ფორმას, რომელიც თავის მხრივ ქმნის გარემოს სადაც მისი მოციქული და პროპაგანდისტი უნდა იყოს “სუფთა”. ჩვენ არ ვუჯერებთ უსაქმურებს, თაღლითებსა და მასხარებს, არადა არცერთი მათგანი არ არის პასუხისმგებელი ისტორიის უდიდეს  კონვულსიებზე. მათ არაფრის არ ჯერათ, მაგრამ ამავდროულად ისინი არ გიძვრებიან თქვენ სულში და არ ცდილობენ დაარღვიონ თქვენი საიდუმლო ფიქრების მიმდინარეობა. ისინი მხოლოდ და მხოლოდ პირისპირ გტოვებენ პირად დაუდევრობასთან, უსუსურობასთან ან სასოწარკვეთასთან. თუმცა მათ უნდა უმადლოდეს კაცობრიობა ბედნეირების იშვიათ წამებს: ისინი შველიან ერებს, რომლებსაც აუბედურებენ ფანატიკოსები და ღუპავენ “იდეალისტები”. მათ არ გააჩნიათ დოქტრინები, და აქვთ მხოლოდ კაპრიზები,  პირადი ინტერესები და საპატიო ნაკლები, რომელთა ატანა ათასჯერ უფრო ადვილია ვიდრე პრინციპული დესპოტიზმის, ვინაიდან ცხოვრებისეული ბოროტების ყველა სახეობა დაფუძნებულია ამა თუ იმ “ცხოვრების კონცეფციაზე”. ის ვისაც ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი პოლიტიკოსობა უნდა დაკავდეს ანტიკური სოფისტების ღრმა შესწავლით და აიღოს სიმღერის გაკვეთილები. ჰო, კიდე კორუფციის..

 

აი ფანატიკოსი კი არ ექვემდებარება კორუფციას; იდეისთვის ის მზადაა მოკლას და თვითონაც მოკვდეს. და სულერთია ტირანია ის თუ წმინდანი, პირველ რიგში ის ყოველთვის არის – მონსტრი.

 

არ არსებობს უფრო საშიში არსება, ვიდრე ის ვინც რწმენისთვის დაისაჯა: ყველაზე საზარელი ტირანები იმ წამებულთა რიგებიდან გამოდიან, რომელთაც თავები არ წააცალეს.

თუ შენ იტანჯები, ეს არ ნიშნავს, რომ შენში ქრება ძალაუფლების სურვილი, ხშირად, ეს უფრო ამძაფრებს ამ წყურვილს.

 

ამიტომაც სულს გაცილებით ადვილად ეცხოვრება მოტრაბახესთან, ვიდრე წამებულთან: და არაფერი მისთვის უფრო საზიზღარი სანახავი არაა ვიდრე იდეისთვის სიკვდილი. დაღლილი ამ ამაღლებული და შეუჩერებელი ურთიერთმკვლელობებით, ის ოცნებობს პროვინციალურ მოწყენილობაზე სამყაროს მასშტაბით.  ის ოცნებობს ისტორიაზე, რომელიც შენელდებოდა, შეჩერდებოდა ისე, რომ მის ფონზე ნებისმიერი დაეჭვება აღიქმებოდა როგორც მოვლენა, ხოლო ნებისმიერი იმედი იქნებოდა ნიშანი კატასტროფისა.

 

 

ანტიწინასწარმეტყველი

 

ყველა ადამიანში ძინავს წინასწარმეტყველს, და როცა ის იღვიძებს, სამყაროში ცოტათი იმატებს ბოროტების დონე...

 

ქადაგების ვნება ისე ღრმადაა ფესვგადგმული, რომ მისი მდებარეობა თვითგადარჩენის ინსტინქებისთვისაც კი უცნობია. ყველა ელოდება თავის მომენტს, რომ რამე შემოგვთავაზოს – სულერთია რა. მთავარია გქონდეს ხმა და ეს საკმარისია. ჩვენ ძალიან დიდ ფასს ვიხდით იმისთვის რომ არ ვართ ყრუ-მუნჯები..

 

მენაგვეებიდან სნობებამდე, ყველა აფრქვევს დანაშაულებრივ დიდსულოვნებას, ყველა არიგებს ბედნიერების რეცეპტებს, ყველას სურს სხვისი ნაბიჯის მიმართულება თავად დაადგინოს; ამის გამო საზოგადოებაში ცხოვრება აუტანელი ხდება, ხოლო მარტო ცხოვრება – ორმაგად აუტანელი. როცა ჩვენ არ ვერევით სხვის საქმეებში, ჩვენ იმდენად ვნერვიულობთ საკუთარზე, რომ “მე”-ს რელიგიად ვაქცევთ, ან გადაქცეულები მოციქულებად, პირიქით, ვიწყებთ მის უარყოფას: ჩვენ სამყაროს თამაშის მსხვერპლები ვართ..

 

ისტორია – იდეალების ქარხანაა.. სიგიჟეების მითოლოგია.. ორდებისა და ბერების ექსტაზი.. უარი რეალობაზე როგორც ასეთზე, გამოგონილი სამყაროების სასიკვდილო წყურვილი..

 

ჩვენი ქმედებები საფუძველს იღებენ იმ არაცნობიერი ლტოლვისგან, რომლის მიხედვით ჩვენ საკუთარ თავებს დროის ცენტრად, მთავარ აზრად და მიღწევად მოვიაზრებთ. ჩვენი რეფლექსები და სიამაყე, სხეულისა და ცნობიერების ამ პატარა ნაგლეჯს, რომელიც ჩვენ ვართ – აქცევს მთელ პლანეტად.
ჩვენ რომ სინამდვილეში გვქონოდა სწორი წარმოდგენა სამყაროში ჩვენ ადგილზე,  ცხოვრება და შედარება იქნებოდა ერთი და იგივე პროცესი რომ ყოფილიყო , მაშინ ჩვენ გაგვაცამტვერებდა საკუთარი არარაობის გაცნობიერება. მაგრამ,  ცხოვრობდე – ნიშნავს, სავსე იყო ილუზიებით, ცდებოდე საკუთარი მნიშვნელოვნების შესახებ..

 

ყველა ჩვენი ქმედება – სუნთქვიდან ვიდრე იმპერიების დაარსებამდე ან მეტაფიზიკური სისტემების ჩამოყალიბებამდე – აიხსნება საკუთარი მნიშვნელოვნების ილუზორული აღქმით, იგივე პრინციპით მუშაობს წინასწარმეტყველის ინსტინქტიც. იმიტომ რომ , აბა დაფიქრდით, წამოეგებოდა კი ცდუნებას მოქმედ ცხოვრებაში აქტიურად ჩაფლულიყო და საკუთარი თავი [თუნდაც ქვეცნობიერად] მორიგ მხსნელად წარმოეჩინა  – ის ვინც გააცნობიერებდა საკუთარ არარაობას?

 

ნოსტალგია სამყაროსი “იდეალის” გარეშე,  ნოსტალგია აგონიისა - თეორიის გარეშე, მარადისობის - სიცოცხლის გარეშე.. ნამდვილი სამოთხე..  მაგრამ ჩვენ ერთ წამსაც ვერ გავძლებდით ილუზიის გარეშე: წინასწარმეტყველი ყველა ჩვენგანში არის სიგიჟის ზუსტად ის ნაწილი, რომელიც გვეხმარება წყნარად და უდარდელად ვიცხოვროთ საკუთარ ვაკუუმში.

 

იდეალურად საღად მოაზროვნე ადამიანი არ გამოვიდოდა არარას იმ ფარგლებს გარეთ, რომელიც თავად მასშია.. მე წარმოვიდგენ მის სიტყვებს: “მიზანს მოწყვეტილი, ყველა განზრახვისგან დაცული, მე ვინახავ საკუთარი სურვილებისა და მწუხარების  ფორმულებს. მე დავამარცხე სული, რადგანაც წინ აღვუდექი დასკვნების გამოტანას, მე გადავლახე ცხოვრება რადგანაც შევიძულე ყველა ძიება, რომელიც მიმართული იქნებოდ მასში გამოსავლის საპოვნელად.” ადამიანი – როგორი გულისამრევი სანახაობაა! სიყვარული – მხოლოდ ნერწყვების ცვლა ორ პირს შორის.. ყველა სურვილი საკუთარ აბოსლუტს ჯირკვლების ფუნქციონირებაში პოულობს. კეთილშობილება შეიძლება იპოვო მხოლოდ არსებობის უარყოფაში, მხოლოდ ღიმილში, რომელიც დაცქერის უსიცოცხლო ლანდშაფტებს.

 

ოდესღაც მე მქონდა გარკვეული “მე”; ეხლა მე მხოლოდ ობიექტი ვარ... მე ვივსებ თავს მარტოობის წამლებით, რაც კი ხელთ შემხვდება; საზოგადოების მიერ მოწოდებული წამლები ძალიან სუსტი აღმოჩნდა, იმისთვის რომ დაევიწყებინა ჩემთვის ეს ყველაფერი.
განა  შევძლებ მე დავრჩე აქ და რამე ადგილი მქონდეს ხალხს შორის, მას შემდეგ რაც  ჩემს თავში მოვკლავ წინასწარმეტყველს?

 

 

სამაგალითო მოღალატე

 

რამდენადაც ცხოვრების რეალიზაცია მხოლოდ ინდივიდუაციის საშუალებით არის შესაძლებელი – ეს მარტოობოს საბოლოო საფუძველია – ყველა ადამიანი გარდაუვალად მარტოსულია, რამდენადაც ის ინდივიდია. თუმცა ყველა ინდივიდი არაა ერთნაირად მარტო: მარტოობის იერარქიაში ყველა თავის საფეხურს პოულობს. უკანასკნელ საფეხურზე მოღალატე დგას: მას თავისი ინდივიდუალობის თვისება პაროქსიზმამდე აყავს. ამ გაგებით იუდა ყველაზე მარტოსული არსებაა ქრისტიანობის ისტორიაში, მაგრამ არანაირად მარტოობის ისტორიაში. მან მხოლოდ ერთ ღმერთს უღალატა; მან იცოდა, რაც ჩაიდინა; მან უღალატა გარკვეულ ადამიანს, ისე როგორც ბევრი სხვა ღალატობს გარკვეულ საგანს, ან რამეს, ვთქვათ, სამშობლოს, ან სხვა მეტნაკლებად კოლექტიურ აბსტრაქტულ ცნებებს.

 

ღალატი, მიმართული გარკვეულ ობიექტზე, არანაირად არაა იდუმალი, თუნდაც ის გაქცევდეს უღირსად ან იწვევდეს სიკვდილს, იმიტომ რომ აქ მუდამ არის ხატი იმისა, ვისი განადგურებაც სურდათ; ბრალეულობა აქ აშკარაა,  მიუხედავად იმისა ხდება მისი აღიარება თუ არა. სხვები თქვენ უარგყოფენ, ხოლო თქვენ ეგუებით კატორღას ან გილიოტინას...

 

მაგრამ არსებობს ღალატის გაცილებით რთული ნაირსახეობა, ღალატი უშუალო ადრესატის გარეშე, ამათუიმ საგანთან თუ პიროვნებასთან მიმართების გარეშე. მაგალითად, უარის თქმა ყველაფერზე, ისე რომ არც იცოდე რას წარმაოდგენს ეს ყველაფერი; იზოლირება საკუთარი გარემოსაგან; მეტაფიზიკური გახლეჩვით უარყოფა იმ სუბსტანციის, რომელიც გარს გვაკრია და რომელსაც მივყავართ.

 

ვის შეუძლია და რა ფორმით – წინ აღუდგეს არსებობას, დაუსჯელად ? ვის შეუძლია და რა ძალებით ხელი აწიოს საკუთარი სუნთქვის პრინციპზე? ამასობაში ყველაფერი არსებულის საფუძველთა დამხობისკენ მისწრაფება ბადებს უარყოფითი შედეგის სურვილს, უძლიერესს და მოუხელთებელს, როგორც მსუბუქი სინდისის ქენჯნა, რომელიც წამლავს იმედის ახალგაზრდა სასიცოცხლო ძალებს...

 

როდესაც ღალატობ ყოფიერებას, თან მიგაქვს მხოლოდ გაურკვეველი შფოთვა, რამდენადაც არცერთი ხატი არ წარმოაჩენს გარკვეულად საგანს[თემას], რომელიც შთაგაგონებს ჩადენილი სისაზიზღრის შეგრძნებას. არავინ არ გესვრით ქვებს; თქვენ რჩებით, ისევე როგორც აქამდე, პატივცემულ მოქალაქედ: საზოგადოება ყურადღებას გაქცევთ; თქვენ გიცავენ კანონები. თქვენ არანაკლებ პატივს გცემენ ვიდრე ვინმე სხვას, მაგრამ ამავდროულად ვერავინ ამჩნევს, რომ წარმოსახვაში თქვენ უკვე საკუთარ დაკრძალვაზე იმყოფებით და რომ თქვენი სიკვდილი უკვე არაფერს ახალს არ შემატებს თქვენს ამიერიდან გარდაუვალ ბედისწერას.

 

საქმე იმაშია, რომ ის ვინც ღალატობს არსებობას პასუხს მხოლოდ საკუთარ თავთან აგებს.

 

მეტი ვის შეუძლია მას რეპორტი მოთხოვოს? თუ თქვენ არ ეხებით არც ადამიანს, არც დაწესებულებას, თქვენ არაფერი გემუქრებათ; არცერთი კანონი არ იცავს რეალურს, თუმცა ყველა კანონი დაგსჯით მცირედი ზარალისთვისაც კი, რასაც გარეგან საგნებს[ზრდილობებს] მიაყენებთ. თქვენ გაქვთ უფლება ჩაყვინთოთ ყოფიერების საფუძვლებთან, მთავარია არ ჩაყვინთოთ რომელიმე კონკრეტული არსების ქვეშ; კანონიერი გზით თქვენ შეგიძლიათ გაანადგუროთ ყველაფერი არსებულის ფუნდამენტი, მაგრამ ინდივიდუალურ ძალებზე მცირედი ზეწოლისთვის თქვენ გელით ციხე ან სიკვდილი. არსებობას არ გააჩნია არანაირი გარანტია: მეტაფიზიკური მოღალატეებისთვის, ბუდებისთვის, რომლებიც უარყოფენ გადარჩენის დოქტრინას, არ არის გათვალისწინებული სასამართლო სისტემა, რამდენადაც ითვლება, რომ ისინი მხოლოდ საკუთარ ცხოვრებას ღალატობენ.
ყველა ბოროტმოქმედს შორის ესენი ყველაზე მავნეები არიან: ისინი თავს ესხმიან არა ნაყოფს, არამედ სასიცოცხლო წვენებს,  სამყაროს სასიცოცხლო წვენებს. და მხოლოდ მათ იციან თუ როგორი სასჯელის ღირსია მათი დანაშაული..

 

არ არის გამორიცხული, რომ ყველა მოღალატეში ცხოვრობს უღირსობის წყურვილი და რომ ღალატის ტიპის არჩევა დამოკიდებულია მარტოობის იმ დონეზე, რომლისკენაც მიილტვის ადამიანი.
ვის არ უგრძვნია საკუთარ თავში სურვილი ჩაიდინოს წარმოუდგენელი, გაუგონარი დანაშაული, რომელიც მას ადამიანური სახეობის გარეთ დააყენებდა? ვინ არ ოცნებობდა უღირსობის ფასად საბოლოოდ გაეხლიჩა ძაფები, რომლებიც მას სხვა ადამინებთან აკავშირებენ, რათა უპატიებელი გასამართლების გავლით მიეღწია უფსკრულის სიმშვიდემდე? ხოლო როცა ადამიანი წყვეტს კავშირს სამყაროსთან, განა ამას არ აკეთებს იმ სიმშვიდისთვის, რომელიც უპატიებელი საქციელით მიიღწევა?

 

იუდა ბუდას სულით – აი სამაგალითო ფიგურა მომავალი, უფრო სწორედ, წარმავალი კაცობრიობისთვის.

 

 

გაუცნობიერებელი დოგმები

 

ჩვენ შეგვწევს ძალა გავერკვეთ სხვა ადამიანის შეცდომებში, ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ მას მისი ჩანაფიქრებისა და იდეების უნაყოფობა, მაგრამ როგორ მოვაშოროთ ის მისი მიჯაჭვულობისაგან დროზე, რომლის უკან ისეთივე ძველი, გაქვავებული ფანატიზმი იმალება, როგორც მისი ინსტინქტებია, ისეთივე უძველესი როგორც მისი ცრურწმენები? ჩვენ მუდამ თან დაგვაქვს უკანასკნელი ჭეშმარიტებებისა და რწმენების ნაკრები, როგორც რაღაც განძი. და ისიც კი, ვისაც გამოსდის რომ გადააგდოს და გადააბიჯოს მათ, მაინც რჩება საკუთარი გონის უდაბნოში – ფანატიკოსად, საკუთარი თავის ფანატიკოსად, საკუთარი არსებობის ფანატიკოსად. დაკარგა რა ყველა საყრდენი წერტილი, ის მაინც ინარჩუნებს საყრდენს, რომელსაც ეს წერტილები ეყრდნობიან. ცხოვრებას გაცილებით მტკიცე დოგმები გააჩნია, ვიდრე თეოლოგიას, რამდენადაც ყოველი არსებობა ჩაფლულია 'ჭეშმარიტებებში, რომლის თვალწინ სიგიჟისა თუ რწმენის კონვულსიები --- არაფერია.

 

საკუთარ დაეჭვებებზე შეყვარებული სკეპტიკოსიც კი უკანასკნელი ფანატიკოსია, საკუთარი სკეპტიციზმის ფანატიკოსი.

 

ადამიანი თავისი არსით დოგმატური არსებაა, თან მისი დოგმები მით უფრო ღრმაა, რაც უფრო ნაკლებად ახდენს ის მათ ფორმულირებას, რაც უფრო ნაკლებად იცნობს მათ, რაც უფრო ნაკლებად ცდილობს მისდიოს მათ.

 

ჩვენ ყველას გაცილებით მეტი რაღაცის გვჯერა,  ვიდრე გვგონია: საკუთარ სულში ჩვენ საცხოვრებელ ადგილს ვუთმობთ ფანატიზმს, ვგეგმავთ სისხლიან პრევენციულ ზომებს სხვების მიმართ,  და საკუთარი იდეების დასაცავად მივმართავთ რა უკიდურეს ზომებს – ამ მიწაზე გადავაადგილდებით როგორც აუღებელი ციხე სიმაგრეები. ყველა ჩვენგანი ცდილობს საკუთარი თავი უმაღლეს დოგმად გადააქციოს;

 

არცერთი თეოლოგია ისე არ იცავს საკუთარ ღმერთს, როგორც ჩვენ ვიცავთ საკუთარ “მე”-ებს.

ხოლო ის, რომ ჩვენ საკუთარ “მე”-ს თითქოს ალყაში ვაქცევთ კითხვის ნიშნებით ან ეჭვქვეშ ვაყენებთ მას – მხოლოდ ცრუ ელეგანტურობაა, რომლითაც ჩვენ ვაპირკეთებთ საკუთარ სიამაყეს: ეს წინასწარ მოგებული საქმეა.

 

როგორ ავცდეთ საკუთარი თავის აბსოლუტიზაციას? ამისათვის ჩვენ მოგვიწევდა ისეთი არსების წარმოსახვა, რომელსაც არ გააჩნია ინსტინქტები, არ აქვს სახელი და არ იცნობს საკუთარ გამოსახულებას, საკუთარ ხატს. თუმცა, მთელ მსოფლოში, ჩვენ მუდამ ვეჯახებით საკუთარ ნაკვთებს; და თვით ღამეც კი არ არის საკმარისად ბნელი, რომ ხელი შეგვიშალოს საკუთარი ანარეკლის ძიებაში. ჩვენ მუდამ ვდგავართ საკუთარი მზერის წინ, და ჩვენი არარსებობა დაბადებამდე და სიკვდილის შემდეგ ჩვენთვის მხოლოდ იდეაა, და ისიც ისეთი იდეა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წამით აკითხავს გონებას: დედამიწაზე ჩვენი ყოფნის ციებ-ცხელებას ჩვენ აღვიქვამთ როგორც მარადისობას, რომელიც რათქმაუნდა არ მიექანება უკეთესობისკენ, მაგრამ მაინც დაუსრულებელია თავისი არსით.

 

ჯერ არ დაბადებულა ადამიანი რომელსაც არ უყვარს საკუთარი თავი. ყველაფერი ცოცხალი გიჟდება საკუთარ თავზე; აბა მეტი საიდან უნდა მოსულიყო ეს ყოვლისწამლეკავი შიში, რომელიც მძვინვარებს სიცოცხლის ზედაპირებსა და სიღრმეებში? ყველა საკუთარი თავის ერთადერთი მყარი წერტილია სამყაროში. ხოლო თუ ვინმე თუნდაც კვდება იდეისთვის, მხოლოდ იმიტომ რომ ეს მისი იდეაა, ხოლო მისი იდეა მთელი ცხოვრებაა მისთვის.

 

გონების ვერანაირი კრიტიკა ვერ გამოაღვიძებს ადამიანს მისი “დოგმატური ძილისაგან”. მას მხოლოდ შეუძლია ფილოსოფიაში მრავლად არსებული ჭეშმარიტებების შერხევა და მყარი მტკიცებულებების უფრო რბილი ფრაზებით შეცვლა, მაგრამ უნდა გვქონდეს კი იმედი იმის, რომ რაციონალური კრიტიკა შეძლებს  შეარყიოს არსება, დაძინებული საკუთარი დოგმატებით და ამავდროულად – არ დაღუპოს ის?

 


უბედურების გაცნობიერება

 

ყველა სტიქია და ყველა საქციელი შეთქმულია შენ წინააღმდეგ. იქნებ, შენთვის უკეთესი იქნება ჩაიცვა სიძულვილის აბჯარი, დაიმალო ზიზღის ციხე-სიმაგრეში, იოცნებო ზეადამიანურ უდარდელობაზე?თუმცა დროის ექოები ადრე თუ გვიან მაინც მოგაგნებდნენ შენს ყველაზე შორ დავიწყებაშიც კი.. როცა ჭრილობას არაფერი აფერხებს, თავად იდეებიც წითლად იღებებიან ან გროვდებიან ერთმანეთზე როგორც სიმსივნეები. აფთიაქებში არ არის სპეციფიური საშუალებები არსებობის წინააღმდეგ – მხოლოდ სუსტი წამლები მოტრაბახეთათვის. მაგრამ სად უნდა იპოვო საშუალება მკაფიო,უსასრულობამდე გარკვეული, ამაყი და საკუთარ თავში დარწმუნებული სასოწარკვეთის წინააღმდეგ? ყველა ადამიანი უბედურია, მაგრამ განა ბევრი მათგანი ხვდება ამას? უბედურების გაცნობიერება – საკმაოდ მძიმე,იშვიათი დაავადებაა, იმისთვის რომ ფიგურირებდეს აგონიის სტატისტიკაში ან უკურნებელის რეგისტრებში. ის საწამლავს ნაკლებად პრესტიჟულს ხდის, ხოლო დროის ქარტეხილებს იდილიებად აქცევს.

 

რა ცოდვა ჩაიდინე, რომ დაბადებულიყავი, რა დააშავე ასეთი – რომ შენთვის არსებობა მიესაჯათ? შენი ტკივილი, ისევე როგორც შენი ბედისწერა, უმიზეზოა.

 

ნამდვილი ტანჯვა ნიშნავს – მიიღო ტანჯვები როგორც კეთილშობილი საჩუქარი არანორმალური ბუნებისგან, როგორც ნეგატიური სასწაული, ისე რომ არ იფიქრო მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე..

 

დროის ფრაზაში ადამიანები მძიმეების სახით მონაწილეობენ, ხოლო იმისათვის რომ გააჩერო ეს ფრაზა, საჭიროა თავად გაჩერდე, საჭიროა გადაიქცე წერტილად.