ურბანული ხელოვნება გარდამავალი პერიოდის პარადოქსების შესახებ
ხათუნა ხაბულიანი
 
თარიღი: 28/05/2013
კატეგორია: რეცენზია
 
ურბანული ხელოვნება გარდამავალი პერიოდის პარადოქსების შესახებ
 
ახლახანს თბილისში ურბანული ხელოვნების მოულოდნელი და საინტერესო ვერსია გამოჩნდა – გიორგი ტაბატაძის მოზაიკების სერია, რომლის ძირითადი ნაწილი ქალაქის ძველ უბანშია. ბოლო პერიოდში გავრცელებული სტენსილებისა და გრაფიტის სხვა პოპულარული სახეობებისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს კვლევაზე აგებულ კონცეპტუალურ პროექტთან,  სადაც ისეთი თემების  ვიზუალიზაცია ხდება, რომლებიც პოსტ ტოტალიტარული სივრცის პარადოქსების კატეგორიას მიეკუთვნებიან და ხშირად ხასიათდებიან როგორც ვერბალიზაციისთვის მოუხელთებელი „error”-ები. გამოსახულებები აღებულია ქართულ მედიაში სხვადასხვა დროს გასული „ნიუსების“ არქივიდან, განსხვავებული თემებით, მაგრამ  საერთო სახასიათო ნიშნით, რომელიც ტრანსფორმაციის ეპოქის ამბივალენტურსა და ჰიბრიდულ ხასიათს აჩვენებს. ამ შემთხვევაში ალბათ ანტონიო გრამშის ცნობილი კომენტარი გამოდგება გარდამავალი პერიოდის სახასიათო ფორმების განსაზღვრისათვის, –  როცა ძველი კვდება, ახალი ჯერ არ შობილა და ამ შუალედში ავადმყოფური ფორმების დიდი ნაირსახეობა ჩნდება, –  The old is dying and the new cannot be born; in this interregnum there arises a great diversity of morbid symptoms.
 
პოსტ საბჭოთა ქვეყნები და მათ შორის საქართველოც თავის პოლიტიკურსა თუ სოციალურ–კულტურულ კავშირებში ასეთი ფორმების დიდი სიუხვით გამოირჩევა; ოფიციალური კურსით დეკლარირებული მიზანი ქვეყნის მოდერნიზაციაა, თუმცა  პოლიტიკოსები იმიჯის დასამკვიდრებლად  საკმაოდ არქაულსა და მითებზე აგებულ საიდენტიფიკაციო კოდებს იყენებენ, მათ შორის რელიგიური თემით სპეკულაციასაც ხშირად მიმართავენ.  ხელოვნების სფეროში ეს პრობლემა ვლინდება თანამედროვე ფორმების შემოტანაში კონტექსტისა  და თანამედროვე ხელოვნების ბუნების გააზრების გარეშე. მიმდინარე ისტორიის ძირითად განმსაზღვრელ  ქსოვილს კი, რა თქმა უნდა, მედია ქმნის, სადაც ხშირად ფაქტების კურიოზულობა ინტერპრეტაციის კურიოზულობაზეა გადაჯაჭვული. თავისთავად მედიის ეფემერული ხასიათი და ნიუსების წარმავალობა ისეთ უწყვეტ ნაკადს ქმნის, რომელიც მატერიალურ ფორმას არასდროს იღებს და სწორედ ეს მომენტი იყო განმსაზღვრელი გიორგი ტაბატაძის კონცეფციისათვის. სხვადასხვა დროს ნიუსებში გასული კადრები სხვადასხვა ტელევიზიების ლოგოებითა და დაფიქსირებული თარიღებით მან ისეთი კონტრასტული მედიუმით აჩვენა, როგორიც მოზაიკაა,  ანუ მედიუმი, რომლითაც ანტიკური იმპერიების მსოფლმხედველობა, ქრისტიანული იკონოგრაფიის კანონიზაცია და საბჭოთა პროპაგანდა ვრცელდებოდა და რომელიც ისტორიულად ძალაუფლების პრეზენტაციისთვის შერჩეული  ერთ–ერთი გამორჩეული ფორმა იყო, თუმცა ბუნებრივია, ეს არ გამორიცხავს ამ მედიუმით შექმნილ სხვა კატეგორიის ნამუშევრებსაც. ამასთან ისიც აღსანიშნავია, რომ ეს მოზაიკები „დაზიანებული“  ნაპირების იმიტაციით თითქოს ამ ძველი შენობების ორგანულ ნაწილებად იქცევა და დროის ფაქტორის მნიშვნელობას ისევ ააქტიურებს – აქ ნიუსების ეფემერულობაცა და მოზაიკის სიმყარეც თანაბრად წარმავალი და გაქრობადია.
 
 
მოზაიკა სათაურით „შეუძლებელი ტრაექტორია“ (გ.აბესაძის ქ. 20)  საბჭოთა პერიოდის მონუმენტის აფეთქების კადრს აჩვენებს, რომელიც ტრაგიკულ  ფაქტთან ასოცირდება, – ქუთაისში მეორე მსოფლიო ომის გმირებისადმი მიძღვნილი მონუმეტის დემონტაჟს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. არტისტის კომენტარში ნათქვამია, რომ ეს ფაქტი 2008 წელს ომის შემდეგ მოხდა და ეს თითქოს ირაციონალური ანგარიშსწორება იყო ომით გამოწვეული ტრავმის გამო.  ამ ფაქტის ანალიზისას ალბათ ირაციონალური მხარე სერიოზულ ფაქტორად უნდა განიხილებოდეს, რომლის ფონზეც ადამიანის სიცოცხლის ღირებულება უკანა პლანზე გადადის და საქართველოს ისტორიის თანამედროვე პრობლემების ნუსხაში ყველაზე მტკივნეულად გამოიყურება. „პროგრესულ“ დინამიკას შეწირული მსხვერპლი და ძალაუფლების გამოხატვის ტრანსფორმაციები  გარდამავალ პერიოდში ხშირად იდეოლოგიურ სიმბოლიკაზე პროეცირდება, სავარაუდოდ იდეოლოგიური ქვეყნის წარსულის ინერციით, სადაც ოფიციალური ხელოვნება მხოლოდ პროპაგანდის მსახური იყო და ყოველთვის დისტანცირებულად აჩვენებდა ხელოვნებას, რომელიც საკულტო–რელიგიური გამოსახულებების ერთგვარ ჩანაცვლებას წარმოადგენდა. ახალ მოცემულობაში კურიოზული სახე მიიღო დაბნეულობამ, როცა არ იცოდნენ როგორ მოქცეოდნენ ყოფილ მონუმენტებს, რომლებიც უკვე ძალადაკარგულად და კონსერვატულად გამოიყურებოდნენ.
 
მოზაიკა „ცენტრი და პერიფერია“ (ლ.ასათიანის ქ.16) ახალი ურბანული ლანდშაფტის შექმნის მცდელობისას განვითარებულ პრობლემატიკას ეხება. ეს არის კადრი ასევე „ნიუსებიდან,“ როდესაც დავით აღმაშენებლის ქანდაკება სატვირთო მანქანით გადააქვთ. ასევე ტენდენციის ნიშანი, რომელმაც დააყენა  წარსულთან, ისტორიასთან მიმართებაში გაურკვეველი სტრატეგიის პრობლემა. გადაწყვეტილებები ამ სფეროში მყისიერი და ძალადობრივი იყო, საკითხის შესწავლისა და კვლევის გარეშე, ერთადერთი სწრაფვით, მალე გავთავისუფლებულიყავით წარსულისაგან. ეს ერთგვარი ინფანტილიზმი ისტორიასთან მიმართებაში ასევე ტოტალიტარული წარსულის შედეგად შეიძლება ჩავთვალოთ, სადაც მხოლოდ ერთი მოდელი არსებობდა და შეუძლებელი იყო სხვა მოდელების არსებობის დაშვებაც კი.
 
 
ეპოქალური ამბივალენტურობის პერფორმანსის კადრია ნამუშევარში – „ ვერტიკალი“ (ს. მესხის ქ.13), პოსტ საბჭოთა პერიოდის ძალაუფლების დისკურსის მკაფიო ილუსტრაცია, – რეპორტაჟი ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვის ცერემონიალიდან. რიტუალში მონაწილეობს პრეზიდენტი სასულიერო პირებთან ერთად. მოზაიკა საკმაოდ მაღლაა და დისტანციაზე აღიქმება როგორც ისტორიული მხატვრობისთვის სახასიათო სცენა. სცენის ფსევდო პომპეზურობა მისი პოსტ მოდერნისტულ დისკურსში არსებობით ირონიის ნოტს ატარებს და პოსტ საბჭოთა ისტორიის კიდევ ერთ სპეციფიურ მხარეს აჩვენებს, რომელიც უკვე არაპროგნოზირებად ფორმებში ავლენს თავს. ეს ეხება იმ ქვეყნებს, სადაც საბჭოთა ისტორიის დასასრულის შემდეგ მანამდე რეპრესირებული მართლმადიდებლობის რეაბილიტაცია მოხდა, რომელმაც ამჯერად საბჭოთა იდეოლოგიის ადგილიც დაიკავა იმ თვალსაზრისითაც, რომ მისი ძალაუფლებასთან გაიგივება და პოლიტიკის ნაწილად ქცევა მოხდა. ამ პრობლემასთან მიმართებაში მძაფრი არტისტული რეაქციები დაფიქსირდა ძირითადად რუსეთში: 2003 წელს მოსკოვში სახაროვის სახელობის მუზეუმში მოწყობილი გამოფენა – „ფრთხილად რელიგია!“ და ასევე 2012 წლის Pussy Riot –ის ცნობილი სკანდალური აქცია „ღვთისმშობელო, განაგდე პუტინი.“ შეიძლება ითქვას, რომ ამ თემის ანალიტიკური გააზრებით ქართველი არტისტებიდან პირველად გიორგი ტაბატაძე დაინტერესდა, რომელიც კიდევ ერთ მნიშვნელოვან პუნქტს გამოყოფს, დაკავშირებულს გარდამავალი პერიოდის მედიის ესთეტიკასთან.  საუბარია იმ რაკურსებზე, რასაც ოპერატორები იყენებენ სახელმწიფოს სტრატეგიული თემების გასაშუქებლად.
 
 
ორი მოზაიკა „დიაგონალი“ (ინგოროყვას ქ.24) სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის პრეზენტაციის კადრებს აჩვენებს,  ახალი მანქანების უსასრულოდ გრძელი რიგების დიაგონალურ ხაზებს. ეს ერთგვარი ალუზია ბაროკოს მხატვრულ ხერხზე – დიაგონალზე აგებულ დინამიკურ კომზოციებზე, რომელიც თავისთავად კრიზისის პერიოდის ხელოვნება იყო და რენესანსული წონასწორობის ილუზიის დარღვევას მოჰყვა, თანამედროვე ბაროკოს დისკურსს პოსტ საბჭოთა ელემენტსაც უმატებს. გიორგი ტაბატაძისთვის საინტერესოა ამ ტრაექტორიის განვითარება მომავალში, რისი პროგნოზირებაც  დღეისთვის შეუძლებელია. მედიის დომინანტურობისა და საზღვრების გაბუნდოვანების თემასთან დაკავშირებით, რასაკვირველია ბოდრიარის დეფინიციები აქტიურდება და თუ უორჰოლის იკონური გამოსახულებების ანალიზისას ის ამბობდა, რომ მას (უორჰოლს) „შესწევდა უნარი გარდაეტეხა თავისი ხატების უმნიშვნელობა თავისი დისკურსის უმნიშვნელობაში,“ ამ გამონათქვამის პერიფრაზით შეიძლება გიორგი ტაბატაძის კვლევაც განვსაზღვროთ: მოზაიკების სერია ურბანულ სივრცეში თავისი ვებ გვერდის დოკუმენტაციითა და ტექსტებით წარმოადგენს სოციალურ–პოლიტიკური დისკურსის არტისტულ წაკითხვას, ერთგვარ ილუსტრაციას მოვლენათა პარადოქსულობის გარდატეხისა მედია ინტერპრეტაციების  პარადოქსულობაში.
 
 
ხათუნა ხაბულიანი
ფოტოები: გიორგი ტაბატაძე