"პეპ"
ლეო ნაფტა
 
თარიღი: 29/05/2012
კატეგორია: სტატია

 

 

@ ლეო ნაფტა

 

 

არსებობს რაღაცები, რასაც ზრდასრული ადამიანი ვეღარ შეიყვარებ, რაც ბავშვობიდან, თითქოს გაუცნობიერებლად დაგყვება და შემდეგ მთელი ცხოვრება, ხან წამიერ კადრებად, ხან დეტალურად, ხანაც კი ცხადად, თითქოს დღეს ხდებაო - გაგიელვებს თავში და ბედნიერი ხარ, იმიტომ რომ ბავშვი ხარ, ბავშვი, რომელსაც გაზრდას აძალებენ, მაგრამ უფროსების ჯინაზე აღარ იზრდება. დროებით ინაცვლებ რომელიღაც ფილმში და თავად არქმევ სახელებს ყველაფერს, სათაურებსაც შენ ირჩევ და ემოციებსაც ისე გამოხატავ, რომ არაფრის გრცხვენია - ტირი, იცინი, ბრაზობ, ლეწავ, ამტვრევ, იგინები, დარბიხარ - მხოლოდ მსახიობები და რეჟისორები არიან სხვები, ის სხვები, რომლებიც ბავშვობაში გიყვარდა, რომელთა პლაკატები კედლებზე გქონდა გაკრული და რომლებითაც ცხოვრობდი. კინო ხომ ყველაზე ცოცხალი ორგანიზმი, ცოცხალი აზრია.

 

ჩემი ,,კინო” ბოლო ოთხი წელი პეპ გუარდიოლა და მისი ,,ბარსელონა” იყო. ეს იყო ის, რამაც ბავშვობა ხელახლა მაჩუქა და აღარ გავიზარდე. ეს იყო კინო, რომელმაც ყველა ის ემოცია გააცოცხლა რასაც მთელი ბავშვობა ვგრძნობდი და გამოვხატავდი, სიხარული, რომელიც ასე მაკლდა. ბავშვობა ხომ მეტი არაფერი არ არის? - სიხარული, ცრემლი, ჩხუბი, გინება და კადრები, უკვე ზრდასრულს რომ გეჩვენება ხოლმე.

 

90-ანების ჩაღამებულ და სუნთქვაშეკრულ ქალაქში არაფერი ხდებოდა. უფრო სწორად, როგორ არ ხდებოდა - ადამიანების ხოცვა, ყაჩაღობა, ქურდობა, შიმშილი, ანდერგრაუნდი და კარგი მუსიკა, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით რასაც არხი ,,საქართველოს ხმა” და მისი უცვლელი კომენტატორი, სანდრო ცნობილაძე ერქვა. აკუმულატორებით შეიარაღებული მეზობლები პატარა ტელევიზორებით და ,,ლამპებით”, ყოველ შაბათ-კვირას და სხვა დღეებშიც, ლუდის და არყის სუნად აყროლებულ კორპუსის სარდაფებში თუ ასფალტის სტადიონებზე, მანქანის ,,კაპოტებზე" და სადარბაზოს კიბეებზე, სახლებში თუ სხვენზე - უყურებდა ფეხბურთს. შემდეგ იყო თამაშის გარჩევები, ყვირილი, ,,მაზიანები” ოციანზე და ცხვარზე და ასფალტის მოედანზე გაგორებული ბურთი ,,დიდ ბიჭებთან" ერთად. ბოლოს კი, უკვე შუაღამეზე მშობლების ჩხუბით ძლივს სახლში ქეჩოთი ათრეული - ოფლიანი, მუხლებგადატყავებული და დაღლილი - ,,კიპიწელნიკით” გაცხელებული წყალი, ბანაობა და საწოლში ჩასვენება, საწოლში, რომლის თავზეც მრავალი ფეხბურთელის - მოქმედის თუ არამოქმედის - გაზეთიდან ამოღებული პლაკატები იყო გაკრული.

 

ჩემს თავთან ბარსელონას ბროწეულისფერ/ლურჯ ფორმაში გამოწყობილი კაპიტანი ეკიდა. კაპიტანი, რომელსაც ერთი ხელი მარჯვნივ ქონდა გაშვერილი, მეორეთი უკან რაღაცას ანიშნებდა თანაგუნდელებს და სახით სულ სხვა მხარეს იყურებოდა, ბურთი კი მის ფეხზე იყო მიკრული. ეს კაცი პეპ გუარდიოლა იყო.

 

მაშინ ჩემი ასაკის ყველა მოზარდი ან იუვენტუსს გულშემატკივრობდა, ან მილანს, ან ბაიერნს და სხვა გუნდს, ძალიან იშვიათად მინახავს ბარსელონას გულშემატკივარი მაშინ. იმ ბარსელონასი, რომელსაც უმძიმესი პერიოდი ედგა და თამაშს თამაშზე აგებდა და მე გული ძალიან მტკიოდა. მაშინ სხვანაირად განვიცდიდი, სხვანაირად ვგრძნობდი ყველაფერს, ყველა თამაშის წაგების მერე ღამეები არ მეძინა, ალბათ იმიტომ, რომ მოვალეობები ნაკლები იყო, ის მოვალეობები, რაც სრულწლოვანს გენიჭება შენი ნების საწინააღმდეგოდ და პასუხისმგებლობის საშინელ ტვირთსაც გინდა/არ გინდა ეგუები. როცა,, პატარა” ხარ და რბილად რომ ვთქვა - მეტი საქმე არ გაქვს. ეს არ იყო მხოლოდ შედეგით მოგვრილი ტკივილი, ეს იყო თამაშის ხარისხით მოგვრილი ტკვილი, რასაც მაშინ ,,ბარსელონა “უჩვენებდა და რაც ძალიან, ძალიან შორს იყო იმისგან, რის გამოც შევიყვარე ეს გუნდი - მაშინ, როცა 10 წლისამ პირველად ვუყურე ჩემპიონთა ლიგის ფინალს და რონალდ კუმანის გოლს. ბევრი არაფერი მახსოვს, მაგრამ ჰოლანდიელი კრუიფის, კუმანის და საერთოდ, ჰოლანდიური სტილის, ჰოლანდიელების გამო მიყვარდა ეს გუნდი. მიყვარდა ჰოლანდიის ნაკრები და ამსტერდამის აიაქსიც, მაგრამ ბარსა სხვა სიყვარული იყო. უფრო მეტი, ვიდრე სიყვარული, ბარსა ხომ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გუნდი, ტაბლო და შედეგი.

 

 

 

 

ის, რაც ბოლო ოთხ წელიწადში მოხდა - რევოლუცია იყო. რევოლუცია, რომელსაც ,,მონატრების რევოლუციას” ვეძახი. ფეხბურთი სირბილი არ არის და ესთეტიკური და აზარტული სიმაღლეებით არტის კატეგორიას წვდება.

 

,,მონატრების რევოლუცია” - როგორც დასასრული ძალისმიერი, შახმატური, ტაბლოზე გათვლილი და პრაგმატული ფეხბურთის, რომელიც ბოლო წლებში ისე მყარად დამკვიდრდა, რომ მისი არათუ გარდაქმნის, არამედ ოდნავი ცვლილების შეტანისაც კი ყველას ეშინოდა - ასეა, საბოლოოდ ყველაფერი ტაბლოზე წყდება, იქიდან იწყება და მთავრდება ყველაფერი - ტაბლოებით, ტიტულებით და პირადი ჯილდოებით. ბარსელონამ კი ამ ყველაფერს სილამაზით მიაღწია. მიაღწია ისე, რომ მთელი მსოფლიო (არ ქონდა მნიშვნელობა ვისი გულშემატკივრები იყვნენ ეს ადამიანები) სიამოვნებით და სუნთქვაშეკრულები უყურებდა მოედანზე მოსეირნე გენიოსებს, რომლებიც პატარა მანძილზე ისე ათამაშებნენ ბურთს, რომ მოწინააღმდეგეს შოკისგან ან ტვინი ეკეტებოდა და უხეშად აჩერებდა, ან იგუდებოდა და კვდებოდა. მახრჩობელა გველივით იყო პეპის ბარსა. როგორც აკა მორჩილაძემ თქვა ერთგან: ნელი, ლამაზი სიკვდილივით.

 

უყურებდნენ რას აკეთებდა ცენტრში ერთი ტანმორჩილი ადამიანი, მაისურზე ექვსი ნომერი რომ ეწერა და მეცნიერივით, მშვიდად და დამაჯერებლად აკონტროლებდა სივრცეს. უყურებდნენ რას აკეთებდა მის გვერდით, თითქოს მისი ტყუპისცალივით მოსეირნე ანდრეს ინიესტა, რომელსაც ბურთი ფეხზე ქონდა მიკრული და რა დროსაც უნდოდა და რასაც უნდოდა იმას უზამდა. უყურებდნენ, თუ როგორ ელეგანტურად და ლამაზად მოძრაობდა ეს ორი ადამიანი და ისე უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის, თითქოს ორი კი არა, ერთი ფეხბურთილი იყო. ხედავდნენ მათ უკან კედელივით მდგარ და ცოტა მოუქნელ სერხიოს, რომელიც ხშირად ,,არტისტობდა” - თუმცა ამ ბარსელონას ესეც უხდებოდა. ხედავდნენ როგორ არსაიდან გამოჩნდა და ამოძვრა ერთი პატარა ბიჭი, რომელსაც გულშემატკივრებმა ,,მკვლელი” შეარქვეს და ისეთ დროს გაჰქონდა გოლები, ყველაზე მეტად რომ ჭირდებოდა გუნდს. აქ იყო ,,მეფე აბო", რომელმაც ურთულესი ოპერაციის შემდეგ, ისევ მოახერხა დაბრუნება, მაგრამ მაინც მოუწია კარიერის დასრულება. აქ იყო სული და გული, გუნდის კაპიტანი, რომელის გვერდითაც ცანცარებდა ხერარდ პიკე. უყურებდნენ რაკეტასავით მფრინავ ბავშვს, რომელიც ყველას და ყველაფერს ატყუებდა, საოცარი გოლები გაჰქონდა, ყველა რეკორდს ამხობდა და ყველა ჯილდოს ითვისებდა, უფრო სწორად - საკუთარ გუნდელებს ართმევდა - იმიტომ რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არავინ იყო ისეთი დიდებული, როგორიც ბარსას თითოეული მოთამაშე. უყურებდნენ და ტკბებოდნენ. სძულდათ და აგინებდნენ. ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ პლატინის და უეფას გინება დაიწყეს, იუნისეფსაც მიადგნენ. აგინებდნენ მსაჯებს, აგინებდნენ და წყევლიდნენ ყველას, ყველას და ყველაფერს. ათასნაირ მონაჩმახს აბრალებდნენ ბარსას წარმატებებს, მაგრამ მაინც სხდებოდნენ და უყურებდნენ. უყურებდნენ, რადგან ვისაც ფეხბურთი მარტო ტოტალიზატორი და ტაბლო არ გონია, შეუძლებელია ამ ადამიანების თამაშით სიამოვნება არ მიეღო.

 

პეპ გუარდიოლა პოეტია. რევოლუციონერი, რომელმაც სტანდარტები დატოვა. მან მთლიანად შეცვალა ფეხბურთი და ის კვლავ ესთეტიკურ, პოეტურ აქტად აქცია. უკვე ისმის ასეთი ფრაზები სხვადასხვა გუნდების მისამართით, კომპლიმენტებად: ,,ინგლისური ბარსელონა”, ,,გერმანული ბარსელონა”, ,,ფრანგული ბარსელონა”.

 

25 მაისს მან უკანასკნელად უთავკაცა ბარსას. უკანასკნელად სამეფო თასის ფინალში, რომელიც საბოლოოდ მოიგო და რომელიც მეთოთხმეტე იყო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. თუმცა, ეს თასი ნაკლებად ადარდებდათ ბარსელონას გულშემატკივრებს - აქ მთავარი იყო ის, რომ გუარდიოლა წავიდა. წავიდა და თავის ადგილი მის ტყუპისცალად წოდებულ და ამ გამარჯვევებების ერთ-ერთ თანაშემოქმედ, ტიტო ვილანოვას დაუტოვა. პეპის კინო დამთავრდა. კინო, რომელსაც უამრავი სიხარული, ზოგჯერ იმედგაცრუება და ბოლოს ცრემლები მოჰყვა, მაგრამ ის ისეთი ბავშვური და სუფთა იყო, როგორიც თავად ბავშვობაა - თავისუფალი, ლაღი, შემოქმედებითი, იმპროვიზაციული და მშვენიერი.

 

ეს ყველაფერი აუცილებლად გაგრძელდება. რევოლუცია უკვე მოხდა. მხოლოდ ამ რევოლუციის შემოქმედი დაგვემშვიდობა. ის წავიდა დაღლილი, ცრემლიანი და გამარჯვებული.