ხ უ ლ ი გ ნ ე ბ ი - ნაწილი მეორე
ლელა ჩილინგარიშვილი
 
თარიღი: 19/06/2013
კატეგორია: სტატია
ხ უ ლ ი გ ნ ე ბ ი
 
ნაწილი მეორე
 
როგორც წინა ბლოგში ამ სათაურის ქვეშ ნახეთ, ჩემი სტატიების ციკლი ხულიგნებზე ამ ფენომენის რევოლუციურ, დამანგრეველ და ამიტომაც აუცილებლად პროგრესულ მხარეს ეძღვნება.
 
რაც ყველაზე მთავარია, წინა ბლოგში მოგიყევით როკენროლის თაობაზე, არა იმიტომ რომ მათი ექსცენტრიული ცეკვა და მუსიკა ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი cut copy paste-ის  (ამოჭრა, დაკოპირება, ჩასმა) რეჟიმში ჩაშვებული თაობებისთვის საყურადღებო სწორედ ხულიგნების პროტესტია, რომელმაც სამყარო უკეთესობისკენ შეცვალა, მაშინ, როცა როკენროლელებმა ბურჟუაზიულ მორალს, მკაცრ ავტორიტეტულ აღზრდას და უცხოს მიმართ შიშს დასცინეს.
 
უფრო მეტიც, 50-იანი წლების შემდეგ, სწორხაზოვანი და ფილისტერული გამოვლინებები უფრო და უფრო მეტ კრიტიკას იმსახურებს და საბოლოოდ ქმნის ნიადაგს ახალი სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ამერიკაში და შემდეგ დასავლეთ ევროპაში როკენროლის და ბიტნიკების ნიადაგზე იბადება ჰიპების მოძრაობა, იგივე ყვავილების ძალა, იგივე მოძრაობა მშვიდობისთვის, რომელიც თავის პროტესტს არა მარტო მკაცრი აღზრდის და შემბოჭველი მორალის მიმართ გამოთქვამს, აღმოაჩენს ახალ ჰედონიზმს და ცხოვრების ექსტაზს არსებული ნორმების დაღვევაში, არამედ ის აქტიურად აპროტესტებს პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს არა მარტო თავის სახლში, არამედ მთელს დედამიწაზე.
* * *
იმის გამო, რომ ეს თემა საკმაოდ ვრცელია, დღევანდელ ნაწილში Make Love Not War (პირობითად: სიყვარული ომის ნაცვლად) გიამბობთ ჰიპების არსზე, მათი დაბადების კულტურულ-ისტორიულ წინაპირობებზე და მათ ძირითად პროტესტებზე. მეორე ნაწილში კი, რომელიც შემდეგ ბლოგში დაიბეჭდება - ჰიპების და კიბერნეტიკის ალიანსი ანუ დედამიწა სან-ფრანცისკოდან წარმოგიდგენთ ჰიპების პროტესტის და მიმდინარეობის კონკრეტულ შედეგებს მეცნიერებაში და ხელოვნებაში, და ამ შედეგებიდან ყველაზე მნიშვნელოვანს: არტის და ტექნიკის კავშირს. აქვე გაგანდობთ უამრავ საინტერესო ფაქტს ჰიპებზე, მათ მეცნიერულ, ლიტერატურულ და შემოქმედებით ინოვაციებზე, რომელსაც თან სდევს ფაქტები და შთაბეჭდილებები, ბერლინში, მსოფლიო კულტურების სახლში აპრილიდან ივლისამდე მიმდინარე გამოფენიდან და კონფერენციიდან  "მთელი დედამიწა". 
 
Make Love Not War
 
პირველი წინაპირობა მოძრაობის ფორმირებისთვის
 
 
 
 
60-იან წლებში ჯერ რუსულმა და მერე ამერიკულმა კოსმიურმა ხომალდებმა და მისმა დედამიწელმა კოსმონავტებმა და ასტრონავტებმა, არა მარტო რუსეთს ან ამერიკას, არამედ ჩვენს პლანეტას, რომელიც ყველა მის მცხოვრებს ეკუთვნის და აერთიანებს - კოსმოსიდან შეხედეს.
 
ამ ფაქტით პირველ რიგში აღფრთოვანდნენ ამერიკელები, უფრო კონკრეტულად კი ახალგაზრდები კალიფორნიიდან, სან-ფრანცისკოდან და კიდევ უფრო თუ დავკონკრეტდები, ჰეიტ ეშბერიდან.
 
დედამიწის ერთ მთლიან სხეულად აღქმა ანგრევს წარმოდგენას, რომ ჩვენ დაუმთავრებელი ჰორიზონტის და რესურსების სისტემა ვართ. პირობითად რომ ვთქვათ, სახლიდან გასული თვალი უცებ ამჩნევს, რომ სახლს აქვს კონკრეტული ფორმა და ის მთავრდება. და რადგან ეს სახლი არის მხოლოდ ერთი, ჩვენ მასში სწორი ცხოვრება უნდა ვისწავლოთ: ამ მოტოს ქვეშ სამყაროს გაგება და შეგრძნება 60-იან წლებში ყველაზე გლობალური ხდება. 
50-იანელებისგან განსხვავებით 60-იანი წლების მეორე ნახევრიდან ახლაგაზრდობის რევოლუციური ტალღა კონფლიქტში  მოდის არა მარტო საკუთარი ქვეყნის ძალადობასთან, არამედ ის აპროტესტებს უსამართლობას მსოფლიო მასშტაბით. ეხმიანება და სოლიდარობას უცხადებს არა მარტო ამერიკელებს, რუსებს ან გერმანელებს, არამედ თითოეულ დაჩაგრულ ადამიანს მთელს პლანეტაზე.
ასე იკვეთება პირველი მნიშვნელოვანი იდეაფიქსი - გაცნობიერებული თანაარსებობა დედამიწაზე, ჩვენი სამყაროს ისტორიაში ყველაზე მშვიდობიანი და ამავე დროს ყველაზე რევოლუციური ხულიგნების - ფერადი, ღია და ფილოსოფიური ჰიპების მხრიდან.
 
ვინ იყვნენ ჰიპები და რა იდეოლოგიის ქვეშ ჩემოყალიბდა მათი მოძრაობა?
 
 
 
ჰიპების დიდი უმრავლესობა ფინანსურად საკმაოდ პრივილეგირებული საშუალო კლასის ოჯახებიდან იყვნენ. ისინი სწავლობდნენ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში და ჰქონდათ წარმატებული ბიურგერული მომავლის გარანტია. მაგრამ მათ ეს შანსი არ გამოიყენეს და უფრო მეტიც, ისინი გადავიდნენ ფილისტერული "გამომდგარი" საზოგადოების რადიკალურად საპირისპირო მხარეს.
გარეგნული ნიშნებით მათ მალევე შექმნეს კონკრეტული ჰიპის ტიპი, გრძელი თმებით, ინდონეზიური ბატიკის გრძელი პერანგით, ბევრი ფერადი მძივებით და ყვავილებით, და ფეხზე დაწნილი ე.წ. "იესოს სანდალებით".
ჰიპებს ბიტნიკმა ალენ გინსბერგმა უწოდა თაობა "Flower-Power" და აფსოლუტურად სამართლიანად. 68-იანელმა ყვავილების შვილებმა სწორედ რომ ყვავილების ძალით, ანუ სილამაზის და სიყვარულის საშუალებით პლანეტის ისტორიაში უამრავი სიახლე შეიტანეს.
 
ახლაგაზრდობას სან-ფრანციკოდან, რომელმაც სათავე დაუდო ჰიპების მოძრაობას, ჰქონდა რა თქმა უნდა კონკრეტული პოლიტიკური და კულტურული ნიადაგი, რომელმაც საფუძველი შეუქმნა მის კონტრკულტურულ იდენტობას.
 
პროტესტი, რომელმაც ფორმა მისცა ჰიპებს, როგორც მოვლენას, პირდაპირ კავშირში იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამერიკულ და პროამერიკულ დასავლეთ ევროპას და საბჭოთა კავშირს შორის ძალების გადანაწილებასთან, კერძოდ ცივ ომთან და მის შედეგებთან. ჰიპების მოძრაობა ამერიკაში ემთხვევა ვიეტნამის ომის ესკალაციას, ასევე ანტირასისტულ და სტუდენტურ დემონსტრაციებს, როდსაც შტატებში ეკონომიკური აღმასვლის, ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების და დემოკრატიული პრინციპების საკითხებში საზოგადოების პოლარიზაცია ხდება. ჰიპების მოტო "Make Love, Not War!" თან გასდევს საპროტესტო აქციებს ვიეტანმის ომის წინააღმდეგ, რომელიც ამერიკის საზღვრებსაც სცდება.
 
 
 
1967 წელს ეწყობა სტუდენტური მარში პენტაგონის საპროტესტოდ ლინკოლნის ძეგლის წინ. 120.000 დემონსტრანტი არღვევს პოლიციელების კედელს უშიშროების სამინისტროსთან და შეიარაღებულ დაცვას სტუდენტები იარაღის ლულებში ყვავილებს უდებენ. დემონსტრაციაზე სტუდენტები და ჰიპები აპროტესტდებდნენ არა მარტო ძალადობას და ომს, არამედ იმ ეკონომიკურ აღმასვლას შტატებში, რომელმაც დოლარი მასობრივი კეთილდღეობის კულტად აქცია და რომელსაც შემდეგი ლოზუნგებით აპროტესტებდა 60-იანელთა თაობა: "ფული ნარკოტიკია!", "გააკეთეთ თქვენი დოლარებისგან ჯოინდი და მოსწიეთ!". 
 
 
 
ანუ ჰიპების მშვიდობიანი პროტესტის ძირითადი სამიზნე მაშინ არსებული პოლიტიკური ისტებლიშმენტი და მისი სიმახინჯეები იყო.
 
თუმცა მათგან მოტივირებული საპროტესტო გამოსვლები მშვიდობისთვის ბევრ სხვა ქვეყანაში მსხვერპლის გარეშე არ დასრულებულა. ისეთ ქვეყნებში, როგორიც იყო ჩეხოსლოვაკეთი და უნგრეთი, პოლონეთი და იუგოსლავია 70-იან წლებში თავისუფლებისთვის ბრძოლის დროს დამპყრობელი სიმბოლურად არ მოიაზრებოდა, არამედ ამ დროის ის ამ ქვეყნების აქტუალური ტოტალიტარი და დიქტატორი გახლდათ. რის შედეგადაც აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში გამართული დემონსტრაციები ხშირ შემთხვევაში უსისხლოდ არ დამთავრებულა.
 
ჰიპური კულტურა პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის გარდა ეძებდა გულახდილობის, სხეულთან სიახლოვის, თავისუფალი სიყვარულის ფორმებს და ახალ სივრცეებს. მათი ანტი-მატერიალისტური ფილოსოფია მთლიანად ემიჯნებოდა მაშინდელი ამერიკის "საზოგადოებრივ ნორმებს."
 
ჰიპები ორგანიზებას უკეთებდნენ უმნიშვნელოვანეს კულტურულ აქციებს. 1967 წელს გამოცხადებულ "სიყვარულის ზაფხულში" ასიათასობით ადამიანი შეიკრიბა ნიუ იორკში და სან ფრანცისკოში, ბერლინში და ლონდონში. სწორედ ამ ფესტივალებზე გახდა ფართო მასებისთვის ისეთი მუსიკოსების წარდგენა, როგორებიც იყვნენ ჯიმი ჰენდრიქსი, ჯენის ჯოპლინი, ჯიმ მორისონი და სხვა ლეგენდბეი 60-იანებიდან. 
 
ჰიპები თავიანთი ფილოსოფიით და ცხოვრების წესით აუჯანყდნენ სამომხმარებლო რეალობას და შემქნეს მშვიდობიანი, ბუნებასთან ჰარმონიზირებული, სიყვარულზე და ტოლერანტულ ღიაობაზე დაფუძნებული თანაცხოვრების მოდელი. ისინი მხარს უჭერდნენ გამოხატვის თავისუფლებას, იყვნენ თვითრეალიზების, ექპერიმენტების, საკუთარი თავის და სამყაროს შეცნობის ახალი გზების და ხერხების ნოვატორები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჰიპები არა მხოლოდ გარეგნულად იყვნენ აუტსეიდერები, არამედ მათ რეალობაში გადმოიტანეს თავიანთი იდეები, დედამიწაზე ცხოვრების ახალი ფორმის შესახებ. 
 
ყოველგვარი დისკრიმინირების საწინააღმდეგო პრინციპების განსახორციელებლად მათ დატოვეს ოჯახები და სახლები, უარი თქვეს კაპიტალისტური ცხოვრების შეთავაზებებზე და ცხოვრების ფორმად აირჩიეს კომუნა. იგივე თემი, რომელმაც ინდუსტრიალიზირებული სამყაროს მიღმა, მთის ძირას და სანაპიროზე, ბუნებასთან თანაზიარებით თანასწორი არსებობა დაიწყო.
 
 
ჰიპები არ მუშაობენ კაპიტალისტური სამყაროს სტრუქტურებში, აქედან გამომდინარე ისინი აპროტესტებენ ინდუსტრიალიზაციის და სამომხმარებლო სისტემებს. მათ გააფართოვეს ოჯახური მცნება. კონკრეტულად თემი და იდეოლოგიურად დედამიწა მათთვის ახალ ოჯახად იქცა. ამ ნაბიჯით ასევე დაინგრა ქალის და მამაკაცის დაკანონებული როლები და მონოგამური ოჯახის მოდელი. ასევე სხვადასხვა სქესების და სექსუალური იდენტობების თანაცხოვრების უფლებები მათ თემში თანასწორად გადანაწილდა. ისინი არ იყვნენ იმ დროის წარმოდგენებით სამაგალითო, გამრჯე მამები და მამაკაცის ჩრდილ ქვეშ მოტრიალე დიასახლისები, სამაგიეროდ მათთვის სიცოცხლე დღესასწაული იყო. 
 
ჰიპებს წარმოდგენით სიცოცხლე იყო საჩუქარი, რომელიც პოზიტიურად და მშვიდობიანად უნდა გაატარო. ამისთვის ისინი მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ხატავდნენ, იღებდნენ ფილმებს, ფოტოებს, ძერწავდნენ და წერდნენ. ისინი ეძებდნენ სულიერ საყრდენს და ინსპირაციას იქ, სადაც განვითარებულ დასავლეთს მხოლოდ მესამე სამყაროს მშიერი მოსახლეობა ეგულებოდა და დღემდე ეგულება. 
 
ჰიპების ინტერესმა, გაეცნოთ და საკუთარ ცხოვრებაში გადმოეტანათ აღმოსავლური ფილოსოფია, შეესწავლათ ინდიელების და ტიბეტელების განსაკუთრებული მისტიკა,  საფუძველი ჩაუყარა ახალ, ეგრეთწოდებულ კალიფორნიულ ფილოსოფიას სახელად დასავლეთი ხვდება აღმოსავლეთს. გოა, კამბოჯა და კატმანდუ მიგრანტი ჰიპებისთვის ახალი სამშობლო ხდება და დედა-იდოეთი დედა-მიწის გული.
 
ჰიპებს ჰქონდათ თითოეულ ასპექტის, რომლის განხორციელებას ისინი რეალურად ახერხებდნენ, ასევე სამეცნიერო კვლევების და ექსპერიმენტების მნიშვნელოვანი გამოცდილება. ეს არის სწორედ ის თემა, რაც ჰიპების შესახებ ბოლო დროს დიდ ყურადღებას იქცევს. 
 
არც შეიძლება ევროპის დღევანდელმა თვითშეგნებამ მათი მშვიდობიანი ბრძოლა თანასწორობის და ეკოლოგიური შემეცნების, სოციალური და ჰუმანური ფასეულობებისთვის თავისი აქტუალური იდენტობის საფუძვლად არ განიხილოს და გაანალიზოს. 
 
ჰიპები თავიანთ ხელოვნებაში და სამეცნიერო ექსპერიმენტებში თანაბრად აქტუალურად იბრძოდნენ, იმისთვის რომ ადამიანი გამოსულიყო საკუთარი კედლების კრიზისიდან, ინდუსტრიალიზმის მანქანად ქცეული მომხმარებლის როლიდან. 
 
თუნდაც ნარკოტიკები, ან ჰიპების მოძრაობისთვის "ავტორიზირებული"  LSD მათი ახსნით ცნობიერების გაფართოების საშუალება იყო და ბუდიზმი გადარჩენის გზა. და როგორც ექსპერიმენტი, რომელმაც ჯანრთელობის საწინააღმდეგოდ იმუშავა, და ამიტომ მალევე აიკრძალა, მაინც ძალიან მნიშვნელოვანი თეორიები და ნაშრომები დატოვა ჩვენი კულტურისთვის. თუნდაც კენ კისი და მისი წიგნი "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა", ჰიპური კულტურის და იდეოლოგიის მნიშვნელობისთვის კარგი მაგალითია (ჰიპების და მათ ნარკოტიკებთან დამოკიდებულების შესახებ შემდეგ ნაწილში უფრო ვრცლად).
 
ჰიპებს თანამედროვე სამყარო ჯერ კიდევ ვერ აცილებს კლიშეებს, რაც მაინც და მაინც პოზიტიური არაა. და უმრავლეს შემთხვევაში, ცოტა გაბრუებულ, მეოცნებე და ამიტომაც უპასუხისმგებლო, ფერადტანსაცმელიან ადამიანებს გულისხმობს. და ეს მცდარი აზრია. მათმა პროტესტმა სამყარო უკეთესობისკენ შემოაბრუნა. მათმა ცხოვრებამ დაანახა ქალებს და კაცებს, თეთრ, შავ და ფერად კანიანებს, რომ ისინი ყველანი დედამიწის შვილები, დედამიწის ყვავილები არიან. 
 
მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე მაშინდელი ქველმოქმედი ბანკირების. ჰიპების მიერ გაცნობიერებულ ეკოლოგიურ და სულიერ პრობლემებს, საკმაოდ მნიშვნელოვანი სამცნიერო ნაშრომები ეთმობოდა. ჰიპების სახით სამყაროს ჰყავს არამარტო 60იანელი მუსიკოსები, არამედ ბევრი სოციოლოგი, ჰუმანისტი და მეცნიერი, არქიტექტორი, ბიოლოგი და ფსიქოლოგი და რათქმა უნდა უამრავი ფილოსოფოსი სიყვარულის კასტიდან. ისინი აღტაცებული იყვნენ თემებით როგორიცაა მედია და კომუნიკაცია, კიბერნეტიკა და სისტემური  თეორიები და ამ პერიოდის უმნიშვნელოვანესი ავტორებით, როგორებიც იყვნენ მარშალ მაკლუენი და ნორბერტ ვინერი (რაც ბერლინში აპრილში გამართულმა გამოფენამ ძალიან პროდუქტიულად აჩვენა და რაზეც შემდეგ ნაწილში მოგიყვებით).
 
სწორედ მრავალმხრივი ინოვაციების გამო არიან ისინი ხულიგნები, თუმცა აგრესიის მოწინააღმდეგე, მაგრამ მაინც მაქსიმალურად რევოლუციონერი ხულიგნები 1968 წლის კალიფორნიიდან. რომლებმაც ნამდვილად იცოდნენ, თუ რაზე თქვეს უარი და რა აირჩიეს, რომლებიც "ღმერთის სახელით" კი არა, აგრესიის წინააღმდეგ ღმერთივით, სიყვარულით იბრძოდნენ. სწორედ ესაა რელევანტური ჩვენი საზოგადოებისთვის, იმისთვის რომ ვისწავლოთ პროტესტი, უფრო სწორად კი სიყვარულის ნამდვილი არსი, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს უბრალოდ ადამიანი, მისი ეროვნებით, კანის ფერით და სექსუალური იდენტობით. და თუ რატომ და ვის წინააღდეგ უნდა იდგეს აჯანყება დღის წესრიგში, რომ სიყვარულისთვის ყველა ხელის შემშლელი პირობა გავაპროტესტოთ და ჩვენი რეალობა უფრო ჰუმანური გავხადოთ.
 
 
ლელა ჩილინგარიშვილი