იპოვნე სხვები
ალექს ჩიღვინაძე
 
თარიღი: 30/04/2012
კატეგორია: სტატია

აღიარე, რომ შენ მათ არ ჰგავხარ. ახლოსაც კი ვერ მიხვალ.

შეიძლება მათსავით შეიმოსო, იგივე იდიოტურ და უაზრო ტელე-შოუებს უყურო. იგივე სწრაფი კვების ობიექტებში (სახინკლეებში) ჭამო, მაგრამ რაც უფრო ცდილობ  შეეგუო, მით უფრო მძაფრად გრძნობ საკუთარ აუთსაიდერობას, როცა უყურებ “ნორმალური ადამიანების” ავტომატურ არსებობს.

 

ყოველ ჯერზე, როცა წარმოთქვამ ერთგვარ პაროლს, მაგალითად: “სასიამოვნო დღეს გისურვებთ” ან “რა საშინელი ამინდია”, შიგნით რაღაც გამოუცნობი გამოთქმები წამოგიტივტივდება: “იქნებ მითხრა ისეთი რამ რაც  აგატირებს” ან “რისთვის  გვემართება ეს დეჟა ვიუები?” და ხომ შეიძლება გოგონა ლიფტში  იგივეს ფიქრობს? (ან ი მელოტ კაც შენს სამუშაო მაგიდასთან) ვინ იცის რა შეიძლება ისწავლო უცნობებთან ნამდვილი ურთიერთობის შანსი რომ გქონდეს?

 

ყველა ატარებს საკუთარ თავსატეხ. არავინ ჩნდება უბრალო დამთვევის გამო შენს ცხოვრებაში. ენდე ინსტიქტებს. მოულოდნელად იმოქმედე. აღმოაჩინე სხვები!“

 

--  თიმოთი ლირი

 

ხშირად თავს ისე ცუდად ვგრძნობთ, რომ არაფრის გაკეთების სურვილი არ გვაქვს. - რაღაც ფრაზას ჰგავს კი პოპ-ფსიქოლოგიის ყვითელი წიგნიდან, მაგრამ სრული სიმართლეა. ასე რომ ამ სტილში გავაგრძელებ:  გადის დრო და ყველაფერი იცვლება. „როგორ ვიყავი ასეთი შტერი?“ - მანტრასავით იმეორებ ამ შეკითხვას, როდესაც იხსენებ როგორი სასოწარკვეთილი იყავი, თუნდაც გაზაფხულის ერთ მშვიდ საღამოს, ათ წუთიანი წვიმის დატოვეულ სურნელში, როცა ზიხარ წყნარ ვერანდაზე და მონასტერში მოხარშულ არომატულ ლუდს შეექცევი. თან უყურებ როგორ ჩადის მზე და სითბოს, ნათელს ტოვებს აქა-იქ აბლაბუდასავით გაჩენილ ღრუბლებში. რაღაც ის პონტია, აი, „მეხუთე ელემენტში“, ლილუს რომ ჩაუქროლებს თვალწინ დოკუმენტური კადრები მსოფლიო ისტორიდან და ვერ გადაუწყვეტია, ღირს თუ არა საერთოდ დედამიწის გადარჩენა ამდენი ნეგატიური, საზარელი მოვლენის შემდეგ. საბოლოოდ მაინც გადაარჩენს. ჰოდა, დავარქვათ ამას „ლილუს პროცედურა“, რომელსაც ხშირად მივმართავთ ხოლმე. საბოლოოდ კი ერთიდაიგივე დასკვნამდე მივდივართ, რომ ნამდვილად ღირს ცხოვრების გაგრძელება, ღირს თუნდაც ერთი ზღაპრული ორგაზმის გამო.

 

კიდევ უფრო შორსაც შეიძლება წასვლა... თუ ილუზიაა, მოდი, უფრო შორსაც გავცუროთ. თუ სამყარო - სასრულია, მოდი, ვნახოთ მისი ზღვარი. რა დროს სიკვდილიაო, მოუკვდა პატრონი ტელესკოპით შემოვარდნილა ოპერის ფანტომი. აი, ასე! 

 

აბა, წარმოვიდგინოთ, წინ რამდენი აღმოჩენა შეიძლება დაგვხვდეს: დაწყებული ჰაბლის ნაწილაკიდან და გალანტური ან თავხედი უცხოპლანეტელებით დამთავრებული. რამდენი ახალი მწერალი, მუსიკოსი, მზარეული, მოცეკვავე, არქიტექტორი, რეჟისორი, „სვარჩიკი“, ტანმოვარჯიშე თუ ტვინმოვარჯიშე  გაჩნდება, რომელიც ჩვენს აზროვნებას, გნებავთ გრძნობის ორგანოებს აგვიფორიაქებს და მთლიანად თავდაყირა დააყენებს ჩვენს შეხედულებებს.

 

რამდენი პირადი, უბრალო, ჩუმი, უჩვეულო, მოულოდნელი, დღისა თუ ღამის, გარდაუვალი, შეუსაბამო, წარმოუდგენელი აღმოჩენა გველის წინ, რომელთა გარეშეც ჩვენი არსებობა აზრს დაკარგავდა. არადა, მაშინაც კი როცა გვგონია, რომ აღარაფერი გაგვაკვირვებს, ცხოვრება გვთავაზობს რაღაც ისეთს, რის შემდეგაც რადიკალურად ვიცვლებით. ასე მგონია.

 

და თუ არ გაქვს სურვილი რომ გაანადგურო ის, ვინც იყავი წარსულში და გაექცე იმას, ვინც შეიძლება მომავალში გახდე, მაშინ თვითკმაყოფილი იდიოტი ხარ, რომლის ერთადერთი მიზანია მშვიდად დაელოდოს სიკვდილს. თუმცა, ეს უკანასკნელიც მშვენიერი აღმოჩენაა და როგორც პროფესორი მორიარტი იტყოდა: „სიკვდილი მხოლოდ დასაწყისია!“ მანამდე კი თუნდაც „ნაძრახი“ სიცოცხლეა, რომლის გამოსწორების, გამრავალფეროვნების, გასახელოვნების შანსი ჩვენი გონების ფართედ გაშლილ საცეცებშია მოქცეული.

 

და თუ ყველაფერი ილუზიაა, მოდი, უფრო შორსაც წავიდეთ!