„პრაროკი“
ალექს ჩიღვინაძე
 
თარიღი: 30/05/2012
კატეგორია: სტატია

                                                                            ფოტო: გიორგი ნებიერიძე

 

 

@ ალექს ჩიღვინაძე

 

 

1.

 

თაზო ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სასტუმროში მუშაობს. ამბობს, რომ ერთხელაც ისლამით დაინტერესდა და სასტუმროში ყველას უქადაგებდა. სასტუმროს მმართველმა დაიბარა და ჰკითხა, მართლა აპირებდა თუ არა ისლამის მიღებას. ამანაც დაუდასტურა, მაგრამ მერე დავიკიდეო. ყველაფერი არეულია ჩემს ცხოვრებაში. ის, რასაც ერთ დღეს დავცინი, მეორე დღეს მომწონს და პირიქითო. როცა მარტო ვარ თავში იმდენი ფიქრი მიტრიალებს, რომ მგონია გავგიჟდებიო. ერთადერთი სექსის მერე ვგრძნობო თავს მშვიდად. ისიც ნახევარი საათი, მერე ისევ მოდიანო ფიქრები. სამსახურში პროფესიონალიზმი მიყვარს, გარეთ კი ანარქია - ქაოსის მონა ვარო. რაც ხდება იმიტომ ხდება, რომ მოხდესო. თავის ნებაზე მაქვს მიშვებული ყველაფერი და მეც ჩემს ნებაზე მიშვებენო.  სხვებზე მეტს ვფიქრობ, ვის როგორ დავეხმარო და მგონი ქრისტიანობაც მეტი არაფერია, ასე მგონიაო... ზღვის პირას ვისხედით. ვისკის ვსვამდით. გარშემო ბნელოდა და შორეული სიმღერის ნაწყვეტები ერეოდა შავი ზღვის ხმაურს.

 

 

2.

 

ცარიელი კაფის ცარიელი ვერანდა. ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ დღეს ხარ ცოცხალი და მორჩა. უკანასკნელი დღეა, რომელიც ჰორიზონტს ჰგავს შენს წინ. მოწყენილი მიმტანები ათასობით სალფეთქს კეცავენ, რომლებიც დიდხანს ვერ შეეხებიან ჟოლოს ნამცხვრით, რძით და ნაყინით მოსვრილ ტუჩებს. გარშემო ყველაფერი ისეთი მიმდობი, ისეთი მსუბუქია, როგორც დეკორაციები მოსაწყენი სტუდენტური ფილმისთვის. მარტო ხარ და შეუძლებელია ამაზე შესანიშნავი იყოს რამე. საკუთარი თავი ზღვისგან გამორიყული ნივთივით გდია, შენი ცნობიერების სანაპიროზე. მგონია, რომ ასე უნდა არსებობდე, აი, როგორც ეს პეიზაჟი, როგორც ეს ფერები, როგორც ეს ბავშვი ველოსიპედით, როგორც ბალახზე ბალახივით მიწოლილი ადამიანები და ღრუბლებში ღრუბლებივით გაფრენილები, როგორც ანარეკლი, როგორც ჩამქრალი ნათურები, როგორც წითელი სახურავები, როგორც ფერადი სკამები, როგორც ჭიქების დატოვებული წრეები მაგიდაზე, როგორც დროშა შორს მოფრიალე, როგორც პალმები ნაზად აყოლილნი ზღვიდან მოქროლილ ნიავს და როგორც ტალღების ქაფი, როგორც ხმები განურჩევლად, როგორც უშინაარსო იმედები, როგორც მიტოვებული სახლები და გადადებული ადამიანები გადადებული მომავლით, როგორც გაპარტახებული ბაქნები, როგორც დროებით სიმშვიდე, როგორც სუნთქვა, როგორც უკაცრიელი საზღვაო კურორტი, როცა სეზონამდე ერთი გრძელი თვეა დარჩენილი.

 

 

3.

 

როდესაც გაქვს დრო, ვერასოდეს ასწრებ იმის თქმას, რაც გინდა.

 

გაანძრიე ტვინი, როგორც გარუჯული, მოხდენილი გოგოები აქანავებენ იდეალურად მომრგვალებულ გავებს ღამის კლუბებში ან მიმტანები ფულიანი კლიენტების დასანახად სიგარეტით გაბუღულ კაფე-ბარებში. წამოაცვი გაკვირვების შამფურზე ტვინი და ატრიალე როგორც დედამიწა ტრიალებს, როგორც სხვა პლანეტები ტრიალებენ. ჩვენ არც დინამიურად განვითარებულვართ და არც მოტივაცია გვქონდა საკმარისი. გარემოც, რომელიც უცნობი  ქიმიური ელემენტივით ურთიერთმოქმედებდა ჩვენთან, ზედმეტად მტრულად გვექცეოდა...

 

 

ზღვის ვარსკვლავებით გაფორმებული ბავშვის ოთახები და სათამაშოების მაღაზიაში ატირებული, ჩაკეცილი შვილმკვდარი დედა. თექვსმეტი წლის გოგო, რომელიც ვერ იღიმება, რადგან ლოყაზე ნაკბენი აქვს და ღიმილის დროს საშინელი ტკივილი ერთვის მის ფიქრებს და სასოწარკვეთილებას არა აქვს ბოლო.

 

თოჯინების ზედაპირზე სიყვარულის ლაქები რჩება. სიყვარულის ალქაჯები გადადიან გზიდან და დელფინები რჩებიან ასფალტზე, როგორც ჩვენ ვრჩებით ოცნების ამარა და ჩვენი ოცნებები ასფალტზე ოდნავ უფრო ჭრელია, აი, წვიმისას, რომ აბრწყინდება ხოლმე ქუჩა, ეგეთი, მაგრამ ასფალტივით ბრტყელია და მაგარი, დროთა განამავლობაში ითხრება და ველურდება და ჩვენც დელფინივით ზედ ვეტყეპებით. სიყვარულის ალქაჯები დარბიან ჩვენს გარშემო და გვიკიჟინებენ, რომ იქნებ მომხიბლავად მოვკვდეთ, რომ მოგვბაძავენ... მაგრამ სად დარჩები ისეთი მარტო, როგორც სიკვდილში, ისეთი მიუწვდომელი, როგორც სიკვდილში.

 

 

სარკმლის სახაზავით ვავლებ მზერას სწორს, გამოზომილს. გამვლელები საკუთარ თავებს შორდებიან. მაწანწალა ძაღლების ყეფა ყველაზე ზუსტად განმარტავს ჩემს მდგომარეობას, რომელიც ნიღაბივით გადამიდევს გვერდზე, კარნავალიდან გამოსული სუნთქვაშეკრული ქვრივივით. სარკმლის სახაზავით გავლებული მზერა თანდათან მრუდდება. ბოლოს აღარავინ რჩება ქუჩაში. თუმცა არა, ნაგვის ურნასთან მაწანწალა მიყუჟულა.

 

 

4.

 

„შაჰ-სეი, ვაჰ-სეი“ - თავისთვის ჩურჩულებს თაზო.