საქართველოს სიურეალისტური რესპუბლიკა
ზურა ჯიშკარიანი
 
თარიღი: 01/06/2012
კატეგორია: სტატია

@ ზურა ჯიშკარიანი

 

 

ლეგენდის მიხედვით  ტიმოთი ლირის ლოს ანჯელესის წყალკანალებში ჩუმად ელესდეს დამატება უნდოდა, წარმოიდგინეთ მრავალმილიონიანი ქალაქი ელესდეს ზემოქმედების ქვეშ... არ დასცალდა. მაგრამ როგორც ამბობენ დიდი იდეები არასოდეს ქრებიან...

 

 

 

პატარა ვარ, პიანინოს გაკვეთილებზე დავდივარ, ძალიან მომწონს ამ ინსტრუმენტის ხმა, კლავიატურის ფერები და წყობა, სწორი ხაზები,ნოტებისა და რითმის აღმნიშვნელი იეროგლიფები დაფლეთილ წიგნებში..


მგონია, რომ რაღაც საიდუმლოს ვსწავლობ, სამყაროსავით ძველს, ოდესღაც დიდი იმპერიის სტამბებში გამოცემული სახელმძღვანელოების გაყვითლებულ და დახეულ ფურცლებზე - ნოტები საიდუმლო შიფრს გავს, უხმო გზავნილს ხალხისგან რომელიც შენამდე იყო აქ, შენს დაბადებამდე ხედავდა ცას, სუნთქავდა ჰაერს. ნოტები კოდივითაა, რომელიც უაზრობაა, თუ მათი კითხვა არ იცი.


მე დავდივარ ძველი ტრადიციის მატარებელ ქურუმებთან, რომლებიც მაძლევენ ცოდნას [გნოზისს]. ეს ცოდნა საშუალებას გაძლევს გააცოცხლო კოდი, წაიკითხო ის, მოუსმინო მას, დაუკრა ის. ჩვენს ოთახში სიჩუმეა, მარტო მე და ჩემი მასწავლებელი ქურუმი ვსხედვართ პიანინოს წინ სკოლის მერხებიდან ამოტეხილ სკამებზე, სხვა ოთახებიდან შორი ექოსავით შემოდის სუსტი სიზმრისეული ხმები, ვიღაცა ითვლის: “ერთი, ორი, სამი, ოთხი, და ერთი, ორი, სამი, ოთხი..”, მეორე ოთახიდან შემოდის კლავიშების ხმა, რაღაც ეტიუდია, ოთხ ხელში დასაკრავი, სადღაც კიდე უფრო შორიდან ამათ ემატება სკოლის ზარის ხმა და ბავშვების ყვირილი, ჩვენ ვდუმვართ, ჩემს წინ გადაშლილია დიდი წიგნი, რომელსაც თვალს არ ვაშორებ, ხელის მტევნებს სპეციალურ პოზაში ვხრი, მიმაქვს თითები კლავიატურასთან და ვიწყებ კოდის გაშიფრვას რეალურ დროში, ქურუმი მაქებს, ამბობს, რომ განსაკუთრებული ნიჭი და შესაძლებლობა მაქვს ძველი ტრადიცია ჩემი სხეულით წავიღო მომავალში.


ძალიან მომწონს პიანინოზე დაკვრა, პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ პიანინოზე მხოლოდ ამ დაწესებულებაში შემიძლია ვუკრა, სახლში არ მაქვს. არადა კოდის დახვეწის ხელოვნება მუდმივ ვარჯიშს ითხოვს, ქურუმები კოდის ნაწყვეტებს მატანენ სახლში, დავალებას მაძლევენ ჩემით ჩავუღრმავდე ამ ვიბრაციებს. ნუ ეს იგივეა ფლეშკაზე ფილმი ჩაგიწერონ საყურებლად, შენ კი კომპიუტერი არ გქონდეს.


სახლში ხვდებიან ჩემს გატაცებას მუსიკით, მაგრამ არ აქვთ ფუფუნება, რომ პიანინო მიყიდონ, მე ვერ ვხვდები ამდენს და ჯიუტად ვითხოვ რამეს რაზეც შემიძლია ვივარჯიშო და დავუკრა, საწოლზე ვწვები და ნოტების წიგნს ისე ვკითხულობ, როგორც სხვები რობინზონ კრუზოს ან ტომ სოიერს [რომელიც არ წამიკითხავს არასოდეს]. მერე გავდივარ გარეთ, ხისა და გარაჟს შორის გაკეთებული “შტაბის” გასამაგრებლად, სადაც ჩემს მეგობრებთან ერთად განვიხილავთ გმირულ უნიფორმებს, რომლებიც უნდა შევაკერინოთ დედაჩვენებს, რათა ამ უნიფორმებში ჩაცმულებმა ვიცხოვროთ გარაჟების თავებზე, ამ რკინის მინი-ქალაქზე ქალაქში,სადაც მუდამ გრილა და თუ გულაღმა დაწვები საღამოს – შეგიძლია უსასრულოდ უყურო შენს ზევით როგორ სერავენ ღამის ცას რკინის მოციმციმე ვერტმფრენები და თვითმფრინავები, ვარსკვლავები და გალაქტიკები.


დღის წესრიგშია განხილვა თუ რა უნდა ვაკეთოთ “ველურმა ბიჭებმა” უნიფორმებით სამყაროს სახურავზე: ზაფხულის ცხელ დღეებში გავწუწოთ ხალხი გრილი წყლით, ზამთრის სუსხში შევიფაროთ სახლიდან გაქცეული ჩვენი ამხანაგები, გავძარცვოთ სკოლის წინ მდგარი ჯიხური, რომლის გამყიდველი შემჩნეულია იმაში, რომ ხშირად უპატრონოდ ტოვებს ჯიხურს 3-5 წუთით, ეს კი საკმარისი დროა იმისთვის, რომ რამდენიმე ყუთი შოკოლადი და საღეჭი რეზინები წამოიღო ნადავლად, ეზოდან რიგრიგობით ავატანინოთ რკინის “ვედროებით” წყალი მოხუც ქალებს და კაცებს, რომლებიც კარგად გვექცევიან და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვებრძოლოთ მეზობელი უბნების ბიჭებს, ვინც იმდენად თავხედი და უჭკუო აღმოჩნდება, რომ გადმოკვეთავს ჩვენს ტერიტორიებს ან მოინდომებს რომ წაგვართვას ჩვენი ოფლით და არქიტექტურული გენიით ნაგები შტაბი...


საღამოს სადარბაზოს კიბეებზე ამომავალს ისევ კოდები მახსენდება, ხასიათი მიფუჭდება, მაგრამ სახლში დაბრუნებულს უეცარი სიურპირზი მხვდება. დედაჩემმა დიდი თუ მცირე ფიქრის მერე გამოსავალი იპოვა – ჩემს ოთახში, მაგიდაზე მხვდება პატარა პიანინო. ეს პიანინო ჩემთვის აქამდე ან მას მერე ნანახ არცერთ პიანინოს არ ჰგავს, ახლა რო ვიხსენებ შეიძლება პატარა სინთეზატორს შევადარო, მაგრამ მაშინ არც ვიცოდი სინთეზატორის არსებობის შესახებ.


პიანინო ჩემს ოთახში სქელი 'კარდონისგანაა' ამოჭრილი, რომელსაც ზედ გუაშის საღებავებით თუ უბრალოდ მელნით ახატია კლავიშები, კარგად არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ ისე როგორც რეალურ პიანინოზე, თეთრებისა და შავების სპეციფიური თანმიმდევრობით. პიანინო პატარაა, სულ ორ ოქტავას მოიცავს, მაგრამ ამ ეტაპზე მეტი არც მჭირდება. სახლში სიჩუმეა, დედაჩემი მე მიყურებს, მამაჩემი დედაჩემს, მე პიანინოს.
როგორ უნდა დავუკრა – ვკითხულობ აღელვებული.
ჩვეულებრივად, - მეუბნება დედაჩემი – კლავიშების ზომები ზუსტად ავიღე, თითებს მაინც  გაივარჯიშებ, და მუსიკა ერთად გავახმოვანოთ.
გაურკვევლობის აღელვება სიხარულით მეცვლება, მივხვდი იდეას, ძალიან მიხარია.
მოგვაქვს ჩემი სავარჯიშო წიგნი, წიგნისმჭამელი უხილავი ბაქტერიებით სხვადასხვა გვერდებზე, ვშლით და ვიწყებთ დაკვრას, მე თითებს ვაჭერ კარდონის პიანინოს და ერთად ვახმოვანებთ ყველა ნოტს: სოლ სოლ მი დოო..
მე პრეტენზიული ვარ, დედაჩემს სმენას ვუწუნებ, იცინის.


* * *
მანამდე –
მამაკაცის გვამი ჩემს გვერდით,ვიღაც ქალი კივის, აწყნარებენ, ხმაური, გინება... გული მერევა, დედა რაღაც პარკს გვაძლევს მე და ჩემს დას, ცოტა ხანში ბავშვები გემბანზე ავყავართ და გვამშვიდებენ დელფინებით, რომლებიც გემს მოყვებიან მთელი გზა, ამოხტებიან წყლიდან რიგ-რიგობით და ისევ ფსკერზე ეშვებიან, მგონია, რომ იცინიან, პირველად ვხედავ.
ვიღაც კაცი ამბობს – “დელფინები აკულებს აშინებენ, რომ სისხლზე არ მოვიდნენ”,
მეორე ყვება: “რამდენჯერ ყოფილა, ვინმე გადავარდნილა გემიდან და დელფინმა გადაარჩინა, ან ნაპირამდე მიყავს ან გემთან ისევ”. ძალიან მიხარია, მინდა რომ დელფინის ზურგზე ვიჯდე.

 

* * *
სიზმარი არ მახსოვს კარგად, მაგრამ რაღაც საშინლად ცუდი კოშმარია, ვბორგავ საწოლში, ძალიან მცივა, უცებ თვალს ვახელ, თითქოს რაღაც უფსკრულიდან ამოვდივარ, თითქოს წყლიდან ამოვყვინთე სადაც ვიხრჩობოდი, ჩემს ოთახში ვარ, დღეა, სიჩუმეა, ჭერს ვუყურებ და ჩემს თვალწინ ოთახში პატარა თოვლის ფანტელები დაფრინავენ ჰაერში, ქარისგან გამოღებული თუ გატეხილი ფანჯრიდან შემოფრენილები უხმოდ ეცემიან ჩემს საბანზე. შიგნით თოვლია, გარეთ თოვლია, იმდენად თეთრი, რომ ყველა სხვა ფერი სადღაც გაქრა და მთელი სამყარო მხოლოდ ორ ფერშია -- თეთრი ქუჩები, შავი სადარბაზოები.

 

* * *
ახალი "გააზრებული" მაქვს, რომ დედამიწა მრგვალია, ვკამათობ ამ თემაზე, მივდივართ დასკვნამდე, რომ თუ დედამიწა მრგვალია და ახლა დავიწყებთ მიწის თხრას, ერთ წელიწადში გავაკეთებთ დიდ გრძელ ხვრელს და ამოვალთ ამერიკაში. აღმაფრთოვანებელი აღმოჩენაა, ერთმანეთს ვპირდებით რომ არავის ვეტყვით, ერთერთი მეგობრის ბაბუის სარდაფიდან ვშოულობთ '”ლაფატკებს”, ვთხრით, პატარა ორმო წყლით და ტალახით ივსება. ვიღლებით, ეჭვი შეგვაქვს ჩვენს წამოწყებაში. მოშორებით, კორპუსთან ბევრი გოგო-ბიჭია შეკრებილი, ძალიან ხმაურობენ, ვაგდებთ სამუშაო იარაღებს, ვუახლოვდებით. პატარა ძაღლები მიჰყავთ წყალში ჩასაგდებად, რომელიც ამოვა -- გაიმარჯვებს.

 

* * *
თამაშს ქვია: "პტიჩკი ნა ჟელეზკე" [ჩიტუნები რკინებზე]. წარმოდგენა არ მაქვს ვინ მოიგონა ან რატომ -- პრინციპი მარტივია, მიწაზე ფეხის დადგმა არ შეიძლება, ერთადერთი სადაც შეიძლება სიარული [ უფრო ცოცვა] -- რკინის მასალაა. ეზოში რკინის კონსტრუქცია დგას დიდი -- ნიტო ქელეხებისთვის, ნიტო ქორწილებისთვის, ძველი, მონჯღრეული, არავინ არ ხმარობს, ამ რკინებს შორის ვთამაშობთ ფეხბურთსაც, ასე რომ "პტიჩკი ნა ჟელეზკე" ძირითადად ამ რკინის კონსტრუქციაზე ხორციელდება, დიდ გისოსებზე ჩამოკიდებული "მგელი" მისდევს მსხვერპლს,რომელიც ურბანული მაუგლივით დაცოცავს რკინებს შორის, აქვე ახლოსაა რამდენიმე გარაჟი და ძველი კაჩიგარკა, კონსტრუქცია ყანყალებს, ბავშვები მხიარულობენ, დაჟეჟილობებს და ტრავმებს იღებენ, მაზუთში ისვრებიან.
ერთხელ ვიღაცამ სადღაც ახლოს - არასწორად შეაერთა რაღაც მავთულები -- დენი ურტყამდა მთელ მომავალ თაობას რამდენიმე საღამო.

 

* * *
ასეთ რამეს ყვება ერთი, ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი: თუ დიდი ხანი სწრაფად და ღრმად ისუნთქებ, ხოლო შემდეგ ვინმე ფილტვებზე მოგაწვება მთელი ძალით – ჩაკაიფდები. გატეხილი ძველი მარკეტის გვერდით, კორპუსის კედელს აკრულები ვსუნთქავთ და ერთმანეთს ფილტვებზე ვაწვებით რიგრიგობით მთელი ღამე. თავიდან თამაში მგონია, შემდეგ ძალიან არალეგალური რამე, ცნობისმოყვარეობა და შიში ერთმანეთში ირევა, როცა ვუყურებ როგორი ენთუზიაზმით “კაიფობენ” ბიჭები. ის ჩემზე უფროსი, ყველაზე “იდეინი” ბოლოს “დასტოინი” ხმით ამატებს, რომ არსებობს უფრო ძლიერი საშუალებებიც, მაგალითად წებო და აუცილებლად გაგვასინჯებს და გაგვანათლებს. ყველა გასუსული უსმენს 13 წლამდელთა “შპანას” ახალ კრიმინალურ ავტორიტეტს.
ძალიან პატარა ვარ, “დენდის” კომპიუტერები პირველად რამდენიმე წლის მერე გამოჩნდება და “გალაქსიანის” თამაში პირველ ეტაპზე – ფასიანი იქნება რომელიღაც მივარდნილი ბანძი შენობის ოთახში, პირველ სართულზე.

 

* * *
როცა შუქები ქრება, მამაჩემის მოსკოვიდან ჩამოტანილი ყვითელი “დვიჟოკის” წყალობით – ჩემი სახლი უფასო სახალხო კინოთეატრად იქცევა. ჯერ ცა არ არის დაფარული მოპარული, “ლევი” შუქის სადენებით, ამიტომ ყველანი აქ არიან – ეს ქალები, მათი ქმრები, მათი შვილები – როგორც “იეღოვას მოწმეების” სამოთხის ილუსტრაცია ჟურნალის ყდიდან. ვინც სკამებზე არ ეტევა ერთმანეთს კალთებში უჯდება, ზოგი ფეხზე დგას... ძირითადი ნაწილი მხოლოდ ახალი სერიის საყურებლად ამოდის, მაგრამ არიან ისეთებიც ვინც სერიის შემდეგაც რჩება ახალი ამბების მოსასმენად ცუდად მოდუღებული თურქული ყავის თანხლებით. მე მომწონს ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ მთელი კორპუსის პატარა ნაშობა ჩემს სახლში იკრიბება ყოველდღე.

 

* * *
ერთი საათია გასული რაც ბებიაჩემთან ჩამოსულს ჩემი ბავშვობის შტაბის გადარჩენილმა წევრებმა მონატრების ნიშნად წმინდა ბალახები დამაგემოვნებინეს, თბილი მოგონებებით სახლში ამოსული ვწვები საწოლზე, ვიღიმი, თვალებს ვხუჭავ და აფეთქების ხმა მესმის, პირველი ბომბი ჩემგან მაქსიმუმ 200-300 მეტრში ეცემა, აფეთქებას მოყვება სროლები,  ვხედავ ტყვიების წამიერ კადრებს, როგორც მეტეორების წვიმას აგვისტოს ცაში. ქალაქი იკეტება. ღამ-ღამობით იმ გარაჟზე ვწვები, სადაც შტაბისგან მხოლოდ მიკროსკოპული მტვერიღა თუ დარჩა ძველი ცივილიზაციებივით და მოუსვენრად ვცდილობ ამ ათასობით ვარსკვლავს შორის ბომბებზე ორსული შემოპარული თვითმფრინავის ციმციმი გავარჩიო.

რამდენიმე დღეში ქალაქი ოკუპირებულია, ვერსად ვერ გავდივარ, ვერსად ვრეკავ. დაცარიელებულ ქალაქში გარეთ გზის პირას ვსხედვართ, ვფიქრობ რა გავაკეთო თუ მასობრივი მარადიორობა დაიწყება. ამ სასაფლაოს სიჩუმეში მესმის ძალიან ხმამაღალი სიმღერა, ექოდ ედება კორპუსებს: ჩიტი გვრიტი მოფრინავდა ჰოუ რანინა...


მე და ჩემი მეგობარი გაკვირვებულები ვუყურებთ ერთმანეთს, საქმე არ გვაქვს, დასაკარგიც საკუთარი ტრაკების გარდა – არაფერი, მივდივართ ექოსკენ, ტრანსში, როგორც მწერები ქუჩის განათებებისკენ. ერთერთი კორპუსის ეზოში, ღია ცის ქვეშ ძალიან გრძელი სუფრაა გაშლილი, უამრავი მამაკაცია სუფრაზე, ღამისფერი კორპუსის თავზე სადენებს შორის ინდიფერენტული სავსე მთვარე კიდია. გვეძახიან, მივდივართ, გვასმევენ ქვეყნის სადღეგრძელოს. ერთი მეუბნება:
იცი რატომ ვმღერით ძმაო? აი აქედან 30 მეტრში რომ დედამოტყნული რუსების ჯარია განლაგებული, იმათმა გაიგონ ჩვენი სიმღერის ხმა. გესმის შენ?საქართველო არასდროს არავის დაუჩოქებია და ვერც დააჩოქებს.
მაგათი ჯიში მოვტყან მე – ამბობს მეორე
თავს ვაქნევ, ცეცხლის ტემპერატურიან ჭაჭას ვისხავ კისერში, მაგრამ არაფერი არ მესმის. გარე განათებების სუსტი ყვითელი სხივები ირეკლება იაფფასიანი არყისა და ღვინის ჭიქებში, ამ სქელი, მოუქნელი მამაკაცების ამღვრეულ თვალებში, მჟავე კიტრს ვაყოლებ, ჩემს მეგობარს თვალებით ვანიშნებ, რომ წავიდეთ აქედან, თავი სხვის სიზმარში მგონია.
-- მიდი ერთიც შეასრულე – იძახიან კაცები.
ნელ-ნელა ვშორდებით ღამის სიმღერის ექოს.

 

- - -
ეს მხოლოდ პატარა ფრაგმენტებია, ამოჭრილი კადრები, რომლებიც უცებ გამახსენდა, იმ ათასობით სხვა არანკლებ არა-ნორმალური კადრიდან, როლმებიც მთლიანობაში ქმნიან ჩვენს ამ სიურეალისტურ დოკუმენტურ “სანტა ბარბარას” -- ევრაზიის, მეორე სამყაროს მისადგომებთან. ჩვენი ვიდეო-თვალები ამ ფილმის მოხალისე ოპერატორები არიან, რეჟისორები სპონტანურად იცვლებიან, სცენარისტი უცნობია.

ხშირად მგონია, რომ ეს ქვეყანა [როგორც მეორე და მესამე სამყაროს მრავალი სხვა სახელმწიფო] ბუნებრივი საცდელი ლაბორატორიაა აპოკალიპტური რეფლექსების ჩამოსაყალიბებლად. იმდენად ხშირად და დიდი ვადებით ვყოფილვარ ცხოვრების არა-სოციალურ [ანტი-სოციალურ] ფაზებში -- რომ აპოკალიპტურ სიტუაციებში თავს ვგრძნობ როგორც შვილი დედასთან, მუცელში.


აპოკალიფსი არ ნიშნავს მაინცდამაინც ცეცხლის წვიმებს 3D ეფექტებით. აპოკალიფსი ზომებითაც განსხვავდება. ის ბევრნაირია და ნიშნავს ყველაფერს -- სოციალური შაბლონების რღვევიდან პირად კრიზისებამდე, როცა გველივით იცვლი კანს.

ფსიქოდელური ნივთიერებების ადეპტი-მეცნიერები და ფანი-ფილოსოფოსები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ფსიქოდელური გამოცდილება “ცნობიერებას აფართოვებს”.
ვიწრო ყოველდღიური ჰორიზონტი კოსმიურ მასშტაბებამდე იზრდება ან პირიქით -- იკეტება.

 

ცნობიერების გაფართოვება – აქ მთავარი ტერმინია. პირველ რიგში ის ნიშნავს რეალობის ქსოვილის ტოტალურ რღვევას. სხვადასხვა კულტების ადეპტები ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთიდან მოყოლებული იყენებდნენ სპეციალურ რიტუალებს ან ნივთიერებებს ინიციაცია-გასავლელი ადეპტის რეალობის დასანგრევად. ითვლებოდა, რომ იმისათვის რომ გაიარო ინიციაცია, შენი სამაყრო ისეთი როგორიც ის იყო ამ დილამდე ან ამ საღამომდე უნდა განადგურდეს, შენი რეალობის გვირაბი უნდა გაივსოს შავი ხვრელებით, სტაბილურობის შეგრძნება უნდა გაქრეს, მიწა უდა გამოგეცალოს ფეხიდან, როგორც ექსკალატორი, ცა უნდა დაგენგრეს თავზე, როგორც თეატრალური დეკორაცია. შენ უნდა შეიგრძნო “პატარა სიკვდილი” რათა გაიხედო იმ კვერცხის ცილის იქეთ, რომელიც გარს გარტყია. პირადი აპოკალიფსი ინიციაციის აუცილებელი ნაწილია.

ანუ აპოკალიფსი ცნობიერების გაფართოების საშუალებაა, უფრო მასშტაბური და ყოვლისმომცველი, ვიდრე ლსდ ან ტრანსული ცეკვა, ჭკვიანი წიგნები ან მოგზაურობა.

 

აქედან გამომდინარე შემიძლია ვივარაუდო, რომ თაობის დიდმა ნაწილმა პერიოდი, რომელსაც "ბავშვობას" ეძახიან და რომელიც ძირითადად განკუთვნილია სოციალური იმპრინტირების, საზოგადოებისთვის მისაღები კანონების დასწავლის,"ადამიანად" ჩამოყალიბების პროცესისთვის --  ცნობიერების გაფართოების NONSTOP რეჟიმში გავატარეთ, ჰალუცინაციების, ტყუილისა და სიმართლის არევის, რეალობის პერმანენტული ნგრევის რეჟიმში [ზოგმა უფრო ღრმად, ზოგმა უფრო ზედაპირულად].

 

სოციალური პროგრამირების ნაცვლად მე და თქვენ მივიღეთ ასოციალური პროგრამების კონა. ქვეცნობიერად კი ნებისმიერი ადამიანი, რომლისთვისაც აპოკალიფსი ასოცირდება ბავშვობის სითბოსთან -- ყოველთვის ცდილობს აპოკალიფსის რეინკარნირებას სხავდასხვა სახით [იქნება ეს გაუთავებელი სმა მეგობრებთან, სიარული მიტინგებზე თუ პირადი დრამების პროვოცირება]. თუმცა ამავდროულად ცნობიერების რუტინულ, რაციონალურ დონეზე ყველაზე მეტად უფრთხის ასეთ პერსპექტივას. არაფერს გაგონებთ?

 

ჩემი აპოკალიფსი -- ბავშვური დღესასწაულია, თბილი.
ფანტაზიებით და შოკოლადებით, ცივი გატეხილი კორპუსებით და გვამებით, იარაღებით და წიგნებით.

 

ჩვენი დასრულებელი ინიციაცია სავსეა ამ სიგიჟის ქრონიკებით, სიურეალისტური “რასკადროვკით”, ერთადერთი რაც ჩვენ ასე თუ ისე გვკრავს “საზოგადოებად”, რომელიც არ არის გადასული მასიურ მკვლელობებში – ის კადრებია, რომლებიც ინდივიდუალურის გარდა ყველას საერთო გვაქვს. ჩვენ არ გვაკავშირებს “საერთო საქმე”, ან მოქალაქეობის ან პატრიოტიზმის შეგრძნება, ან იდეოლოგია ან რამე რაც შეიძლება აკავშირებდეს ერთმანეთთან ამა თუ იმ საზოგადოებას, ჩვენ გვაკავშირებს, ერთ მუშტად გვკრავს და გვადუღაბებს – ერთმანეთთან “დაშეარებული” სიგიჟე. 

 

პარანოიდალური შიზოფრენია – ეს არის ჩვენი ქვეყნის შემაკავშირებელი პლატფორმა. სწორედ ამისთვის უნდა ვიყოთ მადლიერები ჩვენი გიჟი პრეზიდენტებისა და პოლიტიკოსების, იმედის ქრონიკებისა და ჯაბა იოსელიანის ქუჩის ბანდების, ისინი ყველანი ცდილობენ უხეში ქირურგიული ჩარევით ბოლომდე მიიყვანონ ინიციაცია, საიდანაც ყველანი “მტრედებივით უმანკოები და გველებივით დაბრძენებულები” გამოვალთ.

 

ამიტომ მგონია, რომ ყველა ჩვენგანის, როგორც ქვეყნის პატრიოტის, წმინდა ვალია – საბოლოოდ მოვახდინოთ აპოკალიფსი. “ქართულ ენაზე განვიკითხოთ” საკუთარი თავი. ვიცეკვოთ გარდასახვის სარიტუალო ცეკვები, ვისროლოთ ფეიერვერკები ცაში, გარე განათებების ბოძები გადავაქციოთ ჯვრებად, ვურტყათ ერთმანეთს მოედნებზე, ნავებით ვიაროთ სუპერმარკეტებიდან სახლებში...

მართლაც, მე არ მესმის, რატომ უნდა დავტოვოთ არაკომერციულ საინტერესო არტ-ჰაუსად – ის, რასაც საერთაშორისო ბესთსელერის პოტენციალი აქვს?


კაფკა პრეზიდენტად,"ნიკო და ვანო" კონსტიტუციად, ჯონ კეიჯის "4'33" ჰიმნად... ცხენზე ამხედრებული უილიამ ბეროუზი სახელმწიფო გერბზე.