დაგვიანებული წერილი იაპონიას
ლეო ნაფტა
 
თარიღი: 04/06/2012
კატეგორია: სტატია

 

 

@ გაგა ლომიძე

 

 

ეს ტექსტი, შეიძლება ითქვას, ლეო ნაფტას “მე იაპონიას” დაგვიანებული პასუხივითაა, რომლის სათაურმაც რატომღაც კალატოზოვის ფილმის სახელწოდება გამახსენა - “მე კუბა”; სათაურმა, სადაც ორ სიტყვას შორის ყველანაირი პოზიტიური მნიშვნელობა თუ ცნება შეიძლება ვიგულისხმოთ - “მე იაპონია” - სიყვარული, იგივეობა, მონატრება...


მახსოვს, იაპონიის მიწისძვრამდე, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, expedia.com-ზე ტოკიოს ბილეთების ფასებს ვდარაჯობდი, ციფრების ქაუნთდაუნთან ერთად, თვალწინ მიტრიალებდა ფრენების ელექტრონული განრიგი, თუ როგორ ცვლიდა რეისი რეისს; მინდოდა, 5-ვარსკვლავიანი qatar airways-ით მემგზავრა ქვეყანაში, სადაც ბიჭებს, იარაღის ნაცვლად, ჯიბით ფერადი კანფეტები დააქვთ; და მოკლექვედაბოლოიანი და გეტრებიანი გოგონები Yoi ichinichi o-თი ესალმებიან გამვლელებს; სადაც, როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა, სმოკინგში გამოწყობილ თითოეულ ბიზნესმენში სამურაი ცოცხლობს. და ერთ დილასაც ჩემი ბოლო პერიოდის კოშმარულ სიზმრებს - ატომურ კატასტროფას, რომელიც ჩემდა გასაკვირად, თითქმის ნანო-სიზუსტით განმეორდა, ჰაიაო მიაძაკის ჩემთვის მანამდე უცნობი ანიმაციის “მოსიარულე კოშკის” ყურებისას - უკვე იუთიუბზე, პირდაპირ ეთერში ვადევნებდი თვალს.

 

 

 


ამ ქვეყნისადმი ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება ცოტა უცნაურად დაიწყო. ჩემს ბიძაშვილს, ამერიკაში სწავლის პერიოდში, იაპონელი შეყვარებული ჰყავდა და იმდენად აღაფრთოვანა სამურაების კულტურამ, რომ იქედან ჯეიმს ქლეველის ბესტსელერი “შჲოგანი” ჩამომიტანა - რომანი სამურაებზე, რომელიც ლათინური ასოებით გამოყვანილი იაპონური ფრაზებით უხვად იყო გაჯერებული. ერთხანს მისი თარგმანიც დავიწყე და პერსონაჟების ფრაზები იმდენად გავითავისე, რომ უკვე ჩემს სამეგობრო წრეშიც გავრცელდა. დღემდე ახსოვთ: Anata-wa donata desu ka?, Wakarimasu ka?, konichiwa.. ამის შემდეგ, ყველაფერი, რაც ამომავალი მზის ქვეყანას უკავშირდებოდა, ჩემთვის საკულტო გახდა - მინიმალისტური ინტერიერით დაწყებული, ფერების ასოციაციით დამთავრებული, ბასჲოთი დაწყებული და ისეცუ სუძუკით თუ მიშიმათი დამთავრებული...

 


შეუძლებელია ქედს არ იხრიდე იმ ხალხის წინაშე, რომლებსაც სიკვდილის კონცეფციაც კი ძალიან დახვეწილი აქვთ: “როცა მოკვდები, მე კი არ გავალ სამყაროდან, არამედ სამყარო გავა ჩემგან”. ტაკაჰამა კჲოსის ეს ფრაზა ერთ დროს ჩემს ერთ-ერთ საყვარელ წიგნში ამოვიკითხე და ცხადად დავინახე, ამ მოვლენების ფონზე როგორ დაკარგა მნიშვნელობა ფრაზამ - “აღარ მიყვარხარ”; რომ რაც არ უნდა ბანალურად ჩანდეს, ამაოა ნებისმიერი სწრაფვა მოხვეჭისკენ; ან ბნელ ოთახში კატის ძიება მაშინ, როცა ის იქ არ არის; ნებისმიერმა ქადაგებამ, რომელიც ადამიანის ისედაც შეზღუდული თავისუფლების კიდევ უფრო ინტენსიურ უზურპაციას გულისხმობს; ნებისმიერმა დაპირისპირებამ, რომელიც სინამდვილეში ინტერესთა კონფლიქტია; ნებისმიერმა ცნებამ და ნებისმიერმა საზღვარმა; და მივხვდი, რომ ჭეშმარიტება (რომელიც ნამდვილად არსებობს) არ ცნობს საზღვრებს, რომლებიც ჩვენ გამოვიგონეთ.