რიგი
პაატა შამუგია
 
თარიღი: 05/06/2012
კატეგორია: სტატია

 

 

 

ანგელოზმა ჭუჭყიან პალტოში შეჩურთული ფრთა აათამაშა და მრავლისმეტყველად იკითხა: 


- იცით, მე რა გამოვიგონე?
- რა?
- რიგი!
- მმმ… რა რიგი?!
- ჩვეულებრივი რიგი. ადამიანები თავიდან ქაოსურად იდგნენ, მერე მე ავდექი და რიგი გამოვიგონე.

 

ეს მიახლოებით აღდგენილი დიალოგი ფილმ “მაიკლიდანაა”, სადაც ჯონ ტრავოლტა ძალიან შებერტყილი ანგელოზის როლს თამაშობს. შარლატანი
ანგელოზი კი არაა, ნამდვილია - ღვთაებრივი, ძლიერი, ჰოლივუდური ღიმილით და ჩეჩენი მაჩოს რეპუტაციით - ჩხუბობს, ეწევა, ღორივით თვრება (უნდა გამოვტყდე, მთვრალი ღორი ჯერ არსად შემხვედრია), გრძელფეხება ნაშები მოსწონს, ცეკვავს გადასარევად. კიდევ სხვა რამეებსაც ახერხებს, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ მან რიგი გამოიგონა. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ჰგონია და ეამაყება. მართალიცაა - მეც ვიამაყებდი, რიგი რომ გამომეგონებინა.

 

რიგი ვლადიმირ სოროკინმაც გამოიგონა და ამის გამო მასაც ბევრი მიზეზი აქვს სიამაყისთვის - “რიგი” ორას(შეიძლება, მეტ)გვერდიანი რომანია, რომელიც თავიდან ბოლომდე დიალოგის ფორმითაა შესრულებული - от и до… ძალიან სარისკო მწერლური ნაბიჯია - დიალოგი ხომ მეტისმეტად  შეზღუდული ფორმაა სათქმელის გადმოცემისთვის, მაგრამ აქ ეს არ იგრძნობა. პირიქით - დიალოგიდან დიალოგამდე მთელი დრამები, მელო და მეტადრამები თამაშდება, მთელი საბჭოეთის (თუ პოსტსაბჭოეთის) სოციოპოლიტიკური ბალაგანი ისე მოხერხებულადაა შემოცურებული, დასწრების ეფექტსაც კი ქმნის, იქვეა სასიყვარულო კავშირები, რომელიც რიგშივე ჩაღდება და როგორც პატიოსან რომანს შეჰფერის, იქვე ჩნდება “ვიღაც მესამე”, ვიღაც მურტალი, კოდური სახელით მურმანის ეკალი… პოლიტიკა, სექსი, ბრუტალური სცენები, ფატალური ვნებები, სმა, ჩხუბი, შერიგება… ყველაფერი, ყველაფერი... და როგორც კაფკასთან არის ხოლმე (უყვარს ვლადიმირ გიორგიევიჩს კაფკა), საბოლოოდ მაინც ვერ ირკვევა, რის რიგია. რა მნიშვნელობა აქვს - რიგია.

 

 

 

“რიგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია”, - რა თქმა უნდა, ასე უფრო რიგიანი იქნებოდა არც თუ ურიგო ქართველი ეპიკოსის სიტყვები, იმიტომ,
რომ ტრავოლტას დამთხვეული ანგელოზის და დამთხვეული სოროკინის რიგებამდე არსებობდა კიდევ ერთი - ქართული რიგი, რომელიც, ჩემი დაკვირვებით, ექსკლუზიურად ქართულია - ზემოთნახსენები ჯიქის გამძლეობა და ტერმინატორის ნერვები თუ არ გაქვს, ქართულ რიგს არც უნდა გაეკარო.

 

როცა ჰონორარის აღება მიწევს და ბაკომატის რიგში ვდგები, ჩემს თანარიგელებს ვაკვირდები და მათი სახეების მიხედვით ვხვდები, რატომ დგანან აქ. თეთრწვერა მოხუცი პენსიას აიღებს, ეს ცანცარა ბიჭი სტუდენტურ სესხზეა მოსული, ამ კაცს ბინის კრედიტი აქვს გადასახდელი, ამ სათვალიან კაცს შვილი ნარკომანი ჰყავს და ბევრი ვალი აქვს აკიდებული, სამოცისა იქნება, თუმცა სინამდვილეში ორმოცდაათი წლისაა, თვალები დასიებული აქვს - არაყს სვამს…
რიგი ყოველთვის გრძელია. რიგი ყოველთვის გრძელი უნდა იყოს.

 

ტუალეტის რიგშიც ვმდგარვარ, ბაქო-თბილისის გზაზე. სულ აზერბაიჯანელები იყვნენ და ჩემი დამტვრეული რუსულით ვეკონტაქტებოდი გზა და გზა.

 

- “ტი გრუზინ?” - მეკითხება მძღოლი, რომელიც ასევე რიგში დგას.
- “ო, და, გრუზინ,” - ვპასუხობ ჯარისკაცის მამის აქცენტით და ძალიან მიკვირს, ჩემი ეროვნება რომ გამოიცნო (რა კარგია - არის ჩემშიც რაღაც ქართული).
- “ტაკ ი დუმალ”, - მეუბნება, - “რასიმ!..”
- იზვინიტე?
- რასიმ. იმია მაიო, - ხელს მართმევს.
- აა, ოჩინ პრიატნა, ჯიმშერ! - უსირცხვილოდ ვიტყუები და ნელ-ნელა მივიწევ სანატრელი ტუალეტისკენ.

 

 

 

 

გამოცდების რიგიც მახსოვს. სტრესი, სიცხე, ქაოსურად ჩარიგებული უამრავი სტუდენტი, მშობლები, მაროჟნი, მაროჟნიეეე… ეს ყველაზე სტრესული რიგი იყო ჩემს ცხოვრებაში. მართალია, პურის რიგებს ვერ მოვესწარი, თუმცა ბევრი სხვა რიგი მახსოვს საქართველოში და ყველა მათგანი არსებითად ერთია - ყველა ცდილობს, შენი რიგი დაიკავოს, გაძვრეს, გამოძვრეს (თუნდაც, გამოლანძღვის ფასად) და პირველი მივიდეს “ფინიშამდე”.

 

ერთადერთი რიგი, სადაც ქართველები ერთმანეთს ვუთმობთ და თავაზიანად ვატარებთ, სიკვდილის რიგია:

- მიბრძანდით, ჩემო ბატონო, როგორ გეკადრებათ, მხოლოდ თქვენ შემდეგ!

 

არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე, მაინც და მაინც რიგზე დამეწერა, შეიძლება გაბრაზების გამო. წინა ორშაბათს კაი ორმწკრივიან რიგში მომიწია ჩადგომა. ჩემმა რიგმა რომ მოაწია, ვიღაც კაცმა ოსტატურად ჩამიჭრა, რონალდოსავით (დამუღამებული ჰქონდა, როგორც ჩანს) და ეგრევე ჩემ წინ აღმოჩნდა, ხმამაღლა შევიგინე, მაგრამ ვითომ არც გაუგია.

 

ამაშია საქმე! (ვაჟა ზაზაევიჩის ხმით) 

 

მე მგონი, ტრავოლტას გიჟმა ანგელოზმა კონკრეტულად ჩვენი რიგი შექმნა, ქართული რიგი. აბა, ამას არცერთი ნორმალური ანგელოზი არ იზამდა.

 

და სოროკინის “რიგიც” თავისი აბსურდით, გაურკვევლობით და ბრუტალურობით რაღაცნაირად ეხმიანება ამ ყველაფერს. და არა მარტო რიგს, მთელ ქვეყანას, იმიტომ, რომ “რიგი” მარტო რიგზე არ დაწერილა, და მე რო მკითხოთ, რიგზე სულაც არ დაწერილა. ასე მგონია. 

 

ყოველი შემთხვევისთვის, მაინც გადაამოწმეთ, იქნებ სხვანაირად იფიქროთ. თანაც ფილმიც არაა ურიგო, წიგნი კი ძალიანაც რიგიანია.